Showing posts with label წერილები. Show all posts
Showing posts with label წერილები. Show all posts

Tuesday, September 20, 2011

მე უფრო მიყვარხარ თუ შენ უფრო გიყვარვარ

     შეიძლება სირცხვილიც არის, რომ არ მახსოვს რომელი ავტორის იყო ზღაპარი ასეთი შინაარსით: იყოდაარაიყორა. იყო ერთი ბიჭუნა რომელსაც დედა ძალიან უყვარდა. ისინი სულ ჩხუბობდნენ შვილი ეუბნებოდა დედას,რომ ძალიან უყვარდა, დედა უმტკიცებდა რომ მას უფრო უყვარდა. მიდიოდა დავა ამ საკითხზე. ზღაპარი დაწვრილებით კარგად არ, მაგრამ ბოლოს რომ თეთრწვერა მოხუცთან მივიდა ეს ბიჭუნა და იმან დაადგინა სიმართლე და დაეხმარა მას ამის გარკვევაში ნამდვილად მახსოვს.
  არც ის მახსოვს პირველი თავისუფალი თემა იყო თუ არა, რაც მასწავლებელმა მომცა სათაურით ''ჩემი საუკეთესო მეგობარი" მაგრამ ზუსტად მახსოვს პირველი წინადადება "ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო და ყველაზე საუკეთესო მეგობარი არის დედაჩემი"
  მე უფრო მიყვარხარ მეთქი ვუთხარი დედას და მან ის ზღაპარი მიამბო. მე მახსოვს სიზმარი ხან წითელკაბიან ქალს ვეკითხებოდი დედას უფრო უყვარს შვილები თუ შვილებს დედა მეთქი და ხან შავკაბიან ქალს. სიზმარში თეთრწვერა მოხუცთან შეხვედრა შემეშინდა ალბათ.
  დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და დედამ მითხრა, რომ სულერთია სანამ არ მეყოლება შვილი ვერ გავიგებ რომელი უფრო ძვირფასია.
   შვილი ჯერ არ მყავს და დღემდე უფრო ძვირფასი დედაჩემია.

როგორია?
"როგორ განა არ იცით დედაჩემი ის არის ვინც ყველაზე ლამაზია."
    იტყვიან ხოლმე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკიო, როცა ადამიანი ძალიან კარგია.
   მე ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს დედაჩემზე ლაპარაკი იმდენად მიყვარს.
    ბავშვობაში ისე არასდროს ვიძინებდი თუ ხელზე ხელს არ მოვკიდებდი. ახლა ძალიან იშვიათად ვეუბნები საალერსო სიტყვებს და მითუმეტეს ძალიან იშვიათად ვეფერები. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, ვინც არასდროს არ აპროტესტებს ჩემს ცივ დამოკიდებულებას მის მიმართ. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია ვინც ზუსტად იცის რომ "სიჩუმეა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
    მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი მოვლენაა.
    მე ვიცი, რომ არავის უხარია ის რაც მიხარია– დედაჩემივით.
    მე ვიცი, რომ არავინ განიცდის ისე როგორც ის, ჩემს ცუდად ყოფნას.
    დედაჩემს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.
    დედაჩემს არასდროს ურჩევია ჩემთვის რომელიმე გზით წასვლა. ის ალტერნატივებს მისახელებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით და არჩევანის საშუალებას მიტოვებდა.
   დედაჩემს არასდროს წაუკითხავს  მორალი და არასდროს უთქვამს კონკრეტულზე რომ ცუდი ან კარგია. ამის განსაზღვრის უფლებასაც თავად მაძლევდა.
   მე არასდროს ვყოფილვარ მასზე მიჯაჭვული, მე არასდროს ვყოფილვარ მასზე დამოკიდებული.
   ბრძენია დედაჩემი.
   დღემდე მამშვიდებს, როცა მისი ხელს ვეხები და ვფიქრობ ხოლმე ნეტავ ყველა დედას აქვს ზებუნებრივი ძალა შეგეხოს და ყველაფერი დალაგდეს იმ წამს?
    ტრადიციაა ყოველ დილით გადმომხედავს ფანჯრიდან სამსახურში მიმავალს და ზუსტად ვიცი რას ფიქრობს ხოლმე. როცა არ მიყურებს ის დღე არ არის სრულყოფილი.
   ვამბობ თანდაყოლია მეთქი ეს სიყვარული.
    მე არ ვიცი რა უნდა მეწყინოს დედისგან, რა უნდა მეტკინოს ისე, რომ აღარ მიყვარდეს.
   მე ვერ ვიტან როცა ის ტირის. ამ დროს მინდება დავიმალო სადმე, რომ არასდროს გავიგო. არადა სჭირდება თორემ რა გაუძლებს ამდენ დარდს.
   დედაჩემს უყვარს ტკბილეული და მე არცერთი ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი.
    დედაჩემს უყვარს ჩემთან საუბარი, მე კიდევ სახლში მოსვლისთანავე ჩემს ოთახში ვიკეტები და კომპიუტერს ვუზივარ, ან ვმუშაობ ან ვერთობი.
   დედაჩემმა იცის რომ არ მიყვარს როცა ჩემს სივრცეს არღვევენ და არ მისვამს ზედმეტ კითხვებს. ზის და მელოდება როდის დავამთავრებ გართობას, რომ მომიყვეს დღის ამბები.

დედა არის ჩემი შალის თბილი კაშნე, ჩემი  ჩაის ჭიქა, ჩემი ყურსასმენი, ჩემი დღიური, ჩემი საყვარელი კაბა, ჩემი ლეკვი, ჩემი თმისსამაგრი, ჩემი ძალაა დედაჩემი
დედაჩემი წითელია, მერე რა რომ მე ლურჯი ვარ
წვიმაა.
დედაჩემი ყველაფერია.
როგორ გამიმართლა დე.



Thursday, June 30, 2011

Love is blue




,,ჩუმად ყოფნაა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
/ნათია ნაცვლიშვილი/

