Sunday, December 26, 2010

დღიური


2010 წელი

იანვარი

"ვდგავარ–ეს ნიშნავს რომ გიყურებ,
რაც თავისთავად,
იმას ნიშნავს
რომ დანახვისთვის მზერა მომწიფდა
და სხვისი ომი–ჩემი ომი
და ჩემი ომიც–ჩემი ომია,
სხვისი ომი_ჩემი ქორწილი"



"რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს
სხვა არაფერი მეტი"

"ყოველთვის როცა
მე ვყვირი შენს სახელს
შენ სულ სხვა მხარეს იხედები"

"დღე მეორმოცე
სადარბაზოში გადგმულ
ჩემოდანს აწვიმს"

თებერვალი


"სიჩუმე,თითქოს ასპარეზი
და ყველა ფაზა მარტო ყოფნისამ გავიარე
(რაღა მაჩერებს?!)
შენ შეგიძლია გადამასხა სხეულზე კაბა,
მაგრამ ამ ლაქამ ჩენი ყოფნა ვერ დაგაჯეროს"


"გამოუტყდი,
რომ სხვებზე კარგი კი არა
უბრალოდ_სხვაა"

"ლოცვის შემდეგ
უნებურად
ვკლავ ჭიანჭველას"

"თვითმფრინავი,
რა ნელა ვცხოვრობ
აქ მიწაზე"

"ზამთარი.
კარის ღრიჭოში გაჩრილი ქვითარი
ვიხდი, ვიხდი"

"ეს სულერთია
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი
ყველგან თანაბარი ცივი ქარია"

"და სულერთია,
სად და რამდენ ხანს გავჩუმდებით,
ან ჩვენს მოპარულ სიჩუმეში, რამდენი შიში გამოიზამთრებს
მთავარია რომ შიგნით ითქვა, შიგნით ჩაიქცა"


მარტი


"ქარი უფრიალებს კაშნეს
მარტო არ ჰგონია თავი"

"გზა
სწორი
მოსაწყენია"


"შიშით ველი ჟამს,"მომენატრე"
რომ მომენატრო"


"ერთხელაც გეტყვი_ეშმაკსაც წაუღიხარ"

"მე მიყვარს მე"



აპრილი


"ღმერთო დაიფარე ღმერთი"

"ჩვენ ცას ვხედავდით
მე მახსოვდა მამაჩემი
ვინაიდან ჩვენ ცას ვხედავდით"

"როცა კაცი წერს,მან ყოველთვის ზედმეტი იცის"

"ჩაინიშნე
მალე გაღვიძების დღე დადგება
ორშაბათი"


მაისი

"სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ
და ვეღარ ვასწრებთ ქვეყნად ერთ–ერთ უმთავრეს საქმეს
სახით მშვიდით და ბედნიერით
აყვავებული ატმის წინ დგომას...."

"მოიგებს"

"ისე ჩემი ხარ
ასე მგონია
რომ გაჩუმდე_გაგახმოვანებ"


ივნისი

"ყველაზე მეტად ის კარია დაკეტილი
რომლის ღიად დატოვებაც შეიძლება"


"ხომ არის ხოლმე, რაღაც ისე ჩვეულებრივი,
როგორც სიმშვიდე გაზაფხულის წვიმების პირას_
ზურგსუკან მხოლოდ მიხურული კარის სითეთრე_
ფანჯრის რაფაზე იმედებით სავსე ქოთანი_
თუ დაივიწყებ სამუდამოდ გეცოდინება
რომ არის რაღაც_უმიზეზოდ შეუძლებებლი"


"ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები"

"რაც წვიმს ტკბილია და რაც თოვს ნაყინი"

"როგორი ცაა ამბობ.
მინდა დაგამშვიდო_
როგორიცაა ისეთს გახვედრებ"

"შენ ჩამჩურჩულე– "ღამდება"
და ჭიანჭველებმა სხეული
შტურმით აიღეს"

"ნუ დამაჯერებ რომ გზა ყოველთვის _ჯვარედინია
და გაქცევა_ოცნებების დასასრული"

ივლისი

"ვნერვიულობ"

"ცუდად რომ იქნები მოვალო"

"რა ხანია ერთად არ დასცემია მიწას
ჩემი და შენი ჩრდილი"

"მინდოდა მეთქვა
არ გახედო ჰორიზონტს მაშინ
როცა არავინ იყურება შენს გარდა იქეთ
როცა არავინ იყურება იქედან შენკენ"


"სიყვარული_ ტკბილი ნამცხვარი, რომელსაც ზუსტად ერთ წამში ყლაპავ და მერე ნამცეცებს წლობით აგროვებ"

"მე გავიღიმებ და გეტყვი
გაქცევაში დაგეხმარე
ისე მიყვარდი"

აგვისტო

"მამა_ის ვინც ჩემზე დიდი იქნება ყოველთვის"

"ვერ გიტან"


"ანტარქტიდა"

"ვერ ვხდები რატომ არის სიყვარული და ბოზობა ორივე წითელი"

"რადგან დედამიწა ისევ წყლით და მიწით იზომება და არა ადამიანებით"

"მივხვდი რატომ მაქვს გულისრევა
ხმაა ამო ოთახში რადიოაქტიული და
მით უფრო მეტია რადიაცია რაც უფრო ვდუმვართ"


"გურიაში რა გინდოდა უსიყვარულოდ"

"გეცნობი?
ვერა?
არადა გავხდი ზუსტად ისეთ_როგორიც გსურდა"

სექტემბერი


"წელს ამ ქალაქში მინუს ერთი ზღვის რომანია"

"ჩემი წესია_ყველაფერი შევატრიალო"

"იქნება მა კაცმა მითხრას:–თვალის ფსკერზე გიკანკალებს მოთმინება
მე ვუპასუხებ: –"ვერც შენ დამძარი"


"მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს"


ოქტომბერი

"რომ სულ ესაა სილამაზე
რამდენიმე თბილი ფერის იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი.."


