Wednesday, December 30, 2009

გილოცავთ


ზუსტად არ ვიცი როდის მოხდა ეს ამბავი მე რომ ძალიან პატარა ვიყავი თუ პატარაზე ცოტა დიდი რომ ვიყავი.
ვიფიქრე დედას ვკითხავ მეთქი მაგრამ არ ვკითხე.
პატარა ვიყავი მამამ მე და დედა საახლწლოდ სოფელში რომ ჩაგვიყვანა და უკან დაბრუნდა.
თვითონ სამსახურიდან თავს ვერ ითავისუფლებდა. იმ წლის ბოლო დღეებში თუ მოახერხებდა ჩამოსვლას.
30 ში ღამე წამოვიდა მატარებლით. არეული დრო იყო. მატარებელმა ძვლივს ჩააღწია სადგურ ლანჩხუთამდე, ისიც დაგვიანებით და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ასე აღმოჩნდა მამაჩემი 31 ში საღამოს ძალიან დიდ თოვლში ჩვენი სოფლიდან დახლოებით 50 კმ-ის მოშორებით.
ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს კი არა ისეც იშვიათად დადიოდა იმ დროს.
იძულებული იყო ფეხით წამოსულიყო.
მერე არ ვიცი როდორ და რა ძალით შეძლო ამხელა გზის ფეხით თოვლში ისე რომ 00:01 წუთს უკვე სახლში შეხვდა.
მე ვამბობ რომ მახსოვს როგორ ნერვიულობდა დედაჩემი სანამ მოვიდოდა.
როგორ ბორგავდა ბაბუაჩემი
როგორ ქოთქოთებდა ბებიაჩემი: დედა სად მოვნახო ჩემი ბაღანაო
ისინი მეუბნებიან, რომ შეუძლებელია მახსოვდეს და მხოლოდ მოყოლილი თუ წარმომიდგება თვალწინ.
მე მაინც ვიტყვი რომ მახსოვს როგორ გაიღო ჩემი ეზოს თეთრი ჭიშკარი.
როგორ ატეხა წითელმა ჯეკამ ყეფა. მერე როგორ მიჩუმდა და როგორ დავინახე ნაცრისფერი ქურთუკით მამაჩემი.
და ბებიაჩემის ლოცვაც მახსოვს ღმერთს მადლობას რომ წირავდა.
მახსოვს მახსოვს მახსოვს.

ხოდა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას.
მე კი წინ მელოდება თოვლი რომელიც ჯერ არ მოსულა ,
საჩუქრები რომელთა საყიდლადაც ჯერ ვერ მოვიცალე,
ნამცხვარი რომელსაც პირველად გამოვაცხობ ცხოვრებაში
და გოზინაყი :ლოვე:

Tuesday, December 22, 2009

"გლობალური სიყვარული"

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა.

შენ მეუბნები,
რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,
ვიდრე მაშინ,
როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,
თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,
მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,
ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,
შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,
და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,
დედასავით ხორბლისფერებს,
მამასავით მხარბეჭიანებს,
რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.
შენ მეუბნები,
რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებას
და ახლა უფრო კარგად სუნთქავს,
ვიდრე მაშინ,
როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყით
მოიტაცა ბებიაჩემი
და მაყრიონმა ოდოიას შემოძახებით
დაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.
მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,
ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,
რომ მერე წლები გასულიყო
და მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,
ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,
ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,
და ჩემოდანში დიდი წიგნით,
„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზე
და პირველ გვერდზე
ჩვენებური სიამაყით და თავმოწონებით
გამოსახულ ფერად რუკაზე,
ის მიწა არის ჩამოჭრილი,
სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,
სადაც იმღერა ოდოია,
სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,
სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,
სწორედ ის მიწა,
შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.
ჩაკეტილია სახლის კარი
და ამის შემდეგ შენ მეუბნები,
რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,
ვიდრე ოდესმე,
ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაც
ქვიათ ბერძნული სახელები
და რადგანაც ქერა თმის გამო,
ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,
ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,
შენ მეუბნები,
რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,
გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,
საკუთარი ტკივილებიდან,
დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,
ოკეანის ტალღების თავზე
უპატრონოდ გამოკიდებულს,
მკვებავს ჩემი და შენი
გლობალური სიყვარული.
/სალომე ბენიძე/

