Sunday, April 25, 2010

ქალის სამი ასაკი (ტილო. ზეთი. სიტყვები)

ჯერ ყველაფერი რა რთულია.
ერთი შეხედვით. შენ: ადვილი.
მერე თანდათან რთულდები და გეჩვენება:
ის ადვილდება. და თუ თვალს აჩვევ. თუ ფიქრს
აჩვევ. როგორ იჟონავს. ინაწილებს
მეზობლის ზედა დავიწყებული ონკანიდან
ჩამოღვრილ შიშებს: დაკეტეს ან სავარაუდოდ:
წყალი შეწყდა. ფიქრმა შენზე უცაბედად
მოასუფთავა. ტერფის დამფარი ნაგუბარი
მარტო კედლებს გამო ელაქა. ერთი
უბრალო კოსმეტიკა. მაგრამ რაკი მაინც უკვე
გამოელაქა. როგორ დამალო! ამ კედლებში
შემოსვლის დღიდან როცა რთული ჩანდა
ერთად მომავალი დღეების რიგი:
რა დაალაგებს ამდენ დღეს და. დღეს
რა გარევხავს ამდენ თეთრეულს.
ხელსახოცს. ტილოს. ზოგჯერ სუფრას
სტუმრებისთვის ბებიას წესით რა გაახამებს.
რა მოწმენდს ყველა კაფელს. მეტლახს
ყველა მაკაგონს. ერთი ლაქაც აღარსად დარჩეს.
რა ადვილი ხარ! მოიცადე:

თვალს შეაჩვევ: უფრო წასულებს ამ სახლიდან
ამ გულიდან. ამ სიტყვებიდან. და მერე ყველა:
თეთრეული. ხელსახოცი. ტილო. სახამი
თავისთავად გაკრიალდება. ვერც გაიგებ.
ყველა მეტლახი. მაკაგონი. თავისთავად მოიწმინდება.
სულერთია(დ): ერთი ლაქა სადმეც რომ დარჩეს.
მეგობრებიც მაინც წავლენ და დანარჩენი
ყველაფერიც მეტისმეტად გაიოლდება.
უფროც რომ გწამდეს. ღიმილადაც აღარ გეყოს:
უზიხარ ამ დღეს. ამ ჩანაწერს.
და ძველ შიშს აქცევ გრაფიკულ ფორმად
განივთებად. მოჩვენებიდან სიტყვებამდე:

რომ ღრუბელივით ყველა შიში გააკრიალა.
რომ გართულდი.
რომ ცხოვრება გაადვილდა. უკიდურესად.

დარეჯან სუმბაძე


შენიშვნა: დაკარგვაც ხელოვნებაა
ხელოვანი არ ვარ

Saturday, April 17, 2010

თქვენ გაქვთ დუმილის უფლება

ამბობენ დუმილი თანხმობის ნიშანიაო
არადა ისიც უთქვამთ ყველაზე საშინელი შეპასუხებააო
მე როცა ვდუმვარ შეგრძნება მაქვს,რომ ჩემს ორგანიზმში შევდივარ და ვათვალიერებ
როგორ მოძრაობს თითოეული ორგანო
საათივით აწყობილი მექანიზმი.

