Friday, November 8, 2013

სახლი არის იქ, სადაც არის აფხაზეთი.

# 1

როცა თვალებს ხუჭავს, ის მზეს ხედავს.
მზე თვალებში ანათებს.
მწვანე, მწვანე ზღვის ტალღებზე ზურგით წევს და არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს შეიძლება მხოლოდ სიზმრად დარჩეს.
სიზმრად, რომელიც ქრონიკულად ესიზმრება.
მახსოვს, როცა მას ჩემი შეთხზული ამბავი მოვუყევი, იმაზე თუ როგორ მიდიოდა მატარებლით თავის თხელ გოგოსთან ერთად ქალაქში და ბოლოს ვუხსენე რომ ეს ქალაქი სოხუმი იყო. იტირა.
არ უთქვამს, რომ იტირა ჩემით მივხვდი.






# 2

როცა დედაჩემი იხსენებს გაგრას, თვალები უბრწყინავს.
ალბათ კარგი მოგონებები აქვს.




# 3
სულ ჟრუანტელი მივლიდა, როცა ყვებოდა ამბავს როგორ გამოუშვეს სახლებიდან, რა პირობებში ცხოვრობდნენ ივერიის სასტუმროში და როგორ ვერ იტანდა, როცა "ლტოლვილს" ეძახდნენ. მაშინ გავაცნობიერე როგორი შეურაცხმყოფელი იყო სიტყვები "დევნილი". "ლტოლვილი"


# 4

"აფხაზეთი ჩემთვის მამაჩემია და ის ორიოდე კადრი, რომელიც დღემდე მიტრიალებს თვალწინ."  თქვა სალომემ და მე ძალიან კარგად მახსოვს მისი თვალები, როცა ნინას ვუსმენდით. ვიცოდი, რომ იქ მყოფებიდან ყველაზე მეტად კაწრავდა მის გულს მონათხრობი ისტორიები. არასოდეს უსაუბრია ჩემთან აფხაზეთზე.




 # 5

ცეკვაზე დავდიოდით ერთად.
სულ ჩუმად იყო.  თვალებში ზღვა ჰქონდა.
როცა  რაიმე შენიშვნას მისცემდნენ, ზღვა ღელვას იწყებდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა.
ერთხელ ადრე მივედი რეპეტიციაზე. გასახდელში დამხვდა და ტიროდა.
რა მოხდა მეთქი და ჩემი ბაღის ჯგუფელი შემხვდაო.
და მეთქი რა გატირებს და სოხუმში დავდიოდით ერთადო.
მხრები ავიჩეჩე. არც მიცდია გამეგო.





# 6


ავტორი არ მახსოვს.
თხელყდიანი წიგნი იყო. " სოხუმის დაცემა"  ასე ერქვა.
რომ დავამთავრე მამაჩემს მივუბრუნდი და
მეთქი მა რამხელა ამბავია ამ 72 გვერდში ჩატეული მეთქი.



# 7

პირადად არ ვიცნობ.
რაღაც ვკითხე და ისეთმა გულანთებულმა მითხრა, თუ არ დავბრუნდებით. მე მაინც წავალო, დავიჯერე.




მე არ ვიცი დაბრუნდებით თუ არა.
მაგრამ ძალიან მინდა ჩემი საყვარელი ტბების სიის თავში რიცა იყოს.





Monday, April 22, 2013

ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი

ძალიან მიხარია ამ ფილმის გმირი რომ არ ვარ და ამ ფილმის სახელი რომ ამ პოსტს ჰქვია.
სულ სხვა სცენარია.
ყველაფერი დაიწყო ასე...
  იქეთა ამბავი:  მიუნხენის აეროპორტში რომ ზიხარ და ფიქრობ "მოდი ტელეფონში შეტყობინებებს მაინც წავშლი" და ამ შეტყობინებებში რომ აღმოაჩენ ერთ უბრალოდ ყურადღებიან მესიჯს და რომ მოგინდება მადლობა გადაუხადო დიდი ხნის წინ გამოჩენილი ამ ყურადღების გამო.
  აქეთა ამბავი:
YOU HAVE   UNREAD MESSAGES !!!
   იმედგაცრუებული ხარ.არავისთან საუბარი არ გსურს და ყელში ბურთი გიჭერს.
   იმხელა სიმშვიდე მოიტანა ამ შეტყობინებებმა.
   ზიხარ და რომ ფიქრობ რომ რით დაიმსახურე ეს კარგად ყოფნა.
   ბევრი შოკოლადი, ბევრი ყვავილები, ვარსკვლავებიანი თვალები.