ისეთი კი არაფერი
ის შემხვდა იმ დღეს, იმასთან მისულა და თუ ძმა ხარ მითხარიო როგორ მივუდგეო, რა გავაკეთოო.
იმან:– მაგასო? ეგ ალქაჯიაო, თავი გაანებეო,იცი რა მიქნაო? ჯერ მიყვარდაო, მერე არ მიყვარდაო, მიყვარდაო, არ მიყვარდაო. თვითონ სულ მშვიდად იყოო, სულ იღიმოდაო. სულ ჩუმად იყოო.
ერთხელ მითხრაო იცოდეო შენ მარტო მე გჭირდებიო. არც ეჭვიანობდაო, არც რამეს მიკრძალავდაო, გოგოებზე რო ვუყვებოდი გამიღიმებდა და თავზე ხელს გადამისვამდაო, თითქოს მისი გაზრდილი ვყოფილიყავიო, მაგიჟებდაო. ერთ დღეს სიგიჟე უელავდა თვალებში,მეც ამაჩემებდაო, მეორე დღეს ისეთი მშვიდი და მომნუსხველი იყო ჭკუიდან გადავყავდიო.ალქაჯია რო გეუბნებიო, სანამ დროა შეეშვიო.
მერეო? იცი რა მიქნაო? ავდექი და წამოვედიო. ვერ გავიგე მიყვარდა თუ არაო, გაქცევა მინდოდაო. არაფერს მიშლიდა,არაფერში მზღუდავდა, არაფერზე მიწესებდა ჩარჩოებს, მაგრამ მაინც გაქცევა მინდოდაო. წამოვედიო და მაშინვე მომენატრაო. მაგან მე ბოლო მომიღო, ეხლაც რომ დამიძახოს,ცოლ–შვილიანი რო ვიყო , ოღონდ დამიძახოსო.
აი ხო მიყვარდაო, თავისი სიჩუმით იმდენ ხანს მეჯიბრა წასვლა მაიძულაო, მერე მე დამბრალდაო. ეს ყველაფერი ხო ვიცი, მარა მაინც მენატრებაო. რა ვქნაო.
რამდენჯერმე ვცადეო მარა, არ მიშვებსო. აღარ ვიციი როგორო.
და სანამ ჭკუიდან არ გადასულხარ თავი გაანებეო. არ მოგატყუებსო, სულ გულახდილიაო, მიზეზს ვერ უპოვნიო რო რაიმე დააბრალოო, ვერ შეეწინააღმდეგებიო, არასწორი წესებით არ გეთამაშება და ამიტომ სულ მოგებულიაო, არასდროს ყალთაბანდობსო.ათიანში არტყამს ზუსტად გამოგიცნობს და მერე შენს სისუსტეებზე გელაპარაკებაო. უნდაო რო გადალახოო, გეხმარებაო, ან გგონია რო გეხმარებაო. მოკლედ ხანდახან ვფიქრობდი ჯადოქარიაო, ხანდახან დაბნეულიაო. რომ მიყურებდა მეგონა შიგნეულობას მითვალიერებდაო, სიღრმეებში მწვდებოდა და გული მისკდებოდაო.ამ დროს მინდებოდა თვალები ამომეჩიჩქნაო, მერე გაიღიმებდაო და თვალს სხვა საგანზე გადაიტანდაო, ისევ ჩუმად იყო ოდნავ გაღიმებულიო, ველოდებოდიო, ბოლოს ავდგებოდი და მივდიოდიო.იჯდაო, ვბრუნდებოდიო და ისევ იქ იჯდაო. ამაყი არ იყოო, არც თავმომწონეო, პირიქითო, წითლდებოდაო, თუ შეაქებდი,არ იცოდა სად დაემალა თვალებიო.
ბევრს ფიქრობსო, ყველაფერს ხარშავსო, ყველაფერი შიგნით ჩააქვსო და მერე სახეშეცვილილი ამოაქვსო. შენთან არასდროს იქნებაო და თუ იქნება სულ გექნება შეგრძნება, რომ სტუმარი გყავს სახლშიო. სულ სხვადასხვანაირიაო, დაჟე ჩაცმულობაცო, დღეს რო სათვალეებიანი მკაცრი ქალბატონი იყო, ხვალ ჭრელი ზღვის ქალაქში მცხოვრები გოგონაო, ზეგ იფიქრებდი ნეტა ასეთი სპორტული როდის იყოო, მაზეგ ისე გამომწვევად ეცვა ჭკუიდან გადაგიყვანდაო. მე ვერაფერი გავუგეო, მგონი თვითონაც არ იცის რა უნდაო.დავიღალე და წამოვედიო. როგორც გინდაო და ეგ იყო ბოლოს რაც თქვაო. მეტს არ გეტყვისო.
მაინც მიყვარსო და თუ გეუბნები რო შეეშვი კარგი მინდა შენთვისო, ძმურად დამიჯერეო.


ისეთი მართლა არაფერი. მალე დიდი დასვენება მოდის.
მალე 14 დღიანი დასვენება მოდის, მალე ნადვილი დასვენება მოდის.
ჯერ ხმელთაშუა ზღვა, მერე მთა–1520 მ ზღვის დონიდან, მერე ჩემი ყველაზე სწრაფები, ჩემი ყველაზე ენამოსწრებულები, ჩემი ყველაზე საკვიმატეთი.
მალემალემალემალე

Sunday, April 17, 2011

უკან მომავალში




სალუტ.
წერილს იმიტომ გწერ, რომ ვფიქრობ დაგეხმარება მერე იმის ცოდნა როგორი იყავი 23 წლის ასაკში.
ცოტა რთულია საკუთარ თავს მისწერო წერილი, თითქოს უცხო პიროვნება იყო.
მითუმეტეს მე ვისაც მაქვს უდიდესი ამბიცია, რომ საკუთარი თავის 80 %–ს კარგად ვიცნობ.
წეღან სამსახურში თანამშრომელმა რაღაც სიმღერა ჩართო, რომელსაც
მე–7 კლასში ვუსმენდი ყურებამდე შეყვარებული. აღარც კი მახსოვდა ის სიმღერა და იგივე განწყობა მოიტანა, იგივე ღელვა. მერე დავფიქრდი რო ახლაც იგივენაირად ვფიქრობ, უბრალოდ ცოტა შეხედულებები შეიცვალა. იგივე სიმძაფრით აღვიქვამ ყველაფერს.
უბრალოდ მეტ დროს ვუთმობ ამ აღქმებს და სხვადასხვანაირ კონტექსტში განვიხილავ.
  • ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ.
  • ცოტა უფრო ნაკლებად ვენდობი.
  • ცოტა უფრო ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე.
  • ცოტა უფრო გართულდა რიგი საკითხები
  • ვარდისფერი ფერი თითქმის აღარ მიყვარს
  • მყავს ძალიან ბევრი მეგობარი
  • რამოდენიმე საუკეთესო
ესეც შენი ნაივური სუპერი.
მაქვს ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახური და ძალიან ცოტა თავისუფალი დრო.
რას ვაკეთებ ამ ყველაფრის შეცვლისთვის? არაფერს თამთ.
უდარდელობა კი არ მენატრება, ხალისი მენატრება.
კიდევ მენატრება ცოტა ზარმაცობა, ბევრძილიანი დილები, მეგობრებიანი საღამოები, ჩაბჟირებამდე სიცილიანი, მთიანი, ზღვიანი ზაფხულები .
შენ უკვე დიდი გოგო ხხარ და ახლა ალბათ გეცინება შენს ასეთ თავზე ახალგაზრდობაში.
ალბათ გენატრება.ფიქრობ, დრო რომ დაგებრუნებინა ბევრი რამე შეიცვლებოდა.
ამ წერილს გწერ მანამდე სანამ რევოლუციას მოვუწყობ თავს.
მომბეზრდა მშვიდად ყოფნა. არეულობა უნდა შემოვიტანო.
უნდა დავუმტკიცო, რომ ომი მარტო ხმადაბლა კი არა ხმამაღლაც შემიძლია.
და დღეს შენ თუ ხარ საკუთარ თავში, ძალებში დარწმუნებული, თუ იცი რა გინდა და როგორ გინდა, რატომ გინდა და რა შეგიძლია ამისთვის გააკეთო არის ამ პერესტროიკის დამსახურება.
უნდა ვცადო როგორია ცხოვრება პრინციპების გარეშე.
არა კი არ უნდა ვცადო. ასე უნდა ვიცხოვრო. ასეთი ჩემი თავიც მაინტერესებს.
კიდევ შენ მაინტერესებ.
ბავშვობაში მეც მიოცნებია დროის მანქანის არსებობა, მაგრამ მომავალში წამოსვლა არა. წარსული უფრო.
კიდევ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და მგონია რომ მათზე ახლობელი ადამიანები არ არსებობენ
ვამბობ_თანდაყოლილია ეს სიყვარული.
კიდევ მინდა გთხოვო რომ არ დაეცე არასდროს. არ გაიტეხო გული და იცოდე უკუსვლა არ გაბედო.
მე და შენ მაგარი გოგოები ვართ.
ერთდროულად ნევერლენდშიც ვმოგზაურობთ, კარლსონსაც ვემეგობრებით, მწვანე საბარგო მანქანაზეც ვზივართ და ადამიანები ხელში აყვანილიც დაგვყავს.




