Monday, July 27, 2009

ბავშვობის მეგობრები

ბავშვობის მეგობრებზე მომიყევიო, ხოდა მეც პირველად ის გამახსენდა.
ჩვეულებრივი საღამო იყო.
ფანჯრიდან ვიყურებოდი სკამზე ვიდექი ვერ ვწვდებოდი ფანჯრის რაფას, რომ დავინახე სადარბაზოს კარს როგორ მოადგა ავეჯით გატენილი მანქანა.
ქერა იყო,არა, ოქროსფერთმიანი, დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა.
გულმა რაღაც მაშინაც მიგრძნო ჩემი სახლის კარზე კაკუნი რომ იყო
-გამარჯობათ, ჩვენ თქვენი ახალი მეზობლები ვართ
იმ დღეს არა, არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, მგონი მეოთხე დრე იყო,რომ გავბედე მასთან შესვლა, დიდი ტახტი ჰქონდათ, მწვანე გადასაფარებლით, ნახატებს მათვალიერებინებდა.
მახსოვს ჩუმად ვიყავი, ძირითადად გარემოს ვაკვირდებოდი.
ჰო, ლოლა ერქვა, მე ლოლიტას ვეძახდი.
მერე რატომღაც ვიფიქრე, რომ აუცილებლად ჩემს ბაღში უნდა მოეყვანათ.
არ შევმცდარვარ.
ბევრს ვეძებდი, მთელი დღე ვეძებდი, მერე უკნიდან დავინახე, ვიღაც გოგონებთან იდგა და ჩამწყდა, მეგონა ჩემთან მეგობრობა არ უნდოდა .
მივედი.
შემოვაბრუნე ლოლიტა_მეთქი და სხვა შემრჩა.
გამეცინა და შემრცხვა.
გამოვედი, გამიხარდა,ღობეს ამოვეფარე და ტირილი დავიწყე.
მერე გვერდი-გვერდ ლოგინებში ვწვებოდით, მასწავლებელი გავიდოდა თუ არა წამოვხტებოდით და ვმაიმუნობდით, სცხვებსაც არ ვაძინებდით.
დავისაჯეთ.
მერე ჩუმად საბანთავზეწახურულები ვეშმაკობდით.
იმის საგები მწვანე ყვავილებიანი იყო, ჩემი ვარდისფერი და ვაპროტესტებდი, მწვანე ჩემი საყვარელი ფერი იყო, მისიც.
მერე სკოლა.
ყოველ დილას
-ლოლი, დროზე დაგვაგვიანდა
-ლოლიტაა, წამო გავიქცეთ და ვინ მიასწრებს
-ლოლი, სკოლამდე 50 ნაბიჯში მიხვალ? თუ მიხვალ ხუთიანს მიიღებ, მე გუშინ 40 ნაბიჯში მივედი და იმიტომ მივიღე ოთხიანი
-ლოლი ნანა მასწავლებელს ხომ მაგარი ფერის ზედატანი ეცვა?
ბევრჯერ მეტკინა ლოლიტასაგან.
ლოლიტამ ბურთი არ მათხოვა, ლოლიტამ მე არ ამირჩია, ლოლიტამ თმები მომწიწკნა, ლოლიტამ ქსოვა არ მასწავლა, ნატოს ხომ უთხრა სამაგიეროდ ნიკუშაზე რაღაც.
ვეჭვიანობდი.
ერთად ვმეცადინეობდით.
ერთად ვწერდით "ლ" ასოს, "დ" ასოს, "ჩ" ასოს, იმას ლამაზად გამოსდიოდა მე ვერ.
და მიწერდა ხოლმე დავალებას, მე მათემატიკას ვაწერინებდი.
მერე სხვა სახლში გადავიდა.
მერე სტუმრები გავხდით.
მერე ისიც აღარ.
ბოლოს სულ აღარ.
ჰოდა ამასწინათ იმავადსახსნებელ საიტზე ვიპოვნე.
გამიხარდა. ნომრები გავცვალეთ.
გათხოვილა, გოგონა ჰყავს, შავგრემანია, მას არ ჰგავს ალბათ მამას.

აღარ მინდა სტუმრობა.
მინდა ლოლიტა იყოს და მეც თამთუნია.

Friday, July 24, 2009

ბაბუს

გამარჯობა ბაბუ.

