Tuesday, October 14, 2014

Letter for Peter Pan

                                            - იცი ვენდი? ერთ გოგოს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ვიდრე ოც ბიჭს ერთად აღებულს


შუაღამემშვიდობისა პიტერ,შენ ახლა შუა ძილში ხარ და ნევერლენდში ალბათ ვარსკვლავებით სავსეა ცა.მთვარე ალბათ უკვე დაათვალიერე ტელესკოპით.ადრე მითხარი იმდენად კარგი ადამიანი ხარ, შენი ლონდონში გაშვება არ მინდაო.სულ მაინტერესებს პიტ საიდან მოიტანე რომ კარგი ვარ?იცი ადრე ჩემს მანქანას უკან რა ეწერა?"THIS CAR GOES TO NEVERLAND"

მოგიყვები როგორ ვარ.ვფიქრობ ბევრს- ადამიანებზე ვისაც შეგნება არ აქვს.საიდან მოდის შეგნება, განათლებიდან თუ გენეტიკურია?ადამიანებზე ვისაც ჰგონია, რომ ვინმე მასზე რაიმე მხრივ დაბლა დგას და მიკვირს ნეტავ თავისი თავი დედამიწისთვის თუ შეუდარებიათ?ვფიქრობ ათეისტებზე. ნეტავ როცა ძალიან ცუდად არიან და გამოსავალს ვერ ხედავენ რაზე ფიქრობენ?ისევ დილემაა როცა ადამიანი მატყუებს და მივხვდი და ხმა არ ამოვიღე ნიშნავს რომ მომატყუა, თუ ვერ მომატყუა?ვფიქრობ შემთხვევითი ამბები სასჯელია, გამოცდა თუ საჩუქარი თუ უბრალოდ არის?ვფიქრობ ხშირად რატომ არ ვიცინი?ვფიქრობ რატომ ეშინიათ ადამიანებს საკუთარი თავების ყველაზე მეტად და რატომ არ არიან საკუთარ თავებთან გულახდილი?ვფიქრობ ჩემი შენთან ახლოს ყოფნა ძალიან საშიშია შენთვის,ვფიქრობ რომ მართლა არ არსებობს კოკა-კოლაზე გემრიელი სასმელი,ვფიქრობ რომ ლურჯი ყველაზე მაგარი ფერია და არ შეიძლება სილურჯე ერქვას გარდაცვალებას,ისევ ვფიქრობ რომ ხედზე უფრო მნიშვნელოვანი გზაა მწვერვალამდე,და ვფიქრობ , რომ მითია ქალბატონი დარლინგის სიტყვები ჩემი ღიმილის კუთხეში დამალულ კოცნაზე, რადგან შენ ის არასოდეს შეგიმჩნევია.ვფიქრობ აღარაფერს ვიტყვი, თუკი სიჩუმეს უკეთესობისკენ არ შევცვლივფიქრობ რომ რაც ხდება, ყოველთვის დროულად ხდება.და მგონია რომ თუ შეცდომას დავუშვებ ჯობია დროულად გავიცინო.კარგია ჩინური სიბრძნე.ვფიქრობ რომ უკვე დიდი გოგო ვარ და ,,ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი იზრდება, ერთის გარდა." სიყვარულით ვენდი






Thursday, October 2, 2014

Dear Father

"მამა, უთხარი ღმერთს,
უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები,
რომლებიც საღამოობით სხედან ფანჯრის რაფებზე,
ერთადერთი ნათურის ქვეშ,
ნიკაპით ეხებიან მუხლებს
და ხელების ერთმანეთზე ჩაბღაუჭებით იკავებენ კანკალს,
რომლებიც დაღამებული თვალებით დასცქერიან
ბებიების მოქსოვილ წინდებში გახვეულ,
გამხდარ ფეხებს,
რომლებმაც საბნის ქვეშ კითხვაში გაატარეს ბავშვობის ნახევარი,
რომელთათვისაც წარსულს მხოლოდ გაიშვიათებული ნავთის სუნი აქვს,
რომლებსაც უკვე დაავიწყდათ,
როგორია მამებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება,
კარაქიანი პურის და შოკოლადიანი რძის გემო,
საწოლთან აღმოჩენილი ცივი ფორთოხლების გემო,
ან, უბრალოდ, უდარდელობის გემო."  /სალომე ბენიძე"