ჩემი ამბავი:
  როცა გამაცნო ამას ვაკვირდებოდი მეთქი აბა როგორ არის, აბა თავის თავს ხომ არ ატყუებს და მისი სიმშვიდე მეც გადმომედო ისე წყნარად მოხდა ყველაფერი.

  მერე პარიზი და კადრი ეიფელის ფონზე .
  ისეთი აჟიტირებული იყო, ვგრძნობდი როგორ ტიროდა და გაუთავებლად იმეორებდა მითხარი, მითხარი, მითხარი
 სინამდვილეში ვიცოდი რომ იმ საღამოს ეიფელის რომელიმე სართულზე ხელს სთხოვდნენ და სულ არ მეპარებოდა ეჭვი რომ ეს თანახმა იქნებოდა.
 მაინც ვნერვიულობდით ყველანი. ისიც.
 აი ისეთია  ის   შენი საუკეთესო მეგობრისთვის რომ ინატრებდი და იტყოდი რომ ასეთი კარგი ჰყავდესო.
  აეროპორტში რომ დავხვდით მე და მარიამი ის გზა არასოდეს დამავიწყდება, ძალიან თოვდა და ნელა მივცურავდით დილის რომელიღაც საათი იყო და გულისცემა კაცმა არ იცის რამდენი.
  რომ ჩამოვიდნენ და არ გველოდა ეს. სახე გაუბრწყინდა დაღლილს. მისი ყველა ემოცია მახსოვს.
 მერე საღამოები მის სახლში და ერთ-ერთ საღამოს მისი კივილი "ვაიმეეე 2 ხაზიაააა"
 როცა აფთიაქში ტესტი ვიყიდეთ ვეუბნებოდი გული მიგრძნობს  დადებითი იქნება -მეთქი.მაინც ვფიქრობდი "ეხლა რომ მართლა იყოს"  და მართლა იყო.
 ქორწილი.
 მიხაროდა. გოგოები ჩემი მანქანით გზაზე კოკისპირული წვიმა და ხასხასა მწვანე ხეები.
 მუსიკა და ბევრი კარგი ამბის გახსენება.
 ხელისმომკიდეები ერთნაირ ტანსაცმელში.
 სტუმრები და იასამნისფერი და თეთრი.
 ცერემონია ტბის პირას.
 ეს მამამ მოაცილა იქამდე
 და მერე როგორც ხდება ხოლმე.
 ისეთი ქორწილი იყო არასოდეს რომ არ დაგავიწყდება.
 ვთქვი რომ ეს ამბავია რომელიც მაბრუნებს ბავშვობაში და მჯერა რომ ზღაპრები მხოლოდ ზღაპრები არ არის და რეალურადაც ხდება ასეთი ამბები.




 

  





Wednesday, February 13, 2013

silent dreams


ერთხელ მან თქვა-შენი სიმშვიდე ჭკუიდან გადამიყვანს.
მე ვუპასუხე- რაც ვარ ეს ვარ. 
გავიფიქრე-"ვერც შენ შეძელი"
წავიდა. 
გავიფიქრე " წასული და დაბრუნებული ბევრი მინახავს" 
 გავიფიქრე " კიდე ვერ მიხვდა " 


დაბრუნდა და ვუთხარი რომ ყველა ზურგი მზრდის.

იმას ეუბნებოდა შეიცვალაო. 
ენამწარე გახდაო და იკბინებაო. ასეთი მინდოდაო რო ყოფილიყოო.

მერე გამახსენდა ფ რომ ამბობდა აბჯარიაო შენი სიმშვიდე და რას მალავო მაგ აბჯრის უკან იცოდე ვიციო.

მაშინაც გავიფიქრე- " შენი მეშინია მეთქი და გავიქცევი " და უცებ მითხრა ვიცი ამ სიტყვების რომ შეგეშინდება და წახვალო და მე კიდე ვუყურე ვუყურე და წამოვედი.  და მითხრა ეგოისტი ხარო და გავიფიქრე "არ ვიცი რა მინდა" 

