Wednesday, December 30, 2009

გილოცავთ


ზუსტად არ ვიცი როდის მოხდა ეს ამბავი მე რომ ძალიან პატარა ვიყავი თუ პატარაზე ცოტა დიდი რომ ვიყავი.
ვიფიქრე დედას ვკითხავ მეთქი მაგრამ არ ვკითხე.
პატარა ვიყავი მამამ მე და დედა საახლწლოდ სოფელში რომ ჩაგვიყვანა და უკან დაბრუნდა.
თვითონ სამსახურიდან თავს ვერ ითავისუფლებდა. იმ წლის ბოლო დღეებში თუ მოახერხებდა ჩამოსვლას.
30 ში ღამე წამოვიდა მატარებლით. არეული დრო იყო. მატარებელმა ძვლივს ჩააღწია სადგურ ლანჩხუთამდე, ისიც დაგვიანებით და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ასე აღმოჩნდა მამაჩემი 31 ში საღამოს ძალიან დიდ თოვლში ჩვენი სოფლიდან დახლოებით 50 კმ-ის მოშორებით.
ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს კი არა ისეც იშვიათად დადიოდა იმ დროს.
იძულებული იყო ფეხით წამოსულიყო.
მერე არ ვიცი როდორ და რა ძალით შეძლო ამხელა გზის ფეხით თოვლში ისე რომ 00:01 წუთს უკვე სახლში შეხვდა.
მე ვამბობ რომ მახსოვს როგორ ნერვიულობდა დედაჩემი სანამ მოვიდოდა.
როგორ ბორგავდა ბაბუაჩემი
როგორ ქოთქოთებდა ბებიაჩემი: დედა სად მოვნახო ჩემი ბაღანაო
ისინი მეუბნებიან, რომ შეუძლებელია მახსოვდეს და მხოლოდ მოყოლილი თუ წარმომიდგება თვალწინ.
მე მაინც ვიტყვი რომ მახსოვს როგორ გაიღო ჩემი ეზოს თეთრი ჭიშკარი.
როგორ ატეხა წითელმა ჯეკამ ყეფა. მერე როგორ მიჩუმდა და როგორ დავინახე ნაცრისფერი ქურთუკით მამაჩემი.
და ბებიაჩემის ლოცვაც მახსოვს ღმერთს მადლობას რომ წირავდა.
მახსოვს მახსოვს მახსოვს.

ხოდა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას.
მე კი წინ მელოდება თოვლი რომელიც ჯერ არ მოსულა ,
საჩუქრები რომელთა საყიდლადაც ჯერ ვერ მოვიცალე,
ნამცხვარი რომელსაც პირველად გამოვაცხობ ცხოვრებაში
და გოზინაყი :ლოვე:

Tuesday, December 22, 2009

"გლობალური სიყვარული"

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა.

შენ მეუბნები,
რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,
ვიდრე მაშინ,
როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,
თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,
მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,
ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,
შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,
და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,
დედასავით ხორბლისფერებს,
მამასავით მხარბეჭიანებს,
რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.
შენ მეუბნები,
რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებას
და ახლა უფრო კარგად სუნთქავს,
ვიდრე მაშინ,
როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყით
მოიტაცა ბებიაჩემი
და მაყრიონმა ოდოიას შემოძახებით
დაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.
მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,
ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,
რომ მერე წლები გასულიყო
და მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,
ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,
ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,
და ჩემოდანში დიდი წიგნით,
„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზე
და პირველ გვერდზე
ჩვენებური სიამაყით და თავმოწონებით
გამოსახულ ფერად რუკაზე,
ის მიწა არის ჩამოჭრილი,
სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,
სადაც იმღერა ოდოია,
სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,
სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,
სწორედ ის მიწა,
შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.
ჩაკეტილია სახლის კარი
და ამის შემდეგ შენ მეუბნები,
რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,
ვიდრე ოდესმე,
ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაც
ქვიათ ბერძნული სახელები
და რადგანაც ქერა თმის გამო,
ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,
ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,
შენ მეუბნები,
რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,
გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,
საკუთარი ტკივილებიდან,
დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,
ოკეანის ტალღების თავზე
უპატრონოდ გამოკიდებულს,
მკვებავს ჩემი და შენი
გლობალური სიყვარული.
/სალომე ბენიძე/

როცა სალოს ამ ლექსს ვკითხულობ ჩემი დიდედა მახსენდება.
დიდედას 19 წლის გათხოვდა და 20 წლისას უკვე ქვრივი იყო.
გიორგი ბაბუ ომში წაუყვანეს და აღარც მობრუნებულა.
თვეების ბაბუაჩემი დარჩა დიდედას.
და კიდევ რწმენა რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, სადღაც მაგრამ ცოცხალი.
მისი გარდაცავლების ცნობა არ მოსულაო.
დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როცა თვითონ გარდაიცვალა პანაშვიდზე ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მოვიდა და ჩემებს რაღაცას უყვებოდა.
ყური დავუგდე.
უცნობი ამბობდა, რომ ბაბუაჩემის ბაბუას მიუღია სამკუთხა ბარათი.
თურმე სასწრაფოდ უცნობის დედასთან გაქცეულა და ბარათი გადაუცია. შეინახეო.
არ მინდა გაიგოს მისმა ცოლმა რომ ქმარი აღარ ჰყავსო.
იმის მერე სულ ვფიქრობ რატომ გააკეთა ეს.
იმიტომ რომ დიდედას იმედი არ დაკარგვოდა
თუ ეშინოდა, რომ დიდედა მშობლებთან დაბრუნდებოდა.
მიზეზი არ ვიცი მაგრამ მახსოვს ზამთრის არდადეგებზე ჩემი თავი ღუმელთან მასთან მოსაუბრე
-დიდედა, გიორგი ბაბუ თუ გესიზმრება ხოლმე?
-კი ბებო
-როგორი იყო?
-ბაბუაშენი ჰგავს
სურათს ავხედე და მსგავსება ვერ ვიპოვნე.
მის სიკვდილამდე მეც მჯეროდა რომ დიდი ბაბუა ცოცხალი იყო და ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას.
და თვითონ როგორ მახსენდება ყველაზე ხშირად?

დიდედა წელში მოხრილი.

მისი დამჭკნარი და ოდნავ ხაოიანი ხელები 5 ჩხირით.
წინდა ქსოვს.

ვზივართ. მე მის კალთაზე მიდევს თავი,ძაღლისგან შეშინებული და ის რაღაცას ბუტბუტებს დაგამშვიდებსო.

დიდედა ბალის ხეზე.

დიდედა ნამგლით ხელში ჩაცუცქული და ბალახებს ჭრის.

დიდედა ნემსში ძაფის გაყრას მთხოვს.

დიდედა ბიჭებს ეძახის მსხალი მოგიტანეთ და გაურეცხავი არ ჭამოთო.

დიდედა მპირდება პენსიას რომ აიღებს ლამაზ კაბას მიყიდის და გასაფერადებლებს.


კიდევ სულ ვფიქრობ სიყვარული მართლა ამდენს გაძლებინებს?
და მართლაც სიყვარული ახლა უფრო გლობალურია?

Saturday, December 19, 2009

ტრაგიკული ბედი თუ მარტივი გზა

ერთ-ერთ ფორუმზე გამოკითხვაში გადავაწყდი ასეთ შეკითხვას "შენი აზრით რითია მეტი პოეტი პუტანკაზე?"

ამ იუმორნარევიცინიზმით დასმულ კითხვის პასუხზე ბევრი არ მიფიქრია.
სამაგიეროდ ხშირად დავფიქრებულვარ მეძავების ბედზე.

დავიწყოთ იქედან რომ როგორც ცნობილია უძველესი პროფესიაა.
ეს ის რაც მათ შესახებ გუგული(google) დეიდამ მომიყვა:

"პირველი ქალი მეძავად ჩამოყალიბდა ქალაქურ საზოგადოებაში ,მას შემდეგ რაც განთავისუფლდა გვაროვნული წყობილების ზეგავლენისგან, შესაძლებლობა მიეცა სექს პარტნიორი თვითონვე აერჩია . პირველი "ისტორიული" მეძავის სახელი არ არის ცნობილი, მხოლოდ ბიბლიური _ძველი აღთქმიდან _ რააბი იერიჰოდან (רחב <--ივრითული, სავარაუდოდ ნიშნავს: რაავი ან რახაბი ან რაავ. ‏יְרִיחוֹ‎ _ ’Arīḥā -იერიხონ,Jericho გერმ.)

მეძავობა შემოსავლის წყარო იყო უკვე სოლონის ეპოქის ათენში. სოლონმა დაწერა კანონი ,რომელიც ავალდებულებდა მეძავს გადასახადი გადაეხადა. აქვე დავწერ, რომ სოლონი ითვლება დემოკრატიის პირველ ფუძემდებლად.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება ,რომ თვითონ სოლონი ყიდულობდა ქალებს და სთავაზობდა საზოგადოებას (ეს საზოგადოება ბრბო იყო,მასა თუ პუბლიკა არ ვიცით და საზოგადოებაში მარტო კაცები არ იგულისხმება ვფიქრობ მე) მათ მომსახურეობას ერთი ობოლის( ბერძნული მონეტა _ οβολος,obolos- თუმცა წონის ერთეულიც იყო) ფასად. მან "ააშენა" პირველი საროსკიპო.

მეძავობას ათენში ჩაეყარა საფუძველი _ განვითარება კი ჰპოვა რომში , რაც ტიტუს მაკციუს პლავტუსის (ძვ. წ. 254 უმბრია - ძვ. წ. 184 რომი) - რომაელი კომედიოგრაფი) კომედიებში კარგად ჩანს.

ეს ყველაფერი თავისუფლად , მზის შუქზე ხდებოდა თუ გასაიდუმლოებული იყო უცნობია.


ბევრი ხალხის კულტურაში მეძავები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ . მაგალითად: ბუდა ინდურ ქალაქ ვაზალში მიღებულ იქნა კურტიზანების უდიდეს "უფროსად" (Spier. Life in Ancient India, XXVIII) , აბისინიაში (ეთიოოპიის არაოფიციალური სახელწოდება)მეძავები იკავებდნენ მაღალ მდგომარეობას სასახლის კარზე და არც ისე იშვიათად ხდებოდნენ ქალაქის თავები ან მთელი პროვინციიც განმგებლებიც (Combe et Tamisier. Voyage en Abyssinie, II, 116). . .


არადა 'თავიდან' არსებობდა მხოლოდ პოლიგამია , პოლიანდრია , პოლიგინია, სისხლის აღრევა ......
თავიდან კი არა 19 საუკუნეში ტიბეტში, სამხრეთ ინდოეტში და დღევანდელ ველურ ხლხებში (მაგ:შინუკები,კოხინხინები,კიუნკტები) გავრცელებულია ისეთი ცხოვრების წესი თუ კულტურა, რაც ჩვენი გადასახედიდან მეძავობაა."

სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მიზეზი როცა ამ საქმეს პროფესიად ირჩევდნენ.
იძულებითი ნაბიჯი მათი ტრაგიკული ბედის გამო, სისუსტე, ფულის შოვნის მარტივი გზა თუჺრა თუ რა.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა პირადი ტრაგედია საერთოდ არ ჰქონოდათ, მაგრამ მირჩევნია ეს მათ ცხოვრებას დავაბრალო.
ვიდრე ის რომ "შრომის" ეს გზა გაცილებით იოლია და მოგებაც მეტია.მე მგონია რომ ეს უფრო დიდი ტრაგედიაა.
რაც არ ინდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს მაინც დიდი ტკივილია მათთვის ეს ყველაფერი.
ავიღოთ თუნდაც მარტო ის რომ საზოგადოებისგან ცალკე მდგომნი არიან.
მერე რა თუ ეს გზა თავად აირჩიეს.
ვიცი რომ რაღაც დოზებით ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი პროფესიის, მაგრამ მეძავებისთვის რაღაც დოზები აღარ არსებობს ალბათ.
როცა მათ ვხედავ სურვილი მიჩნდება დაველაპარაკო.
ავუხსნა ის რაც ძალიან კარგად იციან და ამაზე არ ფიქრობენ, ან ცდილობენ არ იფიქრონ.
რომ მათი პიროვნული ღირსება ბევრად მეტი ღირს ვიდრე უხდიან.

შენიშვნა: არ მეცოდებიან.

შეკითხვა: "ბოზი"-სპასრსული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. მაშინ რატომ არის "ბოზი" უფრო შეურაცხმყოფელი სიტყვა ვიდრე "მეძავი"?

Tuesday, December 15, 2009

ლიტ-ფორუმი

ყველაფერი აქედან დაიწყო.



ერთ დღეს როცა უკვე სუვენირად ქცეული ჩემი მუყაოს კომპიუტერის ნაცვლად,ადგილი ჩვეულებრივმა პერსონალურმა კომპიუტერმა დაიკავა როცა უშუალო შეხების გემო გავიგე ინტერნეტთან გადავწყვიტე რომ აუცილებლად იარსებებდა საიტი www.literatura.ge

საიტზე ჯერ კიდევ იქიდან ვარ როცა პრიმიტიული გარეგნობა ჰქონდა.
დღის განმავლობაში დადებულ ყველა ნაწარმოებს ვკითხულობდი.
მერე საყვარელი ავტორები გამოვარჩიე.
მერე მეგონა წერა მეც შემეძლო და რამოდენიმე დავდე.
მერე მივხვდი რომ სისულეები იყო ავიღე და ისევ კითხვა გავაგრძელე.
მერე ბევრი რამ შეიცვალა.
მერე ჩემი გემოვნებაც შეიცვალა.
მერე მკითხველთა კლუბში შემიყვანეს.
უკვე პასუხისმგებლობა გაჩნდა.
ჰოდა ერთხელ ჩემმა მეგობარმა ფორუმში დარეგისტრირდიო.
დავრეგისტრირდი.
თავიდან ვპოსტავდი ალაგ-ალაგ და ცოტას.
ვაკვირდებოდი(ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა.)
მერე ცუდი პერიოდი მოვიდა.
მე სულ ფორუმში ვიყავი.
დამეხმარა.
ბეევრი ადამიანი ერთად.
ისე რომ ვერც გაიგეს, ვერც მიხვდნენ.
შევეჩვიე.
როცა ცუდად ვიყავი, როცა კარგად ვიყავი იქ ვიყავი.
მერე პროტესტი გამიჩნდა, მივხვდი რომ ძალიან დამოკიდებული გავხდი, მე კიდე არ მიყვარს ზედმეტად შეჩვეული როცა ვარ რაიმეზე.
მალე დავბრუნდი.
ფორუმი რამოდენიმეჯერ გაითიშა.
ძველი განადგურდა კიდეც.
ახალი სახლი მოგვცეს_მეთქი ვამბობდი.
საშინელი შეგრძნება_თითქოს ორპირი იყო.
ისევ მოგროვდნენ.
ერთი რამდენიმე სართულიანი სახლია.
არის დიდების ოთახი, რომელსაც მე ყურს ვადებ ხოლმე და ვუსმენ, რომ ვისწავლო მათგან.
არის მოსაწევი ოთახი, სადაც იმაზე მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში მიუხედავად იმისა რომ არ ვეწევი.
წუწუნის ოთახი, საფოსტოყუთი , მინი ვირტუალური ბიბლიოთეკა ა.შ და ა.შ

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
და ერთიორად დამეხმარა გაზრდაში ის ადამიანები ვინც იქ არიან.
და რაც ყველაზე მთავარია ვიცნობ ყველა იმ ადამიანს ვისი ნაწარმოებებიც მიყვარს და ვისაც ვაფასებ.
მოკლედ ასე.


პ.ს არ მითხრათ სამოთხე ყოფილაო.

Tuesday, December 8, 2009

სანამ მე მეძინა


ბოლო დროს ხშირად ვიხსენებ ბავშვობას.
დავაკვირდი და ბავშვობის მოგონებები სოფელს უკავშირდება.
არადა თბილისში წელიწადის უმეტესი ნაწილის გატარება მიწევდა.
ვქექე, ვქექე, ვქექე და
ეს ჰგავს სპეციალურად კარადის ყველაზე მიუწვდომელ კუთხეში გადამალულ ნივთს , რომელიც ცუდ რაღაცას გახსენებს.
მაშინ ვერაფერსაც ვერ ვაცნობიერებდი:
ვერ ვხვდებოდი რატომ ლაპარაკობდნენ დედაჩემი და მამაჩემი რუსულად.
რატომ სცემდა მამაჩემი ბოლთას სამსახურიდან რომ მოდიოდა.
რატომ ეცვა დედას ყოველ ზამთარს ერთიდაიგივე პალტო.
მიკვირდა რატომ ეუბნებოდა დედაჩემი ჩემს ძმას, რომ "მიყიდე" ცუდი სიტყვა იყო და მისი ხშირად წარმოთქმა არ შეიძლებოდა.
განვიცდიდი და არ ვიცოდი რას.
ვღელავდი და არ ვიცოდი რაზე.

კადრი:
მე, დედა, მამა და ჩემი ძმა
მგონი რუსთაველზე
დედა ამბობს
-ვაიმე რა დღეშია აქაურობა
მამა ხმას არ იღებს
ვაკვირდები და საფეთქელთან რაღაც გამოებერა
ვერ მივხვდი რაზე ამბობდნენ
სხვანაირი ის შენობა ნანახი არ მქონდა
რა სჭირს მეთქი და დამწვარიაო
აბა საიდან მიხვდი-მეთქი
და ხმა არ ამოუღიათ
მერე ხიდზე გადავედით


მერე ღამით რო დავწექი, ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იყო არადამწვარი ის შენობა
მერე ჩამეძინა და ალბათ სიზმარში რამე სასიამოვნო ვნახე


მერე რა, რომ შუქი 7 სთზე მოდიოდა, სამაგიეროდ მეორე არხზე კინოსეანსის გასვლის მერე მულტფილმები იწყებოდა.
მერე რა, რომ ნავთქურას საშჲნელი სუნი ჰქონდა, სამაგიეროდ მე და ჩემს ძმას მამაჩემი კარტს გვეთამაშებოდა.
მერე რა, რომ ცივი წყალი მოდიოდა, სამაგიეროდ ეზოში დაკრეფილი,იმ წყლით გარეცხილ თუთას სხვანაირი გემო ჰქონდა.



და მაინც დღემდე მგონია რომ პირველ კლასში როცა სკოლაში მივედი ყვეეელაზე ლამაზი კაბა მეცვა. დედაჩემი კაბისგან გამოჭრილი,შეკერილი და მამიდაჩემის მიერ დაქარგული იის ყვავილით.

სანამ მე მეძინა
იმ ღამით ჩაფიქრებული ყველა ოცნება ამიხდა
არადა მიუწვდომელი მეგონა


პ.ს დიდი ხანია დაწერილი მაქვს და არქივში ინახებოდა
ეხლა მომინდა რომ გამომექვეყნებინა

Wednesday, December 2, 2009

როცა სხვა გზა არ გრჩება

მოწყალება ამაზრზენი გრძნობაა როცა გეხება-მეთქი წინა პოსტში ვთქვი, მაგრამ თუკი საქმე 9 წლის ბავშვს ეხება მშობელი ყველაფერზეა წამსვლელი რა ამაყიც არ უნდა იყო.
ჩემს მეზობელზე ვყვები
9წლის პატარა ბიჭია ბაჩანა.
ლიმფური კვანძების სიმსივნე განუვითარდა.
ფონდმა, რომელიც მის მკურნალობას აფინანსებდა რიგი მიზეზების გამო შეწყვიტა არსებობა.
5 იანვარს ბაჩანა წესით გერმანიაში უნდა იყოს, მკურნალობა იქ უნდა განაგრძოს თუ არადა სიმსივნე მე-4 სტადიაში გადავა.
კიდევ ის ვიცი, რომ მამას ეკითხება თმა როდის ამოუვა და ერთი სული აქვს როდის მორჩება ეს ყველაფერი.
ეზოში თამაში უნდა პირბადის და ქუდის გარეშე.
დავეხმაროთ ძალიან გთხოვთ,გაიღოს ვისაც რა თანხა შეუძლია,
ნუ იქნება "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი"


მიმღები ბანკი
ს.ს "საქართველოს ბანკი"
ცენტრალური ფილიალი (კოდი) 22101502

მიმღების დასახელება: მალხაზ ბრეგვაძე
მიმღების ანაგრიშის ნომერი: 256445000




მკურნალობის შემდეგ

Saturday, November 28, 2009

ყველაფერი ბედის ბრალია

„მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!"



დიალოგს გადავაწყდი http://sxvisi.wordpress.com/ ამ პოსტს ეხებოდა.
ჰოდა მოვედი და ამ ადამიანს აქედან ვამხნევებ, თუ ვეჩხუბები, თუ ვასწავლი.
არ ვიცი, დაარქვას რაც უნდა.
მე მინდა ვუთხრა კიარადა ვთქვა, არა უფროსწორედ ვიკითხო
რატომ დავეჩვიეთ ადამიანები საკუთარი წარუმატებლობების, საკუთარი შეცდომების, სხვებზე და უარეს შემთხვევაში ბედისთვის დაბრალებას?
რა გვენაღვლება!
ბედს ენა არ აქვს(თუ პოეტურად არ მივუდგებით) და თავსაც ვერ გაიმართლებს.
აღიარეთ საკუთარი სისუსტეები საკუთარი თავის წინაშე.


საშინლად "უიღბლო" ვარ. გამოცდაზე ერთი თემაც რომ არ მცოდნოდა, აუცილებლად ის შემხვდებოდა, ტესტში თუ პასუხი არ ვიცოდი, არ არსებობდა შემთხვევით სწორი შემომეხაზა.
სამაგიეროდ
შემდეგ გამოცდაზე ყოველთვის ბოლომდე მომზადებული მივდიოდი.

არაფერიც არ არის ბედის ბრალი, პირიქით.
და თუ მაინც ყველაფერი მისი ბრალია, მაშინ დაუმტკიცეთ მას რომ მასზე ძლიერები ხართ.
შეიქმენით მოტივაცია.
ვინმემ უბრალოდ ამიხსენით თუ არ მოგწონთ სტატუსი "უიღბლო", რატომ არაფერს მოიმოქმედებთ მის შესაცვლელად.
რატომ მოგწონთ როცა ეცოდებით?
"მოწყალება ამაზრზენი სიტყვაა
როცა გეხება-"


პრობლემა მგონია რომ შიშში მდგომარეობს, ან სიზარმაცეში.
გვეზარება ან გვეშინია წინგადადგმული ნაბიჯების.
მერე რაღაცამ შიგნიდან რომ არ შეგვაწუხოს,ვიჯერებთ რომ უიღბლოები ვართ.
სხვებსაც ვაჯერებთ.
"უიღბლო"_ ბა პრეპარატია რომელიც სინდისის ხმას ჩქმალავს
უკუჩვენებები: იწვევს შურს,გაბოროტებას, ადამიანებისადმი გაუცხოებას, გალოთებას.