ყველაზე უბრალო და დიდ პატივს მიცვალებულებს დუმილით მიაგებენ
მე მიყვარს სიჩუმე

ეძღვნება დუმილს

დუმილი გაიწელა თუკი, იცოდე, ყველაფერი რიგზეა; უკიდურეს შემთხვევაში,
შენ მოგეცა შესაძლებლობა გადაურჩე რამდენიმე ნაყალბევ სიტყვას,
ან იქნებ უკვე გადაურჩი, ვინ იცის. მაგრამ
თუ შენში მოზღვავდნენ სიტყვები, ესეიგი, ბედისწერის წიგნში გეწერა
აჟღერება, როგორც საათს - როცა დროა; და შენ აჟღერდი;
და თუ ასეა, რაღას ჩხაპნი თეთრ ფურცელზე? წამოდექი! უბრალოდ, ადექი!
გააგებინე ყველას, რომ თითოეული, საბოლოო ჯამში, თავისთავის გაგრძელებაა -
თავისთავის სახელია - ჩრდილია - შვილია; და გააგებინე, რომ თითოეული,
პირველ რიგში, დანაოჭებულ თეთრ ზეწარზე მიგდებული მომჩვარული სხეულია,
რომელსაც არ ახსოვს საკუთარი სუნი და ფორმა, მაგრამ შიგნით სულია, სული!ირგვლივ კი - საგნები. დუმილი გაიწელა თუკი, დაწყნარდი, ნუ ღელავ,
უბრალოდ, შეეხე უჩვეულებრივეს საგანს, იმას, რომელიც ხელთანაა - საათს -
(წიკ-წიკ!), და აუხსენი, შეაგნებინე საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და
ჯანმრთელი ხარ;
და შემდეგ იგრძნოს შენმა მაჯამ საათის ვერცხლის სამაჯურის სიგრილე, შემდეგ
გაგაჟრჟოლოს მთელ სხეულში; და მადლობა უთხარი გამჩენს
ყოველი დღისთვის, რომელიც მოგცა; ჩაიცვი შარვალი, ჩაიცვი პერანგი, სიცარიელე
შეავსე შენით,
გადადგი ნაბიჯი: შენგან შენკენ; შენგან შენკენ; ერთი - ორი, ერთი - ორი;
თითოეული, პირველ რიგში, საგანია, საკუთარი სამოსია. სარკეში მხოლოდ
თვალებიღა დარჩა იგივე,
სათვალიდან მომზირალი. თუ მოიხსნი, შენს გარშემო ყველაფერი დატრიალდება,
დატრიალდება სამყარო, საგნები, ყველაფერი ჩამუქდება. სხვა სიტყვები არ იციან
საგნებმა, გარდა
თავიანთი სახელების, მუდამ სდუმან, და არც ჩვენგან ითხოვენ სიტყვებს. გაიწელა თუკი დუმილი,
ნუ მოიწყენ. უბრალოდ, მოუშვი ონკანი, ყური მიუგდე წყალს.

თარგმნა ზვიად რატიანმა


სწორი დუმილი ხმამაღლა ლაპარაკზე უფრო მეტყველებს.


პ.ს წერილია ფაქტიურად

Saturday, April 10, 2010

დაგვიანებული პასუხი მამას

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავლოთდით, ვერც გავმდიდრდით,
ვერც დავიხოცეთ?

ზვიად რატიანი
(მასვე)






მინდოდა მეთქვა,
რომ ჰაერი განა გვამძიმებს,
უბრალოდ მჭიდროდ გვეხუტება, ასე სჩვევია,
რომ ტკივილებიც ბავშვებს ჰგვანან,
ტირიან მაშინ, როცა გარშემო
არავინაა მათი სურვილების გამზიარებელი,
რომ სხვაგან წასვლას, აქ დარჩენა
ყოველთვის არ სჯობს
და რომ სიტყვები,
სანაპიროზე, მზისგან გახურებული კენჭებივით,
ტანს რომ გიწვავენ,
მხოლოდ ცდილობენ გაათბონ შენი სველი ზურგი
და რა ქნან მათაც,
ასე მოსდით, გადამეტებით, განა განზრახ,
განა არ სწუხან..

მინდოდა მეთქვა,
მირაჟია წვიმის წვეთები,
ხან თოთო ბავშვის თითებივით რომ გეფერება,
მზისგან დასიცხულ, გახუნებულ ხორბლისფერ კანზე,
ხან კი გისერავს სახეს ისე,
როგორც პარსვისას, ბლაგვპირიანი სამართებელი..
მირაჟია ყველა მდინარე
და რა თქმა უნდა, მათ ტალღებში,
დამცინავად არეკლილი უფიქრო მზერა,
შხეფებშეხსნილი ამაყად რომ გვადევნებინებს თვალს,
ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ თავი დავიხრჩოთ..

მინდოდა მეთქვა,
არაყგამოცლილ, ჭუჭყიან ბოთლებსაც
ენატრებათ თავისი წარსული
და არასოდეს ჭახუნობენ იმაზე მეტად,
ვიდრე მათგან წამოსული სითხე – ჩვენს შიგნით,
ყველა მპოვნელი საბოლოოდ დაიკარგება
და ყველა კარი საბოლოოდ იქცევა ჩარჩოდ,
რადგან არასდროს გამწვანდება ხისფერი კუნძი,
რომელზეც ვჯდებით, ბოთლებს ვაწყობთ,
ანაც ბანქოს ვშლით..