"დაე
იყოს ნება შენი
მე ვყრი იარაღს"


"ნაბიჯის გადადგმის ლოცვა

შემდეგიც და მერე ვისვენებ
შემდეგიც და მერე ვისვენებ
ერთი ნაბიჯიც"

"თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გავტყდე
ვიდრე_გავიბზარო"


ნოემბერი


"აკვარიუმი მინდა"

"ძნელი ყოფილა სიბნელის სიყვარული"

"ყველა თავის ეზოში ბარავს"



დეკემბერი

"ისეთი ჩერჩეტია როგორც მე"

"მე არაფერს გთხოვს
შენ თავადაც კარგად იცი_ჩემი ვალი გაქვს"



პ.ს

არადა შობაზე ვაპირებდი დაწერას














Thursday, December 2, 2010

დეიდა ნატო


ვბედავ და ვწერ
ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.
ჯერ მარტო მისი ხმის გაგონება რად ღირს.
დეიდა ნატოს არ უყვარს როცა ბევრს აქებენ.
არც მე მიყვარს, როცა ის თავს ამის გამო უხერხულად გრძნობს.

აქ იყო პაუზა ცოტა დიდი.


ვიფიქრე მეც ხომ არ გამეხმო.
გადავიფიქრე.
მირჩევნია ნედლად თორემ გამხმარი შეიძლება საერთოდ ვეღარ გადმოვიტანო
არადა რატომაც არ უნდა იცოდეს
რატომაც არ უნდა იცოდე რამდენი რამე წამოვიღე შენგან
ამბობდი _თამ სირთულეები გვზრდიან.
შევინახე.
–თამ გულახდილობა ხანდახან პოზაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩაკეცილი გვერდებია და მთავარია უკან ჩაბრუნებული მზერა არ გვაფრთხობდეს და შიგნით ვიყოთ გულწრფელები.
ესეც შევინახე.
–ყველა შენი კითხვის პასუხი შენშია და იქ მოძებნე
ესეც.
–არაფერმა შეგაშინოს შენზე დიდმა, სიყვარულიც კი შენხელაა.

როცა ვხედავ. ბევრს ვერაფერს ვეუბნები.
მოკრძალებაც არის და მოკრძალებაც.
და თუ ვხედავ მგონია რომ ჩუმად უნდა ვიყო, რომ შეიძლება თუ ბევრ თბილ სიტყვას ვეტყვი გაწითლდეს, ან ეუხერხულოს, ან გაჩუმდეს.
მე კიდე მიყვარს, როცა ზურგიდან მომეპარება და ჩამეხუტება და იტყვის მიყვარს ეს სულშესაბერავი ბავშვიო.

დეიდა ნატო?

"მოდის ადამინის ხმით,
ძალდაუტანებლად და ბუნებრივად,

მოდის და ამბობს:

ვარ შენთან."
ფერები–წითელი და შავი
თვალები–სხივებით
ფრინველი–ჭიამაია
სეზონი–ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი,გაზაფხული
ხელები–რბილი და თბილი

"ხდება ასე_ სიზმარში,
იჯერებ რომ იწყებ _ თავიდან,
მუჭა-მუჭა გაგაქვს სიზმარი
და გეჩვენება _ ცხადში გაიტან"

ვფიქრობ ახლა რა მოვიტანო
რომელი მოვიტანო
ვერ ვირჩევ და ვერც ვ ა რ ჩ ე ვ


ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.







Saturday, November 6, 2010

ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია


ანის, რომელმაც მასწავლა, რომ როდესაც ყველა მწვანე რვეულში წერს, შენც მწვანე რვეულში უნდა წერო.


