Showing posts with label questions. Show all posts
Showing posts with label questions. Show all posts

Saturday, July 3, 2010

დამთხვევა

ვამბობ არაფერი ხდება შემთხვევით
არადა არ მინდა გამიზნულად ხდებოდეს ეს "არაფერი"
ვამბობ ვერ გიტან_როცა მიყვარხარ
ვამბობ ცა ლურჯია და არა ცისფერი
ვამბობ "არასოდეს"-ს და ვერ ვასრულებ
ვამბობ რიცხვების სიყვარული არ ნიშნავს ვიყო პრაგმატული და პრაგმატულობა არ არის ცუდი
მიყვარს 9
მიყვარს როცა ზედმეტი არაფერი ხდება,
მიყვარს როცა არ არსებობს მიზეზები კარგად ყოფნისთვის,
მიყვარს როცა მამის სურათს მტვერს ვაცილებ, ასე მგონია კიდევ ერთხელ გავაცოცხლე,
მიყვარს წვიმა, თავსხმა
მიყვარს ყურება, როცა ეწევიან
მიყვარს როცა აღმოვაჩენ რომ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც მეგონა,
არადა არსებობს მიზეზები ცუდად ყოფნისთვის
არადა ჩარჩოებში ყოფნა მაინცდამაინც ჩაკეტილ სივრცეს არ გულისხმობს
არადა თავისუფლება რას არის ისევ არ ვიცი
არადა წვიმის ფერი ჯერ კიდევ ვერ დავადგინე
არადა აღარ ვარ სენტიმენტალური
არადა რადიკალურ გადაწყვეტილებებს ხშირად ვიღებ
არადა შეჩვევა კიდევ ერთი მავნე ჩვევაა
არადა ღმერთი მენატრება
არადა "ტკივილ"-ს სინონიმი არ გააჩნია
ნეტავ რა შეგრძნებები აქვთ წამალზე დამოკიდებულებს როცა წამალს იკეთებენ?
ნეტავ შემეძლოს ადვილად მიტევება
ნეტავ სად არის ძაღლის თავი დამარხული
ნეტავ ისევ ხომ არ მეშლება
ნეტავ მქონდეს ცოტა მეტი თავისუფალი დრო
რომ აქ უფრო ხშირად ვწერდე
რომ მოვასწრო თქვენი სიყვარული
რომ ისევ არსებობდეს მოულოდნელობები
რომ მხოლოდ დედა არ იღლებოდეს სახლში ტრიალით
რომ არ მოგცე დეპრესიის საშუალება და არ იყო "ლუზერი"
რომ არ მიყვარდე
ისევ ვითვლი
ვამბობ 5-ჯერ, მიყვარს 7-ჯერ, არადა 10-ჯერ, ნეტავ-5 ჯერ, რომ 6-ჯერ


თავისით გამოვიდა დედასგეფიცებით
აი ხომ ვთქვი შემთხვევით არაფერი ხდება
:(

Thursday, May 20, 2010

დაკარგული ბაბუები



დიდი ხანია მინდოდა მეთქვა თქვენთვისაც და თავი ვერ მოვაბი

ისევ მოკლედ მოვალ

ჩემი ეს პოსტი ვისაც წაუკითხავს იცის ჩემი ომში დაკარგული დიდი ბაბუის ისტორია
ოღონდ ეს დიდედას მხრიდან

ახლა "დიმამას" მხრიდან მოვყვები ასე ვეძახდით ბავშვები

ჩანართი:
ფორუმზე ერთმა ბიჭმა დაწერა წერილების თემაში.
დაკარგულების სია გამოქვეყნდაო, ბაბუის საფლავი აღმოვაჩინე და ჩემები ტირილით მოკვდნენო
პირადი წერილი ვაფრინე საიტის მისამართი მითხარი მეთქი
მითხრა

ჩემი ბაბუ აპრილში წაუყვანიათ
მფრინავი ყოფილა
აუფეთქებიათ
თავის საყვარელი ხომალდიანად

რა ვიპოვნე ამ საიტზე?
ბაბუს ჯიბეში ნაპოვნი წერილები, რომლებსაც სურათი აქვს გადაღებული.
რაღაც საინტერესო დოკუმეტები მისი გადაყვანა-გადმოყვანის შესახებ
ვნახე როგორ წერდა ბაბუ და თითქოს მისი ხმაც მესმოდა.
საკმაოდ დალაგებულად ლაპარაკობს წერილებში და დიდედას აიმედებს, რომ მალე და აუცილებლად მოეღება ბოლო ამ ყველაფერს.