და ვგრძნობდი როგორ უნდოდა თავი მიმეტრიალებინა და მეთქი არ გაბედო და არ მივატრიალე. გაიფიქრა " ეგ აბჯარი დაგღუპავსო" და მერე მეთქი მაშინ ასეთი რა გაიფიქრე და რა იყოო წყევლად ხო არ გექცაო. 
გავიფიქრე " ისევ მეშინია" და ვთქვი " წყევლა მაწყევარისაა" მეთქი.  და გაეცინა წადი შე გურულო ენამწარეო და მეთქი კაი ჰო გნებდები და შენი დანებება არ მინდოდაო შენთან ერთად სირბილი მინდოდაო ცხენებითო და შენ კიდე მიმტკიცებდი რო მშვიდი ხარ და ცხენები არ გიყვარსო. მეთქი მეშინოდა და ეხლაც გეშინია და მაინც წახვალო. და სევდიანად გამეღიმა და შენს თავზე მეტად არავინ შეგიყვარდებაო და მეთქი კიდე იწყევლები? და არა გლოცავო და გამეკრიჭა და მეთქი ვინანებ? და სულო და სულო და არავის გაიკარებო ახლოს თუ კარი არ შემოგიმტვრიესო და მეთქი მაგიტო მეშინია შენი და ვიციო მარა ვერ გიმალავო და მეგობრობა მეთქი და წადიო შეურაცხყოფას მაინც ნუ მომაყენებო და კაი მეთქი და აღარ მივსულვარ.  
მახსენდება ხოლმე . თუ კარი არ შემოგიმტვრიესო და ისევ სევდიანად მეღიმება .
მერე დამესიზმრა და შენ კიდე შემომტვრევას ელოდებიო?  და მეთქი კაი რა ფ და ხო იქნები ბედნიერი მეთქი და კიო. მარა შენ გააღე რა ეგ ცხრაკლიტულიო და დაენახე როგორ გიხდება სიშიშვლეო და მეთქი თვითონ გააღოს და მე სულ ვფიქრობდი რო შემეშალაო შენთანო და მეთქი რა შენი ბრალია რო არ მიყვარდი და ხელი ამიწია კარგადო რო იცოდა ისე და წავიდა. 
მეთქი რა ამისი ბრალია და უცებ წკაპ და მივხვდი რატომაც მათქმევინა. 
მერე კიდე ერთი იყო და ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ და წავიდა და მე ისევ ვერც ამან გახსნა და კაი გავხსნი კარს მეთქი მარა ჩ ა ჟ ა ნ გ დ ა და ჩამეკეტა და მაგდენი ძალა არ მაქვს გამოვანგრიო. 
ახლა საკანში რო ზიხარ და რო გენატრება როგორ დააქროლებდი ველოსიპედს,თავსხმა წვიმაში სველ მაიკა შემოტმასნილი. როოგორ იჯექი ტროტუარზე ავტობუსის გაჩერებაზე და გეცინებოდა გამვლელების ჩუმად ჩალაპარაკებაზე გიჟიაო. 
და გული გერევა შენს თავზე რო ერთხელ მართლა გიყვარდა შენს თავზე მეტად ისე რო ითმინე ,  ითმინე და ყველა სიგიჟეს თავშივე კლავდი იმიტო რო არ მოსწონდა და ყველა ცრემლს უკან იბრუნებდი და მილიონჯერ გაჩუმდი და სიმშვიდე ისწავლე. გული გერევა და ფ გახსენდება რომ გეკითხებოდა ვინ ჯანდაბამ გაგიკეთა ეგ ჯადო დამაჭერინა და თავი გამახევინაო და გეცინება და ფიქრობ რა მაგის ბრალია რო არ მიყვარდა.





Sunday, February 10, 2013

ის ვინც მიყვარს

ის ამბობს რომ მყუდრო ვარ.
ის ამბობს რომ შეუძლია მთები გადადგას ჩემმა სიმშვიდემ.
ის ამბობს რომ ხმელიფოთლების სუნი მაქვს.
ის ამბობს რომ მაგარი გოგო ვარ.
ამბობს, რომ ყველას არ შეუძლია დაინახოს როგორ ჩუმად შემიძლია გადავატრიალო სამყარო.
ის ამბობს რომ როდესაც მძინავს მთებს ვესიზმრები.
ამბობს რომ ხანდახან სასაცილო ვარ.
ამბობს რომ შემოდგომა ვარ
ამბობს რომ ჯაზს ვგავარ
ამბობს რომ ჩალისფერი ვარ
რომ ძაბვასავით ვარ და დენს ვურტყამ.
რომ პანაცეა  ვარ.
"შეიძლება მთელი ფურცელი არ იყო და ერთ პატარა ნაგლეჯად ვიღაცამ ჯიბეში შეგინახოს"
მე ვეუბნები "შენ გიყვარვარ"
და მეუბნება შეუძლებელია არ ვუყვარდე.
მან იცის რომ ამ სიყვარულისგან ხანდახან გაქცევა მინდება ისე მეშინია და ვაჩუმებ როცა ამბობს რომ ვენატრები და ვეუბნები რომ მე ჩემი თეორია მაქვს როგორ არ მოგენატრო.
და მას ეცინება.
ახლა მას პეპლები  უფრინავს მუცელში და მე ვეუბნები რომ აღარასოდეს გაბედოს ცუდად ყოფნა.