გოგოებიდან მხოლოდ მე ვომობდი. როგორც კი ზარი დაირეკებოდა, ბიჭებთან ერთად დერეფანში გავრბოდი. ორად გავიყოფოდით და უმოწყალოდ ვურტყამდით ერთმანეთს წიხლებს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ ჯგუფში მოხვდებოდა - შეიძლებოდა ერთ დღეს შენი თანამებრძოლი მეორე დღეს შენი მტერი გამხდარიყო, მაინც არავის ვინდობდით. დანარჩენი გოგოები საკლასო ოთახში ისხდნენ და ყვავილებს ხატავდნენ ან თოჯინებით თამაშობდნენ. მათ ვერ ვიტანდი. ბიჭებიც არ მყვარებია. უბრალოდ, მათთან თითქოს საიდუმლო კავშირი მქონდა. ნელი მასწავლებელი ჩხუბისთვის მხოლოდ ბიჭებს სჯიდა, მე - არა. ყოველთვის, როცა დაფასთან ჩაამწკრივებდა და ისინიც თავდახრილები ცდილობდნენ გამოეხატათ, რომ საკუთარ დანაშაულს გრძნობდნენ, რაც სინამდვილეში ასე არ იყო, კლასის დამრიგებელი ამბობდა: "მარის ცელქობის უფლება აქვს, იმიტომ, რომ საუკეთესო მოსწავლეა." მერე ისინი მიყურებდნენ მე და იმ მომენტში თითოეულ მათგანს დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ვძულდი. მეც მძულდა ისინი, რადგან ამ დროს ყველანი ჩემი მტრები ხდებოდნენ და მათ წინაშე მარტო ვრჩებოდი. მაგრამ არ მშინებია. პირიქით, ეს სიძულვილი მაძლევდა ძალას და მზად ვიყავი, სათითაოდ შეუბრალებლად წამეხრჩო...
სკოლასთან ხევი იყო და გაკვეთილების შემდეგ ყველანი იქ მივდიოდით, რა თქმა უნდა, გოგოების გარდა. ბაყაყებს ვიჭერდით და ვაწამებდით. ვინც უფრო მეტ ბაყაყს მოკლავდა, ის უფრო მაგარი იქნებოდა. ნადავლს ერთმანეთს ვადარებდით. თითქმის ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდი და მაშინ დგებოდა მეორე წუთი, როცა ისევ ყველანი ერთნაირად მიყურებდნენ და მე ვიცოდი, რომ არ შეიძლება შიში, რომ შიში მიუტევებელი დანაშაულია… სახლისაკენ მიმავალი ჩუმად ვიყრიდი ჩანთაში ყველაფერს, რასაც გზაში ვიპოვიდი და რისი დაწვაც შეიძლებოდა. რადგან სახლში გვქონდა ღუმელი, რომლის გვერდზეც არასოდეს ეწყო შეშა და რომელთანაც იჯდა დედა ჩაწითლებული თვალებით. მამას იშვიათად ვხედავდი. მამა მყავდა მხოლოდ ღამით და იგი იყო მძიმე ნაბიჯების ხმა კიბეებზე და კიდევ ყვირილის ხმა მეორე ოთახიდან.
ნელი მასწავლებელს გაკვეთილებს ყოველდღე ვაბარებდი და ისიც ამბობდა, რომ კლასში ყველაზე გონიერი ვარ, რომ ჩემნაირი მოსწავლე არასოდეს ჰყოლია, რომ ფიზკულტურაშიც კი ვჯობივარ სხვებს. სიხარულს ან აღტაცებას ვერ ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
მასწავლებლის ძალიან მშურდა, რადგან მეგონა, რომ საპირფარეშოში შესვლის უფლება მხოლოდ პედაგოგებს ჰქონდათ. საპირფარეშო კი წარმომედგინა დიდ და ლამაზ ოთახად, სადაც უამრავი სათამაშო ეწყო, ოღონდ არა - თოჯინები. საპირფარეშოს დანიშნულებაში მხოლოდ მაშინ გავერკვიე, როცა ერთმა ჩემმა კლასელმა, ლაშამ, დამცინავად მითხრა: "შენ ის არა გაქვს, რაც ბიჭებს აქვთო."
-რა? - გავიოცე.
-გინდა გაჩვენო? - მკითხა.
თავი დავუქნიე.
-ახლა არა, შესვენებაზე, ოღონდ საპირფარეშოში. ისე სირცხვილია.
-კი მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვაქვს იქ შესვლის უფლება? - კიდევ უფრო გამაოცა მისმა ნათქვამმა.
-რა დებილი ხარ! იქ ყველა დადის...
გაკვეთილის დამთავრებას მოუთმენლად ველოდი. მიხაროდა, რომ მეც მომეცემოდა იმ დიდ და ფერად ოთახში სტუმრობის საშუალება. როგორც კი ზარი დაირეკა, ხელი ჩავკიდე და დერეფანში გავიქეცით. ლაშამ მითხრა "თვალები დახუჭეო". გავიგონე, როგორ გაიჭრიალა კარმა და რაღაც დიდის მოლოდინში თვალები გავახილე. ბინძურ, ჭუჭყიან კედლებს დიდხანს მივაკარი მზერა და ვიგრძენი, თითქოს შიგნით რაღაც დამემსხვრა.
-ეს რა არის? მე სხვა რამე მეგონა.
-რა? - ჩემკენ შემობრუნდა. იცინოდა.
-არაფერი.
-რა არაფერი? რა?
-არაფერი და მორჩა.
-კარგი... იქით შევიდეთ.
-იქ რაღაა?
-რა სულელი ხარ, რა იქნება? მოსაფსმელი! - უფრო ხმამაღლა გაიცინია.
-სულელი თავი გაბია, გაიგე? - შევუღრინე.
-ხო, კარგი. წამოდი.
ხელი მომკიდა და შემიყვანა. კინაღამ ცუდად გავხდი, ისე ყარდა იქაურობა. ცხვირზე ხელი მოვიჭირე და ვუთხარი, "წავიდეთ"-მეთქი.
-ხომ გინდოდა, მენახებინა. - მომიგო.
-აააა. მაშინ მალე მანახე, თორემ აქ საშინელი სუნებია.
თავი დამიქნია. მერე კი შარვალი ჩაიხადა.
-აი, შეხედე. შენ გაქვს ეს?
გაოგნებული ვუყურებდი და ხმას არ ვცემდი.
-ჰა? გაქვს?
-ფუ, რა სიმახინჯეა! - ვთქვი ბოლოს.
-შენიც მანახე.
-მე არაფერი მაქვს.
-როგორ არა, გაქვს! ოღონდ სხვანაირი.
-არ მაქვს.
-ვიცი, რომ გაქვს.
-კარგი, განახებ. ოღონდ ეს ჩვენი საიდუმლო იქნება. - გავაფრთხილე.
თავი დამიქნია. აღარ იცინოდა. მერე მეც ჩავიძრე შარვალი და ვუყურებდი, როგორ ინტერესით მაცქერდებოდა ფეხებს შუა.
-გოგოები როგორ ფსამთ?
-ჩვეულებრივად.
-საიდან ფსამთ, ვერ ვხვდები.
-წავიდეთ. - ვუთხარი და შარვალი ავიწიე. დაეჭვებული გამომტყველება ჰქონდა. ისევ დამიქნია თავი და შარვალი თვითონაც აიწია.
იმ დღეს შესვენებებზე ომობანა არცერთს აღარ გვითამაშია.
იმ დღეს საერთოდ არ ამოგვიღია ხმა.
იმ დღეს ფიზკულტურაზე შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი ვთქვი.
იმ დღეს ბაყაყებზე სანადიროდ აღარ წავსულვართ.
გაკვეთილების დამთავრებისთანავე სახლში გავიქეცი და სიჩქარეში "შეშის" მოგროვებაც კი გადამავიწყდა.
მეორე დილას სკოლაში რომ მივედი, ლაშა შესასვლელთან დამხვდა, მაგრად ჩამბღუჯა და კუთხესთან მიმათრია. "ჩემი შეყვარებული იქნები?" - მკითხა. გავწითლდი, მაგრამ თავი დავუქნიე. ხელები ჩავკიდეთ და საკლასო ოთახში ერთად ავედით. იქიდან მოყოლებული ყოველთვის ერთ მხარეს ვომობდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო მტერი...

ერთხელ ნელი მასწავლებელი უცნობ ბავშვთან ერთად შემოვიდა. დაფასთან, ცენტრში გაჩერდა და გვითხრა: "ბავშვებო, ეს თქვენი ახალი კლასელია, ანი." ჩუმად ვისხედით. "დღეიდან ჩვენს კლასში ივლის და იმედი მაქვს, ყველანი დაუმეგობრდებით. კარგი?" "დიიიიააახ!" - ამოიკმინეს გოგოებმა ერთხმად. დანარჩენები ვდუმდით. მერე ჩვენს ახალ თანაკლასელს მიუბრუნდა და უთხრა: "წადი, ბოლო მერხზე, მარისთან დაჯექი." - ღიმილით მიუთითა ჩემზე. თითქოს მეწყინა. გოგო მომიახლოვდა, თავისი უზარმაზარი ჩანთა მერხზე დადო და გვერდზე მომისკუპდა. მერე ჩანთიდან ნახატებიანი რვეული და ფერადი ფანქრები ამოალაგა. თვალი გამექცა და შემშურდა, რომ მას ლამაზყდიანი რვეული ჰქონდა. გაკვეთილებზე ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. არც შეგვიხედავს. მაგრამ როცა სახლში წასვლის დრო მოვიდა, გოგონამ მკითხა:
-გინდა ერთად წავიდეთ?
ცოტა დავიბენი. მაგრამ უცებ ძალიან გავბრაზდი და თავი გავაქნიე.
-რატომ? - ჩამეძია.
-არ მცალია, ბაყაყებზე სანადიროდ მივდივარ.
-სად?
-ბაყაყებზე სანადიროდ.
-მეც წამოვალ.
-არ შეიძლება. - მივუგე მკაცრად და წამოვედი.
იმ დღეს ყველაზე მეტი ბაყაყი ტატომ მოკლა და ყველაზე მაგარი ტიპიც ის გახდა.