Wednesday, January 26, 2011

წერილი ბიჭს სენტიმენტალური ამბებიდან


"გეცნობი? ვერა?
არადა გავხდი ზუსტად ისეთი როგორიც გსურდა"



მეორედ გწერ წერილს ცხოვრებაში.
პირველად რომ მოგწერე იტირე.
ახლა იმ იმედით, რომ შეიძლება აქ ოდესმე როგორმე რაიმე თამაშებით და მანქანებით მოხვდე
გწერ:
არასდროს გჯეროდა ჩემი პრინციპულობის.
არასდროს გჯეროდა რომ შემეძლო შენს გარეშე კარგად ვყოფილიყავი.
არასდროს გჯეროდა ჩემი სიგიჟეეების. არადა ზუსტად ეგ გაკლდა.
მაწუხებს რომ პატიება არ შემიძლია, ოღონდ ის კი არ მაწუხებს შენ რომ ვერ გპატიობ. მე რომ არ შემიძლია ის.
მინდა
მორჩე ყველაფერს.
მინდა აღარ მოხვიდე არანაირი გზით მითუმეტეს ამ ბლაბლაბლა სტატუსით
" მაპატიედებილივიყავი"
არ ვაპირებ შენ შეცოდებას.
არ მიყვარს როცა ვინმე მეცოდება.
ყველაფერი დამთავრდა.
დ ა მ თ ა ვ რ დ ა.
არცთუ ისე ცოტა ხნის წინ.
და შენ იცოდი, რომ ჩემთვის თუ მთავრდება მხოლოდ ერთხელ მთავრდება.
"წავედი"ს არასდროს ვამბობ იმისთვის, რომ მითხრან "დარჩი".
დრო მთხოვე და თავზესაყრელად გაქვს.
ბუნებაში ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ ხდება.
ვარ მშვიდი და ძნელია იპოვნო მიზეზები რომლებსაც შეუძლიათ გამხადოს ცუდად.

თუ ეს ყველაფერი ისევ შენი გამოხტომებია
თუ დგახარ და ყველაზე დაბალი დონის , ყველაზე შეუგნებელი კაცივით იქცევი,
იცოდე ეს უკვე არ არის არც ჩემი გამწარება,
არც ჩემი სიყვარული.
ამით კიდევ მილიონჯერ გადამახდევინებ საკუთარი თავისთვის მადლობას.
და ვეტყვი: " რა ჭკვიანი ხარ"
ეს ყველაფერი აღარ მართობს
და აღარც მაღელვებს.







Wednesday, January 5, 2011

მამაო ჩემო


გამარჯობა ღმერთო!
როცა თავჩაქინდრული კედელს მიყრდნობილი გულში ჩუმად ვამბობ "მამაო ჩვენო"–ს ვფიქრობ, რომ გატყუებ.
რომ ვერ აღგიქვამ მამაჩემად.
რომ შენთან უფრო მოკრძალებული ვარ, ვიდრე მამასთან ვიყავი. უფრო "თქვენობით" ვარ და მირჩევნია აღატაცებული გიყურებდე ეკლესიის გუმბათის შიგნითა მხარეს და მრცხვენოდეს "შენ"–ობით საუბარი.
მე არ მახსოვს როდის მოგმართე
არ მახსოვს რა გთხოვე პირველად. ალბათ რომელიმე სათამაშო ან ლურჯი თვალები ან რომელიმე სიმპატიური ბიჭუნას სიყვარული, მაგრამ მახსოვს როდის ამისრულე პირველად ნატვრა.
მახსოვს როგორი მონდომებით გთხოვდი და როგორ წუთებში შემისრულდა ყველაფერი.
ბავშვობაში წარმომედგინე დიდი თეთრწვერა მოხუცი ხელჯოხით და თეთრი სამოსით.
ახლაც კი ხანდახან ასეთი მახსოვხარ.
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და და იმ ცოტაზე კიდევ უფრო დიდი მივხვდი: არ აქვს მნიშვნელობა თეთრი წვერი გაქვს თუ წითელი, შავი ანაფორა გაცვია თუ თეთრი ახალუხი,
მთავარია შიგნით ვგრძნობ შენს არსებობას.
მთავარია შემიძლია გესაუბრო ყველაფერზე.
კიდევ როგორი მგონიხარ?
აივანზე დგახარ(მამასავით), რომელსაც ორნამენტებიანი მოაჯირი აქვს და გადმოგვყურებ "შვილებს" ჩვენ აქ ვბჭობთ, ვბჭობთ, ვბჭობთ..კიდევ ვბჭობთ და შენ გეღიმება.
ცინიკურად კი არა, მზრუნველურად.
ისე როგორც მამას ჩაეღიმებოდა, როცა ვუმტკიცებდი რომ მთვარეს თვალები ჰქონდა გვაკვირდებოდა.
მე ვიცი, რომ ყველა იმ კითხვაზე რაც მაწუხებს სწორი პასუხები მხოლოდ შენ გაქვს.
მაგრამ მე შენთანაც მაქვს კითხვები.
ღმერთო, საიდან გაქვს ამდენი სიყვარული ?
ღმერთო შენი შიში თუ მექნება და ისე ვიწამებ შენს არსებობას გამოდის იძულებული ვარ მწამდე და ასეთი რწმენა რაში გჭირდება?
ღმერთო ნიშანს რისთვის მაძლევ თუ მისი გამოყენების გზას არ მასწავლი?
შენს გარშემო ყველაფერი მართლა თეთრია და თუ თეთრია მაშინ ასეთი ცივი ფერი რატომ აირჩიე?
ყვითელიც ხომ შეიძლება იყოს სპეტაკი?
ღმერთო რატომ უკრძალავ ადამიანებს რაღაც–რაღაცეებზე რაღაცნაირი შეფასებების გაკეთებას? ან რაღაცეების არ წაკითხვას? შენ ხომ მომეცი თავისუფალი ნება?
შეიძლება მე შენი ერთ–ერთი ყველაზე აუტანელი და დაუჯერებელი "შვილი" ვარ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ აქამდე ვერცერთმა აკრძალულმა ფილმმა, ვერცერთმა აკრძალულმა მოძღვრებამ, ვერცერთმა აკრძალულმა წიგნმა ვერ შეძლო შენი თავი დაევიწყებინა ჩემთვის. პირიქით კიდევ ბერჯერ მიმახვედრა რა დიდი ხარ.
ღმერთო ჩემი ერთი მეგობარი გეძებს, გეძებს ყველას ეკითხება სად ხარ.
დამეხმარე ვაპოვნინო შენი თავი.
ვუთხარი რომ თვითონ მიხვალ.
ჩემი მეორე მეგობარი ამბობს რომ შენ მისი ძმაკაცი ხარ.
მესამე ათეისტია და არაფრის არ წამს
მეოთხე ამბობს რომ არ უნდა დადიოდნენ მღვდლები ჯიპებით და ამ დროს ვიღაცები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ და მეკითხება სად არის ამ დროს ჩემი ღმერთი
მე ვიბნევი და ვპასუხობ, რომ მხოლოდ მღვდლები არ დადიან ჯიპებით და მშიერ სიკვდილზე მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი.
არვიცი რამდენად სწორი პასუხია, მაგრამ ლოგიკური უნდა იყოს მგონი.
მას არ აკმაყოფილებს ჩემი პასუხი, არც მე მაკმაყოფილებს.
მაგრამ მე მიმაჩნია რომ წყალი არ ხდება უწმინდური თუ მას ჭუჭყიანი პეშვებით შევსვამთ.
ხვალ ღამით შენ თავიდან დაიბადები ღმერთო.
ჩემი ფანჯარასთან ისევ 4 სანთელი ენთება.
ჩემს სახლში ისევ ოთხი შობის კვერი გამოცხვება.
12 სთზე ისევ ვიმღერებთ ჩუმად ალილოს და შენს დაბადებას მივულოცავთ ერთმანეთს.
მიყვარხარ ღმერთო
და გმადლობთ რომ მანამდე მოხვედი ვიდრე დამჭირდებოდი
და გპირდები აუცილებლად წავიკითხავ ბიბლიას
მამაო ჩემო!