დიახაც, იმდენივეჯერ წამოვდგები, რამდენჯერაც წავიქცევი
და მაინც ამოვთხრი.


პ.ს неудачники არ ხარ, თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.
მე გყავარ :თავმდაბალი:

Friday, November 13, 2009

მე ბანალური ვარ

მითხრეს ბანალურიაო.
ჩემთვის ბანალური არ იყო და დავფიქრდი.
ვინ დაადგინა რა არის ბანალური და რა არა?
ან სადამდეა საზღვრები ბანალურობის?
მერე ამ ცნების ზუსტი განმარტება მოვძებნე






"ბანალური
Fr. banal
სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი. მაგ., ბ. ხუმრობა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი"

ამ განმარტების კითხვისას კიდევ სხვა კითხვა დამებადა, მაგრამ ამაზე მერე.
სიტყვა "ბანალურს" მეც ძალიან ხშირად ვხმარობ.
ჩემი აზრით არასწორად გვესმის მნიშვნელობა.
რატომ?

ყველაფერი რაც ბანალური არაა, არ ნიშნავს რომ ორიგინალურია და პირიქით, რაც ორიგინალური არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბანალურია.
გაცვეთილი კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.
ვიღაცისთვის ბანალური შეიძლება,სხვისთვის არაბანალური იყოს.
ჩვენ როგორც ყოველთვის უკიდურესობების ხალხი ვართ.
ყველაფერი ან აღმატებით ხარისხში აგვყავს ან დაღმატებითში ჩამოგვყავს.
ამ სრულიად უვნებელ სიტყვას ცოტა ცინიზმი დავუმატეთ და ასე ვაქციეთ "სალანძღავ" სიტყვად, "საქილიკო" სიტყვად.
ჩარჩოდ იქცა.
ჩარჩოებს კი როგორც წესი გავურბივართ.
ვცდილობთ გავექცეთ ბანალურობას.
მეც ვცდილობ ხოლმე.
როცა რაიმეს ცდილობ კი ყალბი ხარ.


" მაგრამ იცი რა? ყველაფერი ბანალური იმიტომ არის ბანალური, რომ ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტება კი არ ცვდება, მას ხშირად იმეორებენ და ხანდახან ბეზრდებათ. მაგრამ მას ვერსად გაექცევი."
ეს ერთი საყვარელი გოგოს სიტყვებია.
მეც პირველად ის გამახსენდა როცა ფიქრი დავიწყე.

მოკლედ ვიღაცისთვის ყვავილების ჩუქებაც ბანალურობაა.

ჩემთვის ყველაზე მისაღები საჩუქარია.
დღეს ტკივილიც ბანალურია.
ღიმილიც ბანალურია.
წვიმაში სიარულიც, თოვლიანი ღამეც.

ვიქნები ბანალური, ოღონდ არა ყალბი
და იშვიათად ვიტყვი მაგ სიტყვას, იმიტომ რომ მისი ქვეტექსტი არ მომწონს.


კითხვები მაინც მრჩება და სავარაუდო პასუხიც მაქვს.
სა ვა რა უ დო

ბანალურობა-სიმარტივე.
ბანალური-მარტივად აღსაქმელი.


პ.ს მადლობთ რომ დამაფიქრე.

Friday, November 6, 2009

წერილი


სალუტ.


ისე მოგესალმე როგორც ყველას.


ასე მისალმება ნატამ მასწავლა.
ნატა ძალიან მიყვარს და კიდე ის მიყვარს როცა ვინც ძალიან მიყვარს იმის სიტყვებით რომ ვლაპარაკობ ხოლმე.



ვამბობ არასდროს მიგრძნია რომ აქ არ ხარ მეთქი .
მაგრამ სიშორემ მაინც აღმართა კედელი, რომელიც არ არსებობდა ჩვენს შორის .
ეს სიშორე არ გულისხმობს იმას თუ სად ხარ.
ჩემზე აღმატებული გახდი და შენთან თითქოს მეტი მოკრძალება გამიჩნდა.
არადა ვგრძნობ შენ მეტად დამიახლოვდი.
ახლა უკვე ყველაფერი იცი, ისიც თუ რამეს გიმალავდი . ისიც იმიტომ რომ ჩემთვის იმაზე მეტი იყავი ვიდრე მეგობარი.

დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის .
ის წერილებიც ჩამოვხიე კედლიდან პატარა ფურცლებზე დაწერილს რომ გიკრავდი. ერთხელ ოთახში შევედი და დედა დავინახე იმ კედელთან მდგომი ტიროდა.
მე კიდე ვერ ვუძლებ მის ტირილს. შენც ვერ იტანდი.
ჰოდა ავდექი და ჩამოვხიე.
მომენატრე.
შენ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ამ გრძნობას.
იმდენი სალაპარაკო დამიგროვდა შენთან, იმდენი რამ მინდა მოგიყვე.
წერილებსაც ვერ გწერ არადა სიზმრის 20 წამიანი სერიები მხოლოდ გაოგნებისთვის კმარა რომ ისევ ჩემთან ხარ.
სურათს ხშირად ვუყურებ ხოლმე. ვცდილობ აღვიდგინო რას ვგრძნობდი მაშინ როცა გეხუტებოდი.
ვნერვიულობ რომ ამბობდი. შენ მე არ გიყვარვარო და მაინც მეფერებოდი.

არადა ისე მინდოდა შემძლებოდა გამომეხატა მაშIნ და ვერ ვერ ვერ
ყველაფერს ვინახავდი იმ ერთი დღისთვის როცა შენთან განშორება მომიწევდა.
და მაგრად ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი. მერე რა რომ ეს უბრალოდ აუცილებელი მოვლენა იქნებოდა სხვებისთვის, ან უბრალოდ ჩვეულებრივი ქცევა.
მე და შენ გვეცოდინებოდა რომ ეს ყველაზე დიიიდი სიყვარულის გამოხატვა იქნებოდა შენს მიმართ.

დედა სულ მეჩხუბება ცივი ხარო.
შენც მსაყვედურობდი ხოლმე.
რას ნანობო ? არაფერს_მეთქი, არადა ამას ვნანობ.ცუდია რომ გვიან მივხვდი.
იმის მერე მარტო არ ვტოვებ ხოლმე. მასთან ვწვები და იცი მეშინია მიკარების ღამით.
შორს ვწევარ, უცებ შენ არ ეგონო და მერე გამოღვიძებისას გული არ დასწყდეს რომ მე ვარ. ოღონდ ეს ეგოიზმი არ არის.
ვიცი, ჰო ვიცი ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ასეა საჭიროო.
ამაზე იმდენი ვიფიქრე იმდენი.
და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ჩათვალე ასე უფრო ძლიერი ვიქნებოდით.
როცა შენ ჩემთან იყავი მაშინ სულ ვფიქრობდი რა უნდა გამიჭირდეს, რა უნდა შემემთხვეს, რომ მოვიხედებოდი და უკან შენ ჩემი მთასავით ადამიანი იქნებოდი.
ახლა კი როცა ცუდად ვარ უკან მექანიკურად ვიხედები და იმდენჯერ მწყდება მუცელში რაღაც.
სამაგიეროდ უკან არასდროს ვბრუნდები და ყოველ ნაბიჯს წინ ვდგამ.
ჰოდა ვიცი ზუსტად ამიტომ გადაწყვიტე წასვლა.
რა ეგოისტი ვარ.


გვიანი შემოდგომა მოდის. მე ქრონიკულად მცივა.
ყველას უკვირს რა მცივანა ხარო.
რა იციან, რა იციან.


შენნაირი მინდა ვიყო.
მასწავლე რამით, როგორმე, როგორ გავიმეტო გრძნობები , როგორ გავიმეტო სიტყვები.
დავიწყების შიში დამჩემდა.
მეშინია არ დამავიწყდე.
ხშირად ვატრიალებ იიმ ვიდეოს , სიღნაღში რომ ვიყავით. მარტო ერთ ადგილას ისმის შენი ხმა.

ვაიმეეეე.
სულ ამის თქმა მინდება ხოლმე
რა ძაღლები ვართ.


მინდა მოგიყვე როგორ შევიცვალე მერე.
მე ვერ ვგრძნობ, სხვები მეუბნებიან. გაიზარდეო .
არა ვუტყუები ვგრძნობ როგორ არა, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ვკითხულობ ჩემი დღიურის ძველ ჩანაწერებს.
როცა ზევით ამოვდივარ თავს მშვიდად ვგრძნობ.
სიჩუმეა და სულ ქარი ქრის იქ.

ქეთინო მეჩხუბება სისულელეებს ნუ ლაპარაკობ თავს სასაფლაოზე მშვიდად როგორ უნდა გრძნობდეო .
ვიცი იმას ეშინია მაგას რომ ვამბობ და იმიტომ მეჩხუბება.
ადრე ვერ დავდიოდი. ბოლო დროს ხშირად მინდება.
მარტო არ მიშვებენ, დამაფიცა მარტო არ ახვიდეო .




ნატამ მითხრა შემოდგომა არ შეიძულო მაგის გამოო .
შენთვის რომ ეკითხათ უნდა წავიდეს და რომელ დროში გინდა რომ წავიდესო . აუცილებლად შემოდგომას ეტყოდიო , სხვა დროს ვერ გაიმეტებდიო .
ნუ ადანაშაულებ . ჩუუუო .
ახლაც ხშირად ვიყურები ცაში.
ოღონდ იმიტომ აღარ რომ ის გზა ლონდონამდე მიმიყვანს.
აღარც იმიტომ რომ ცა ცამდე მიყვარს,
არც იმიტომ რომ ცა ოდესმე სარკედ გადაიქცევა.
იმიტომ რომ შენი სახლი იქ არის.
სხვისი მამები ბერდებიან. სამაგიეროდ შენ არასდროს დაბერდები.

ცამდეეეეე
წავედი ახლა ქეთინო შემოვიდა ოთახში, არ მინდა დაინახოს რას ვწერ.

