Showing posts with label გურია. Show all posts
Showing posts with label გურია. Show all posts

Saturday, June 25, 2011

ჩამბო


ჩამბო ჩემი მეგობრის საუკეთესო მეგობარი იყო.
როცა მას იხსენებს, ჩემს მეგობარს ხმა ეხლიჩება და მისი გული ძალიან დიდი სიხშირით იწყებს ცემას.
–"ის ძალიან კარგია, წყნარია და ხუმარა და ერთგული. პატარა ბავშვებთან ტოვებენ მარტო. პატარებს რომ ხედავს გიჟდება, მისდევს და ლოკავს. წყალი უყვარს ძაან.ზამთარში შეუძლია მდინარეში იცურაოს.მერე ფეხები ეყინება,
  • მარა როგორც კი წამოდგება ისევ გარბის."
  • სახლიდან რომ მიდიოდა ზურა, ჩამბოს სახლში კეტავდნენ.თავის ეზო–კარს
    500 მეტრით რომ
    მიუახლოვდებოდა , ჭიშკართან დახვდებოდა, ოჯახის წევრები კი იგებდნენ, ზურა სახლში ბრუნდებოდა.
    როცა ქალაქში იყო,ჩამბო მის ოთახში ადიოდა ყოველ დილით,ლოგინს ყნოსავდა.
    –"მანქანა რო დაეჯახა,მითხრეს სუსტადააო და მალე მომკვდარა.მე სექტემბერში ჩავედი და ეგ გაზაფხულზე
    მოხდა.ამდენი ხანი ვიცოდი რო კარგად იყო. ხოდა ჭიშკართან რო არ დამხვდა,
    • მივხვდი.
    • მერე ისე ვიკითხე
    • სადაა მეთქი.
    მახსოვს მამაჩემმა მითხრა. ვერ გეუბნებოდიო.
    • ჩვენც ძან განვიცადეთო.
        • ყანაში ან სადმე თუ მიდიოდა,
      • მარტო ეგ დაყვებოდა.
        • სიმინდს წამოაქცევდა და ხრავდა.
          • ისევ რო გავჩითო,
          • ავიყვან
      • მარტო ამ მოგონებების გამოც
    "

მე და ზურა იმაზეც შევთანხმდით, რომ ხშირად ცხოველებს მეტად უყვარდები, ვიდრე ადამიანებს და ბევრ ადამიანს ჯობია ცხოველი. რაოდენ ცუდი ფაქტიც არ უნდა იყოს ეს და მითუმეტეს ცუდი ასაღიარებელი.
ჩამბოზე მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი. კიდევ მინდოდა რაიმე მოეყოლა, მაგრამ შევატყვე უჭირდა ამ თემაზე საუბარი და გავჩუმდი.
მერე ვფიქრობდი რა მაგარია ასეთი მეგობარი. უყურებ თვალებში.ესაუბრები და ზუსტად იცი რომ გისმენს, ზუსტად იცი რომ შენზე გიჟდება და ერთი სული აქვს როდის გადაუსვამ თავზე ხელს, ყურებქვეშ შეუუცურებ და გაიტრუნება.
ზუსტად იცი რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს გატკენს გულს,არასდროს გიღალატებს. სულ მოგისმენს და თვალებით გელაპარაკება.
მერე მე ჩემი ბაბუს პატარა ძაღლი გამახსენდა. ჩაპა ერქვა. ბაბუ ამბობდა, ეს რომ მისმენს და
ესმის ჩემი, ნეტა თქვენ მიგონებდეთ მასეო და გჯეროდეთო.
მეც ვიჯექი ჰამაკში ხოლმე და ჩაპას ჩემს ისტორიებზე და საიდუმლოებზე ვუყვებოდი. იჯდა წინა ორფეხზე და მისმენდა.ერთი სული მქონდა ჩავსულიყავი და მთელი წლის ნაგროვები ამბები მომეყოლა. ბაბუს გარდაცვალების მერე, ჩაპა მის ლოგინს არ მოშორებია.ბოლოს გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო. მინდა მქონდეს დიდი ხისსუნიანისახლი და მყავდეს ასეთი საუკეთესო მეგობარი.
p.s ერდელტერიერი ესეც ჩვენი ჭკკვიანი ჩამბო