როცა სალოს ამ ლექსს ვკითხულობ ჩემი დიდედა მახსენდება.
დიდედას 19 წლის გათხოვდა და 20 წლისას უკვე ქვრივი იყო.
გიორგი ბაბუ ომში წაუყვანეს და აღარც მობრუნებულა.
თვეების ბაბუაჩემი დარჩა დიდედას.
და კიდევ რწმენა რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, სადღაც მაგრამ ცოცხალი.
მისი გარდაცავლების ცნობა არ მოსულაო.
დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როცა თვითონ გარდაიცვალა პანაშვიდზე ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მოვიდა და ჩემებს რაღაცას უყვებოდა.
ყური დავუგდე.
უცნობი ამბობდა, რომ ბაბუაჩემის ბაბუას მიუღია სამკუთხა ბარათი.
თურმე სასწრაფოდ უცნობის დედასთან გაქცეულა და ბარათი გადაუცია. შეინახეო.
არ მინდა გაიგოს მისმა ცოლმა რომ ქმარი აღარ ჰყავსო.
იმის მერე სულ ვფიქრობ რატომ გააკეთა ეს.
იმიტომ რომ დიდედას იმედი არ დაკარგვოდა
თუ ეშინოდა, რომ დიდედა მშობლებთან დაბრუნდებოდა.
მიზეზი არ ვიცი მაგრამ მახსოვს ზამთრის არდადეგებზე ჩემი თავი ღუმელთან მასთან მოსაუბრე
-დიდედა, გიორგი ბაბუ თუ გესიზმრება ხოლმე?
-კი ბებო
-როგორი იყო?
-ბაბუაშენი ჰგავს
სურათს ავხედე და მსგავსება ვერ ვიპოვნე.
მის სიკვდილამდე მეც მჯეროდა რომ დიდი ბაბუა ცოცხალი იყო და ვერ ახერხებდა ჩვენამდე მოსვლას.
და თვითონ როგორ მახსენდება ყველაზე ხშირად?

დიდედა წელში მოხრილი.

მისი დამჭკნარი და ოდნავ ხაოიანი ხელები 5 ჩხირით.
წინდა ქსოვს.

ვზივართ. მე მის კალთაზე მიდევს თავი,ძაღლისგან შეშინებული და ის რაღაცას ბუტბუტებს დაგამშვიდებსო.

დიდედა ბალის ხეზე.

დიდედა ნამგლით ხელში ჩაცუცქული და ბალახებს ჭრის.

დიდედა ნემსში ძაფის გაყრას მთხოვს.

დიდედა ბიჭებს ეძახის მსხალი მოგიტანეთ და გაურეცხავი არ ჭამოთო.

დიდედა მპირდება პენსიას რომ აიღებს ლამაზ კაბას მიყიდის და გასაფერადებლებს.


კიდევ სულ ვფიქრობ სიყვარული მართლა ამდენს გაძლებინებს?
და მართლაც სიყვარული ახლა უფრო გლობალურია?

Saturday, December 19, 2009

ტრაგიკული ბედი თუ მარტივი გზა

ერთ-ერთ ფორუმზე გამოკითხვაში გადავაწყდი ასეთ შეკითხვას "შენი აზრით რითია მეტი პოეტი პუტანკაზე?"

ამ იუმორნარევიცინიზმით დასმულ კითხვის პასუხზე ბევრი არ მიფიქრია.
სამაგიეროდ ხშირად დავფიქრებულვარ მეძავების ბედზე.

დავიწყოთ იქედან რომ როგორც ცნობილია უძველესი პროფესიაა.
ეს ის რაც მათ შესახებ გუგული(google) დეიდამ მომიყვა:

"პირველი ქალი მეძავად ჩამოყალიბდა ქალაქურ საზოგადოებაში ,მას შემდეგ რაც განთავისუფლდა გვაროვნული წყობილების ზეგავლენისგან, შესაძლებლობა მიეცა სექს პარტნიორი თვითონვე აერჩია . პირველი "ისტორიული" მეძავის სახელი არ არის ცნობილი, მხოლოდ ბიბლიური _ძველი აღთქმიდან _ რააბი იერიჰოდან (רחב <--ივრითული, სავარაუდოდ ნიშნავს: რაავი ან რახაბი ან რაავ. ‏יְרִיחוֹ‎ _ ’Arīḥā -იერიხონ,Jericho გერმ.)