Thursday, December 2, 2010

დეიდა ნატო


ვბედავ და ვწერ
ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.
ჯერ მარტო მისი ხმის გაგონება რად ღირს.
დეიდა ნატოს არ უყვარს როცა ბევრს აქებენ.
არც მე მიყვარს, როცა ის თავს ამის გამო უხერხულად გრძნობს.

აქ იყო პაუზა ცოტა დიდი.


ვიფიქრე მეც ხომ არ გამეხმო.
გადავიფიქრე.
მირჩევნია ნედლად თორემ გამხმარი შეიძლება საერთოდ ვეღარ გადმოვიტანო
არადა რატომაც არ უნდა იცოდეს
რატომაც არ უნდა იცოდე რამდენი რამე წამოვიღე შენგან
ამბობდი _თამ სირთულეები გვზრდიან.
შევინახე.
–თამ გულახდილობა ხანდახან პოზაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩაკეცილი გვერდებია და მთავარია უკან ჩაბრუნებული მზერა არ გვაფრთხობდეს და შიგნით ვიყოთ გულწრფელები.
ესეც შევინახე.
–ყველა შენი კითხვის პასუხი შენშია და იქ მოძებნე
ესეც.
–არაფერმა შეგაშინოს შენზე დიდმა, სიყვარულიც კი შენხელაა.

როცა ვხედავ. ბევრს ვერაფერს ვეუბნები.
მოკრძალებაც არის და მოკრძალებაც.
და თუ ვხედავ მგონია რომ ჩუმად უნდა ვიყო, რომ შეიძლება თუ ბევრ თბილ სიტყვას ვეტყვი გაწითლდეს, ან ეუხერხულოს, ან გაჩუმდეს.
მე კიდე მიყვარს, როცა ზურგიდან მომეპარება და ჩამეხუტება და იტყვის მიყვარს ეს სულშესაბერავი ბავშვიო.

დეიდა ნატო?

"მოდის ადამინის ხმით,
ძალდაუტანებლად და ბუნებრივად,

მოდის და ამბობს:

ვარ შენთან."
ფერები–წითელი და შავი
თვალები–სხივებით
ფრინველი–ჭიამაია
სეზონი–ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი,გაზაფხული
ხელები–რბილი და თბილი

"ხდება ასე_ სიზმარში,
იჯერებ რომ იწყებ _ თავიდან,
მუჭა-მუჭა გაგაქვს სიზმარი
და გეჩვენება _ ცხადში გაიტან"

ვფიქრობ ახლა რა მოვიტანო
რომელი მოვიტანო
ვერ ვირჩევ და ვერც ვ ა რ ჩ ე ვ


ჩემი დეიდა ნატო ჩუმია და დიდი
ლამაზია და მშვიდი.







Wednesday, July 28, 2010

წერილი asklypiodota-ს

მეორე დღეს მახსენდებოდა კადრებად.
ძველებური ეზო.
აივანი.
სავარძელი.
გემრიელი ცივი ყავა.
ლურჯი სარაფანი.
მხიარული ადამიანები.
წიგნების სია.
ვიწრო ქუჩები და სიგრილე სახლში წამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ წამს გამიელვა თავში იქ ხომ არა?
მაინც მოულოდნელი იყო.
მრცხვენოდა და მაინც ვაპარებდი ხოლმე თვალს შენსკენ.
თავიდან მაკვირდებოდი.
და უცებ შემეშინდა იმედგაცრუებული არ დამეტოვებინე.
უკან დასახევი გზა არ მქონდა. რაც ვიყავი, ის ვიყავი.
ჩუმად ყოფნა ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა.
მოსმენა უფრო, ვიდრე ლაპარაკი.
ისე წამოვედი ფეხები უკან მრჩებოდა.
მერე რა ცოტაოდენი უხერხულობა და საშინელი დაღლილობა.
არ გავამხილე:
საზამთრო მეც დამიჭრია მურაბის გასაკეთებლად.
სიის დაახლოებით 4 ჩამონათვალი მეც არ მაქვს წაკითხული.
შენი ონკანის წყალი მაინტერესებდა.
გზაში:
-რა კაი რამე მოიფიქრა ე

დილით:
-იმედია სიზმარი არ იყო
-რამდენი მწვანე იყო

დაბადების დღეს გილოცავ ასკლი
მაგარია რო არსებობ


პ.ს შენსტრადიციასმივყევიდაბადებისდღისწერილებითმოლოცვისა

Saturday, April 17, 2010

თქვენ გაქვთ დუმილის უფლება

ამბობენ დუმილი თანხმობის ნიშანიაო
არადა ისიც უთქვამთ ყველაზე საშინელი შეპასუხებააო
მე როცა ვდუმვარ შეგრძნება მაქვს,რომ ჩემს ორგანიზმში შევდივარ და ვათვალიერებ
როგორ მოძრაობს თითოეული ორგანო
საათივით აწყობილი მექანიზმი.

ყველაზე უბრალო და დიდ პატივს მიცვალებულებს დუმილით მიაგებენ
მე მიყვარს სიჩუმე

ეძღვნება დუმილს

დუმილი გაიწელა თუკი, იცოდე, ყველაფერი რიგზეა; უკიდურეს შემთხვევაში,
შენ მოგეცა შესაძლებლობა გადაურჩე რამდენიმე ნაყალბევ სიტყვას,
ან იქნებ უკვე გადაურჩი, ვინ იცის. მაგრამ
თუ შენში მოზღვავდნენ სიტყვები, ესეიგი, ბედისწერის წიგნში გეწერა
აჟღერება, როგორც საათს - როცა დროა; და შენ აჟღერდი;
და თუ ასეა, რაღას ჩხაპნი თეთრ ფურცელზე? წამოდექი! უბრალოდ, ადექი!
გააგებინე ყველას, რომ თითოეული, საბოლოო ჯამში, თავისთავის გაგრძელებაა -
თავისთავის სახელია - ჩრდილია - შვილია; და გააგებინე, რომ თითოეული,
პირველ რიგში, დანაოჭებულ თეთრ ზეწარზე მიგდებული მომჩვარული სხეულია,
რომელსაც არ ახსოვს საკუთარი სუნი და ფორმა, მაგრამ შიგნით სულია, სული!ირგვლივ კი - საგნები. დუმილი გაიწელა თუკი, დაწყნარდი, ნუ ღელავ,
უბრალოდ, შეეხე უჩვეულებრივეს საგანს, იმას, რომელიც ხელთანაა - საათს -
(წიკ-წიკ!), და აუხსენი, შეაგნებინე საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და
ჯანმრთელი ხარ;
და შემდეგ იგრძნოს შენმა მაჯამ საათის ვერცხლის სამაჯურის სიგრილე, შემდეგ
გაგაჟრჟოლოს მთელ სხეულში; და მადლობა უთხარი გამჩენს
ყოველი დღისთვის, რომელიც მოგცა; ჩაიცვი შარვალი, ჩაიცვი პერანგი, სიცარიელე
შეავსე შენით,
გადადგი ნაბიჯი: შენგან შენკენ; შენგან შენკენ; ერთი - ორი, ერთი - ორი;
თითოეული, პირველ რიგში, საგანია, საკუთარი სამოსია. სარკეში მხოლოდ
თვალებიღა დარჩა იგივე,
სათვალიდან მომზირალი. თუ მოიხსნი, შენს გარშემო ყველაფერი დატრიალდება,
დატრიალდება სამყარო, საგნები, ყველაფერი ჩამუქდება. სხვა სიტყვები არ იციან
საგნებმა, გარდა
თავიანთი სახელების, მუდამ სდუმან, და არც ჩვენგან ითხოვენ სიტყვებს. გაიწელა თუკი დუმილი,
ნუ მოიწყენ. უბრალოდ, მოუშვი ონკანი, ყური მიუგდე წყალს.