Monday, September 6, 2010

როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები

იმდენი ტანსაცმელი ჩავყარე ჩანთაში,თითქოს ზაფხული უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
ზაფხული-მეთქი, თორემ არდადეგები 7 დღეს მოიცავდა.
გზაზე წითელი ჰამაკი ვიყიდე, შაბიამნისფერში არ იყო.
რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი დანიშნულების ადგილამდე, გულისცემაც მით უფრო გახშირებული ხდებოდა.
გვირაბს იქეთ თავი სახლში მგონია და გზაც უფრო მოკლე მეჩვენება.
მეჩვენება, რომ იქეთ ხეები სხვანაირი მწვანეა,
რომ ყველა მდინარე გაცილებით ნელა და მძიმედ მიედინება, თითქოს ბევრი საფიქრალი აქვს.
რომ ჰაერში სხვა სუნია
მთელი გზა ვტკბებოდი ამაზე ფიქრით, აი ახლა რომ ჩავალ ბებია იტყვის:
- ნენააა, ცა მევიდა ჩემი ბაღანე, ნენა ჩემი პირველი სიხარული, ნენა რაფერ მომენატრე ბები, შენი ჩამოსვლისას ცა იხსნება მგონია ჩემს თავზე, მოი ბები დამიჯექი კალთაში მოგეფერო.
ნენა ცა არ ჩამევიდაა ჩემი გოგო? ჩემი პირველი, პირველი, პირველი.

პირველი შვილიშვილი ვარ.
უყვარს ბებოს როცა იცის, რომ თავის "მონაგარს" უყვარს იქაურობა.
სასწრაფოდ თოკი მომიძებნა და ჰამაკი გავაბით.
ვიჯექი და ღრმად ვსუნთქავდი.
მოვასწარი სანამ მთელი კუთხე არ შეიკრიბა ჩემს ეზოში.
იმ კითხვებს, რომლებსაც აქ უპასუხოდ დავტოვებ, იქ ხალისით გავცემ პასუხებს.
ვიცი რომ მართლა აინტერესებთ, ვიცი რომ არავინ გეკითხება ზერელედ.
დავრჩით საღამოს მე და ბებო. ვარჩევდით თხილს.
და ძველი თამაში გამახსენდა თხილის გარჩევისას, რომ ვთამაშობდით ხოლმე.
გოდორი მოშორებით დავდგი და თხილისგან გამორჩეული ჩენჩოს დამიზნებას ვცდილობდი მისთვის.
არაფერი შეცვლილა
10 დან 10
მერე ერთად მივდივართ და ვწვებით.
ლოგინთან სკამზე დიდი ჭიქით წყალს ვუდგამ ხოლმე.
როგორც ყოველთვის.
ყოველღამე ელავდა და ქუხდა.
როოოგორ მიყვარს ამ დროს ძილი.
იმ ღამით ცა ფეხად ჩამოვიდა.
ვგიჟდები წვიმიან დილაზე. შუადღემდე პიჟამოებით ვიარე ეზოში. ხან სავარძელი გამოვათრიე აივანზე,ხან სველ ჰამაკში ჩავწექი. ხან წიგნი ავიღე წასაკითხად.
მერე?
მერე კიდევ 3 კარგი დღე იყო
და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოველი სოფელში ჩასვლა ბავშვობაში დაბრუნებას უდრის.
რომ ყველაზე გემრიელი კიტრი ჩვენს ბოსტანში მოდის და ყველაზე გემრიელ ყველს ბებიაჩემი აკეთებს.
რომ ვცდილობდი გაცილებით თბილი ვყოფილიყავი იქაურებთან და მივხვდი რომ ჩემი ეს მცდელობა უკლებლივ ყველამ შენიშნა და შენიშვნაც მივიღე.
ჩვენ ისედაც ვიცითო. რატომ იღლებიო.
არადა მეშინოდა.
და ვფიქრობდი, რომ არ წამოსულიყვნენ ჩემები ქალაქში საცხოვრებლად იქნებ უკეთესი ყოფილიყო.
იქნებ ჯობდა მეზრუნა წიწილებზე, ცხოველებზე. უფრო ბევრი მეკითხა. მერე ჩამებარებინა ქალაქში და უფრო მეტი სიმძაფრით მომნატრებოდა სახლი და უფრო ხშირად მენახა სიზმრებში.

კიდევ აღმოვაჩინე რომ ჩემი საწოლის თავზე, ჭერზე ფიგურებს ვეღარ ვარჩევ.
ჩემი ძაღლი დაბერდა.
მერცხლები დაბრუნებულან და
მივხვდი რომ მათი დაბლა ფრენა წვიმის მოსვლას კი არ მოასწავებს, ბარტყებისთვის საკვებს ეძებენ.