Wednesday, November 4, 2009

ხანდახან ხოლმე, კითხვები ჯობია პასუხებს


მიყვარს_ხისსუნი
ვოცნებობ_წიგნის მაღაზიაზე
ვფიქრობ_გზაში
მძულს_სავსე მთვარე
ვნანობ_არაფერს
კმაყოფილი ვარ_რაც მაქვს
მენატრება_
მსურს_აეროსტატით გასეირნება 
მაღიზიანებს_:თვალისჩაკვრა:
ვგრძნობ_უფრო ხშირად, ვიდრე ვხედავ
მეშინია_ჩემების ცუდად ყოფნის
ვიცი_რომ თამთა მქვია
არ ვიცი_ნამცხვრის ცხობა 
შემიძლია_გისმინო
არ შემიძლია_ 
ვმეგობრობ_
ვაპატიებ_შევუნდობ,მაგრამ არაფერი გაგრძელდება
ვტირი_ ვეღარ
ვიცინი_ყველაზე ხშირად
ვეძებ_მყუდრო სიმძაფრეს
ღირსი ვარ_
ვკარგავ_მხოლოდ ერთხელ
მშურს_
ვემალები_
ვემტერები_
მაინტერესებს_საკუთარი თავი
არ მაინტერესებს_
მახსოვს_ის რაც არ მავიწყდება
მრცხვენია_ 
უარვყოფ_
ვავადმყოფობ_ ჩემი ავადმყოფობა_სახლი
ვმალავ_გრძნობებს
ვინახავ_კადრებს
მწამს_მჯერა
მიკვირს_აღარაფრის
მიხარია_ როცა გიხარია
ვჭორაობ_ ვუსმენ ხოლმე და მიყვებიან
ვდარდობ_სულ
ვამაყობ_ოჯახით
ვაკეთებ_
ვეფერები_ ბევრს
მსიამოვნებს_ 
მესიზმრება_ კოშმარები
ვეხმარები_როცა მთხოვენ, თავს არ ვახვევ ხოლმე
ვეწევი_ცხოვრებას :P
მწყინს_ თითქმის არ
ვხარჯავ_ ემოციებს
ვღალატობ_ თავს
ვკამათობ_ჭეშმარიტების საპოვნელად :P
ვუხეშობ_ არასდროს
ვუსმენ_ ეხლა სიჩუმეს
ვყოყმანობ_ სულ
ვკითხულობ_ სულ

ვამზადებ_ "თურქებს, არაბებს, მონღოლებს, სპარსებს ოთხ ენაში

ქართულში,

ქართულში,

ქართულში,

ქართულში, "

ვუყურებ_ ცას
ვაფუჭებ_ ბავშვებს 
ვცხოვრობ_ სახლში
ვცემ_პატივს
ვყვირი _ იშვიათად
ვმღერი_ ჩემთვის
ვასრულებ_ ერთხელ
დავდივარ_ფეხით
ვმკურნალობ_ არ ვმკურნალობ
ვერიდები_ სხვის ჯანმრთელობას
ვთამაშობ_ საკუთარი წესებით
ვიტყუები_  
ვეთაყვანები_ 
ვგიჟდები_ შოკოლადის ნაყინზე
ვაგროვებ _ თვითონ გროვდებიან
ვიხდი _ 
ვეჭვიანობ _ 
“ვკაიფობ”_ არ ვკაიფობ 
ვიზიდავ_ 
ვალამაზებ _

პასუხები მეორდება,იმიტომ რომ კითხვებიც მეორდებოდა.

მე მიყვარს კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვეძებ.

ხან კითხვები ჯობს პასუხებს, ხან პირიქით.

მე მაქვს კითხვა თქვენთან:  ახალ წელს თოვლი მოვა? 

შენიშვნა:

უპასუხო ზოოგიერთ კითხვაზე პასუხს  ვაპროტესტებ, ზოგი მტკივა, ზოგზე უბრალოდ არ მაქვს.

Monday, November 2, 2009

შენი ცა_ჩემი მიწაა

"როცა ცას მართმევ,
ასე მგონია გჭირდება და 
ამიტომ გატან"

/დავით ყანჩაშვილი/  



მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება 

მიწაზე მყარად ვარ

ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . . 

მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება

სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ 

და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.

 და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . . 

როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით

მიწაზე რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?

მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ

როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?   

 არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.

სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. .

 მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_

როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _

სახლიც იქ მაქვს_

სახლი ცაში არასდროს მქონია
ცაში იმედები მაქვს ხოლმე
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია
როცა თოვლი,მაგისიც


გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.

ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.

შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.

ჩემი გზები დახალრთულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად

ახლა მომინდა, რომ როდესმე ცამდე შემიყვარდეს და კიდევ ერთხელ გამოვიდე დახლართულობიდან.

ადგილი: ბათუმი

დრო: ზაფხული

მე და მამა

-მა ამ ქალაქში მეშინია, რომ დავიკარგო სახლს ვერ მოვაგნებ

-მოძებნე ქუჩა რომელიც ზღვამდე მიგიყვანს, მერე ნაპირს გაყვები და სახლამდეც მოხვალ

ახლა მამაჩემს სახლი ცაში აქვს და მე უკვე ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს დავიკარგები, რომ ყველა გზა ცამდე მიდის.

შენ მიწაზე იკარგები და ცაში გაქვს სახლი

ცაში გაქვს შენი ნაწილი

და ცამდე სიყვარულიც შეგიძლია

მე ვამბობ_მიზიდულობის ძალა ცასაც აქვს

არ ვიცი.
ალბათ კი რადგან ჩემს იმედებს, შენს ნაწილებს, საკუთარი თავის გაქცევის სურვილებს ხომ იზიდავს.

ცის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი სილურჯეა.

ლურჯი მეც მიყვარს, კიდე ლურჯ ცაზე წითელი ღრუბლები მიყვარს ხოლმე საღამოობით და ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები.

ლურჯი ზღვაც არის და იმიტომ ხომ არა რომ ცას ირეკლავს.?

არა მე მგონი ზღვა ცის ალტერნატივაა.

ანუ თუ ვერ ავფრინდები, თუ მიწაზე ვეღარ შევძლებ სიარულს, მაშინ უნდა იცურო.

შენი ცა_ჩემი მიწაა და პირიქით.

                                                           p.s შესავლები და დასასრულები არ მეხერხება,ნასტასიაას მივანდე :D
 
თამთამ რომ მითხრა,იდეა მაქვს და რამე ერთად ხო არ დაგვეწერაო,ავკაწკაწდი სასიამოვნო მოულოდნელობისგან,იმიტო,რომ სულ მაინტერესებდა,ვინ იქნებოდა პირველი ბლოგერი,ვისთანაც იმის ინიციატივით გავაკეთებდი რამეს. . . (დათაგვებს არ ვგულსხმობ)...
მაგრამ მერე აღმოჩნდა,რომ თემა,რომელზეც დავწერდით,არც ისე ადვილი მოსაძებნი იყო.. .ბანალური არა,სულელური არა,გაცვეთილი არა. . .
საბოლოოდ,ცაც ბანალურად ჟღერდა,მაგრამ ჩვენ არაბანალურად დავწერეთ :D
წერის დროს შევშინდი,იმდენად ვარ მიწას მგონი მიჯაჭვული,როდესმე ჯოჯოხეთში თუ ამოვავი თავი,გასაკვირი არ იქნება თქო. . .ხო მარტო ის გეზლევა,რაც გიყვარს და გინდა. . . 
მაგრამ რა ჩემი ბრალია,მე ვიცი,რომ მიწა ვარ და მიწად ვიქცევი. . .
მაგრამ მანამდე ზუსტად ერთ თვეში და 2 დღეში ცაში ავალ,ჩემი დახლართულობიდან კიდევ ერთხელ გამოსასვლელად. . .

 


Thursday, October 22, 2009

ჩემი ბედნიერება_შენი თავისუფლებაა



შენ არ იცი რა არის ბედნიერებაო მითხრა.
ვიცი_მეთქი
და არაო, ეგ არ არის ბედნიერებაო, შენ უბრალოდ უბედური არ ხარო.
რა საშინელი სიტყვაა უბედური.
შემცივდა.

ხოდა ეს არც ის მდგომარეობაა როცა "უბედური არ ხარ".
სწორედაც რომ ეს მაკმაყოფილებს და სწორედაც რომ ამით ვარ ბედნიერი.


ამით ვარ კარგად.
ჩემი ბედნიერება ჩემების კარგად ყოფნაა.
სხვანაიარად არ შემიძლია.
როცა ცუდად არიან, მე არც მეშინია და არც გული მტკივა.
მუცელი მეწვის ხოლმე.მუცელიიი.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თბილი საბანი.
კიდევ ის, რომ მაქვს სახლი,სადაც ღამე მძინავს.
სადაც ყოველ საღამოს ვსვამ ტკბილ ცხელ ჩაის.
რომ მაცვია ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი,
მიჭირავს ის ჩანთა რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა მაღაზიაში.
მაქვს სამსახური და ფანჯარა სამუშაო ოთახში, სივრცის საყურებლად და იმისთვის რომ ვისუნთქო.
რომ მაქვს ხელებში ძალა, ეხლა ეს პოსტი ვწერო.
წვიმის ხმის გაგონება ხომ შემიძლია ჩემი ფანჯრებს რომ უტყაპუნებს ხოლმე.
და მხოლოდ მზეს რომ არ ვხედავ.
სწორედაც რომ ბედნიერი ვარ.
რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მას რომ ეს ყველაფერი შესძლებოდა, ოღონდ შესძლებოდა და მთელ ამ ბედნიერებას ვთმობდი.
სულ ვუთმობდი.
უფალს ვთხოვდი წინა წამით მე, ვიდრე ის და მთელი ეს ყველაფერი მას.
ისე ვუთმობდი ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ეს სურვილი თუ შესრულდებოდა, ყველაფერი ისევ მისთვის გაცილებით მტკივნეული და ცუდად იქნებოდა.

ის ალბათ ახლა იქ ბედნიერია.
თუნდაც იმით რომ მე აქ ასე ვფიქრობ.


სქოლიოზიანი ემბრიონი -ს პოსტი გამახსენდა ეხლა უცებ.



იმან_
ჩემი ბედნიერება-თავისუფლებააო.
შენ თავისუფალი ხარ, უბრალოდ უნდა იგრძნო ეს მეთქი.
და არაო შენ არ იცი რა არის თავისუფლებაო.
ვიცი მეთქი.
და არაო, მოძებნეო.
შენ ახლა უბრალოდ ბორკილდადებული არ ხარო.



ჰოოო, ცოტა დამაფიქრა.
ვეძებ თავისუფლებას და ძებნას ჩემი სურვილებიდან ვიწყებ.



Tuesday, October 13, 2009

არათითი






მიყვარს და არ ვიცი რატომ.

ჩვეულებრივი ამბავია მიზეზებს არ ვეძებ ხოლმე სიყვარულისთვის.

იდეა ერთი საუბრიდან წამოვიდა, მერე კითხვები გაჩნდა.

პირველი რაც არათითზე თავში მომივიდა ეს არის:

ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან დაკლა ,(მიკეცავდნენ ნეკა თითს)
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს),
ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
და სიცილით ვკვდებოდი.

კაცებში ამ უსახელო თითის სიგრძე სისხლში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დო­ნეზე ყოფილა დამოკიდებული , რი­სი შე­დე­გიც ყოფილა მა­თი წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­სა და სპორ­ტში.
"მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც არა­თი­თი საჩ­ვე­ნე­ბელ­ზე უფ­რო გრძე­ლი აქვთ, სხვებ­ზე ხში­რად არ­ღვე­ვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს - და­დი­ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით, რის­კა­ვენ გას­წრე­ბი­სას და პარ­კი­რე­ბას სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლებ­ში ახ­დე­ნენ. "-ასე­თი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს გერ­მა­ნელ­მა მეც­ნიერ-მკვლე­ვრებ­მა.
ამბობენ არათითი გულს უკავშირდებაო, საქორწინო ბეჭდის მასზე გაკეთების ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეიძლება ჩაითვალოს.


"ცერა თითი - ლოგიკისა და ნებისყოფის ძალის (ენერგიის) გამომხატველია, საჩვენებელი თითი - ბედისწერის, შუა თითი - მოძღვრობის, უსახელო თითი - საერთო საკოცობრიო სიყვარულის, ნეკა თითი - ფიზიკური სიყვარულის, გამრავლების განასახიერება და ა.შ."

ინგლისურად _ ring finger.



ჩვენს რელიგიაში მოკეცილი სამი თითი ანუ ცერი ,საჩვენებელი და შუათითი წმინდა სამებას, ხოლო დანარჩენი ორი თითი ქრისტეს ორბუნებოვნებას-ღვთიურსა და მიწიერს გამოხატავს.