ანის თოჯინები არასოდეს მოუტანია სკოლაში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ის სხვა გოგოებზე უკეთესი იყო. მაგრამ მაინც არ მიმდიოდა გული. მიუხედავად იმისა, რომ ერთ მერხს ვუსხედით, ძალიან იშვიათად ვამბობდით რამეს და ისიც ძირითადად ანი ლაპარაკობდა. ერთადერთი, რაც მასში მომწონდა, სიცილი გახლდათ. ისე იცინოდა, რომ ძალაუნებურად მეც მეცინებოდა. და კიდევ - ფერადყდიანი რვეულები. ყოველ შემთხვევაში, ანი პირველი გოგო იყო კლასში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა. თუმცა შესვენებებზე მე, ჩვეულად, ფრონტზე გავრბოდი და საერთოდ აღარ მაინტერესებდა ჩემი მდედრობითი სქესის მეგობარი. ბრძოლის ველზე კი რაღაც-რაღაცები შეცვლილიყო. მალე მივხვდი, რომ მოწინააღმდეგეებად დაყოფა თანაბრად აღარ ხდებოდა და ჩემი და ლაშას მხარეს გაცილებით ნაკლები მებრძოლი ომობდა, ვიდრე ჩვენი მტრების ჯგუფში. ბოლოს კი მხოლოდ მე და ჩემი შეყვარებული დავრჩით. არცერთ ბიჭს აღარ სურდა ჩვენს მხარეს ყოფნა. ჩვენც ვომობდით. ვიქნევდით მუშტებს და წიხლებს, მაგრამ გაცილებით მეტი გვხვდებოდა. თუმცა ერთმანეთთანაც კი არ ვაღიარებდით, რატომ გვცემდნენ.
ერთხელ, როცა დამარცხებული დავბრუნდი საკლასო ოთახში და გაკვეთილზე მთელი ძალით ვცდილობდი ტკივილი ჩამეყლაპა, ანიმ ჩანთიდან ფერადყდიანი რვეული ამოიღო და ჩემკენ გამოაცურა. "შენი იყოს" - მიჩურჩულა ღიმილით. ძალიან მინდოდა, გამომერთმია, მაგრამ არც შემიხედავს, ისე გავწიე რვეული მისკენ. "რატომ?" - მკითხა ანიმ. არ განვძრეულვარ. მას მერე ანის აღარასოდეს მოუტანა სკოლაში ფერადი რვეული და როგორც ყველას, მასაც მწვანეყდიანი რვეულები დაჰქონდა…

"ეს არის მარი." - გავიგონე როგორ უთხრა ნელი მასწავლებელმა ვიღაც ქალს და მერე ორივემ მე შემომხედა. ქალმა, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა, თბილად გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. თვალს არ ვაცილებდი. "გამარჯობა." - მითხრა, როცა მომიახლოვდა.
-მე ანის დედა ვარ.
-გამარჯობა. - მივუგე.
-დღეს ჩვენთან რომ წამოხვიდე, შეიძლება? - მკითხა. ისევ მიღიმოდა.
მხრები ავიჩეჩე.
-ძალიან კარგი. მაშინ წავიდეთ და გემრიელი ნამცხვრები ვჭამოთ... ანის ძალიან უყვარხარ. სულ შენზე ლაპარაკობს. - ხელი მომკიდა და ოთახიდან გამიყვანა. კართან ანი იდგა. გამიხარდა, რომ ამ ქალს თავს დავაღწევდი და მისკენ გავიქეცი.
-სახლში უნდა დავბრუნდე. - ვუჩურჩულე.
-ძალიან გთხოვ, ცოტა ხნით. - გული დასწყდა.
მამამისს ლამაზი მანქანა ჰყავდა. ჩვენ უკან ჩავსხედით და გზაში ხმა არ ამოგვიღია. ანის სახლიც ლამაზი ჰქონდა - ფერადი ოთახებით და უამრავი სათამაშოთი. ზუსტად ისეთი, როგორიც საპირფარეშო წარმომედგინა. ეს იყო ჩემი პირველი თამაში, რომელიც ომობანა არ იყო. სახლში ანის მამამ წამიყვანა და შოკოლადებიც მაჩუქა. შოკოლადები ჩანთაში დავმალე, თავად კი ოთახიდან საღამომდე არ გამოვსულვარ. რაღაც მღრღნიდა და ვერ ვიგებდი, რატომ ვწითლდებოდი მაინც, როცა ოთახში ჩემ გარდა არავინ იყო. მერე შოკოლადები ამოვიღე და აივანზე გავედი. ძალიან მენანებოდა, მაგრამ მაინც გადავყარე.
საღამოს დედას ვუთხარი, რომ მამას აუცილებლად უნდა წავეყვანეთ ცირკში მე და ანი. "ანი ვინაა?" - მკითხა დედამ. "ჩემი მეგობარი." - პირველად ვთქვი ასე.