თარგმნა ზვიად რატიანმა


სწორი დუმილი ხმამაღლა ლაპარაკზე უფრო მეტყველებს.


პ.ს წერილია ფაქტიურად

Wednesday, February 24, 2010

პრაღელი მოხუცის ლექსებიდან

1.
ჩემი ცხოვრების საზრისზე ფიქრები
ორმოცადაათი წლისამ დავიწყე.
ამის გამოა
რომ სიკვდილზეც ბევრს ვფიქრობ.

8.
სინამდვილეში ახალბედა ვარ
განვიცდი განსწავლულობის ნაკლებობას
გულუბყვილო ვარ
მაგრამ
დანამდვილებით ვიცი
რომ ხელოვნებაც შეიძლება მომდინარეობდეს გულუბყვილობიდან
რომ ის შეიძლება იყოს უბრალო.

12.
ახალგაზრდებმა უნდა დატოვონ აქაურობა
და თუ არ წავლენ
უნდა შეეგუონ.

14.
მე არც ერთ კავშირს არ ვეკუთვნი
არავის მხარეზე არ ვარ
პრობლემები
რომელშიც პარტიულობამ ერთხელ უკვე გამხვია
უკვე აღარ შემიძლია სანაქებოდ წარმოვიდგინო.

მე იქედან ამოვდივარ
რომ კონფლიქტის არსს ორივე მხარის სიმართლე წარმოადგენს
და კიდევ იქედან
რომ არაფერია ეგოიზმზე უფრო ბედნიერი
და კიდევ იქედან
რომ ყველანი კარგები არიან
რომ ყველანი კარგს ფიქრობენ
პოლიტიკოსების და მკვლელების ჩათვლით
რომ ბოროტება მხოლოდ შემთხვევითი მოვლენაა

და ჩემს უუნარობას ხმამაღლა ვგმობ და ვუსწორდები.

15.
დიდი ხნის მერე ისევ შემიყვარდა
რაც ძალზე მახარებს
მოვლენებსაც სხვა თვალით ვუყურებ
გაფაციცებით ვაკვირდები ტანსაცმლის ნაკეცებს მთელს ჩემს სხუელზე
საათობით უსაქმოდ ვზივარ
ნაცნობ ხმებს ჭკუიდან გადავყავარ
უფრო და უფრო ცუდად ვხედავ.

16.
სულ უფრო ხშირად მიწევს ფიქრი თუ რამდენ ურთიერთგანსხვავებულ სიხარულს მოუყრია თავი ჩემში
მაგალითად ჩემშია სიხარული წყლის არსებობის გამო
სიხარული ჰაერის არსებობის გამო და სიხარული ქათქათა თეთრეულის არსებობის გამო
და კიდევ იმ საოცრების გამო რომ ვინმე ახლომხედველს ჩემთვის მანქანით ჯერაც არ გადაუვლია

მე ცხოვრებაში უნდა ითქვას მხოლოდ ბედნიერება გამაჩნდა
ან მცირედი ბედნიერება უბედობაში
მე არ ვფიქრობ თითქოს რაღაც გამიფრინდა ან რომ ჩემს თავს რომელიმე
გზისკენ სავალი გადავუკეტე
ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა ამერჩია
მე არ ვფიქრობ რომ ამაოდ ვიცხოვრე

ამიტომაც ვიცი რომ გლოვისა და სასოწარკვეთის ტრაგიკული განცდა
რაც ჩემთვის როგორღაც ყოველთვის იყო თანამდევი
და ჩემთვის როგორღაც თანამდევია
თავისი კერძო ცხოვრებით ცხოვრობს
ბედნიერებისგან თუ წარუმატებლობისგან დამოუკიდებლად.

სიბერე ისეთი არაა როგორადაც წარმომედგინა
მე ვცხოვრობ დაძაბულად და ვიცდი.




2.
ე პ ი ტ ა ფ ი ა

აქ განისვენებს კაცი, რომლის სხეული სხვების სხეულებივით სველი იყო
აქ განისვენებს კაცი რომლის სხეული მშრალ დროში მშრალი იყო იმ სხვების სხეულივით
აქ განისვენებს კაცი რომლის სხეული ლპება მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანის სხეულივით.

4.
ყოველდღიურმა სიმარტოვემ ცხოვრებისეული ჭეშმარიტება აღმომაჩენინა
საქმე ეხება იმ ადამიანებთან ხორციელ კონტაქტს რომლებიც გვიყვარს.

5.
ჩემი ჯანმრთელობა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
ჩემი უპრობლემო ფინანსური მდგომარეობა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
ჩემი სულის კეთილი საწყისიც ასევე მძლავრი საწყისია ჩემი მწერლობისთვის.

და ამასგარდა ჩემი სურვილიც თვითნგრევისა მძლავრი საყრდენია ჩემი მწერლობისთვის
და ჩემი ავადმყოფობებიც
და ჩემი მოსაწყენი პროფესიაც
და ჩემი მარტოობაც.



7.
მე მსურს ასეთი წინადადება დავწერო:
არაფრის და არავის მიმართ ბოროტი არ ვარ
და ასეთი წინადადებაც:
ვერ ვიტან გადაჩვევას.

შთაგონების შემოტევისას დავწერე ლექსი
რომელიც ზუსტად ისეთ ლექსებს დაემსგავსება
როგორებსაც ხანდაზმული პოეტები წერენ.

ყველა ხანდაზმული პოეტი დაახლოებით ერთსა და იგივეს წერს
რომ მათში მშვიდობა დანავებულა
რომ მათ უყვარდათ და ისინი უყვარდათ
რომ ცოტაოდენ სიწყნარეს და ბედნიერებას შეიგრძნობენ
(ყოველ შემთხვევაში ერთხელ მაინც ასე წერს ყველა მათგანი)

მეც მსურს რამე მსგავსი დავწერო
მაგრამ ამაში რაღაც ხელს მიშლის
არაფერი მომდის თავში ნამდვილად ორიგინალური
ის რაც თავში მომდის
ჩემი აზრით საკმარისად ორიგინალური სულაც არაა
ამასწინათ მაგალითად ასეთი წინადადება დავწერე:
ბედნიერი ვარ რომ ქიმწმენდის დაწესებულებასთან ლაქებზე ჩხუბი არ დამჭირდა
ან ასეთი წინადადება:
ლაქები არ მადარდებს
მაგრამ მე ვფიქრობ
რომ ეს ცოტაა.

9.
ქვეყნად სერიოზული პრობლემები აღარ არსებობს
ყველაფერი მიედინება ისე თითქოს ერთ ადგილზე დგას
არაფერს ვუჯანყდები
არაფერს მოველი
არაფერი მინდა.