ეს ჩემს ბაბუზე
და თქვენს ბაბუებზე?

დაკარგული ბაბუები << აქედან შეიტყობთ








შენიშვნა: სახელი, გვარი და მამის სახელი აუცილებლად რუსული შრიფტით უნდა ჩაწეროთ

თხოვნა: მეც მომიყევით რა თუ რამეს იპოვნით

Monday, February 22, 2010

ფერები

ფერები
ფერებმა
ფერებს
ფერების
ფერებით
ფერებად
ფერებო

ჰოდა მითხარით რა ფერი ვარ?

Tuesday, February 9, 2010

ჩემი კითხვები

მოვბრუნდი ახალი კითხვებით
ჩემთვის ახალი არ არის სადღაც გადავაწყდი და დიდი ხანია მიტრიალებს თუმცა მაინც

და აი ისიც

ბეტონით დაფარულ ზედაპირზე ყვავილი რატომ ამოდის?

Tuesday, December 22, 2009

"გლობალური სიყვარული"

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა.

შენ მეუბნები,
რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,
ვიდრე მაშინ,
როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,
თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,
მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,
ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,
შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,
და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,
დედასავით ხორბლისფერებს,
მამასავით მხარბეჭიანებს,
რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.
შენ მეუბნები,
რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებას
და ახლა უფრო კარგად სუნთქავს,
ვიდრე მაშინ,
როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყით
მოიტაცა ბებიაჩემი
და მაყრიონმა ოდოიას შემოძახებით
დაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.
მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,
ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,
რომ მერე წლები გასულიყო
და მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,
ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,
ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,
და ჩემოდანში დიდი წიგნით,
„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზე
და პირველ გვერდზე
ჩვენებური სიამაყით და თავმოწონებით
გამოსახულ ფერად რუკაზე,
ის მიწა არის ჩამოჭრილი,
სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,
სადაც იმღერა ოდოია,
სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,
სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,
სწორედ ის მიწა,
შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.
ჩაკეტილია სახლის კარი
და ამის შემდეგ შენ მეუბნები,
რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,
ვიდრე ოდესმე,
ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაც
ქვიათ ბერძნული სახელები
და რადგანაც ქერა თმის გამო,
ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,
ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,
შენ მეუბნები,
რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,
გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,
საკუთარი ტკივილებიდან,
დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,
ოკეანის ტალღების თავზე
უპატრონოდ გამოკიდებულს,
მკვებავს ჩემი და შენი
გლობალური სიყვარული.
/სალომე ბენიძე/

როცა სალოს ამ ლექსს ვკითხულობ ჩემი დიდედა მახსენდება.
დიდედას 19 წლის გათხოვდა და 20 წლისას უკვე ქვრივი იყო.
გიორგი ბაბუ ომში წაუყვანეს და აღარც მობრუნებულა.
თვეების ბაბუაჩემი დარჩა დიდედას.
და კიდევ რწმენა რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, სადღაც მაგრამ ცოცხალი.
მისი გარდაცავლების ცნობა არ მოსულაო.
დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როცა თვითონ გარდაიცვალა პანაშვიდზე ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მოვიდა და ჩემებს რაღაცას უყვებოდა.
ყური დავუგდე.
უცნობი ამბობდა, რომ ბაბუაჩემის ბაბუას მიუღია სამკუთხა ბარათი.
თურმე სასწრაფოდ უცნობის დედასთან გაქცეულა და ბარათი გადაუცია. შეინახეო.
არ მინდა გაიგოს მისმა ცოლმა რომ ქმარი აღარ ჰყავსო.
იმის მერე სულ ვფიქრობ რატომ გააკეთა ეს.
იმიტომ რომ დიდედას იმედი არ დაკარგვოდა
თუ ეშინოდა, რომ დიდედა მშობლებთან დაბრუნდებოდა.
მიზეზი არ ვიცი მაგრამ მახსოვს ზამთრის არდადეგებზე ჩემი თავი ღუმელთან მასთან მოსაუბრე
-დიდედა, გიორგი ბაბუ თუ გესიზმრება ხოლმე?
-კი ბებო
-როგორი იყო?
-ბაბუაშენი ჰგავს
სურათს ავხედე და მსგავსება ვერ ვიპოვნე.
მის სიკვდილამდე მეც მჯეროდა რომ დიდი ბაბუა ცოცხალი იყო და ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას.
და თვითონ როგორ მახსენდება ყველაზე ხშირად?