ანის მამას ლამაზად ეცვა. მამაჩემს - ცუდად. ანის მამამ მანქანით წაგვიყვანა. მამაჩემმა - ავტობუსით. ანის მამა სულ იცინოდა, მამაჩემს არ გაუღიმია. ანის მამამ შოკოლადები მიყიდა, მამაჩემს დედაჩემმა მისცა ფული. ცირკთან ვიდექით. მამაჩემი ჯიბეებში იქექებოდა. დიდხანს გაგრძელდა. ხალხი შევიდა. ჩვენ კი ვიდექით და მამაჩემს ვუცდიდით. მამამ თქვა "ფული დავკარგეო" და სახლში გამოვბრუნდით. სადარბაზოსთან დაგვტოვა. მე მაშინ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ვერც მაშინ მივხვდი, როცა ეს ამბავი დედამ გაიგო და იტირა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ღამე ისევ მომესმა მამაჩემი ანუ მძიმე ნაბიჯების ხმა კიბეებზე და ყვირილი მეორე ოთახიდან. მანამდე კი მე და ანი დაბნეულები ვიდექით სადარბაზოსთან. "არა უშავს, მე ისედაც არ მიყვარს ჯამბაზები." - თქვა ანიმ. არაფერი მიპასუხია. ცირკში პირველად ვიყავი. მერე ანიმ ლოყაზე მაკოცა, გამიღიმა და წავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ნელი მასწავლებელმა დამიძახა და გარეთ გამიყვანა. კართან ანის დედა იცდიდა. გამიკვირდა. ჩამეხუტა და თავზე მომეფერა.
-შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.
მხრები ავიჩეჩე, როგორც მასთან დიალოგში მჩვეოდა.
-მისმინე, მარი... ანის სათვალე სჭირდება. ექიმთან გვყავდა და ექიმმა თქვა, რომ თუ სათვალეს არ ატარებს, დაბრმავდება. გასაგებია?
-დიახ.
-მაგრამ ანი ამბობს, რომ რადგან შენ სათვალე არ გიკეთია, არც თვითონ გაიკეთებს. ხოდა ძალიან გთხოვ, უთხარი, რომ სათვალე ატაროს. კარგი?
-დიახ.
-დიდი მადლობა... ახლა დაბრუნდი გაკვეთილზე. ხომ ეტყვი?
-დიახ.
-ძალიან კარგი.
-და მართლა დაბრმავდება, სათვალე რომ არ გაიკეთოს?
-კი.
-აააააა. გავიგე.
ისევ მომეფერა თავზე და წავიდა. საკლასო ოთახში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე ბოლო მერხზე.
-ანი, სათვალე კარგია. - ვუთხარი ანის, როცა გაკვეთილი დამთავრდა. ანი დაფიქრდა.
-მართლა?
-კი.
და ანიმ სათვალე გაიკეთა.

ანიმ სათვალე გაიკეთა და მომეწონა წითელი ჩარჩო, რომლის იქითაც ანის დიდი თვალები კიდევ უფრო დიდები ჩანდნენ. "აჩკარიკა! აჩკარიკა!" - ეძახდნენ ბავშვები და ენას უყოფდნენ. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როდესაც ტატომ დაფაზე დაწერა "აჩკარიკა", რაზეც მთელ კლასს გაეცინა, დავინახე, რომ ანის თავის აწევის ეშინოდა და ძალიან გავბრაზდი.
-მეორედ აღარ გაბედო, გაიგე?! - ვუღრიალე.
-შენ რა, მაგისკენ ხარ? - მომიბრუნდა ტატო. მისმა ღიმილმა უარესად გამაღიზიანა.
-ხო. მეორედ აღარ გაბედო!
-კარგი ერთი.
ფეხზე ავდექი.
-გაიგონეთ ყველამ! ვინც ანის კიდევ დაუძახებს "აჩკარიკას", იმას ბაყაყივით გავჭყლიტავ. გესმით?
-შენ რა გიხარია? მამაშენი ნარკომანია. - სახეზე მომაშტერდა.
-რა?!
-რაც გაიგე!
ტატო იცინოდა. სხვებიც იცინოდნენ. მე არ ვიცოდი, რა იყო "ნარკომანი", მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო მძიმე ნაბიჯები კიბეებზე და ყვირილი მეორე ოთახიდან. სკამიდან წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. წიხლი მუცელში ჩავაზილე. წაიქცა. დანარჩენი არ მახსოვს. მარტო ის მახსოვს, რომ მთელი ძალით ვურტყამდი, ვიდრე ნელი მასწავლებელმა გარეთ არ გამათრია. ანიც გამოჰყვა. ტიროდა. "ნუ ტირიხარ-მეთქი!" - ვუყვირე. ხელები აიფარა სახეზე. მაგრამ ამან უფრო გამამწარა. "არ უნდა იტირო. არასოდეს. გესმის?!" - ვყვიროდი, სანამ დაბლა არ ჩამიყვანეს... მერე დამრიგებელმა ნება დამრთო, სახლში წავსულიყავი. მე კიდე მთელი სამყარო მძულდა და მინდოდა, ყველა დამეხოცა…
მეორე დილას სკოლაში რომ მივედი, მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ბიჭები უცნაურად იქცეოდნენ. რამდენჯერმე იმასაც მოვკარი თვალი, როგორ ჩურჩულებდნენ და თან ჩემკენ იყურებოდნენ. იმ დღეს აღარავის წამოსცდენია ომობანა ვითამაშოთო და დასვენებებზე საკლასო ოთახში ვისხედით. ალბათ ბაყაყებზეც აღარ ვინადირებდით. ამიტომ გაკვეთილების შემდეგ პირდაპირ სახლში წავედი. როცა ხევს გავცდი და უკვე გზაზე უნდა ჩამეხვია, ბიჭები დავინახე. ჩუმად იდგნენ და უმეტყველო მზერით მომჩერებოდნენ. "გაჩერდი!" - დამიძახა ტატომ. "რა გინდა?" - არ გავჩერებულვარ. "გაჩერდი-მეთქი!" - გამიმეორა. უკვე ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც არ გავჩერდი. თითქოს მინდოდა, სიტუაცია გამემძაფრებინა, რათა ბოლომდე შემეჭამა მათი სიძულვილი. მერე აღარაფერი უთქვამთ. ხელების სახეზე დაფარება მოვასწარი. ეს უკანასკნელი ომობანა იყო. არა, უფრო - ომი. რადგან უკვე რეალურად დავრჩი მარტო მათ წინაშე. ლაშაც იმათთან იყო. არავისთვის გამიმხელია. ჩავყლაპე...

-ჩემი ბრალი არ იყო. იმათ მაიძულეს. მითხრეს, რომ თუ მათთან არ ვიქნებოდი, არ დამინდობდნენ.
-შეგეშინდა.
-არა, უბრალოდ...
-კი, შეგეშინდა.
-ხო, შემეშინდა.
-არ უნდა შეგშინებოდა.
შევაფურთხე. სილა გამილაწუნა. ისევ შევაფურთხე.
მას მერე აღარასდროს მინახავს.
სკოლიდან გადაიყვანეს.