10.
ორმოცდაათისამ დავიწყე წერა
ახლა სამოცისას წილად მხვდა მევე ვაღიარო
რომ მწერალი ვარ.

მე მწერალი ვარ
მე უკვე დარწმუნებული ვარ
მე ვარ მწერალი პუბლიცირების შესაძლებლობის გარეშე
მე ვარ მწერალი რომელიც ამის შესაძლებლობას ანგარიშს არ უწევს
მე ვარ მწერალი რომელიც უთქმელად ახერხებს რომ თავისი სამუშაო დაიწყოს და თავისი ცხოვრება დაასრულოს.



11.
ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ძალიან მოვიწყინე
აღარც მოულოდნელობები მცემდა დიდად თავზარს
აღარც ახალი ინფორმაცია მაცვლევინებდა შეხედულებებს
აღარც მე განვიცდიდი რაიმე უცნაურს
ბევრი ვიძინე
და არც ის მაწუხებდა
იმ დროის დიდ ნაწილს მხოლოდ ჩემს თავთან ვატარებდი
საუბარია რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანზე

უპირველეს ყოვლისა ამიტომ მოვიწყინე
რომ ის
რაც ორმოცი წლის განმავლობაში მომისმენია ან წამიკითხავს
როგორღაც ყოველთვის წინდაწინ ვიცოდი.


13.
ვერ ვგრძნობ თითქოს სხვა ადამიანი ვიყო
ვიდრე ოცი წლის ასაკში ვიყავი

მიუხედავად იმისა რომ ისეთმა შემთხვევებმა როგორიცაა ვთქვათ
წარმატება ჩემთვის ყოველგვარი ფასი დაკარგეს
მიუხედავად იმისა რომ უკვე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ოპორტუნიზმის და სიმხდალისა
მიუხედავად იმისა რომ სადად და შეუმჩნევლად ვიცვამ
მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს
და სხვა ადამიანი არ ვარ

ჩემი რადიკალური შეხედულებები ჩემშივეა
ჩემი რადიკალიტეტი ჩემშივე დარჩა.



18.
კედლები ჩემს ბინაში და ნივთები ჩემს ბინაში ზოგჯერ ისე უცხოა
რომ წინ და უკან დავდივარ როგორც ავეჯის გამოფენა-გაყიდვაზე
გარშემორტყმული ზედმეტი საგნებით რომელიც არც მსურს და არც მჭირდება

მერე განსაკუთრებული სიამოვნებით ვუკვირდები ჩემს ხელებს
წინ და უკან სიარულისას კი მეტწილად ჩემს წინდებიან ფეხებს
თუ როგორ დააბიჯებენ და ჭკვიანურად მონაცვლეობენ
აი ასე დინჯად ვუბრნდები ჩემს თავს
ვირჯები

მე ეს წამები ძალიან მიყვარს
ეს მიგნებული ხედვის და მიგნებული აზრის წამებია
წამები როცა პარალელურად და სამართლიანად შეგიძლია ივარაუდო
რომ მიგნებები უაზრობაა
ან ოდნავ მაინც მიუგნებადი
უპირველესად კედლების სიუცხოვე ქრება.


/იან ფაქტორი/

p.s ვინც ბოლომდე ჩამოვა
ასე მგონია ასეთი მოხუცი ვიქნები
მინდა რომ აქ მენახებოდეს

Saturday, November 28, 2009

ყველაფერი ბედის ბრალია

„მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!"



დიალოგს გადავაწყდი http://sxvisi.wordpress.com/ ამ პოსტს ეხებოდა.
ჰოდა მოვედი და ამ ადამიანს აქედან ვამხნევებ, თუ ვეჩხუბები, თუ ვასწავლი.
არ ვიცი, დაარქვას რაც უნდა.
მე მინდა ვუთხრა კიარადა ვთქვა, არა უფროსწორედ ვიკითხო
რატომ დავეჩვიეთ ადამიანები საკუთარი წარუმატებლობების, საკუთარი შეცდომების, სხვებზე და უარეს შემთხვევაში ბედისთვის დაბრალებას?
რა გვენაღვლება!
ბედს ენა არ აქვს(თუ პოეტურად არ მივუდგებით) და თავსაც ვერ გაიმართლებს.
აღიარეთ საკუთარი სისუსტეები საკუთარი თავის წინაშე.


საშინლად "უიღბლო" ვარ. გამოცდაზე ერთი თემაც რომ არ მცოდნოდა, აუცილებლად ის შემხვდებოდა, ტესტში თუ პასუხი არ ვიცოდი, არ არსებობდა შემთხვევით სწორი შემომეხაზა.
სამაგიეროდ
შემდეგ გამოცდაზე ყოველთვის ბოლომდე მომზადებული მივდიოდი.

არაფერიც არ არის ბედის ბრალი, პირიქით.
და თუ მაინც ყველაფერი მისი ბრალია, მაშინ დაუმტკიცეთ მას რომ მასზე ძლიერები ხართ.
შეიქმენით მოტივაცია.
ვინმემ უბრალოდ ამიხსენით თუ არ მოგწონთ სტატუსი "უიღბლო", რატომ არაფერს მოიმოქმედებთ მის შესაცვლელად.
რატომ მოგწონთ როცა ეცოდებით?
"მოწყალება ამაზრზენი სიტყვაა
როცა გეხება-"


პრობლემა მგონია რომ შიშში მდგომარეობს, ან სიზარმაცეში.
გვეზარება ან გვეშინია წინგადადგმული ნაბიჯების.
მერე რაღაცამ შიგნიდან რომ არ შეგვაწუხოს,ვიჯერებთ რომ უიღბლოები ვართ.
სხვებსაც ვაჯერებთ.
"უიღბლო"_ ბა პრეპარატია რომელიც სინდისის ხმას ჩქმალავს
უკუჩვენებები: იწვევს შურს,გაბოროტებას, ადამიანებისადმი გაუცხოებას, გალოთებას.




დიახაც, იმდენივეჯერ წამოვდგები, რამდენჯერაც წავიქცევი
და მაინც ამოვთხრი.


პ.ს неудачники არ ხარ, თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.
მე გყავარ :თავმდაბალი:

Friday, November 6, 2009

წერილი


სალუტ.


ისე მოგესალმე როგორც ყველას.


ასე მისალმება ნატამ მასწავლა.
ნატა ძალიან მიყვარს და კიდე ის მიყვარს როცა ვინც ძალიან მიყვარს იმის სიტყვებით რომ ვლაპარაკობ ხოლმე.



ვამბობ არასდროს მიგრძნია რომ აქ არ ხარ მეთქი .
მაგრამ სიშორემ მაინც აღმართა კედელი, რომელიც არ არსებობდა ჩვენს შორის .
ეს სიშორე არ გულისხმობს იმას თუ სად ხარ.
ჩემზე აღმატებული გახდი და შენთან თითქოს მეტი მოკრძალება გამიჩნდა.
არადა ვგრძნობ შენ მეტად დამიახლოვდი.
ახლა უკვე ყველაფერი იცი, ისიც თუ რამეს გიმალავდი . ისიც იმიტომ რომ ჩემთვის იმაზე მეტი იყავი ვიდრე მეგობარი.

დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის .
ის წერილებიც ჩამოვხიე კედლიდან პატარა ფურცლებზე დაწერილს რომ გიკრავდი. ერთხელ ოთახში შევედი და დედა დავინახე იმ კედელთან მდგომი ტიროდა.
მე კიდე ვერ ვუძლებ მის ტირილს. შენც ვერ იტანდი.
ჰოდა ავდექი და ჩამოვხიე.
მომენატრე.
შენ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ამ გრძნობას.
იმდენი სალაპარაკო დამიგროვდა შენთან, იმდენი რამ მინდა მოგიყვე.
წერილებსაც ვერ გწერ არადა სიზმრის 20 წამიანი სერიები მხოლოდ გაოგნებისთვის კმარა რომ ისევ ჩემთან ხარ.
სურათს ხშირად ვუყურებ ხოლმე. ვცდილობ აღვიდგინო რას ვგრძნობდი მაშინ როცა გეხუტებოდი.
ვნერვიულობ რომ ამბობდი. შენ მე არ გიყვარვარო და მაინც მეფერებოდი.

არადა ისე მინდოდა შემძლებოდა გამომეხატა მაშIნ და ვერ ვერ ვერ
ყველაფერს ვინახავდი იმ ერთი დღისთვის როცა შენთან განშორება მომიწევდა.
და მაგრად ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი. მერე რა რომ ეს უბრალოდ აუცილებელი მოვლენა იქნებოდა სხვებისთვის, ან უბრალოდ ჩვეულებრივი ქცევა.
მე და შენ გვეცოდინებოდა რომ ეს ყველაზე დიიიდი სიყვარულის გამოხატვა იქნებოდა შენს მიმართ.

დედა სულ მეჩხუბება ცივი ხარო.
შენც მსაყვედურობდი ხოლმე.
რას ნანობო ? არაფერს_მეთქი, არადა ამას ვნანობ.ცუდია რომ გვიან მივხვდი.
იმის მერე მარტო არ ვტოვებ ხოლმე. მასთან ვწვები და იცი მეშინია მიკარების ღამით.
შორს ვწევარ, უცებ შენ არ ეგონო და მერე გამოღვიძებისას გული არ დასწყდეს რომ მე ვარ. ოღონდ ეს ეგოიზმი არ არის.
ვიცი, ჰო ვიცი ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ასეა საჭიროო.
ამაზე იმდენი ვიფიქრე იმდენი.
და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ჩათვალე ასე უფრო ძლიერი ვიქნებოდით.
როცა შენ ჩემთან იყავი მაშინ სულ ვფიქრობდი რა უნდა გამიჭირდეს, რა უნდა შემემთხვეს, რომ მოვიხედებოდი და უკან შენ ჩემი მთასავით ადამიანი იქნებოდი.
ახლა კი როცა ცუდად ვარ უკან მექანიკურად ვიხედები და იმდენჯერ მწყდება მუცელში რაღაც.
სამაგიეროდ უკან არასდროს ვბრუნდები და ყოველ ნაბიჯს წინ ვდგამ.
ჰოდა ვიცი ზუსტად ამიტომ გადაწყვიტე წასვლა.
რა ეგოისტი ვარ.


გვიანი შემოდგომა მოდის. მე ქრონიკულად მცივა.
ყველას უკვირს რა მცივანა ხარო.
რა იციან, რა იციან.


შენნაირი მინდა ვიყო.
მასწავლე რამით, როგორმე, როგორ გავიმეტო გრძნობები , როგორ გავიმეტო სიტყვები.
დავიწყების შიში დამჩემდა.
მეშინია არ დამავიწყდე.
ხშირად ვატრიალებ იიმ ვიდეოს , სიღნაღში რომ ვიყავით. მარტო ერთ ადგილას ისმის შენი ხმა.

ვაიმეეეე.
სულ ამის თქმა მინდება ხოლმე
რა ძაღლები ვართ.


მინდა მოგიყვე როგორ შევიცვალე მერე.
მე ვერ ვგრძნობ, სხვები მეუბნებიან. გაიზარდეო .
არა ვუტყუები ვგრძნობ როგორ არა, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ვკითხულობ ჩემი დღიურის ძველ ჩანაწერებს.
როცა ზევით ამოვდივარ თავს მშვიდად ვგრძნობ.
სიჩუმეა და სულ ქარი ქრის იქ.

ქეთინო მეჩხუბება სისულელეებს ნუ ლაპარაკობ თავს სასაფლაოზე მშვიდად როგორ უნდა გრძნობდეო .
ვიცი იმას ეშინია მაგას რომ ვამბობ და იმიტომ მეჩხუბება.
ადრე ვერ დავდიოდი. ბოლო დროს ხშირად მინდება.
მარტო არ მიშვებენ, დამაფიცა მარტო არ ახვიდეო .




ნატამ მითხრა შემოდგომა არ შეიძულო მაგის გამოო .
შენთვის რომ ეკითხათ უნდა წავიდეს და რომელ დროში გინდა რომ წავიდესო . აუცილებლად შემოდგომას ეტყოდიო , სხვა დროს ვერ გაიმეტებდიო .
ნუ ადანაშაულებ . ჩუუუო .
ახლაც ხშირად ვიყურები ცაში.
ოღონდ იმიტომ აღარ რომ ის გზა ლონდონამდე მიმიყვანს.
აღარც იმიტომ რომ ცა ცამდე მიყვარს,
არც იმიტომ რომ ცა ოდესმე სარკედ გადაიქცევა.
იმიტომ რომ შენი სახლი იქ არის.
სხვისი მამები ბერდებიან. სამაგიეროდ შენ არასდროს დაბერდები.

ცამდეეეეე
წავედი ახლა ქეთინო შემოვიდა ოთახში, არ მინდა დაინახოს რას ვწერ.

Thursday, October 22, 2009

ჩემი ბედნიერება_შენი თავისუფლებაა



შენ არ იცი რა არის ბედნიერებაო მითხრა.
ვიცი_მეთქი
და არაო, ეგ არ არის ბედნიერებაო, შენ უბრალოდ უბედური არ ხარო.
რა საშინელი სიტყვაა უბედური.
შემცივდა.

ხოდა ეს არც ის მდგომარეობაა როცა "უბედური არ ხარ".
სწორედაც რომ ეს მაკმაყოფილებს და სწორედაც რომ ამით ვარ ბედნიერი.


ამით ვარ კარგად.
ჩემი ბედნიერება ჩემების კარგად ყოფნაა.
სხვანაიარად არ შემიძლია.
როცა ცუდად არიან, მე არც მეშინია და არც გული მტკივა.
მუცელი მეწვის ხოლმე.მუცელიიი.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თბილი საბანი.
კიდევ ის, რომ მაქვს სახლი,სადაც ღამე მძინავს.
სადაც ყოველ საღამოს ვსვამ ტკბილ ცხელ ჩაის.
რომ მაცვია ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი,
მიჭირავს ის ჩანთა რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა მაღაზიაში.
მაქვს სამსახური და ფანჯარა სამუშაო ოთახში, სივრცის საყურებლად და იმისთვის რომ ვისუნთქო.
რომ მაქვს ხელებში ძალა, ეხლა ეს პოსტი ვწერო.
წვიმის ხმის გაგონება ხომ შემიძლია ჩემი ფანჯრებს რომ უტყაპუნებს ხოლმე.
და მხოლოდ მზეს რომ არ ვხედავ.
სწორედაც რომ ბედნიერი ვარ.
რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მას რომ ეს ყველაფერი შესძლებოდა, ოღონდ შესძლებოდა და მთელ ამ ბედნიერებას ვთმობდი.
სულ ვუთმობდი.
უფალს ვთხოვდი წინა წამით მე, ვიდრე ის და მთელი ეს ყველაფერი მას.
ისე ვუთმობდი ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ეს სურვილი თუ შესრულდებოდა, ყველაფერი ისევ მისთვის გაცილებით მტკივნეული და ცუდად იქნებოდა.