დიდედა წელში მოხრილი.

მისი დამჭკნარი და ოდნავ ხაოიანი ხელები 5 ჩხირით.
წინდა ქსოვს.

ვზივართ. მე მის კალთაზე მიდევს თავი,ძაღლისგან შეშინებული და ის რაღაცას ბუტბუტებს დაგამშვიდებსო.

დიდედა ბალის ხეზე.

დიდედა ნამგლით ხელში ჩაცუცქული და ბალახებს ჭრის.

დიდედა ნემსში ძაფის გაყრას მთხოვს.

დიდედა ბიჭებს ეძახის მსხალი მოგიტანეთ და გაურეცხავი არ ჭამოთო.

დიდედა მპირდება პენსიას რომ აიღებს ლამაზ კაბას მიყიდის და გასაფერადებლებს.


კიდევ სულ ვფიქრობ სიყვარული მართლა ამდენს გაძლებინებს?
და მართლაც სიყვარული ახლა უფრო გლობალურია?

Saturday, December 19, 2009

ტრაგიკული ბედი თუ მარტივი გზა

ერთ-ერთ ფორუმზე გამოკითხვაში გადავაწყდი ასეთ შეკითხვას "შენი აზრით რითია მეტი პოეტი პუტანკაზე?"

ამ იუმორნარევიცინიზმით დასმულ კითხვის პასუხზე ბევრი არ მიფიქრია.
სამაგიეროდ ხშირად დავფიქრებულვარ მეძავების ბედზე.

დავიწყოთ იქედან რომ როგორც ცნობილია უძველესი პროფესიაა.
ეს ის რაც მათ შესახებ გუგული(google) დეიდამ მომიყვა:

"პირველი ქალი მეძავად ჩამოყალიბდა ქალაქურ საზოგადოებაში ,მას შემდეგ რაც განთავისუფლდა გვაროვნული წყობილების ზეგავლენისგან, შესაძლებლობა მიეცა სექს პარტნიორი თვითონვე აერჩია . პირველი "ისტორიული" მეძავის სახელი არ არის ცნობილი, მხოლოდ ბიბლიური _ძველი აღთქმიდან _ რააბი იერიჰოდან (רחב <--ივრითული, სავარაუდოდ ნიშნავს: რაავი ან რახაბი ან რაავ. ‏יְרִיחוֹ‎ _ ’Arīḥā -იერიხონ,Jericho გერმ.)

მეძავობა შემოსავლის წყარო იყო უკვე სოლონის ეპოქის ათენში. სოლონმა დაწერა კანონი ,რომელიც ავალდებულებდა მეძავს გადასახადი გადაეხადა. აქვე დავწერ, რომ სოლონი ითვლება დემოკრატიის პირველ ფუძემდებლად.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება ,რომ თვითონ სოლონი ყიდულობდა ქალებს და სთავაზობდა საზოგადოებას (ეს საზოგადოება ბრბო იყო,მასა თუ პუბლიკა არ ვიცით და საზოგადოებაში მარტო კაცები არ იგულისხმება ვფიქრობ მე) მათ მომსახურეობას ერთი ობოლის( ბერძნული მონეტა _ οβολος,obolos- თუმცა წონის ერთეულიც იყო) ფასად. მან "ააშენა" პირველი საროსკიპო.

მეძავობას ათენში ჩაეყარა საფუძველი _ განვითარება კი ჰპოვა რომში , რაც ტიტუს მაკციუს პლავტუსის (ძვ. წ. 254 უმბრია - ძვ. წ. 184 რომი) - რომაელი კომედიოგრაფი) კომედიებში კარგად ჩანს.

ეს ყველაფერი თავისუფლად , მზის შუქზე ხდებოდა თუ გასაიდუმლოებული იყო უცნობია.