მინდოდა მეთქვა,
არ გახედო ჰორიზონტს მაშინ,
როცა არავინ იყურება შენს გარდა იქეთ,
როცა არავინ იყურება იქიდან შენკენ,
რადგან მზე რომ ჩადის,
ჩვენ ვაშტერდებით, ვხატავთ, ვწერთ, ვძერწავთ
და ვერასოდეს ვასწრებთ დავწეროთ,
როცა ჩვენივე მეგობრები ჩადიან დაბლა,
უფრო დაბლა, ვიდრე მზე, წვიმა,
ან მდინარე..
და ჩვენ კი ვიცით, რომ მოვილევთ დაგროვილ სათქმელს,
დავწერთ ან ვიტყვით, ავშარდებით, კედელს შევაყრით,
ამოვიხვნეშებთ, წყალს გავატანთ, ჩავიჩურჩულებთ,
მერე კი ტანჯვით დაღლილები ძილს მივეცემით,
სანამ მზე ისევ უკან არ ამობრუნდება
და ისიც ვიცით, რომ არასოდეს მობრუნდებიან უკან ისინი,
ვისზეც ძილის წინ,
მხოლოდ საბნის მიღმა თუ ვფიქრობთ..

მინდოდა მეთქვა,
არ არსებობს დანაშაული,
არ არსებობენ მოპასუხე მხარეები
და მითუფრო არ არსებობს მოსამართლე,
რადგან ჩვენს ტკივილს ვერასოდეს სხვა ვერ აზიდავს,
მძიმე იქნება და ხმას ჩაუწყვეტს,
თვალებს დაჩიჩქნის და არასდროს მიუყვანს მშველელს,
რადგან ჩვენც ვიცით,
თუ ერთხელ მაინც ამოვარდა ქარი
და ვერ ვუშველეთ, ერთმანეთზე შემოჭიდებით,
მაშინ ყველანი გავჩუმდებით
და შინ მოსულნი, უსირცხვილოდ მოვიტყუებით,
რომ მთელი მტვერი, მთელი ჭუჭყი,
რაც კანზე აგვყვა,
იმის ბრალია, რომ შემთხვევით გზა აგვერია
და შუა გზაზე, უშნოდ დაგდებულ ქვას ფეხი წავკარით,
წავიბორძიკეთ და მტკივნეულად დავეცით დაბლა..

მინდოდა მეთქვა,
რა ხანია სიცილს ვიკავებთ,
როცა მეგობრებს გულისყურით ვუსმენთ,
თუ როგორ მიატოვა ისინი ქალმა,
რომელიც მუდამ ანგელოზად ეჩვენებოდათ,
ჩვენ კი ვიცოდით,
ვიცოდით მუდამ, რომ ანგელოზი,
ბევრ სხვა მეგობარს, უფრო ადრეც მოლანდებია
და რა ხანია მხეცებივით ვხარხარებთ,
როცა თვითონვე ვყვებით მეგობრის ამბავს
და თავშესაქცევ ისტორიად ვაქცევთ ჩვენს წარსულს,
რომელმაც ერთხელ მიგვიყვანა მდინარის პირას
და ხიდის მერყევ მოაჯირზე გადაგვაბობღა..

მინდოდა მეთქვა,
ასე არის,
ასე იქნება..
ჩამოგვენგრევა სხვენი თავზე,
ცა დაგვექცევა,
გამოიდარებს ნანგრევებზე და გამოჩნდება,
როგორც ნაომარ სველ მინდორზე,
მზე – ვალკირია..
მერე კი ისევ შემოვსხდებით ცეცხლის გარშემო
და ფიცსაც დავდებთ, რომ სიმართლეს ამოვთქვამთ ჩვენსას,
რომ აღარასდროს შევჭამთ ჰაერს, ზომაზე მეტად,
არ გამოვთვრებით მიწით
და ვეტყვით პირში, ცეცხლის ალს მიღმა მოკალათებულ
ჩვენს წარსულს, აწმყოს და თუ იქნა – მასაც, მომავალს,
ყველა ხარხარის, ყველა ძღომის დალექილ ამბავს..

და ბოლოს მაინც,
ძილისწინა ლოცვების შემდეგ
და თბილ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტვის შემდეგ,
ყველა ფიცის, ყველა კოცნის და სიტყვის შემდეგ,
ჩვენივე თავსაც დავუმალავთ,
რომ ისევ არ ვთქვით,
ისევ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა..



სანდრო ლორთქიფანიძე