ის ალბათ ახლა იქ ბედნიერია.
თუნდაც იმით რომ მე აქ ასე ვფიქრობ.


სქოლიოზიანი ემბრიონი -ს პოსტი გამახსენდა ეხლა უცებ.



იმან_
ჩემი ბედნიერება-თავისუფლებააო.
შენ თავისუფალი ხარ, უბრალოდ უნდა იგრძნო ეს მეთქი.
და არაო შენ არ იცი რა არის თავისუფლებაო.
ვიცი მეთქი.
და არაო, მოძებნეო.
შენ ახლა უბრალოდ ბორკილდადებული არ ხარო.



ჰოოო, ცოტა დამაფიქრა.
ვეძებ თავისუფლებას და ძებნას ჩემი სურვილებიდან ვიწყებ.



Friday, July 24, 2009

ბაბუს

გამარჯობა ბაბუ.

როგორ ხარ?
იცი ვიცი ეს წერილი რომ არ მოგივა არასდროს.
ვიცი რომ ვერ წაიკითხავ ვერასდროს..იმიტომ რომ შენ აღარ ხარ.
ხო ბაბუ აღარ ხარ.
ბაბუ ვნანობ..ვნანობ შენი სიკვდილის მერე 40 ღამე რომ საერთოდ არ მეძინა.
ბაბუ იმასაც ვნანობ..რომ შენი მეშინოდა..
მაპატიე ბაბუკა ისიც რომ ვერ გიყურებდი მაგ მოჭრილ ფეხებზე.მეშინოდა ბაბუ..
ისიც მაპატიე წყლის მოტანა რომ მეზარებოდა ხოლმე შენთვის...შენი საყვარელი რკინის „კრუშკის“ გადმოღება.
მაინცდამაინც იმით რომ გიყვარდა წყლის სმა.
მე კი გეჩხუბებოდი....
იცი ბაბუ?
მე სულ მესმის შენი სიცილი ბოლო დღეს..ჩემს ბავშვურად მოყოლილ არასასაცილო ანეგდოტზე..
ბაბუ სურათის მეშინოდა კიდე..ყველგან რომ დამყვებოდა შენი თვალები..
ვეღარ ვუყურებდი....
ოთახში ვერ შევდიოდი...
არ უნდა შემეხედა შენთვის სიკვდილის პირველ ღამეს?
გახსოვს კონცერტი რომ ჩაგიტარეთ მე და ნანუჩიმ?
ბაბუ ის თუ გახსოვს სიმღერა რომ მასწავლე?
"მივალ მივყვებიიი, ჩემი ცხვრებით..“
მე ახლაც ვღიღინებ ხოლმე.
ბაბუკა..
დღეს მე შენი სურათი ვნახე და იცი რას მივხვდი?
რას და, ბაბუ კი არ მეშინოდა..შენს ოთახში..
არა ბაბუკა, არც შენი სურათის შიში მქონდა..
უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა..
ვერ ვუყურებდი სურათს თვალებში..არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მხოლოდ სურათი არსებობდა...და თვალები ცოცხალი არ იყო..
მერე ბაბუ შევაჩვიე თვალი..
მერე ვაკვირდებოდი ხოლმე, მიღიმოდი თითქოს ხან..
მერე გესაუბრებოდი ხოლმე ხშირად..
ეს მითხარი ბაბუ...რატომ ტიროდი მიცვალებული?
ბებოს რომ ვკითხე მითხრა არ უნდა წასვლაო..
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და ისევ იგივე კითხვა დავსვი...ბიოლოგიური ახსნა მივიღე..
არ მინდა ბაბუ...აღარ მინდა ახსნა..
ჩმს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს..
ორჯერ გნახე ბაბუ მტირალი სულ...
ერთხელ წერილი რომ გამოგიზავნე ქალაქიდან...იმ ღამით გნახე სიზმარში ხელში ჩემი
წერილი გეჭირა და ტიროდი...
ბებომ მომწერა მერე ბაბუაშენმა იმდენი იტირაო...სულ ტირილ-სიცილი ჰქონდაო..
არ მინდა ბაბუ...შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...
არავინ იცის..
კეთილი იყო დალოცვილიო..
კაი კაცი იყოო..
ხუმარაო...
და ბაბუ...დღეს სურათში იმხელა სევდა იდო ბაბუ...სახე არ ჩანდა..
მხიარული იყავი ბაბუ?
იცი ბაბუ მახსოვს ჩემი ნიკაპით რომ ამყობდი..
მე და შენ ერთნაირი ნიკაპი გავქვსო.
წიწილები რომ დავბანეთ მე და დათომ გახსოვს?
რა გულიანად იცინე?
ბებია რომ გაგვიბრაზდა..
შენ კი ეჩხუბებოდი..გაანებე ქალო ბაღნებს თავი..გეერთნენ პაწაო..
ბაბუ..
შენ ჩემი უთქმელობა ხარ..
პირველად გამბობ...
ბაბუ დღემდე ვერ ვიტან შემწვარ კარტოფილს..
იმიტომ რომ მაშინ შენი სიკვდილის მიზეზი ასე ამიხსნა ექიმაა.
ლუკმა გაეჩხირაო..
ბა..
შეხვედრამდე..

Monday, May 25, 2009

ძმას

აუ, ეხლა იცი რა გამახსენდა?

გახსოვს მთა და კოცონი, გარშემორტყმული ბევრი ბავშვი და დიდი.

გიტარას უკრავდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდათ ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

თურმე, თურმე...

ბლინები მომენატრა, იქ გაკეთებული და სუნი..სუნი..სუნი...

წყლის გემო...

ხის სუნი(სახელი აღარ მახსოვს) ცეცხლი რომ სანთელივით ეკიდება,

ლამფა მენატრება,

და ის ღამეები ბარში გაგანია ზაფხული რომ არის და იქ გცივა, გცივა და ვერ თბები, მერე აივლი რამოდენიმე საფეხურს და შეხვალ ლამფიან ოთახში და ჩაწვები და წყნარი ღიღინი რომ გესმის მეზობელი ოთახიდან "ჩემს პატარას ეძინებააა" და შენც რომ ტკბილად ჩაგეძინება.

გრძელი სკამები მენატრება და ის ვარსკვლავებიანი ცა, ყოველ წამში ერთხელ რომ წყდება ვარსკვლავი და მაინც ვერ ასწრებ სურვილის ჩაფიქრებას, არაუშავს სამაგიეროდ იმედი გაქვს რომ მომდევნოზე მოასწრებ.

სიარული მენატრება უთავბოლოდ "ნაძვნარში" ფეხით ბოდიალი,მთის ციცაბო ფერდობებზე,

ობოლი ქვა მენატრება, ეხლა ალბათ აღარ არის იმხელა როგორიც ადრე მეჩვენებოდა.

ნისლი, ნისლი, ნისლი რომ ცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქო, ისე ღრმად რომ ფილტვების ლამისაა გასკდეს სუფთა ჰაერით.

"კაიმაღი"-ს (არაჟანი) გემო?

დილით ყვირილი: აკვანი, კევი, საგორიალა, მაწონი, კაიმაღიიიიი"

ლოტოს თამაში.

მოვახერხოთ რა, აი მოვახერხოთ და ავიდეთ ერთად კიდევ მერე, შვილები რომ გვეყოლება და ოჯახები და მერე კიდევ უფრო კარგად გავიგებ რატომ აქვთ იქ ადამიანებს ასეთი მშვიდი და ბედნიერი სახეები.

ბახმარო