ბევრი ხალხის კულტურაში მეძავები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ . მაგალითად: ბუდა ინდურ ქალაქ ვაზალში მიღებულ იქნა კურტიზანების უდიდეს "უფროსად" (Spier. Life in Ancient India, XXVIII) , აბისინიაში (ეთიოოპიის არაოფიციალური სახელწოდება)მეძავები იკავებდნენ მაღალ მდგომარეობას სასახლის კარზე და არც ისე იშვიათად ხდებოდნენ ქალაქის თავები ან მთელი პროვინციიც განმგებლებიც (Combe et Tamisier. Voyage en Abyssinie, II, 116). . .


არადა 'თავიდან' არსებობდა მხოლოდ პოლიგამია , პოლიანდრია , პოლიგინია, სისხლის აღრევა ......
თავიდან კი არა 19 საუკუნეში ტიბეტში, სამხრეთ ინდოეტში და დღევანდელ ველურ ხლხებში (მაგ:შინუკები,კოხინხინები,კიუნკტები) გავრცელებულია ისეთი ცხოვრების წესი თუ კულტურა, რაც ჩვენი გადასახედიდან მეძავობაა."

სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მიზეზი როცა ამ საქმეს პროფესიად ირჩევდნენ.
იძულებითი ნაბიჯი მათი ტრაგიკული ბედის გამო, სისუსტე, ფულის შოვნის მარტივი გზა თუჺრა თუ რა.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა პირადი ტრაგედია საერთოდ არ ჰქონოდათ, მაგრამ მირჩევნია ეს მათ ცხოვრებას დავაბრალო.
ვიდრე ის რომ "შრომის" ეს გზა გაცილებით იოლია და მოგებაც მეტია.მე მგონია რომ ეს უფრო დიდი ტრაგედიაა.
რაც არ ინდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს მაინც დიდი ტკივილია მათთვის ეს ყველაფერი.
ავიღოთ თუნდაც მარტო ის რომ საზოგადოებისგან ცალკე მდგომნი არიან.
მერე რა თუ ეს გზა თავად აირჩიეს.
ვიცი რომ რაღაც დოზებით ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი პროფესიის, მაგრამ მეძავებისთვის რაღაც დოზები აღარ არსებობს ალბათ.
როცა მათ ვხედავ სურვილი მიჩნდება დაველაპარაკო.
ავუხსნა ის რაც ძალიან კარგად იციან და ამაზე არ ფიქრობენ, ან ცდილობენ არ იფიქრონ.
რომ მათი პიროვნული ღირსება ბევრად მეტი ღირს ვიდრე უხდიან.

შენიშვნა: არ მეცოდებიან.

შეკითხვა: "ბოზი"-სპასრსული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. მაშინ რატომ არის "ბოზი" უფრო შეურაცხმყოფელი სიტყვა ვიდრე "მეძავი"?

Saturday, November 28, 2009

ყველაფერი ბედის ბრალია

„მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!"



დიალოგს გადავაწყდი http://sxvisi.wordpress.com/ ამ პოსტს ეხებოდა.
ჰოდა მოვედი და ამ ადამიანს აქედან ვამხნევებ, თუ ვეჩხუბები, თუ ვასწავლი.
არ ვიცი, დაარქვას რაც უნდა.
მე მინდა ვუთხრა კიარადა ვთქვა, არა უფროსწორედ ვიკითხო
რატომ დავეჩვიეთ ადამიანები საკუთარი წარუმატებლობების, საკუთარი შეცდომების, სხვებზე და უარეს შემთხვევაში ბედისთვის დაბრალებას?
რა გვენაღვლება!
ბედს ენა არ აქვს(თუ პოეტურად არ მივუდგებით) და თავსაც ვერ გაიმართლებს.
აღიარეთ საკუთარი სისუსტეები საკუთარი თავის წინაშე.


საშინლად "უიღბლო" ვარ. გამოცდაზე ერთი თემაც რომ არ მცოდნოდა, აუცილებლად ის შემხვდებოდა, ტესტში თუ პასუხი არ ვიცოდი, არ არსებობდა შემთხვევით სწორი შემომეხაზა.
სამაგიეროდ
შემდეგ გამოცდაზე ყოველთვის ბოლომდე მომზადებული მივდიოდი.