მეძავობა შემოსავლის წყარო იყო უკვე სოლონის ეპოქის ათენში. სოლონმა დაწერა კანონი ,რომელიც ავალდებულებდა მეძავს გადასახადი გადაეხადა. აქვე დავწერ, რომ სოლონი ითვლება დემოკრატიის პირველ ფუძემდებლად.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება ,რომ თვითონ სოლონი ყიდულობდა ქალებს და სთავაზობდა საზოგადოებას (ეს საზოგადოება ბრბო იყო,მასა თუ პუბლიკა არ ვიცით და საზოგადოებაში მარტო კაცები არ იგულისხმება ვფიქრობ მე) მათ მომსახურეობას ერთი ობოლის( ბერძნული მონეტა _ οβολος,obolos- თუმცა წონის ერთეულიც იყო) ფასად. მან "ააშენა" პირველი საროსკიპო.

მეძავობას ათენში ჩაეყარა საფუძველი _ განვითარება კი ჰპოვა რომში , რაც ტიტუს მაკციუს პლავტუსის (ძვ. წ. 254 უმბრია - ძვ. წ. 184 რომი) - რომაელი კომედიოგრაფი) კომედიებში კარგად ჩანს.

ეს ყველაფერი თავისუფლად , მზის შუქზე ხდებოდა თუ გასაიდუმლოებული იყო უცნობია.


ბევრი ხალხის კულტურაში მეძავები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ . მაგალითად: ბუდა ინდურ ქალაქ ვაზალში მიღებულ იქნა კურტიზანების უდიდეს "უფროსად" (Spier. Life in Ancient India, XXVIII) , აბისინიაში (ეთიოოპიის არაოფიციალური სახელწოდება)მეძავები იკავებდნენ მაღალ მდგომარეობას სასახლის კარზე და არც ისე იშვიათად ხდებოდნენ ქალაქის თავები ან მთელი პროვინციიც განმგებლებიც (Combe et Tamisier. Voyage en Abyssinie, II, 116). . .


არადა 'თავიდან' არსებობდა მხოლოდ პოლიგამია , პოლიანდრია , პოლიგინია, სისხლის აღრევა ......
თავიდან კი არა 19 საუკუნეში ტიბეტში, სამხრეთ ინდოეტში და დღევანდელ ველურ ხლხებში (მაგ:შინუკები,კოხინხინები,კიუნკტები) გავრცელებულია ისეთი ცხოვრების წესი თუ კულტურა, რაც ჩვენი გადასახედიდან მეძავობაა."

სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მიზეზი როცა ამ საქმეს პროფესიად ირჩევდნენ.
იძულებითი ნაბიჯი მათი ტრაგიკული ბედის გამო, სისუსტე, ფულის შოვნის მარტივი გზა თუჺრა თუ რა.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა პირადი ტრაგედია საერთოდ არ ჰქონოდათ, მაგრამ მირჩევნია ეს მათ ცხოვრებას დავაბრალო.
ვიდრე ის რომ "შრომის" ეს გზა გაცილებით იოლია და მოგებაც მეტია.მე მგონია რომ ეს უფრო დიდი ტრაგედიაა.
რაც არ ინდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს მაინც დიდი ტკივილია მათთვის ეს ყველაფერი.
ავიღოთ თუნდაც მარტო ის რომ საზოგადოებისგან ცალკე მდგომნი არიან.
მერე რა თუ ეს გზა თავად აირჩიეს.
ვიცი რომ რაღაც დოზებით ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი პროფესიის, მაგრამ მეძავებისთვის რაღაც დოზები აღარ არსებობს ალბათ.
როცა მათ ვხედავ სურვილი მიჩნდება დაველაპარაკო.
ავუხსნა ის რაც ძალიან კარგად იციან და ამაზე არ ფიქრობენ, ან ცდილობენ არ იფიქრონ.
რომ მათი პიროვნული ღირსება ბევრად მეტი ღირს ვიდრე უხდიან.