დილამშვიდობისა მამა,
ყველაზე რთულია წერილი ისეთ ადამიანს მისწერო ,ვინც აღარ არის.
ყველაზე ძნელია შენი მონატრება.
უფროსწორედ შენს მეტი არავინ არ მენატრება.
შენი დახმარება მჭირდება,
მინდა გთხოვო რომ გამანთავისუფლო.
ვიცი ეს წერილი გატკენს, მაგრამ მჯერა რომ სწორად გაიგებ.
მამა, ძალიან დავიღალე ერთდროულად დიდი და პატარა გოგოობით.
პატარა მაშინ ვარ როცა შენ მახსენდები, როცა წარმოვიდგენ რომ ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდი, როცა ყველა მოვლენას ვუყურებ "მამიკო, რომ ცოცხალი ყოფილიყო".
გთხოვ  მომეცი საშუალება გავიზარდო, ვიყო დიდი რომელსაც შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია თვითონ გადაიაროს წინააღმდეგობების მთა. რომელსაც ყველა არ უყვარდეს და ამის გამო სინდისი არ აწუხებდეს, რადგან შენ არ მოგეწონებოდა სხვანაირად.
გამიშვი.
მინდა ვიყო თავისუფალი.
როცა შენი გარდაცვალების გამართლებას ვეძებ,  ვფიქრობ ალბათ იმისთვის რომ რაღაცნაირად  სწორი გზა მოგეცა ჩემთვის.
არ ვყოფილიყავი, ფუქსავატი, განებივრებული მამიკოს გოგო, რომელსაც შეეძლო  მაშინ ეტირა,როცა მოუნდებოდა. სულ პატარა იყო  შენთვის.
მაშინ არაფრის არ მეშინოდა დედამიწის ზურგზე, მხოლოდ ლოგინის ქვეშ ვიყურებოდი ხოლმე ძილის წინ.
ახლა ყველაფრის მეშინია, მეშინია მანქანის სიჩქარის კოლოფი არ იყოს გაფუჭებული, მეშინია დედა ავად არ გახდეს, მეშინია სამსახურის არ ქონის და ამის გამო იმ საქმეს ვაკეთებ რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, მეშინია სესხის აღების ფოტოაპარატის საყიდლად, მეშინია ვინმეს იმედი გავუცრუო, მეშინია მომავლის, ისე მეშინია რომ ყოველდღე მგონია რომ ბოლო დღეა.
გამანთავისუფლე და მასწავლე აღარ მეშინოდეს;
მასწავლე გადავეჩვიო ლოგინის ქვეშეთის შემოწმებას;
მასწავლე შევეშვა სამყაროს ფერადად ყურებას;
მასწავლე შენს სილუეტებს აღარ ვეძებდე,სხვა ადამიანების სილუეტებში;
მასწავლე ადვილად არ ვენდობოდე  და არ მიყვარდებოდეს;
მასწავლე შენი სურათების დათვალიერება;
მასწავლე ნაკლები ნერვიულობა, რადგან ჩემი ჯანმრთელობა საფრთხეშია ამის გამო.
მასწავლე ისე როგორც მაშინ როცა მდინარის შუა გულში დამტოვე და წამოხვედი და მე მას შემდეგ კარგად ვცურავ.
ისე როგორც მაშინ, როცა ნაძვების ხატვა არ გამომდიოდა,



ახლა იმიტომ გადავწყვიტე ამ წერილის მოწერა,რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა.
მინდა ხვალიდან დიდი გოგო ვიყო.
გილოცავ ჩემს დაბადების დღეს მამი