არაფერიც არ არის ბედის ბრალი, პირიქით.
და თუ მაინც ყველაფერი მისი ბრალია, მაშინ დაუმტკიცეთ მას რომ მასზე ძლიერები ხართ.
შეიქმენით მოტივაცია.
ვინმემ უბრალოდ ამიხსენით თუ არ მოგწონთ სტატუსი "უიღბლო", რატომ არაფერს მოიმოქმედებთ მის შესაცვლელად.
რატომ მოგწონთ როცა ეცოდებით?
"მოწყალება ამაზრზენი სიტყვაა
როცა გეხება-"


პრობლემა მგონია რომ შიშში მდგომარეობს, ან სიზარმაცეში.
გვეზარება ან გვეშინია წინგადადგმული ნაბიჯების.
მერე რაღაცამ შიგნიდან რომ არ შეგვაწუხოს,ვიჯერებთ რომ უიღბლოები ვართ.
სხვებსაც ვაჯერებთ.
"უიღბლო"_ ბა პრეპარატია რომელიც სინდისის ხმას ჩქმალავს
უკუჩვენებები: იწვევს შურს,გაბოროტებას, ადამიანებისადმი გაუცხოებას, გალოთებას.




დიახაც, იმდენივეჯერ წამოვდგები, რამდენჯერაც წავიქცევი
და მაინც ამოვთხრი.


პ.ს неудачники არ ხარ, თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.
მე გყავარ :თავმდაბალი:

Friday, November 13, 2009

მე ბანალური ვარ

მითხრეს ბანალურიაო.
ჩემთვის ბანალური არ იყო და დავფიქრდი.
ვინ დაადგინა რა არის ბანალური და რა არა?
ან სადამდეა საზღვრები ბანალურობის?
მერე ამ ცნების ზუსტი განმარტება მოვძებნე






"ბანალური
Fr. banal
სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი. მაგ., ბ. ხუმრობა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი"

ამ განმარტების კითხვისას კიდევ სხვა კითხვა დამებადა, მაგრამ ამაზე მერე.
სიტყვა "ბანალურს" მეც ძალიან ხშირად ვხმარობ.
ჩემი აზრით არასწორად გვესმის მნიშვნელობა.
რატომ?

ყველაფერი რაც ბანალური არაა, არ ნიშნავს რომ ორიგინალურია და პირიქით, რაც ორიგინალური არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბანალურია.
გაცვეთილი კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.
ვიღაცისთვის ბანალური შეიძლება,სხვისთვის არაბანალური იყოს.
ჩვენ როგორც ყოველთვის უკიდურესობების ხალხი ვართ.
ყველაფერი ან აღმატებით ხარისხში აგვყავს ან დაღმატებითში ჩამოგვყავს.
ამ სრულიად უვნებელ სიტყვას ცოტა ცინიზმი დავუმატეთ და ასე ვაქციეთ "სალანძღავ" სიტყვად, "საქილიკო" სიტყვად.
ჩარჩოდ იქცა.
ჩარჩოებს კი როგორც წესი გავურბივართ.
ვცდილობთ გავექცეთ ბანალურობას.
მეც ვცდილობ ხოლმე.
როცა რაიმეს ცდილობ კი ყალბი ხარ.


" მაგრამ იცი რა? ყველაფერი ბანალური იმიტომ არის ბანალური, რომ ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტება კი არ ცვდება, მას ხშირად იმეორებენ და ხანდახან ბეზრდებათ. მაგრამ მას ვერსად გაექცევი."
ეს ერთი საყვარელი გოგოს სიტყვებია.
მეც პირველად ის გამახსენდა როცა ფიქრი დავიწყე.

მოკლედ ვიღაცისთვის ყვავილების ჩუქებაც ბანალურობაა.

ჩემთვის ყველაზე მისაღები საჩუქარია.
დღეს ტკივილიც ბანალურია.
ღიმილიც ბანალურია.
წვიმაში სიარულიც, თოვლიანი ღამეც.

ვიქნები ბანალური, ოღონდ არა ყალბი
და იშვიათად ვიტყვი მაგ სიტყვას, იმიტომ რომ მისი ქვეტექსტი არ მომწონს.