შენიშვნა: არ მეცოდებიან.

შეკითხვა: "ბოზი"-სპასრსული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. მაშინ რატომ არის "ბოზი" უფრო შეურაცხმყოფელი სიტყვა ვიდრე "მეძავი"?

Tuesday, December 15, 2009

ლიტ-ფორუმი

ყველაფერი აქედან დაიწყო.



ერთ დღეს როცა უკვე სუვენირად ქცეული ჩემი მუყაოს კომპიუტერის ნაცვლად,ადგილი ჩვეულებრივმა პერსონალურმა კომპიუტერმა დაიკავა როცა უშუალო შეხების გემო გავიგე ინტერნეტთან გადავწყვიტე რომ აუცილებლად იარსებებდა საიტი www.literatura.ge

საიტზე ჯერ კიდევ იქიდან ვარ როცა პრიმიტიული გარეგნობა ჰქონდა.
დღის განმავლობაში დადებულ ყველა ნაწარმოებს ვკითხულობდი.
მერე საყვარელი ავტორები გამოვარჩიე.
მერე მეგონა წერა მეც შემეძლო და რამოდენიმე დავდე.
მერე მივხვდი რომ სისულეები იყო ავიღე და ისევ კითხვა გავაგრძელე.
მერე ბევრი რამ შეიცვალა.
მერე ჩემი გემოვნებაც შეიცვალა.
მერე მკითხველთა კლუბში შემიყვანეს.
უკვე პასუხისმგებლობა გაჩნდა.
ჰოდა ერთხელ ჩემმა მეგობარმა ფორუმში დარეგისტრირდიო.
დავრეგისტრირდი.
თავიდან ვპოსტავდი ალაგ-ალაგ და ცოტას.
ვაკვირდებოდი(ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა.)
მერე ცუდი პერიოდი მოვიდა.
მე სულ ფორუმში ვიყავი.
დამეხმარა.
ბეევრი ადამიანი ერთად.
ისე რომ ვერც გაიგეს, ვერც მიხვდნენ.
შევეჩვიე.
როცა ცუდად ვიყავი, როცა კარგად ვიყავი იქ ვიყავი.
მერე პროტესტი გამიჩნდა, მივხვდი რომ ძალიან დამოკიდებული გავხდი, მე კიდე არ მიყვარს ზედმეტად შეჩვეული როცა ვარ რაიმეზე.
მალე დავბრუნდი.
ფორუმი რამოდენიმეჯერ გაითიშა.
ძველი განადგურდა კიდეც.
ახალი სახლი მოგვცეს_მეთქი ვამბობდი.
საშინელი შეგრძნება_თითქოს ორპირი იყო.
ისევ მოგროვდნენ.
ერთი რამდენიმე სართულიანი სახლია.
არის დიდების ოთახი, რომელსაც მე ყურს ვადებ ხოლმე და ვუსმენ, რომ ვისწავლო მათგან.
არის მოსაწევი ოთახი, სადაც იმაზე მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში მიუხედავად იმისა რომ არ ვეწევი.
წუწუნის ოთახი, საფოსტოყუთი , მინი ვირტუალური ბიბლიოთეკა ა.შ და ა.შ

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
და ერთიორად დამეხმარა გაზრდაში ის ადამიანები ვინც იქ არიან.
და რაც ყველაზე მთავარია ვიცნობ ყველა იმ ადამიანს ვისი ნაწარმოებებიც მიყვარს და ვისაც ვაფასებ.
მოკლედ ასე.


პ.ს არ მითხრათ სამოთხე ყოფილაო.

Tuesday, December 8, 2009

სანამ მე მეძინა


ბოლო დროს ხშირად ვიხსენებ ბავშვობას.
დავაკვირდი და ბავშვობის მოგონებები სოფელს უკავშირდება.
არადა თბილისში წელიწადის უმეტესი ნაწილის გატარება მიწევდა.
ვქექე, ვქექე, ვქექე და
ეს ჰგავს სპეციალურად კარადის ყველაზე მიუწვდომელ კუთხეში გადამალულ ნივთს , რომელიც ცუდ რაღაცას გახსენებს.
მაშინ ვერაფერსაც ვერ ვაცნობიერებდი:
ვერ ვხვდებოდი რატომ ლაპარაკობდნენ დედაჩემი და მამაჩემი რუსულად.
რატომ სცემდა მამაჩემი ბოლთას სამსახურიდან რომ მოდიოდა.
რატომ ეცვა დედას ყოველ ზამთარს ერთიდაიგივე პალტო.
მიკვირდა რატომ ეუბნებოდა დედაჩემი ჩემს ძმას, რომ "მიყიდე" ცუდი სიტყვა იყო და მისი ხშირად წარმოთქმა არ შეიძლებოდა.
განვიცდიდი და არ ვიცოდი რას.
ვღელავდი და არ ვიცოდი რაზე.