ანიმ ოთხი დღე ზედიზედ გააცდინა და ნელი მასწავლებელმა გვითხრა, რომ ანის სახლში ხანძარი გაჩნდა და ანი საავადმყოფოში წევს, რომ ანის მალე ამერიკაში წაიყვანენ, ოპერაციას გაუკეთებენ და მორჩება. მაგრამ ანი აღარ მორჩება. იმიტომ, რომ ანი ორ დღეში მოკვდა. ესეც ნელი მასწავლებელმა გვითხრა. ოღონდ სხვანაირად, რომ ანი ცაში გაფრინდა და ახლა ღმერთთან ცხოვრობს, რომ ღმერთი წყალს ასმევს, აჭმევს და აბანავებს და რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და ვნახოთ ანი, სანამ მიწას გათხრიან და ყუთში ჩადებულ ანის მიწაში დაფლავენ. ჩვენც მივდივართ ყუთში ჩადებული ანის სანახავად და მე ვერ ვიგებ, რა ატირებს ხალხს, რომელიც ანის ყუთთან ზის...

უანობა ჩემს მერხთან მდგარი ცარიელი სკამით ვიგრძენი და მალე უანობა გახდა ჩემი დუმილი გაკვეთილებზე, გაკვეთილებს შორის - შესვენებებზე და გაკვეთილების ბოლოს - პირდაპირ სახლისკენ. უანობის მეორე დღიდან ნელი მასწავლებლისთვის გაკვეთილი აღარ ჩამიბარებია და ბაყაყებზე სანადიროდაც აღარ წავსულვარ. ბიჭები ზოგჯერ ისევ თამაშობდნენ ომობანას, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ეს სულ უფრო იშვიათად ხდებოდა. მათ თითქმის არასდროს ვცემდი ხმას ანუ ხმას თითქმის არასდროს ვიღებდი. ვიცოდი, რომ მოკავშირე არ მყავდა და მხოლოდ ბოლო მერხთან მჯდომი რიგითი მოსწავლე ვიყავი. მეტი არაფერი…
ერთხელ ნელი მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ ანის დედა სკოლაში მოვიდოდა, რადგან ანის დაბადების დღე იყო.
ანის დედას შავები ეცვა და დუმდა. ტორტი მოიტანა. თითო ნაჭერი ყველას გვერგო. პატარა ნაჭრები იყო. გემრიელი. კიდევ მინდოდა, მაგრამ მოთხოვნა შემრცხვა. ნელი მასწავლებელმა გვითხრა,"ფეხზე ადექით და ანისთვის ილოცეთო." ჩვენც ავდექით. როდესაც თავი ავწიე, დავინახე, რომ ყველა მე მიყურებდა. ოღონდ ეს არ იყო ისეთი ყურება, როგორიც იცოდნენ, როცა ვძულდი და მათ წინაშე მარტო ვრჩებოდი. ეს სხვანაირი ყურება იყო, რომელსაც ვერ მივხვდი - დღემდე.
მერე ანის დედამ ეკლესიაში წამიყვანა, სანთელი მომცა და მთხოვა, “ანის რამე უთხარიო”. სანთელი ხატის წინ ჩავარჭე. არ ვიცოდი, რა მეთქვა ანისთვის. არაფერი მქონდა სათქმელი. ბოლოს ძლივს გამახსენდა. "ჰო, ანი, უნდა გაგიმხილო. მაშინ ის რვეული ძალიან მინდოდა. არ გეწყინოს, უკან რომ დაგიბრუნე." - ვუთხარი ჩუმად და დავიჯერე, რომ ანიმ ნამდვილად გაიგონა ჩემი ნათქვამი…

ნელი მასწავლებელმა ყველა საგანში ორიანი გამომაყოლა. ნელი მასწავლებელმა თქვა, რომ მე საშინელი გოგო ვარ, რადგან არაფერს ვსწავლობ და მას იმედები გავუცრუე, რომ უნდა მრცხვენოდეს, ძალიან უნდა მრცხვენოდეს ჩემი საქციელის, რომ არცერთ მოსწავლეს არ უნდა ჩემთან მეგობრობა და ამის ღირსიც ვარ. მე არ მესმოდა, რატომ გაბრაზდა ნელი მასწავლებელი, რადგან მეგონა, რომ სწორად მოვიქცი და ჩემი მიზანიც, სრულიად უჩინარი გავმხდრიყავი, სწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომოები წარმატებით ჩავაბარე და მეხუთე კლასში მაინც გადავედი, ნელი მასწავლებელს მას მერე ჩემს მისალმებაზე არასოდეს უპასუხია და ყოველთვის, როცა მხედავდა, თავს გვერდზე სწევდა. მეც ნელნელა შევეჩვიე იმას, რომ უკვე ახალი დამრიგებლის კლასში გადასულს, აღარ უნდა გამევლო ნელი მასწავლებლის ოთახთან.
ახალი დამრიგებელი კი პირველივე დღეს ძალიან მომეწონა. ახალგაზრდა, ლამაზი ქალი იყო და ხშირად იღიმებოდა. ჩვენთვის გაუგებარ საგნებზე გვესაუბრა და გვაცნობა, რომ ამიერიდან თავად ვივლიდით სხვა ოთახებში სხვა მასწავლებლებთან. ამ ყველაფრის ახსნა რომ დაასრულა, გვთხოვა, კლასის ორგანიზატორი აგვერჩია. ფურცლები დაგვირიგა და გაგვაფრთხილა, “ვინმეს რომ არ ეწყინოს, არჩევა ფარული იქნებაო”. ქაღალდი დავკუჭე და ჯიბეში ჩავიდე.
მალე მასწავლებლის მაგიდაზე ფურცლების გორა დადგა. ის კი ამ გორის გვერდზე მეორე გორის აშენებას შეუდგა. ფურცლებს სათითაოდ იღებდა, ხმამაღლა კითხულობდა და გვერდზე დებდა. "მარი", "მარი", "მარი" და კიდევ ოცდათექვსმეტი "მარი". "ვინაა მარი?" - იკითხა და ისევ გაიღიმა. ფეხზე ავდექი. ბურთი კი არა, ბურთები მქონდა ყელში გაჩხერილი. "აჰ, ესე იგი, შენ ხარ მარი?" - განაგრძო. მე კი ვიდექი და ვგრძნობდი, რომ ყელში ბურთები უსასრულოდ მრავლდებოდნენ და ბოლოს ისე გამრავლდნენ, რომ ძალიან შემეშინდა და კლასიდან გამოვვარდი. საპირფარეშოსკენ გავიქეცი, რომელიც ორი წლით ადრე სათამაშოების ოთახი მეგონა. კედელთან ჩავიკუზე და თვალები მაგრად დავხუჭე. მალევე წამოვხტი, სარკეს მივუახლოვდი და ჩავიხედე. ცოტა ხანს საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. მერე კი მარჯვენა მთელი ძალით ჩავარტყი. დაიმსხვრა. საშინელი ხმა ჰქონდა. თითები გადამეჭრა. გავიფიქრე, რომ თუ სასწრაფოდ საკლასო ოთახში არ დავბრუნდებოდი, ყველა იყნოსავდა, რისიც შემეშინდა. ხელი ჯიბეში ჩავიყავი, რათა სისხლი არავის შეემჩნია და უკან დავბრუნდი. კარი რომ შევაღე, მაშინვე ის ვთქვი ხმამაღლა: "ბოდიშს ვიხდი, საპირფარეშოში მინდოდა-მეთქი" და დაბნეულმა გადავხედე ბავშვებს. არავინ მიყურებდა. ვნატრობდი, რომელიმეს შემოეხედა, მაგრამ არ მიყურებდნენ და მივხვდი, რომ ისინი ყველაფერს მიხვდნენ...
თხელი ქურთუკის ჯიბიდან სისხლმა გამოჟონა. თუმცა არავის შეუნიშნავს. ისე ჩაშტერებოდნენ თავიანთ მერხებს, გეგონება, იქ ჯადოსნური სიტყვები წერებულიყო.