კითხვები მაინც მრჩება და სავარაუდო პასუხიც მაქვს.
სა ვა რა უ დო

ბანალურობა-სიმარტივე.
ბანალური-მარტივად აღსაქმელი.


პ.ს მადლობთ რომ დამაფიქრე.

Wednesday, November 4, 2009

ხანდახან ხოლმე, კითხვები ჯობია პასუხებს


მიყვარს_ხისსუნი
ვოცნებობ_წიგნის მაღაზიაზე
ვფიქრობ_გზაში
მძულს_სავსე მთვარე
ვნანობ_არაფერს
კმაყოფილი ვარ_რაც მაქვს
მენატრება_
მსურს_აეროსტატით გასეირნება 
მაღიზიანებს_:თვალისჩაკვრა:
ვგრძნობ_უფრო ხშირად, ვიდრე ვხედავ
მეშინია_ჩემების ცუდად ყოფნის
ვიცი_რომ თამთა მქვია
არ ვიცი_ნამცხვრის ცხობა 
შემიძლია_გისმინო
არ შემიძლია_ 
ვმეგობრობ_
ვაპატიებ_შევუნდობ,მაგრამ არაფერი გაგრძელდება
ვტირი_ ვეღარ
ვიცინი_ყველაზე ხშირად
ვეძებ_მყუდრო სიმძაფრეს
ღირსი ვარ_
ვკარგავ_მხოლოდ ერთხელ
მშურს_
ვემალები_
ვემტერები_
მაინტერესებს_საკუთარი თავი
არ მაინტერესებს_
მახსოვს_ის რაც არ მავიწყდება
მრცხვენია_ 
უარვყოფ_
ვავადმყოფობ_ ჩემი ავადმყოფობა_სახლი
ვმალავ_გრძნობებს
ვინახავ_კადრებს
მწამს_მჯერა
მიკვირს_აღარაფრის
მიხარია_ როცა გიხარია
ვჭორაობ_ ვუსმენ ხოლმე და მიყვებიან
ვდარდობ_სულ
ვამაყობ_ოჯახით
ვაკეთებ_
ვეფერები_ ბევრს
მსიამოვნებს_ 
მესიზმრება_ კოშმარები
ვეხმარები_როცა მთხოვენ, თავს არ ვახვევ ხოლმე
ვეწევი_ცხოვრებას :P
მწყინს_ თითქმის არ
ვხარჯავ_ ემოციებს
ვღალატობ_ თავს
ვკამათობ_ჭეშმარიტების საპოვნელად :P
ვუხეშობ_ არასდროს
ვუსმენ_ ეხლა სიჩუმეს
ვყოყმანობ_ სულ
ვკითხულობ_ სულ

ვამზადებ_ "თურქებს, არაბებს, მონღოლებს, სპარსებს ოთხ ენაში

ქართულში,

ქართულში,

ქართულში,

ქართულში, "

ვუყურებ_ ცას
ვაფუჭებ_ ბავშვებს 
ვცხოვრობ_ სახლში
ვცემ_პატივს
ვყვირი _ იშვიათად
ვმღერი_ ჩემთვის
ვასრულებ_ ერთხელ
დავდივარ_ფეხით
ვმკურნალობ_ არ ვმკურნალობ
ვერიდები_ სხვის ჯანმრთელობას
ვთამაშობ_ საკუთარი წესებით
ვიტყუები_  
ვეთაყვანები_ 
ვგიჟდები_ შოკოლადის ნაყინზე
ვაგროვებ _ თვითონ გროვდებიან
ვიხდი _ 
ვეჭვიანობ _ 
“ვკაიფობ”_ არ ვკაიფობ 
ვიზიდავ_ 
ვალამაზებ _

პასუხები მეორდება,იმიტომ რომ კითხვებიც მეორდებოდა.

მე მიყვარს კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვეძებ.

ხან კითხვები ჯობს პასუხებს, ხან პირიქით.

მე მაქვს კითხვა თქვენთან:  ახალ წელს თოვლი მოვა? 

შენიშვნა:

უპასუხო ზოოგიერთ კითხვაზე პასუხს  ვაპროტესტებ, ზოგი მტკივა, ზოგზე უბრალოდ არ მაქვს.

