Monday, May 25, 2009

ძმას

აუ, ეხლა იცი რა გამახსენდა?

გახსოვს მთა და კოცონი, გარშემორტყმული ბევრი ბავშვი და დიდი.

გიტარას უკრავდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდათ ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

თურმე, თურმე...

ბლინები მომენატრა, იქ გაკეთებული და სუნი..სუნი..სუნი...

წყლის გემო...

ხის სუნი(სახელი აღარ მახსოვს) ცეცხლი რომ სანთელივით ეკიდება,

ლამფა მენატრება,

და ის ღამეები ბარში გაგანია ზაფხული რომ არის და იქ გცივა, გცივა და ვერ თბები, მერე აივლი რამოდენიმე საფეხურს და შეხვალ ლამფიან ოთახში და ჩაწვები და წყნარი ღიღინი რომ გესმის მეზობელი ოთახიდან "ჩემს პატარას ეძინებააა" და შენც რომ ტკბილად ჩაგეძინება.

გრძელი სკამები მენატრება და ის ვარსკვლავებიანი ცა, ყოველ წამში ერთხელ რომ წყდება ვარსკვლავი და მაინც ვერ ასწრებ სურვილის ჩაფიქრებას, არაუშავს სამაგიეროდ იმედი გაქვს რომ მომდევნოზე მოასწრებ.

სიარული მენატრება უთავბოლოდ "ნაძვნარში" ფეხით ბოდიალი,მთის ციცაბო ფერდობებზე,

ობოლი ქვა მენატრება, ეხლა ალბათ აღარ არის იმხელა როგორიც ადრე მეჩვენებოდა.

ნისლი, ნისლი, ნისლი რომ ცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქო, ისე ღრმად რომ ფილტვების ლამისაა გასკდეს სუფთა ჰაერით.

"კაიმაღი"-ს (არაჟანი) გემო?

დილით ყვირილი: აკვანი, კევი, საგორიალა, მაწონი, კაიმაღიიიიი"

ლოტოს თამაში.

მოვახერხოთ რა, აი მოვახერხოთ და ავიდეთ ერთად კიდევ მერე, შვილები რომ გვეყოლება და ოჯახები და მერე კიდევ უფრო კარგად გავიგებ რატომ აქვთ იქ ადამიანებს ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

ბახმარო

Saturday, May 9, 2009

შეკითხვა


მოკლედ ამ ბოლო დროს ხშირად მიტრიალებს ეს შეკითხვა და თითქმის ყველას ვეკითხები, პასუხი უმრავლეს შემთხვევაში ამ კითხვაზე არ აქვთ. არც კი ვიცი, რას ვეძებ ან როგორ პასუხს ვეძებ,ან საერთოდ თუ ვეძებ პასუხს. ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს მინდა თქვენც დაგისვათ ეს კითხვა ძვირფასო ბლოგერებო:

ღმერთს სულ, სულ ბოლოს რას ჰკითხავდით? 

Tuesday, May 5, 2009

ექვსი

შემომხედე,
მე მარტო ვარ კლავიშებს შორის მანძილს თითებით ვფარავ,
ზღვის წყალი მლაშეა,
ვიშლი თმებს,
ვირწევი ჰამაკში.
ძნელია ავხსნა უჯრები ცაზე
რომლებსაც ყოველ ღამე უბრალოდ ვაფერადებ.
შემომხედე,
მე მარტო ვარ,
გზა ყოველთვის გადის ბნელ კუთხეებს,
ვიდრე მზემდე,
და მზის იქითაც,
ფრთები რომლებიც მეცვა
გაიცრიცა და მკერდი მიჩანს,
ერთი ან ორი
მეგობარიც მეყოფოდა
მთელი ცხოვრება.
შემომხედე,
მე მარტო ვარ დასაბამიდან,
საწყისიდან,
საძირკვლიდან,
ფუძიდან შენამდე,
სამი ან ოთხი ფენა გვაშორებს ერთმანეთს,
კიდევ უფრო მეტი გალაქტიკა - მანძილი,
ხუთი ან ექვსი წუთი - დრო,
ის, რაც მჭირდება ჩასაძინებლად.
შემომხედე,
მე ისევ ვხატავ ოცნებებს ბეტონის კედლებზე
რომელთაც მოხატვისთანავე ვანგრევ,
მე ისევ ვცდილობ გავექცე აწმყოს
ბნელ მომავალში,
მომავალი ალბათ უჯრებია ცაზე,
რომლებსაც ყოველ ღამე
უბრალოდ ვაფერადებ.

ჩემი ამინდი

ჩემი ამინდია....


ეხლა ბოტები მინდა...

სოფელში მინდა, მიწას უცნაური სურნელი რომ ასდის და ფოთლებიც განსაკუთრებით ხასხასა ფერის რომ ხდება...

სირბილი მინდა...გუბეებში...

მერე დაღლილი რომ შევალ ცეცხლით გამთბარ სახლში და ბებია რომ პირსახოცს მომაგებებს, თმების ფრთხილად გამშრალებაას რომ დამიწყებს, ჩემი არანორმალურიო რომ ჩაიბურდღუნებს.


ღუმელთან რომ დავჯდებით, მე დაბალ ტაბურეტზე ის უფრო მაღალზე, მის კალთაში რომ ჩავდებ თავს და მისი ფერება ჩემს თმებზე რომ ჩამაძინებს....




ჩემი ამინდია...