კადრი:
მე, დედა, მამა და ჩემი ძმა
მგონი რუსთაველზე
დედა ამბობს
-ვაიმე რა დღეშია აქაურობა
მამა ხმას არ იღებს
ვაკვირდები და საფეთქელთან რაღაც გამოებერა
ვერ მივხვდი რაზე ამბობდნენ
სხვანაირი ის შენობა ნანახი არ მქონდა
რა სჭირს მეთქი და დამწვარიაო
აბა საიდან მიხვდი-მეთქი
და ხმა არ ამოუღიათ
მერე ხიდზე გადავედით


მერე ღამით რო დავწექი, ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იყო არადამწვარი ის შენობა
მერე ჩამეძინა და ალბათ სიზმარში რამე სასიამოვნო ვნახე


მერე რა, რომ შუქი 7 სთზე მოდიოდა, სამაგიეროდ მეორე არხზე კინოსეანსის გასვლის მერე მულტფილმები იწყებოდა.
მერე რა, რომ ნავთქურას საშჲნელი სუნი ჰქონდა, სამაგიეროდ მე და ჩემს ძმას მამაჩემი კარტს გვეთამაშებოდა.
მერე რა, რომ ცივი წყალი მოდიოდა, სამაგიეროდ ეზოში დაკრეფილი,იმ წყლით გარეცხილ თუთას სხვანაირი გემო ჰქონდა.



და მაინც დღემდე მგონია რომ პირველ კლასში როცა სკოლაში მივედი ყვეეელაზე ლამაზი კაბა მეცვა. დედაჩემი კაბისგან გამოჭრილი,შეკერილი და მამიდაჩემის მიერ დაქარგული იის ყვავილით.

სანამ მე მეძინა
იმ ღამით ჩაფიქრებული ყველა ოცნება ამიხდა
არადა მიუწვდომელი მეგონა


პ.ს დიდი ხანია დაწერილი მაქვს და არქივში ინახებოდა
ეხლა მომინდა რომ გამომექვეყნებინა

Wednesday, December 2, 2009

როცა სხვა გზა არ გრჩება

მოწყალება ამაზრზენი გრძნობაა როცა გეხება-მეთქი წინა პოსტში ვთქვი, მაგრამ თუკი საქმე 9 წლის ბავშვს ეხება მშობელი ყველაფერზეა წამსვლელი რა ამაყიც არ უნდა იყო.
ჩემს მეზობელზე ვყვები
9წლის პატარა ბიჭია ბაჩანა.
ლიმფური კვანძების სიმსივნე განუვითარდა.
ფონდმა, რომელიც მის მკურნალობას აფინანსებდა რიგი მიზეზების გამო შეწყვიტა არსებობა.
5 იანვარს ბაჩანა წესით გერმანიაში უნდა იყოს, მკურნალობა იქ უნდა განაგრძოს თუ არადა სიმსივნე მე-4 სტადიაში გადავა.
კიდევ ის ვიცი, რომ მამას ეკითხება თმა როდის ამოუვა და ერთი სული აქვს როდის მორჩება ეს ყველაფერი.
ეზოში თამაში უნდა პირბადის და ქუდის გარეშე.
დავეხმაროთ ძალიან გთხოვთ,გაიღოს ვისაც რა თანხა შეუძლია,
ნუ იქნება "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი"


მიმღები ბანკი
ს.ს "საქართველოს ბანკი"
ცენტრალური ფილიალი (კოდი) 22101502

მიმღების დასახელება: მალხაზ ბრეგვაძე
მიმღების ანაგრიშის ნომერი: 256445000




მკურნალობის შემდეგ