Thursday, October 22, 2009

ჩემი ბედნიერება_შენი თავისუფლებაა



შენ არ იცი რა არის ბედნიერებაო მითხრა.
ვიცი_მეთქი
და არაო, ეგ არ არის ბედნიერებაო, შენ უბრალოდ უბედური არ ხარო.
რა საშინელი სიტყვაა უბედური.
შემცივდა.

ხოდა ეს არც ის მდგომარეობაა როცა "უბედური არ ხარ".
სწორედაც რომ ეს მაკმაყოფილებს და სწორედაც რომ ამით ვარ ბედნიერი.


ამით ვარ კარგად.
ჩემი ბედნიერება ჩემების კარგად ყოფნაა.
სხვანაიარად არ შემიძლია.
როცა ცუდად არიან, მე არც მეშინია და არც გული მტკივა.
მუცელი მეწვის ხოლმე.მუცელიიი.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თბილი საბანი.
კიდევ ის, რომ მაქვს სახლი,სადაც ღამე მძინავს.
სადაც ყოველ საღამოს ვსვამ ტკბილ ცხელ ჩაის.
რომ მაცვია ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი,
მიჭირავს ის ჩანთა რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა მაღაზიაში.
მაქვს სამსახური და ფანჯარა სამუშაო ოთახში, სივრცის საყურებლად და იმისთვის რომ ვისუნთქო.
რომ მაქვს ხელებში ძალა, ეხლა ეს პოსტი ვწერო.
წვიმის ხმის გაგონება ხომ შემიძლია ჩემი ფანჯრებს რომ უტყაპუნებს ხოლმე.
და მხოლოდ მზეს რომ არ ვხედავ.
სწორედაც რომ ბედნიერი ვარ.
რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მას რომ ეს ყველაფერი შესძლებოდა, ოღონდ შესძლებოდა და მთელ ამ ბედნიერებას ვთმობდი.
სულ ვუთმობდი.
უფალს ვთხოვდი წინა წამით მე, ვიდრე ის და მთელი ეს ყველაფერი მას.
ისე ვუთმობდი ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ეს სურვილი თუ შესრულდებოდა, ყველაფერი ისევ მისთვის გაცილებით მტკივნეული და ცუდად იქნებოდა.

ის ალბათ ახლა იქ ბედნიერია.
თუნდაც იმით რომ მე აქ ასე ვფიქრობ.


სქოლიოზიანი ემბრიონი -ს პოსტი გამახსენდა ეხლა უცებ.



იმან_
ჩემი ბედნიერება-თავისუფლებააო.
შენ თავისუფალი ხარ, უბრალოდ უნდა იგრძნო ეს მეთქი.
და არაო შენ არ იცი რა არის თავისუფლებაო.
ვიცი მეთქი.
და არაო, მოძებნეო.
შენ ახლა უბრალოდ ბორკილდადებული არ ხარო.



ჰოოო, ცოტა დამაფიქრა.
ვეძებ თავისუფლებას და ძებნას ჩემი სურვილებიდან ვიწყებ.



Tuesday, October 13, 2009

არათითი






მიყვარს და არ ვიცი რატომ.

ჩვეულებრივი ამბავია მიზეზებს არ ვეძებ ხოლმე სიყვარულისთვის.

იდეა ერთი საუბრიდან წამოვიდა, მერე კითხვები გაჩნდა.

პირველი რაც არათითზე თავში მომივიდა ეს არის:

ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან დაკლა ,(მიკეცავდნენ ნეკა თითს)
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუათითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს),
ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
და სიცილით ვკვდებოდი.

კაცებში ამ უსახელო თითის სიგრძე სისხლში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დო­ნეზე ყოფილა დამოკიდებული , რი­სი შე­დე­გიც ყოფილა მა­თი წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­სა და სპორ­ტში.
"მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც არა­თი­თი საჩ­ვე­ნე­ბელ­ზე უფ­რო გრძე­ლი აქვთ, სხვებ­ზე ხში­რად არ­ღვე­ვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს - და­დი­ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით, რის­კა­ვენ გას­წრე­ბი­სას და პარ­კი­რე­ბას სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლებ­ში ახ­დე­ნენ. "-ასე­თი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს გერ­მა­ნელ­მა მეც­ნიერ-მკვლე­ვრებ­მა.
ამბობენ არათითი გულს უკავშირდებაო, საქორწინო ბეჭდის მასზე გაკეთების ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეიძლება ჩაითვალოს.