სავარაუდოდ არათითი ღვთიურს უნდა გამოხატავდეს. შესაბამისად ჩემს კითხვას "რატომ იკეთებენ საქორწინო ბეჭედს მაინცდამაინც ამ თითზე" ეს პასუხი უფრო აკმაყოფილებს, უფრო სწორედ მე გამოვთქვამ ამის ვარაუდს რადგან ქორწინება ღვთისგან დალოცვილი კავშირია.
მგონი არის ლოგიკის მარცვალი.


კითხვები მაინც დამრჩა:
რატომ ვერ მოუძებნეს სახელი ამ თითს?
თუ მოუძებნეს და "არათითი" სწორედ ის არის, მაშინ რატომ "არათითი"?
რა ის ჩვეულებრივი თითი არ არის?



პ.ს რაც არ უნდა ერქვას მე მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზად მიმაჩნია ჩემს თითებს შორის.
ჰოდა იმედია ფუტკრები სილამაზეს ვერ აღიქვამენ.

Friday, October 9, 2009

ბარემ ერქვას ოცნება


ნასტასია იმედია არ ვიჩხუბებთ თუ კიდე ერთხელ მადლობას გადაგიხდი დათაგისთვის.
მე კი სანამ ოცნებების ჩამოწერას შევუდგებოდე, ვიტყვი რომ ბავშვობაში მატერიალურ საგნებზე არასდროს მიოცნებია.
ნუ, მგონი მატერიალურად არ უნდა ჩაითვალოს თუ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ჩემს თოჯინას ენა ჰქონოდა და პასუხები გაეცა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე.


"მე ვხედავ მზე" რომ წავიკითხე იმის მერე მქონდა აკვიატებად და ოცნებად ქცეული ცა სარკე ყოფილიყო და სოფელში ბებიასთან დატოვებულს მშობლები რომ მენატრებოდა, იქ დამენახა.ნასესხები ოცნება იყო.

აეროპორტში მე და მამაჩემი ველოდებოდით მის მეგობარს.
იქვე ერთი ახალგგაზრდა წყვილი კიდევ ვიღაცას.
გოგო - აუ ლაშ, რა მაგარია ხო პრაღა
ბიჭი-კიდევ სად გინდა?
გოგო-კიდევ ვენეცია
ბიჭი-კიდევ?
გოგო-პარიზი
ბიჭი-მოხარშული წაბლი?
გოგო-მეკაიფე ხო, მეკაიფე
მამაჩემი მიყურებს, იცინის და
- შენ სად გინდა?
- ინგლისი, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, მექსიკა, აშშ, ჩინეთი, ეგვიპტე, ტიბეტი გავაგრძელო?
-გერმანიას რას ერჩი?
- ჯანდაბას გერმანიაც, თუ ოცნებაა, ოცნება იყოს. არადა უბრალოდ გამომრჩა.
ხოდა ჯერჯერობით ოცნებად შეიძლება ჩაითვალოს.
მინდამოგზაურობამინდამოგზაურობა

გაზრდასთან ერთად მატერიალურმა ოცნებებმაც იმატა.
საკუთარი წიგნების მაღაზია მინდა.

და ხისსუნიანისახლი მინდა.
მგონი ეს უფრო გეგმები იყო, ვიდრე ოცნებები.
მოლაპარაკე თოჯინა და ცის სარკედ გადაქცევის რა ვთქვა, მაგრამ დანარჩენებს ასრულება უწერია თუ ძალიან მოვინდომებ.
ხო და კიდევ იშვიათად ვოცნებობ.
ერთ საღამოს გადავწყვიტე რომ მოულოდნელად მოვლენილი სიხარული უფრო დიდი ემოციებს მომცემს , ვიდრე ის დრო მომიტანს ზიანს რომლსაც ოცნებებში ვფლანგავ და..და..და...
და თამთ მორჩი წერას და შეუდექი მოქმედებას!

ვთაგავ








http://k84u.blogspot.com/ -Kate's Universe


http://dgiurebi.blogspot.com/-ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი



Saturday, October 3, 2009

Wednesday, September 23, 2009

ტკივილი

დღეს სამარშრუტო ტაქსში ჩემს უკან მსხდომი ქალების საუბარს ვუსმენდი.
ერთი ამბობდა ამ ბოლო დროს გულის ტკივილი დამჩემდაო.
ამაზე სიტყვა გულისტკივილი გამახსენდა.
მერე კიდევ უფრო შორს წავედი.
ვფიქრობდი რას ნიშნავს გტკიოდეს. 
ტკივილიც ისეთივე ჭრელია როგორც ხალხი.
ვიღაცისთვის ტკივილი თავისტკივილია. ამაზეც მახსენდება რაღაც.
სადღაც მე-3 კლასში ვიყავი მაღალი სიცხე მქონდა. დედას ვეუბნებოდი თავი მტკივა-მეთქი
აი თითქოს ტვინის ხვეულებში ჯარისკაცები დადიოდნენ მარშით.დედამ ბოდავსო.
ამბობენ მშობიარობის ტკივილი ყველაზე მტკივნეულიაო.

სიყვარულიც ტკივილიაო.

ემოციური ტკივილიც კი არსებულა, გასაოცარია პირდაპირ თითქოს ყველა ტკივილი ასეთი არ იყოს


"ემოციური ტკივილი ჩვენი ბალასტია, რომელსაც თან დავათრევთ ყველგან და რომელიც განსაკუთრებულად გვიშლის ხელს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში. "


"საქართველოს ტკივილი ის არის, რომ სამწუხაროდ რუსეთის მეზობლად მდებარეობს" ერთ-ერთი ჩინოვნიკის სიტყვებია


ჰო აფხაზეთი და სამაჩაბლო ტკივილიც არის და ტკივილიც.

"იცით რა არის ტკივილი?????როცა კანი სივდება და არ არსებობს განსხვავება კიდურებს შორის...."

/შოთა გაგარინი/

ტკივილი_არის იმპულსები, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას გადაეცემა სპეციფიკური ტკივილის რეცეპტორებიდან ანუ ნოციცეპტორებიდან


ტკივილის სიზმარში განცდა ბიზნესში წარუმატებლობას ნიშნავს თურმე

ჩემ ტკივილი?

დილით მამაჩემის სურათიდან, ჩემს მიერ აღებულმა მტვერმა წაიღო

p.s ამ სიტყვის სინონიმზე ვფიქრობდი და ვერ ვიპოვნე


Monday, September 14, 2009

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?



ვფიქრობდი რომელ იდეით დამეწყო.

იმდენი რამ ტრიალებდა თავში.

ნასტასიას პოსტმა გადამაწყვეტინა. 
 
ჰოდა, აი როცა ჩემი ორ კვირიანი საზღვაო  არდადეგები ამოიწურა და სახლში ვბრუნდებოდი, როცა რიკოთის უღელტეხილს გადმოვცდი და კავკასიონის მთიანეთს პირდაპირ ტრასიდან ვუყურებდი ერთი კითხვა ამეკვიატა 
ზღვა უფრო ღრმაა თუ მთა უფრო მაღალი?
 პირველად ეს კითხვა დედაჩემს დავუსვი სანამ ბარგი მანქანამდე მივიტანეთ?
 ეგონა ვეხუმრებოდი და გაოცებულმა შემომხედა.
მერე ჩემს ძმას. დაუფიქრებლად მიპასუხა-მთაო.
მერე მივხვდი იმისთვის რატომაც ვსვამდი ამ კითხვას სწორედ დაუფიქრებელი პასუხები მჭირდებოდა.
კითხვა დავუსვი ძალიან ბევრ ადამიანს, სხადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩემს უახლოეს მეგობრებს, ქუჩაში სრულიად უცნობებსაც.
პასუხები იყო საინტერესო, ზოგი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოფარგლებოდა, ზოგს ახსნაც ახლდა თან.
მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა პასუხს მცემდნენ,არამედ როგორ მცემდნენ და რატომ მაინცდამაინც ამ პასუხს.
ჰოდა ამ კითხვა-პასუხში ისე გავერთე,სხვადaსხვა შეკითხვები წამოვიდა კიდევ.
მოდით დავტოვებ ინტრიგას ცოტა და
თქვენც გეკითხებით

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?

Sunday, September 6, 2009

ბავშვობაში მეგონა,რომ

მოკლედ ასე
ლალენამ დიდი ხნის წინ დამთაგა მართალია, მაგრამ აქამდე ვერადავერ მოვახერხე პოსტის გამოქვეყნება.
თან სიმართლე ვთქვა ცოტა არ იყოს გამიჭირდა გონების დაძაბვა და იმის გახსენება თU რა მეგონა ბავშვობაში.
მიზეზი? ვერ ვაიძულებ ხოლმე რაიმეს გახსენებას ტვინს თუ თავისით არ მოდის

მოკლედ ვიწყებ:

ბავშვობაში მეგონა აუცილებლად დავეწეოდი დედაჩემს ასაკით, ახლა ვხვდები რომ მართალი ვიყავი.

მეგონა რომ სინამდვილეში რეალური სამყარო სიზმარი იყო და რეალობა მხოლოდ მესიზმრებოდა

რომ ღრუბლები თამბაქოს კვამლიდან წარმოიშვა

რომ ჩემი ყველა სათამაშო მელაპარაკებოდა და მათი ხმა მხოლოდ მე მესმოდა

მეგონა მთავრეზე რომ ლაქები ჩანს, სინამდვილეში მისი სახის ნაკვთები იყო
 
რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და მართლა ჰქონდა ტელევიზორი რომელშიც ყველაფერს ხედავდა

ბავშვობაში მეგონა რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, ახლა მგონია რომ არსებობს

მეგონა რომ ბაბუაწვერას მართლა მიჰქონდა ჩემი ჩაფიქრებული სურვილები დედასთან და იმ ჭორიკანა ჩიტის არსებობაც მჯეროდა ბებია რომ მეუბნებოდა ჩიტმა მომიტანა ამბავიო, რამდნეჯერ მნდომები დამეჭირა და გამომეკეტა სადმე

ვერ ვიგებდი საქართველო და საფრანგეთი თუ იყო სარუსეთო რატომ არ ერქვა

მეგონა რომ ბევრ ბუშტს თუ გავბერავდი და ერთად დავიჭერდი აუცილებალდ გავფრინდებოდი 

რომ თუ ხვლიკის სისხლს სათვალეს წავუსვამდი ადამიანებს შიშვლებს დავინახავდი

რომ თუ იმ ბალახს ვიპოვნიდი რომელიც წიქარას ზღაპრებში იყო ბაბუს მოჭრილ კიდურს გავუმთელებდი

მეგონა რომ საკუთარი კომპიუტერი მხოლოდ მიუწვდომელი ოცნება იყო და ჩემივე ხელით მუყაოს მასალისგან დამზადებულით ვთამაშობდი

მეგონა რომ სასწაულები ხდებოდა 


მართლა ხდება





პ.ს აქვე დავთაგავ

 http://myfragmentss.blogspot.com/

http://werasatanilebi.wordpress.com/

http://otkart.wordpress.com/

http://fromcloset.blogspot.com/

Friday, August 7, 2009

ქალები და კაცები

ჩემი არცერთი არ არის.