მარიამ ბექაური

წეროს კონკურსის გამარჯვებული მოთხრობა

Monday, November 1, 2010

TIRED




გათვლა

არჩევანი მე, არადანი შენ


თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გავტყდე
ვიდრე _გავიბზარო.

თუ შენ ირჩევ
დგომას, თან ერთ ადგილზე,
ვერ გავჩერდები,

გზაში ვარ და მივდივარ.

თუ მე ვირჩევ
მირჩევნია გადავწყვტო,
თუნდაც დამთავრდეს,

რადგან მომავალი
თავს არ იკლავს წარსულით.

და თუ ვირჩევ

ვამბობ:

მე_ სახლი,
შენ _სახურავი.

შენი არჩევანი _წოლა კედლისკენ,
ჩემი _შენ კედელი.

იყოს
არჩევანი ჩემი არ აგიხსნა
იყოს
არჩევანი შენი მაჩვენო,

რომ მე ვარ წისქვილი,
შენ _წყალი.

და იყოს ისევ

ქატო იქა,
ფქვილი აქა

გადავაგდე სავარცხელი.

Sunday, October 3, 2010

ჩემი პერსონალური ახალი წელი

დეეე, გილოცავ ჩემს დაბადებას




ყველაზეეეეე მაგარი დედიკო

Thursday, September 16, 2010

ხანდახან. სისუსტე

ნეტა ერთხელ არაფერი მოხდებოდეს.

პოპულის და იუნიქარდის დაგროვების ბარათებმა
ფრთები გამოისხან, მიმატოვონ.
საბანკო ანგარიშებმა ჩათვლიმონ,
საკრედიტო ბარათები გაიცრიცონ,
ძველ წიგნებში ჩარჩენილი ფოთლებივით დაიმსხვრნენ,
ქუჩის კუთხეში აყუდებულ ფულის მანქანას როცა გავუწვდი.

ხანდახან მინდა,
აღარ იყოს:
თქვენ გაქვთ სამოცდაათი შეტყობინება,
Elis Kuper likes your photo,
ორი გამოტოვებული ზარი.
დავალიანების გამო გაგეთიშებათ სმენა და ყნოსვა და მხედველობა...
გადასასვლელი მეორე ხაზზე.
მატარებელი მიდის გურამიშვილამდე.
ხუთი თეთრით დამეხმარეთ,
დედა მიკვდება.

მოხდეს რამე ძველებური,
მაგალითად,დიდჩანთიანი ფოსტალიონი.
მელნის სუნი ჰქონდეს წერილებს.
შემოდგომის ქარი აღწევდეს ხის დარაბებში,
ასე კი არა,
ორმაგი მინით და მეტალოპლასტმასებით
ჰაერი რომ ამოვიჭედეთ.

ასე არა,
ელექტრონული სივრცის ჭიები,
ვსხედვართ ცარიელ ოთახებში - მოციმციმე ეკრანებთან,
სხვის ცხოვრებებს უგემურად ვღეჭავთ და ვღეჭავთ
და არაფერი ხდება ნამდვილი.

მოხდეს აი, მაგალითად
ჰამაკი, ეზო, ცვივა თუთა, ვაშლი ვარდება.
მოხდეს სოფელი, მეხი - ცაზე, მოხდეს ქალაქი, წყვილი - გამზირზე.
ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და ქუჩა გადაჭრეს.
მოხდეს ზამთარი, ჭრელი პლედი. თოვლი, საღამო,
ჩაი და ძველი გაზეთები.

მცივა. ახლოს ხარ.


ეკა ქევანიშვილი

Monday, September 6, 2010

როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები

იმდენი ტანსაცმელი ჩავყარე ჩანთაში,თითქოს ზაფხული უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
ზაფხული-მეთქი, თორემ არდადეგები 7 დღეს მოიცავდა.
გზაზე წითელი ჰამაკი ვიყიდე, შაბიამნისფერში არ იყო.
რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი დანიშნულების ადგილამდე, გულისცემაც მით უფრო გახშირებული ხდებოდა.
გვირაბს იქეთ თავი სახლში მგონია და გზაც უფრო მოკლე მეჩვენება.
მეჩვენება, რომ იქეთ ხეები სხვანაირი მწვანეა,
რომ ყველა მდინარე გაცილებით ნელა და მძიმედ მიედინება, თითქოს ბევრი საფიქრალი აქვს.
რომ ჰაერში სხვა სუნია
მთელი გზა ვტკბებოდი ამაზე ფიქრით, აი ახლა რომ ჩავალ ბებია იტყვის:
- ნენააა, ცა მევიდა ჩემი ბაღანე, ნენა ჩემი პირველი სიხარული, ნენა რაფერ მომენატრე ბები, შენი ჩამოსვლისას ცა იხსნება მგონია ჩემს თავზე, მოი ბები დამიჯექი კალთაში მოგეფერო.
ნენა ცა არ ჩამევიდაა ჩემი გოგო? ჩემი პირველი, პირველი, პირველი.