მერე იყო ზღვა.
სულ ვამბობ რომ თუ ჰორიზონტზე ზღვა არ ჩანს და რაღაც ეფარება, მაინც აუცილებლად მიხვდები რომ იქეთ ზღვა არის.
და კიდევ სულ ვაკვირდები შეგრძნებას მისი დანახვისას და ყოველთვის სხვადასხვანაირია.
რატომ არის, რომ როცა ცხელ ქვებზე წევხარ ყოველთვის კარგზე ფიქრობ და ყოველი მეცხრე ტალღა რატომ ჰგავს ერთმანეთს?
ხალხმრავლობა მხოლოდ ბათუმში მიყვარს.
და ვერ ვიტან გზას რომელიც უკან მაბრუნებს.
სულერთია სად მაბრუნებს.
ისევ გურიაში.
დილით ჩემი დიდი ჩანთა ჭიშკრის გარეთ, რომ ძვლივს გადმოვიტანე და გავხედე გზას ამას ტრასამდე რა ჩაიტანს-მეთქი,
აღმართზე თემურიაც გამოჩნდა.
თემურია ავადმყოფი ბიჭია.
ყოველ დილით უთენია ჩამორბის ხოლმე ტრასამდე და მერე ტრასას მიუყვება სირბილით ოზურგეთამდე. საღამოს უკან ბრუნდება ისევ ისე.
მომესალმა.
გაჩერდა.
წაგაღებინებო.
ღმერთივით გამომეცხადა.
მართალია თავპირისმტვრევით ჩამატანინა, მაგრამ მოასწრო ეთქვა, რომ ბებიაჩემი მისი პირველი მასწავლებელი იყო.
რომ მასწავლებლებზე და სკოლაზე გიჟდებოდა.
მოასწრო ეთქვა, რომ თემურიას უყვარს ადამიანები და პატივს სცემს მათ და რა უნდა დაუშავონ ადამიანებმა მას რომ შეიძულოს, ან თვითონ რა დაუშავა და რატომ უნდა ერიდებოდნენ და შორიდან ესალმებოდნენ.
თან ყოველ წუთას მეკითხებოდა ხომაა მართალიო.
კარგი ბიჭი ხარ-მეთქი შენ თემურია და შენ რა გქვიაო?
თამთა მეთქი
და წაიღიღინასავით
თამთა, მთამთა, თამთალოო.
მერე მთელი გზა თამთალოს მეძახდა და ყოველ კითხვას აყოლებდა
და დავიფიცებ რომ კარგა ხანია ასე თბილი ჟღერადობით ჩემი სახელი არ მომისმენია.
მერე დამელოდა ავტობუსი როდის მოვიდოდა.
გამომაცილა, ხელს მიქნევდა.

კავკასონის დანახვაზე მივხდი ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა.

ან გურიაში რა მინდოდა უსიყვარულოდ.

Wednesday, December 30, 2009

გილოცავთ


ზუსტად არ ვიცი როდის მოხდა ეს ამბავი მე რომ ძალიან პატარა ვიყავი თუ პატარაზე ცოტა დიდი რომ ვიყავი.
ვიფიქრე დედას ვკითხავ მეთქი მაგრამ არ ვკითხე.
პატარა ვიყავი მამამ მე და დედა საახლწლოდ სოფელში რომ ჩაგვიყვანა და უკან დაბრუნდა.
თვითონ სამსახურიდან თავს ვერ ითავისუფლებდა. იმ წლის ბოლო დღეებში თუ მოახერხებდა ჩამოსვლას.
30 ში ღამე წამოვიდა მატარებლით. არეული დრო იყო. მატარებელმა ძვლივს ჩააღწია სადგურ ლანჩხუთამდე, ისიც დაგვიანებით და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ასე აღმოჩნდა მამაჩემი 31 ში საღამოს ძალიან დიდ თოვლში ჩვენი სოფლიდან დახლოებით 50 კმ-ის მოშორებით.
ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს კი არა ისეც იშვიათად დადიოდა იმ დროს.
იძულებული იყო ფეხით წამოსულიყო.
მერე არ ვიცი როდორ და რა ძალით შეძლო ამხელა გზის ფეხით თოვლში ისე რომ 00:01 წუთს უკვე სახლში შეხვდა.
მე ვამბობ რომ მახსოვს როგორ ნერვიულობდა დედაჩემი სანამ მოვიდოდა.
როგორ ბორგავდა ბაბუაჩემი
როგორ ქოთქოთებდა ბებიაჩემი: დედა სად მოვნახო ჩემი ბაღანაო
ისინი მეუბნებიან, რომ შეუძლებელია მახსოვდეს და მხოლოდ მოყოლილი თუ წარმომიდგება თვალწინ.
მე მაინც ვიტყვი რომ მახსოვს როგორ გაიღო ჩემი ეზოს თეთრი ჭიშკარი.
როგორ ატეხა წითელმა ჯეკამ ყეფა. მერე როგორ მიჩუმდა და როგორ დავინახე ნაცრისფერი ქურთუკით მამაჩემი.
და ბებიაჩემის ლოცვაც მახსოვს ღმერთს მადლობას რომ წირავდა.
მახსოვს მახსოვს მახსოვს.