###
არიან კაცები - მდინარეები.
მთავარია, მათ აღმა არ აუყვე.
დინებას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება.
არიან კაცები - შვილები.
ისინი გულზე უნდა მიიხუტო,
თვალებში ჩახედო და არასოდეს მიატოვო.
არიან კაცები - მტაცებელი ცხოველები.
ისინი მსხვერპლს დიდხანს აკვირდებიან.
მერე მონადირებულ ხორცს უბრალოდ გასინჯავენ და ფრინველებს მიუგდებენ.
არიან კაცები - ქვევრის ძველი ღვინოები.
თავიდან არომატს აგემოვნებ და რაც უფრო მეტს სვამ,
მით უფრო თვრები.
ზომაზე მეტი თუ მოგივიდა, გონებას დაკარგავ და
შეიძლება საკუთარი შვილებიც კი დახოცო.
არიან კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
გარედან - ბრჭყვიალა, შიგნით კი - ფუტურო.
არიან კაცები - მიტოვებული ქოხები.
თქეშსა და ქარბუქში მათ უნდა შეეფარო, შიგნით შეხვიდე,
მტვერი და აბლაბუდები გადაწმინდო და დაინახავ,
თურმე როგორ პრიალებს ავეჯი.
იქ იგრძნობ, რომ ყველაფერი შენთვისაა, შენს ხელს ელოდა.
ისარგებლე, მოიხმარე, თუ გინდა,
ბამბუკის სავარძელში იქანავე,
გინდა შუასაუკუნეების საწოლზე წამოგორდი
დაპლაზმურეკრანიან ტელევიზორში მოისმინე
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება.
არიან კაცები - ქალები.
ისინი გამუდმებით ელიან ტელეფონის ზარს.
მათ პაემანი უნდა დაუნიშნო და შემდეგ გააუპატიურო.
არიან კაცები - პლასტმასის თოჯინები.
რაც არ უნდა ქნა, ვერ მიაღწევ იმათ გულამდე,
რადგან ისინი პლასტმასის წამწამებს ახამხამებენ
და პლასტმასის მკერდქვეშ პლასტმასის გული უფეთქავთ.
არიან კაცები - ტორნადოები.
ისინი უტყუარი ტრაექტორიით მოძრაობენ, წამით ჩაგიქროლებენ,
დამანგრეველ ძალას გაჩვენებენ, წაგლეკავენ.
არიან კაცები - აყვავებული ხეები,
ნაყოფის გამობმა რომ გადაავიწყდათ.
არიან კაცები...არიან კაცები...
და არიან კაცები - მრავალათასიანი მწვერვალები მარადიული თოვლით, ყინულით,
მზით, კლდით, ბალახით, ნაპრალებითა და ზვავებით.
ამ მწვერვალებზე ასასვლელად მარტო რკინის ქალამნები არ გეყოფა.
შენ ზღვის დონეზე ხარ გაზრდილი, ბალახსა და კენკრის ჭამას ნაჩვევი.
მაგრამ ადიხარ.
ჰაერში ჟანგბადი,
სისხლში კი წითელი ბურთულაკები ნელ-ნელა მცირდება.
სხვები ქვემოთ დარჩნენ - ზღვაში ბანაობენ, მზეზე ირუჯებიან.
შენ კი აღმართს უნდა აუყვე.
ჯერ ბალახს და კლდეს ჩამოიტოვებ,
მერე თოვლსა და საზვავეებს, ბოლოს კი ყინულს მიადგები,
რომელზეც მთელი ცხოვრება უნდა იარო.
გზადაგზა გხვდებიან კაცები - მდინარეები,
კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
კაცები - ქოხები...
ისინი შუშის მიღმა არიან.
ისინი ვერ გრძნობენ,
რომ შენს მხარეს ყინვა თანდათან ძლიერდება.
შენ თავს აფარებ რიგრიგობით თითოეულ მათგანს და თავს იტყუებ,
თითქოს ძალა მოგემატა.
გზადაგზა მძიმდები,
გზადაგზა მრავლდები,
გზადაგზა ბერდები...
ხანდახან ბრაზდები - გინდა რომელიმე ქოხის ფანჯრებს შეეფარო,
ან მდინარეს დაუყვე დაღმა.
ვეღარ ჩერდები, მაინც ადიხარ - აიკვიატე,
ზურგზე ლოდად შეიხორცე,
რომ აგაჭრან, სისხლისაგან დაიცლები. ...
და იმასღა ფიქრობ -
რა დიდია ძალა სიმაღლის...
რა დიდია ძალა სიმაღლის...
***
არიან ქალები- უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები- ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები- ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები- ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები- ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები- ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები-ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ მამაკაცების ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები- ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ "სიყვარულზე" ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ.
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები- რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები- დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს ,
არიან ქალები- ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივ ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები...
და არიან კიდევ ქალები-პოეტები,
დაღლილნი და ღამეებს მარტოობას შეფარებულნი,
ქალები- ტკივილები
"თვალების რაფაზე ჩამოწყობილი ცრემლებით",
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები- ავგიას თვალები გააღონ ხანდახან,
გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არვის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს ჩვენი ცოდვები და ტკივილები.
რადგან მათ უთხრეს:
თქვენ უნდა იყოთ უდაბნოები- ქალები და კიდევ ქალები-ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები- ტოლჩები, ქალები-კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები-მყუდრო ოთახები
და ის ქალები, სუყველანი,
რომლებიც "უბრალო " ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ,
რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები
ძალიან დიდხანს ნამალავი
და უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით,
ქალები- პოეტები ლურჯი ზმნებებით და
"ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ზღვაში გახრჩობთ",
ქალები-პოეტები,
რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის

Monday, July 27, 2009

ბავშვობის მეგობრები

ბავშვობის მეგობრებზე მომიყევიო, ხოდა მეც პირველად ის გამახსენდა.
ჩვეულებრივი საღამო იყო.
ფანჯრიდან ვიყურებოდი სკამზე ვიდექი ვერ ვწვდებოდი ფანჯრის რაფას, რომ დავინახე სადარბაზოს კარს როგორ მოადგა ავეჯით გატენილი მანქანა.
ქერა იყო,არა, ოქროსფერთმიანი, დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა.
გულმა რაღაც მაშინაც მიგრძნო ჩემი სახლის კარზე კაკუნი რომ იყო
-გამარჯობათ, ჩვენ თქვენი ახალი მეზობლები ვართ
იმ დღეს არა, არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, მგონი მეოთხე დრე იყო,რომ გავბედე მასთან შესვლა, დიდი ტახტი ჰქონდათ, მწვანე გადასაფარებლით, ნახატებს მათვალიერებინებდა.
მახსოვს ჩუმად ვიყავი, ძირითადად გარემოს ვაკვირდებოდი.
ჰო, ლოლა ერქვა, მე ლოლიტას ვეძახდი.
მერე რატომღაც ვიფიქრე, რომ აუცილებლად ჩემს ბაღში უნდა მოეყვანათ.
არ შევმცდარვარ.
ბევრს ვეძებდი, მთელი დღე ვეძებდი, მერე უკნიდან დავინახე, ვიღაც გოგონებთან იდგა და ჩამწყდა, მეგონა ჩემთან მეგობრობა არ უნდოდა .
მივედი.
შემოვაბრუნე ლოლიტა_მეთქი და სხვა შემრჩა.
გამეცინა და შემრცხვა.
გამოვედი, გამიხარდა,ღობეს ამოვეფარე და ტირილი დავიწყე.
მერე გვერდი-გვერდ ლოგინებში ვწვებოდით, მასწავლებელი გავიდოდა თუ არა წამოვხტებოდით და ვმაიმუნობდით, სცხვებსაც არ ვაძინებდით.
დავისაჯეთ.
მერე ჩუმად საბანთავზეწახურულები ვეშმაკობდით.
იმის საგები მწვანე ყვავილებიანი იყო, ჩემი ვარდისფერი და ვაპროტესტებდი, მწვანე ჩემი საყვარელი ფერი იყო, მისიც.
მერე სკოლა.
ყოველ დილას
-ლოლი, დროზე დაგვაგვიანდა
-ლოლიტაა, წამო გავიქცეთ და ვინ მიასწრებს
-ლოლი, სკოლამდე 50 ნაბიჯში მიხვალ? თუ მიხვალ ხუთიანს მიიღებ, მე გუშინ 40 ნაბიჯში მივედი და იმიტომ მივიღე ოთხიანი
-ლოლი ნანა მასწავლებელს ხომ მაგარი ფერის ზედატანი ეცვა?
ბევრჯერ მეტკინა ლოლიტასაგან.
ლოლიტამ ბურთი არ მათხოვა, ლოლიტამ მე არ ამირჩია, ლოლიტამ თმები მომწიწკნა, ლოლიტამ ქსოვა არ მასწავლა, ნატოს ხომ უთხრა სამაგიეროდ ნიკუშაზე რაღაც.
ვეჭვიანობდი.
ერთად ვმეცადინეობდით.
ერთად ვწერდით "ლ" ასოს, "დ" ასოს, "ჩ" ასოს, იმას ლამაზად გამოსდიოდა მე ვერ.
და მიწერდა ხოლმე დავალებას, მე მათემატიკას ვაწერინებდი.
მერე სხვა სახლში გადავიდა.
მერე სტუმრები გავხდით.
მერე ისიც აღარ.
ბოლოს სულ აღარ.
ჰოდა ამასწინათ იმავადსახსნებელ საიტზე ვიპოვნე.
გამიხარდა. ნომრები გავცვალეთ.
გათხოვილა, გოგონა ჰყავს, შავგრემანია, მას არ ჰგავს ალბათ მამას.

აღარ მინდა სტუმრობა.
მინდა ლოლიტა იყოს და მეც თამთუნია.

Friday, July 24, 2009

ბაბუს

გამარჯობა ბაბუ.