"ცერა თითი - ლოგიკისა და ნებისყოფის ძალის (ენერგიის) გამომხატველია, საჩვენებელი თითი - ბედისწერის, შუა თითი - მოძღვრობის, უსახელო თითი - საერთო საკოცობრიო სიყვარულის, ნეკა თითი - ფიზიკური სიყვარულის, გამრავლების განასახიერება და ა.შ."

ინგლისურად _ ring finger.



ჩვენს რელიგიაში მოკეცილი სამი თითი ანუ ცერი ,საჩვენებელი და შუათითი წმინდა სამებას, ხოლო დანარჩენი ორი თითი ქრისტეს ორბუნებოვნებას-ღვთიურსა და მიწიერს გამოხატავს.

სავარაუდოდ არათითი ღვთიურს უნდა გამოხატავდეს. შესაბამისად ჩემს კითხვას "რატომ იკეთებენ საქორწინო ბეჭედს მაინცდამაინც ამ თითზე" ეს პასუხი უფრო აკმაყოფილებს, უფრო სწორედ მე გამოვთქვამ ამის ვარაუდს რადგან ქორწინება ღვთისგან დალოცვილი კავშირია.
მგონი არის ლოგიკის მარცვალი.


კითხვები მაინც დამრჩა:
რატომ ვერ მოუძებნეს სახელი ამ თითს?
თუ მოუძებნეს და "არათითი" სწორედ ის არის, მაშინ რატომ "არათითი"?
რა ის ჩვეულებრივი თითი არ არის?



პ.ს რაც არ უნდა ერქვას მე მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზად მიმაჩნია ჩემს თითებს შორის.
ჰოდა იმედია ფუტკრები სილამაზეს ვერ აღიქვამენ.

Monday, September 14, 2009

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?



ვფიქრობდი რომელ იდეით დამეწყო.

იმდენი რამ ტრიალებდა თავში.

ნასტასიას პოსტმა გადამაწყვეტინა. 
 
ჰოდა, აი როცა ჩემი ორ კვირიანი საზღვაო  არდადეგები ამოიწურა და სახლში ვბრუნდებოდი, როცა რიკოთის უღელტეხილს გადმოვცდი და კავკასიონის მთიანეთს პირდაპირ ტრასიდან ვუყურებდი ერთი კითხვა ამეკვიატა 
ზღვა უფრო ღრმაა თუ მთა უფრო მაღალი?
 პირველად ეს კითხვა დედაჩემს დავუსვი სანამ ბარგი მანქანამდე მივიტანეთ?
 ეგონა ვეხუმრებოდი და გაოცებულმა შემომხედა.
მერე ჩემს ძმას. დაუფიქრებლად მიპასუხა-მთაო.
მერე მივხვდი იმისთვის რატომაც ვსვამდი ამ კითხვას სწორედ დაუფიქრებელი პასუხები მჭირდებოდა.
კითხვა დავუსვი ძალიან ბევრ ადამიანს, სხადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩემს უახლოეს მეგობრებს, ქუჩაში სრულიად უცნობებსაც.
პასუხები იყო საინტერესო, ზოგი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოფარგლებოდა, ზოგს ახსნაც ახლდა თან.
მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა პასუხს მცემდნენ,არამედ როგორ მცემდნენ და რატომ მაინცდამაინც ამ პასუხს.
ჰოდა ამ კითხვა-პასუხში ისე გავერთე,სხვადaსხვა შეკითხვები წამოვიდა კიდევ.
მოდით დავტოვებ ინტრიგას ცოტა და
თქვენც გეკითხებით

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?

Saturday, May 9, 2009

შეკითხვა


მოკლედ ამ ბოლო დროს ხშირად მიტრიალებს ეს შეკითხვა და თითქმის ყველას ვეკითხები, პასუხი უმრავლეს შემთხვევაში ამ კითხვაზე არ აქვთ. არც კი ვიცი, რას ვეძებ ან როგორ პასუხს ვეძებ,ან საერთოდ თუ ვეძებ პასუხს. ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს მინდა თქვენც დაგისვათ ეს კითხვა ძვირფასო ბლოგერებო:

ღმერთს სულ, სულ ბოლოს რას ჰკითხავდით?