ხოდა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას.
მე კი წინ მელოდება თოვლი რომელიც ჯერ არ მოსულა ,
საჩუქრები რომელთა საყიდლადაც ჯერ ვერ მოვიცალე,
ნამცხვარი რომელსაც პირველად გამოვაცხობ ცხოვრებაში
და გოზინაყი :ლოვე:

Tuesday, December 22, 2009

"გლობალური სიყვარული"

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა.

შენ მეუბნები,
რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,
ვიდრე მაშინ,
როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,
თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,
მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,
ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,
შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,
და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,
დედასავით ხორბლისფერებს,
მამასავით მხარბეჭიანებს,
რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.
შენ მეუბნები,
რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებას
და ახლა უფრო კარგად სუნთქავს,
ვიდრე მაშინ,
როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყით
მოიტაცა ბებიაჩემი
და მაყრიონმა ოდოიას შემოძახებით
დაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.
მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,
ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,
რომ მერე წლები გასულიყო
და მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,
ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,
ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,
და ჩემოდანში დიდი წიგნით,
„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზე
და პირველ გვერდზე
ჩვენებური სიამაყით და თავმოწონებით
გამოსახულ ფერად რუკაზე,
ის მიწა არის ჩამოჭრილი,
სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,
სადაც იმღერა ოდოია,
სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,
სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,
სწორედ ის მიწა,
შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.
ჩაკეტილია სახლის კარი
და ამის შემდეგ შენ მეუბნები,
რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,
ვიდრე ოდესმე,
ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაც
ქვიათ ბერძნული სახელები
და რადგანაც ქერა თმის გამო,
ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,
ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,
შენ მეუბნები,
რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,
გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,
საკუთარი ტკივილებიდან,
დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,
ოკეანის ტალღების თავზე
უპატრონოდ გამოკიდებულს,
მკვებავს ჩემი და შენი
გლობალური სიყვარული.
/სალომე ბენიძე/

როცა სალოს ამ ლექსს ვკითხულობ ჩემი დიდედა მახსენდება.
დიდედას 19 წლის გათხოვდა და 20 წლისას უკვე ქვრივი იყო.
გიორგი ბაბუ ომში წაუყვანეს და აღარც მობრუნებულა.
თვეების ბაბუაჩემი დარჩა დიდედას.
და კიდევ რწმენა რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, სადღაც მაგრამ ცოცხალი.
მისი გარდაცავლების ცნობა არ მოსულაო.
დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როცა თვითონ გარდაიცვალა პანაშვიდზე ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მოვიდა და ჩემებს რაღაცას უყვებოდა.
ყური დავუგდე.
უცნობი ამბობდა, რომ ბაბუაჩემის ბაბუას მიუღია სამკუთხა ბარათი.
თურმე სასწრაფოდ უცნობის დედასთან გაქცეულა და ბარათი გადაუცია. შეინახეო.
არ მინდა გაიგოს მისმა ცოლმა რომ ქმარი აღარ ჰყავსო.
იმის მერე სულ ვფიქრობ რატომ გააკეთა ეს.
იმიტომ რომ დიდედას იმედი არ დაკარგვოდა
თუ ეშინოდა, რომ დიდედა მშობლებთან დაბრუნდებოდა.
მიზეზი არ ვიცი მაგრამ მახსოვს ზამთრის არდადეგებზე ჩემი თავი ღუმელთან მასთან მოსაუბრე
-დიდედა, გიორგი ბაბუ თუ გესიზმრება ხოლმე?
-კი ბებო
-როგორი იყო?
-ბაბუაშენი ჰგავს
სურათს ავხედე და მსგავსება ვერ ვიპოვნე.
მის სიკვდილამდე მეც მჯეროდა რომ დიდი ბაბუა ცოცხალი იყო და ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას.
და თვითონ როგორ მახსენდება ყველაზე ხშირად?

დიდედა წელში მოხრილი.

მისი დამჭკნარი და ოდნავ ხაოიანი ხელები 5 ჩხირით.
წინდა ქსოვს.

ვზივართ. მე მის კალთაზე მიდევს თავი,ძაღლისგან შეშინებული და ის რაღაცას ბუტბუტებს დაგამშვიდებსო.

დიდედა ბალის ხეზე.

დიდედა ნამგლით ხელში ჩაცუცქული და ბალახებს ჭრის.

დიდედა ნემსში ძაფის გაყრას მთხოვს.

დიდედა ბიჭებს ეძახის მსხალი მოგიტანეთ და გაურეცხავი არ ჭამოთო.

დიდედა მპირდება პენსიას რომ აიღებს ლამაზ კაბას მიყიდის და გასაფერადებლებს.


კიდევ სულ ვფიქრობ სიყვარული მართლა ამდენს გაძლებინებს?
და მართლაც სიყვარული ახლა უფრო გლობალურია?