როგორ ხარ?
იცი ვიცი ეს წერილი რომ არ მოგივა არასდროს.
ვიცი რომ ვერ წაიკითხავ ვერასდროს..იმიტომ რომ შენ აღარ ხარ.
ხო ბაბუ აღარ ხარ.
ბაბუ ვნანობ..ვნანობ შენი სიკვდილის მერე 40 ღამე რომ საერთოდ არ მეძინა.
ბაბუ იმასაც ვნანობ..რომ შენი მეშინოდა..
მაპატიე ბაბუკა ისიც რომ ვერ გიყურებდი მაგ მოჭრილ ფეხებზე.მეშინოდა ბაბუ..
ისიც მაპატიე წყლის მოტანა რომ მეზარებოდა ხოლმე შენთვის...შენი საყვარელი რკინის „კრუშკის“ გადმოღება.
მაინცდამაინც იმით რომ გიყვარდა წყლის სმა.
მე კი გეჩხუბებოდი....
იცი ბაბუ?
მე სულ მესმის შენი სიცილი ბოლო დღეს..ჩემს ბავშვურად მოყოლილ არასასაცილო ანეგდოტზე..
ბაბუ სურათის მეშინოდა კიდე..ყველგან რომ დამყვებოდა შენი თვალები..
ვეღარ ვუყურებდი....
ოთახში ვერ შევდიოდი...
არ უნდა შემეხედა შენთვის სიკვდილის პირველ ღამეს?
გახსოვს კონცერტი რომ ჩაგიტარეთ მე და ნანუჩიმ?
ბაბუ ის თუ გახსოვს სიმღერა რომ მასწავლე?
"მივალ მივყვებიიი, ჩემი ცხვრებით..“
მე ახლაც ვღიღინებ ხოლმე.
ბაბუკა..
დღეს მე შენი სურათი ვნახე და იცი რას მივხვდი?
რას და, ბაბუ კი არ მეშინოდა..შენს ოთახში..
არა ბაბუკა, არც შენი სურათის შიში მქონდა..
უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა..
ვერ ვუყურებდი სურათს თვალებში..არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მხოლოდ სურათი არსებობდა...და თვალები ცოცხალი არ იყო..
მერე ბაბუ შევაჩვიე თვალი..
მერე ვაკვირდებოდი ხოლმე, მიღიმოდი თითქოს ხან..
მერე გესაუბრებოდი ხოლმე ხშირად..
ეს მითხარი ბაბუ...რატომ ტიროდი მიცვალებული?
ბებოს რომ ვკითხე მითხრა არ უნდა წასვლაო..
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და ისევ იგივე კითხვა დავსვი...ბიოლოგიური ახსნა მივიღე..
არ მინდა ბაბუ...აღარ მინდა ახსნა..
ჩმს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს..
ორჯერ გნახე ბაბუ მტირალი სულ...
ერთხელ წერილი რომ გამოგიზავნე ქალაქიდან...იმ ღამით გნახე სიზმარში ხელში ჩემი
წერილი გეჭირა და ტიროდი...
ბებომ მომწერა მერე ბაბუაშენმა იმდენი იტირაო...სულ ტირილ-სიცილი ჰქონდაო..
არ მინდა ბაბუ...შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...
არავინ იცის..
კეთილი იყო დალოცვილიო..
კაი კაცი იყოო..
ხუმარაო...
და ბაბუ...დღეს სურათში იმხელა სევდა იდო ბაბუ...სახე არ ჩანდა..
მხიარული იყავი ბაბუ?
იცი ბაბუ მახსოვს ჩემი ნიკაპით რომ ამყობდი..
მე და შენ ერთნაირი ნიკაპი გავქვსო.
წიწილები რომ დავბანეთ მე და დათომ გახსოვს?
რა გულიანად იცინე?
ბებია რომ გაგვიბრაზდა..
შენ კი ეჩხუბებოდი..გაანებე ქალო ბაღნებს თავი..გეერთნენ პაწაო..
ბაბუ..
შენ ჩემი უთქმელობა ხარ..
პირველად გამბობ...
ბაბუ დღემდე ვერ ვიტან შემწვარ კარტოფილს..
იმიტომ რომ მაშინ შენი სიკვდილის მიზეზი ასე ამიხსნა ექიმაა.
ლუკმა გაეჩხირაო..
ბა..
შეხვედრამდე..

Friday, July 17, 2009

ყველაზე სენტიმენტალური ისტორია ყველაზე ბანალურ თემაზე…ანუ ჩემი ცხოვრების ერთი დღე…

გავახილე თუ არა თვალი…სიბნელე მეუცნაურა…წამოვდექი, აუცილებლად მარჯვენა ფეხი გადმოვდგი საწოლიდან...

აფორიაქებულმა შეგრძენებებმა მზის სინათლის სხივის სიჩქარით შემოირბინეს ჩემი ორგანიზმის ყველა კუთხე და ყინულის ცრემლებად დაეკიდნენ ჩემს შუბლს... მზეს ფარდა მალავდა...აუცილებლად უნდა ჩამოვხსნა...

სასწრაფოდ ჩამოვირეცხე ყველა კოშმარული სიზმარი თვალებიდან ...

გადავიცვი დილის ფერები და...

თავ_ქუდ_მოგლეჯილი გავვარდი...

არსად მაგვიანდებოდა…არაფერი მქონდა გადაწყვეტილი...

ჩვეულებისამებრ ჩავიარე ქუჩა..

ჩვეულებისამებრ ავახმაურე ჩემი ნაბიჯები...

ჩვეულებისამებრ ხელის უდიერი მოძრაობით, თითქმის ბუნებრივად გადავიყარე თმები მხრებს უკან...

ჩვეულებისამებრ მივაწოდე მოხუც გამყიდველს ფული…

-არა იყოს ლილი ბებო, სხვას აჩუქეთ ჩემი წილი-“(ვერ შევკადრე მიყიდეთ მეთქი)...

ჩვეული მზერა ვესროლე და არცთუ შესამჩნევი ღიმილით გავეთამაშე დაცვის ბიჭის ფიქრებს...…

და საქმიანი გამოხედვით დაველოდე სამრშრუტო ტაქსს...

სამჯერ გადავიწერე პირჯვარი ტაძრამდე მისვლამდე..

.სულ_მშვიდი ვაგრძელებ გზას არ გადაწყვეტილისაკენ...

ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედი... მივაბიჯებდი და მხოლოდ სახეებს ვამჩნევდი…ფერებად...

აგერ ნერვებ-შეშლილისფერი მოდის...ის ტყუილისფერი...ღიმილისფერი...

აი ყვითელიც...იასანისფერი და არა იისფერი...

მოთეთრო...

და გონებაში ფერ_წერას მოვყევი მათი...

მიწისქვეშეთში ჩავედი…

რომელიღაც ქუჩის, რომელიღაც მომღერალი, რომელიღაც ნაცნობ მელოდიას ისროდა…

ვერ გავიხსენე...კიბეებთან კვლავ მოხუცი მათხოვარი:…”-მიწისქვეშ ახალგაზრდებს ეხმარებიან, მიწისზევით ბებრებს არა“

მივბრუნდი ყველა_ფერი ჩავუყარე ქუდში რაც მქონდა...

იმ ქუჩამდე ზუსტად 351 ნაბიჯია...არცმეტი...სკამს მივუახლოვდი...ეს ხის არსება გამუდმებით დუმს და მიღიმის...

ის ქალიც, იმ ფანჯრიდან ყოველთვის ერთნაირი გულმოდგინებით ითვლის სახეზე ჩემი ხალების რაოდენობას...

ჩვეულებრივ ამოვიღებ რვეულს და თითების არარითმული მოძრაობით…დავხატავ არაორდინალურ ფიგურებს,…ხაზები თავისდაუნებურად ასოებს ემსგავსება…და გადმოვა ყველა ის ფორიაქი სხეულები თეთრ სივრცეზე...

ამ დროს ვიღაც სოლიდური გარეგნობის მამაკაცი მომიახლოვდება და ბარათს გადმომცემს…რატომღაც ლათინური ასოებით წერია: “არ შევხვდეთ?” გამოვფხიზლდები…

შეტყობინება მოსულა…და ახლა უკვე თითების რიტმული მოძრაობით გავცემ პასუხს: “როგორც ყოველთვის”…

მოპირდაპირე სკამზე ვიღაც იჯდა…ვერც შევამჩნიე…ვიოლინო ეჭირა ხელში...

ცოტა ხანში გვერდით…გახეული წინდებით,ძალიან წითელი ფერის პომადით, ჩვეულებრივზე ძალიან მოკლე კაბით და ფულის სუნით აყროლებული ქალი მიუჯდა... სდუმდნენ...

თავი უხერხულად ვიგრძენი და წამოვდექი...ორიოდე წუთის მერე მოვიხედე…მევიოლინე სადღაც გამქრალიყო...

ყურში ისევ ის მელოდია ჩამესმოდა მიწისქვეშეთიდან...ვერ გავიხსენე...


არეული ნაბიჯებით მოდიოდა…მკერდი ოდნავ წინწამოხრილი, თითქოს უფრო ეჩქარება ვიდრე ფეხებსო...

მომიახლოვდა...გადამკოცნა...სათვალე ჩამოიხსნა და წმენდას შეუდგა...

მერე სიგარეტის ღერი ამოიღო…მოუკიდა...

-წავედით!-..გამეღიმა... 67 წამი... დროის სრული სიზუსტით გააკეთა ყოველივე...არცერთი წამით მეტი...

ნეტავ წელზე არ მომხვიოს ხელი...ხელი ჩამკიდოს... და გავირინდე...

ისევ წელზე და მერამდენედ დამწყდა გული...

-ახალი რა ხდება თამთ?

-არაფერი ,შენსკენ?

და მომიყვება…როგორ მიიღეს ახალი გამომძიებელი გოგო მის სამსახურში, როგორ უხდება ის კაბა და რომ მე ც აუცილებლად მომიხდებოდა, ნიკას ახალი მანქანა შეუძენია, mercedes eleganc 3.2 ძრავით,…მაგარი ვეშია, ნიორაძეს ბავშვი შესძენია, იქით კვირაში საქეიფოდ მიდიან, ვიღაც ჩემი მოგვარე დაუჭერიათ...არ ვიცნობ...ვიღიმები...

-თამთ!!!ჭკუიდან გადაგყავარ როცა ასეთი ხარ!!!

-ეს კარგია თუ ცუდი?

-ყელში ამოვიდა შენი სიჩუმე!!!

ვიღიმი...
-თამთ!!!

-მე წავედი

შეეშინდა...

-მოიცა კაი დაიკიდე, ხო იცი როგორ მიყვარხარ?

-როგორ?-

-...

-წავედი!!!…არ გიბრაზდები…უბრალოდ დავიღალე დღეს

-კაი სიხარულო, გაგაცილებ მაშინ…

-არ მინდა

-თამთ მიყვარხარ

ვიღიმი...

-მე ც მიყვარხარ...

ისევ ვიღიმი…წამოვედი...
ვერასდროს გავურბივარ ბანალურობას...
love story-ის ყვებოდა ის მუსიკოსი მიწისქვეშეთში... გამახსენდა...


პ.ს დიდი ხნის წინ დაიწერა.

ისტორიაა

Wednesday, July 8, 2009

ფლუნგე. შემოდგომა.

ფლუნგე. შემოდგომა.
სავსე მთვარეა.
თურმე, ჩვენც მთვარის ავსების დროს დავბადებულვართ,
შენ _ ოქტომბერში,
მე _ ნოემბერში,
შენ იმ ღრუბლებს დაემსგავსე,
ზეცის ბოლოს რომ შეყუჟულან,
მე მთვარემ მომცა თაფლისფერი თმა და თვალები.
სავსე მთვარეა.
გამოყევი ტბის ნაპირს,დაო,
გამოიარე მამისეული ქოხის ეზო,
გიშრისფერი თმა ივარცხნე გზადაგზა და
ელაპარაკე თეთრ დუმფარებს _
მათ შენსავით არავინ უყვართ.
სავსე მთვარეა.
ჩვენი შეხვედრის დრო მოსულა სასაფლაოზე,
სადაც ოდესღაც,
წლების წინათ,
თოვლსა და ჭყაპში,
შემცბარ მიწას მივაბარეთ მამის სხეული,
კანი დავფხაჭნეთ უსუსური, თეთრი თითებით
და დედის ძაძებს მოფარებულებს
არ გვიკითხავს აღარასოდეს,
მოვიდოდა თუ არა მამა შებინდებისას,
მოყვებოდა თუ არა ზღაპრებს,
ვუყვარდით თუ არა მამას საერთოდ,
რა იყო ჩვენი ცხოვრების პასუხი _ კი თუ არა.
სავსე მთვარეა.
მიმღერე, დაო,
სანამ გაგვყრიან მოედანზე გაშიშვლებულებს,
სანამ დაგვწვავენ,
სანამ მეთევზე ტბის ტალღებში ნავს დააცურებს
და გვითვალთვალებს,
ხან ერთსა და ხანაც მეორეს,
ან კიდევ, რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ ქვეყნად,
ან კიდევ, ვინ გვყავს, ზურგს უკან რომ ამოგვიფაროს
სავსე მთვარის დროს დაბადებული
და ძაძებში გამოზრდილი
მდუმარე დები.
სავსე მთვარეა.
მითხარი, დაო,
როგორია სიცოცხლის ფერი,
ან სიხარული როგორ ხმაურობს,
ან სიყვარულს აქვს თუ არა სუნი საერთოდ,
და თუ არა აქვს,
მაშინ რაღაა იმ უთეთრესი დუმფარების ნაზი სურნელი,
ტბიდან შენი ამოსვლისას რომ იშლებიან.
სავსე მთვარეა.
ხმები ისმის მოედნიდან,
მოზიდეს ფიჩხი.
ახლა მართლაც სულერთია ყველა ფიქრი,
ყველა ოცნება,
ოღონდ მასწავლე,
როგორ უნდა გავუძლო ტკივილს,
საკუთარი ხორცის სუნს და რა უნდა ვქნა,
როცა ვიგრძნობ,
რომ ფერფლად იქცა ჩემი ნაწნავი.
მითხარი, დაო,
რომ მამა ცხენით მელოდება იქით მიმავალს,
სიარულმა რომ არ დაღალოს
ჩემი დამწვარი ძვლები და ხორცი,
გზადაგზა რომ არ დამეღვაროს
სისხლი,ჩვენი საერთო სისხლი,
ცეცხლის ალზე ადუღებული.
ჩემს მუხლებთან იჯექი, დაო,
ნურაფერს მეტყვი.
სიჩუმეში მოედნიდან უკეთესად ისმის ხმაური _
თითქოს სიკვდილს ვათვინიერებ.სავსე მთვარეა.
7. 07. 2009.