პირველი შვილიშვილი ვარ.
უყვარს ბებოს როცა იცის, რომ თავის "მონაგარს" უყვარს იქაურობა.
სასწრაფოდ თოკი მომიძებნა და ჰამაკი გავაბით.
ვიჯექი და ღრმად ვსუნთქავდი.
მოვასწარი სანამ მთელი კუთხე არ შეიკრიბა ჩემს ეზოში.
იმ კითხვებს, რომლებსაც აქ უპასუხოდ დავტოვებ, იქ ხალისით გავცემ პასუხებს.
ვიცი რომ მართლა აინტერესებთ, ვიცი რომ არავინ გეკითხება ზერელედ.
დავრჩით საღამოს მე და ბებო. ვარჩევდით თხილს.
და ძველი თამაში გამახსენდა თხილის გარჩევისას, რომ ვთამაშობდით ხოლმე.
გოდორი მოშორებით დავდგი და თხილისგან გამორჩეული ჩენჩოს დამიზნებას ვცდილობდი მისთვის.
არაფერი შეცვლილა
10 დან 10
მერე ერთად მივდივართ და ვწვებით.
ლოგინთან სკამზე დიდი ჭიქით წყალს ვუდგამ ხოლმე.
როგორც ყოველთვის.
ყოველღამე ელავდა და ქუხდა.
როოოგორ მიყვარს ამ დროს ძილი.
იმ ღამით ცა ფეხად ჩამოვიდა.
ვგიჟდები წვიმიან დილაზე. შუადღემდე პიჟამოებით ვიარე ეზოში. ხან სავარძელი გამოვათრიე აივანზე,ხან სველ ჰამაკში ჩავწექი. ხან წიგნი ავიღე წასაკითხად.
მერე?
მერე კიდევ 3 კარგი დღე იყო
და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოველი სოფელში ჩასვლა ბავშვობაში დაბრუნებას უდრის.
რომ ყველაზე გემრიელი კიტრი ჩვენს ბოსტანში მოდის და ყველაზე გემრიელ ყველს ბებიაჩემი აკეთებს.
რომ ვცდილობდი გაცილებით თბილი ვყოფილიყავი იქაურებთან და მივხვდი რომ ჩემი ეს მცდელობა უკლებლივ ყველამ შენიშნა და შენიშვნაც მივიღე.
ჩვენ ისედაც ვიცითო. რატომ იღლებიო.
არადა მეშინოდა.
და ვფიქრობდი, რომ არ წამოსულიყვნენ ჩემები ქალაქში საცხოვრებლად იქნებ უკეთესი ყოფილიყო.
იქნებ ჯობდა მეზრუნა წიწილებზე, ცხოველებზე. უფრო ბევრი მეკითხა. მერე ჩამებარებინა ქალაქში და უფრო მეტი სიმძაფრით მომნატრებოდა სახლი და უფრო ხშირად მენახა სიზმრებში.

კიდევ აღმოვაჩინე რომ ჩემი საწოლის თავზე, ჭერზე ფიგურებს ვეღარ ვარჩევ.
ჩემი ძაღლი დაბერდა.
მერცხლები დაბრუნებულან და
მივხვდი რომ მათი დაბლა ფრენა წვიმის მოსვლას კი არ მოასწავებს, ბარტყებისთვის საკვებს ეძებენ.

მერე იყო ზღვა.
სულ ვამბობ რომ თუ ჰორიზონტზე ზღვა არ ჩანს და რაღაც ეფარება, მაინც აუცილებლად მიხვდები რომ იქეთ ზღვა არის.
და კიდევ სულ ვაკვირდები შეგრძნებას მისი დანახვისას და ყოველთვის სხვადასხვანაირია.
რატომ არის, რომ როცა ცხელ ქვებზე წევხარ ყოველთვის კარგზე ფიქრობ და ყოველი მეცხრე ტალღა რატომ ჰგავს ერთმანეთს?
ხალხმრავლობა მხოლოდ ბათუმში მიყვარს.
და ვერ ვიტან გზას რომელიც უკან მაბრუნებს.
სულერთია სად მაბრუნებს.
ისევ გურიაში.
დილით ჩემი დიდი ჩანთა ჭიშკრის გარეთ, რომ ძვლივს გადმოვიტანე და გავხედე გზას ამას ტრასამდე რა ჩაიტანს-მეთქი,
აღმართზე თემურიაც გამოჩნდა.
თემურია ავადმყოფი ბიჭია.
ყოველ დილით უთენია ჩამორბის ხოლმე ტრასამდე და მერე ტრასას მიუყვება სირბილით ოზურგეთამდე. საღამოს უკან ბრუნდება ისევ ისე.
მომესალმა.
გაჩერდა.
წაგაღებინებო.
ღმერთივით გამომეცხადა.
მართალია თავპირისმტვრევით ჩამატანინა, მაგრამ მოასწრო ეთქვა, რომ ბებიაჩემი მისი პირველი მასწავლებელი იყო.
რომ მასწავლებლებზე და სკოლაზე გიჟდებოდა.
მოასწრო ეთქვა, რომ თემურიას უყვარს ადამიანები და პატივს სცემს მათ და რა უნდა დაუშავონ ადამიანებმა მას რომ შეიძულოს, ან თვითონ რა დაუშავა და რატომ უნდა ერიდებოდნენ და შორიდან ესალმებოდნენ.
თან ყოველ წუთას მეკითხებოდა ხომაა მართალიო.
კარგი ბიჭი ხარ-მეთქი შენ თემურია და შენ რა გქვიაო?
თამთა მეთქი
და წაიღიღინასავით
თამთა, მთამთა, თამთალოო.
მერე მთელი გზა თამთალოს მეძახდა და ყოველ კითხვას აყოლებდა
და დავიფიცებ რომ კარგა ხანია ასე თბილი ჟღერადობით ჩემი სახელი არ მომისმენია.
მერე დამელოდა ავტობუსი როდის მოვიდოდა.
გამომაცილა, ხელს მიქნევდა.

კავკასონის დანახვაზე მივხდი ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა.

ან გურიაში რა მინდოდა უსიყვარულოდ.