/სალომე ბენიძე/

უსაშველოდ სუბიექტური ვარ ამ ლექსის მიმართ

Tuesday, June 23, 2009

სახლი







დიდი ხანია ამაზე მინდა დავწერო. შემოვალ და ისევ გავდივარ.
თითქოს სიტყვებს ვერ ვიმეტებ დავწერო ყველაზე ძვირფასსზე და ყველაზე ჩემზე.


ამიტომ ერთი სიტყვით დავწერ:


ხისსუნიანისახლი












Monday, May 25, 2009

ძმას

აუ, ეხლა იცი რა გამახსენდა?

გახსოვს მთა და კოცონი, გარშემორტყმული ბევრი ბავშვი და დიდი.

გიტარას უკრავდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდათ ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

თურმე, თურმე...

ბლინები მომენატრა, იქ გაკეთებული და სუნი..სუნი..სუნი...

წყლის გემო...

ხის სუნი(სახელი აღარ მახსოვს) ცეცხლი რომ სანთელივით ეკიდება,

ლამფა მენატრება,

და ის ღამეები ბარში გაგანია ზაფხული რომ არის და იქ გცივა, გცივა და ვერ თბები, მერე აივლი რამოდენიმე საფეხურს და შეხვალ ლამფიან ოთახში და ჩაწვები და წყნარი ღიღინი რომ გესმის მეზობელი ოთახიდან "ჩემს პატარას ეძინებააა" და შენც რომ ტკბილად ჩაგეძინება.

გრძელი სკამები მენატრება და ის ვარსკვლავებიანი ცა, ყოველ წამში ერთხელ რომ წყდება ვარსკვლავი და მაინც ვერ ასწრებ სურვილის ჩაფიქრებას, არაუშავს სამაგიეროდ იმედი გაქვს რომ მომდევნოზე მოასწრებ.

სიარული მენატრება უთავბოლოდ "ნაძვნარში" ფეხით ბოდიალი,მთის ციცაბო ფერდობებზე,

ობოლი ქვა მენატრება, ეხლა ალბათ აღარ არის იმხელა როგორიც ადრე მეჩვენებოდა.

ნისლი, ნისლი, ნისლი რომ ცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქო, ისე ღრმად რომ ფილტვების ლამისაა გასკდეს სუფთა ჰაერით.

"კაიმაღი"-ს (არაჟანი) გემო?

დილით ყვირილი: აკვანი, კევი, საგორიალა, მაწონი, კაიმაღიიიიი"

ლოტოს თამაში.

მოვახერხოთ რა, აი მოვახერხოთ და ავიდეთ ერთად კიდევ მერე, შვილები რომ გვეყოლება და ოჯახები და მერე კიდევ უფრო კარგად გავიგებ რატომ აქვთ იქ ადამიანებს ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

ბახმარო

Saturday, May 9, 2009

შეკითხვა


მოკლედ ამ ბოლო დროს ხშირად მიტრიალებს ეს შეკითხვა და თითქმის ყველას ვეკითხები, პასუხი უმრავლეს შემთხვევაში ამ კითხვაზე არ აქვთ. არც კი ვიცი, რას ვეძებ ან როგორ პასუხს ვეძებ,ან საერთოდ თუ ვეძებ პასუხს. ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს მინდა თქვენც დაგისვათ ეს კითხვა ძვირფასო ბლოგერებო:

ღმერთს სულ, სულ ბოლოს რას ჰკითხავდით? 

Tuesday, May 5, 2009

ექვსი

შემომხედე,
მე მარტო ვარ კლავიშებს შორის მანძილს თითებით ვფარავ,
ზღვის წყალი მლაშეა,
ვიშლი თმებს,
ვირწევი ჰამაკში.
ძნელია ავხსნა უჯრები ცაზე
რომლებსაც ყოველ ღამე უბრალოდ ვაფერადებ.
შემომხედე,
მე მარტო ვარ,
გზა ყოველთვის გადის ბნელ კუთხეებს,
ვიდრე მზემდე,
და მზის იქითაც,
ფრთები რომლებიც მეცვა
გაიცრიცა და მკერდი მიჩანს,
ერთი ან ორი
მეგობარიც მეყოფოდა
მთელი ცხოვრება.
შემომხედე,
მე მარტო ვარ დასაბამიდან,
საწყისიდან,
საძირკვლიდან,
ფუძიდან შენამდე,
სამი ან ოთხი ფენა გვაშორებს ერთმანეთს,
კიდევ უფრო მეტი გალაქტიკა - მანძილი,
ხუთი ან ექვსი წუთი - დრო,
ის, რაც მჭირდება ჩასაძინებლად.
შემომხედე,
მე ისევ ვხატავ ოცნებებს ბეტონის კედლებზე
რომელთაც მოხატვისთანავე ვანგრევ,
მე ისევ ვცდილობ გავექცე აწმყოს
ბნელ მომავალში,
მომავალი ალბათ უჯრებია ცაზე,
რომლებსაც ყოველ ღამე
უბრალოდ ვაფერადებ.

ჩემი ამინდი

ჩემი ამინდია....


ეხლა ბოტები მინდა...

სოფელში მინდა, მიწას უცნაური სურნელი რომ ასდის და ფოთლებიც განსაკუთრებით ხასხასა ფერის რომ ხდება...

სირბილი მინდა...გუბეებში...

მერე დაღლილი რომ შევალ ცეცხლით გამთბარ სახლში და ბებია რომ პირსახოცს მომაგებებს, თმების ფრთხილად გამშრალებაას რომ დამიწყებს, ჩემი არანორმალურიო რომ ჩაიბურდღუნებს.


ღუმელთან რომ დავჯდებით, მე დაბალ ტაბურეტზე ის უფრო მაღალზე, მის კალთაში რომ ჩავდებ თავს და მისი ფერება ჩემს თმებზე რომ ჩამაძინებს....




ჩემი ამინდია...

Monday, April 27, 2009

ჰ ო ლ ო გ რ ა მ ა

პოეზია
2009.04.21
------------------------------------------------

პოეტური მანიფესტი თაობას..





როცა
თქვენი ქალაქის ქუჩებში,
თქვენი სკოლების დერეფნებში,
უნივერსიტეტების აუდიტორიებში,
კორპუსების სადარბაზოებში,
საზოგადოებრივ ტუალეტებში,
დასასვენებელ პარკებში,
გასართობ ღამის კლუბებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში,
მოვლენ
ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,
სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,
ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,
სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,
შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,
პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები
და გეტყვიან
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”
“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”
“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”
“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”
“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”
“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”
თქვენ უპასუხეთ:
ყალბია თქვენი გამოხედვა!
ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!
ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!
ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!
ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!
ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!
ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!
ყალბია უილიამ შექსპირი
და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!
ყალბია დანტე ალიგიერი
და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!
ყალბია ფრიდრიხ შილერი!
ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა
ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!
ყალბია შარლ ბოდლერი
და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!
ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!
ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!
ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!
ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!
ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!
თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ
და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,
რომელიც ასევე ყალბია!
ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!
ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!
ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!
ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!
ყალბია სიმონ ჩიქოვანი!
და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ
ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის
“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!
ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!
ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:
ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!
ყალბია უოლტ უიტმენი
და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!
ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!
ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,
არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!

ყალბია ბრძენი,
ბრმა სიტყვების ოსტატი
მაცუი ბაშო

ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!
და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!
ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,
ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!
ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!
ყალბია ჯეკ კერუაკი!
ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!
ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!
ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი
და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.
ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული
მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე
და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,
ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,
თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.
ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!
ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!
ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც
თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!
და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,
ან გამოვტოვე,
ყალბია!
ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,
და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ
“აი ია”-დან დაწყებული
და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული,
ყალბია!
ყალბია!!
ყალბია!!!

ხვიარა(სანდრო ლორთქიფანიძე)

ფლორენცია. სიზმარი.

პოეზია
2009.04.21
------------------------------------------------
  
მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდან 
ხელახლა, რადგან შენ ვერასოდეს, 
ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგ 
ვერ შემამჩნიე. 
ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს დიდი და ფართო. 
გავყურებ ქალაქს,  
სახურავებს, 
წითელ კრამიტებს, 
როცა ცაზე ამოდის მთვარე, ნათელი, მრგვალი, 
მთვარე, რომელსაც შენს თაფლისფერ, უცნაურ, კეთილ, 
დაღლილ თვალებს უგავს თვალები. 
ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაბადებული, 
იატაკზე ვაგდებ პირსახოცს, 
სველ კვალს ვტოვებ ნიჟარიდან ფანჯრის რაფამდე. 
მიყურებს მთვარე _ 
მე რაფაზე ვზივარ შიშველი 
და ქალაქის ჩახუთულ ჰაერს, 
უძველეს ჰაერს, 
ვსუნთქავ ტანით, მკერდით, ფეხებით. 
მე და შენ, ალბათ, ამ ქალაქში უნდა გვეცხოვრა, 
არნოს ნაპირას, მორყეულ სახლში, 
წყალდიდობის მუდმივ შიშში და თევზის სუნში, 
დაგვიფარავდა წვიმისაგან კრამიტი ძველი 
და ტკივილისგან _ რომელიმე წმინდანი ალბათ, 
ქუჩის კუთხეში ამოტვიფრული, 
მაგრამ რატომღაც ამ მშვიდ მთვარეს, 
დედამიწის გარშემო მავალს, 
ცალცალკე ვხედავთ, სულ სხვადასხვა წერტილებიდან, 
მე _ აბაზანის ფართო ფანჯრიდან, 
შენ _ არ ვიცი, იქნებ ისე გაგიტკბა ძილი, 
რომ სავსე მთვარეს ვერც კი ამჩნევ, 
აღარც ის გახსოვს, რომ ვარსებობ, 
დავდივარ, ვსუნთქავ 
და ყოველღამე ვორსულდები, 
ასე, შიშვლად, რაფაზე მჯდომი, 
რომ ასევე ყოველღამე საკუთარი თავი ვშვა ახლად, 
რომ ოდესმე ამ ქალაქის წითელ კრამიტებს 
ორივემ ერთად გადავხედოთ 
ჩემი თეთრი აბაზანის ფანჯრის რაფიდან. 

აქ მე და შენ ალბათ ერთად უნდა გვეცხოვრა...

/სალომე ბენიძე/