როგორ ხარ?
იცი ვიცი ეს წერილი რომ არ მოგივა არასდროს.
ვიცი რომ ვერ წაიკითხავ ვერასდროს..იმიტომ რომ შენ აღარ ხარ.
ხო ბაბუ აღარ ხარ.
ბაბუ ვნანობ..ვნანობ შენი სიკვდილის მერე 40 ღამე რომ საერთოდ არ მეძინა.
ბაბუ იმასაც ვნანობ..რომ შენი მეშინოდა..
მაპატიე ბაბუკა ისიც რომ ვერ გიყურებდი მაგ მოჭრილ ფეხებზე.მეშინოდა ბაბუ..
ისიც მაპატიე წყლის მოტანა რომ მეზარებოდა ხოლმე შენთვის...შენი საყვარელი რკინის „კრუშკის“ გადმოღება.
მაინცდამაინც იმით რომ გიყვარდა წყლის სმა.
მე კი გეჩხუბებოდი....
იცი ბაბუ?
მე სულ მესმის შენი სიცილი ბოლო დღეს..ჩემს ბავშვურად მოყოლილ არასასაცილო ანეგდოტზე..
ბაბუ სურათის მეშინოდა კიდე..ყველგან რომ დამყვებოდა შენი თვალები..
ვეღარ ვუყურებდი....
ოთახში ვერ შევდიოდი...
არ უნდა შემეხედა შენთვის სიკვდილის პირველ ღამეს?
გახსოვს კონცერტი რომ ჩაგიტარეთ მე და ნანუჩიმ?
ბაბუ ის თუ გახსოვს სიმღერა რომ მასწავლე?
"მივალ მივყვებიიი, ჩემი ცხვრებით..“
მე ახლაც ვღიღინებ ხოლმე.
ბაბუკა..
დღეს მე შენი სურათი ვნახე და იცი რას მივხვდი?
რას და, ბაბუ კი არ მეშინოდა..შენს ოთახში..
არა ბაბუკა, არც შენი სურათის შიში მქონდა..
უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა..
ვერ ვუყურებდი სურათს თვალებში..არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მხოლოდ სურათი არსებობდა...და თვალები ცოცხალი არ იყო..
მერე ბაბუ შევაჩვიე თვალი..
მერე ვაკვირდებოდი ხოლმე, მიღიმოდი თითქოს ხან..
მერე გესაუბრებოდი ხოლმე ხშირად..
ეს მითხარი ბაბუ...რატომ ტიროდი მიცვალებული?
ბებოს რომ ვკითხე მითხრა არ უნდა წასვლაო..
მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და ისევ იგივე კითხვა დავსვი...ბიოლოგიური ახსნა მივიღე..
არ მინდა ბაბუ...აღარ მინდა ახსნა..
ჩმს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს..
ორჯერ გნახე ბაბუ მტირალი სულ...
ერთხელ წერილი რომ გამოგიზავნე ქალაქიდან...იმ ღამით გნახე სიზმარში ხელში ჩემი
წერილი გეჭირა და ტიროდი...
ბებომ მომწერა მერე ბაბუაშენმა იმდენი იტირაო...სულ ტირილ-სიცილი ჰქონდაო..
არ მინდა ბაბუ...შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...
არავინ იცის..
კეთილი იყო დალოცვილიო..
კაი კაცი იყოო..
ხუმარაო...
და ბაბუ...დღეს სურათში იმხელა სევდა იდო ბაბუ...სახე არ ჩანდა..
მხიარული იყავი ბაბუ?
იცი ბაბუ მახსოვს ჩემი ნიკაპით რომ ამყობდი..
მე და შენ ერთნაირი ნიკაპი გავქვსო.
წიწილები რომ დავბანეთ მე და დათომ გახსოვს?
რა გულიანად იცინე?
ბებია რომ გაგვიბრაზდა..
შენ კი ეჩხუბებოდი..გაანებე ქალო ბაღნებს თავი..გეერთნენ პაწაო..
ბაბუ..
შენ ჩემი უთქმელობა ხარ..
პირველად გამბობ...
ბაბუ დღემდე ვერ ვიტან შემწვარ კარტოფილს..
იმიტომ რომ მაშინ შენი სიკვდილის მიზეზი ასე ამიხსნა ექიმაა.
ლუკმა გაეჩხირაო..
ბა..
შეხვედრამდე..

Friday, July 17, 2009

ყველაზე სენტიმენტალური ისტორია ყველაზე ბანალურ თემაზე…ანუ ჩემი ცხოვრების ერთი დღე…

გავახილე თუ არა თვალი…სიბნელე მეუცნაურა…წამოვდექი, აუცილებლად მარჯვენა ფეხი გადმოვდგი საწოლიდან...

აფორიაქებულმა შეგრძენებებმა მზის სინათლის სხივის სიჩქარით შემოირბინეს ჩემი ორგანიზმის ყველა კუთხე და ყინულის ცრემლებად დაეკიდნენ ჩემს შუბლს... მზეს ფარდა მალავდა...აუცილებლად უნდა ჩამოვხსნა...

სასწრაფოდ ჩამოვირეცხე ყველა კოშმარული სიზმარი თვალებიდან ...

გადავიცვი დილის ფერები და...

თავ_ქუდ_მოგლეჯილი გავვარდი...

არსად მაგვიანდებოდა…არაფერი მქონდა გადაწყვეტილი...

ჩვეულებისამებრ ჩავიარე ქუჩა..

ჩვეულებისამებრ ავახმაურე ჩემი ნაბიჯები...

ჩვეულებისამებრ ხელის უდიერი მოძრაობით, თითქმის ბუნებრივად გადავიყარე თმები მხრებს უკან...

ჩვეულებისამებრ მივაწოდე მოხუც გამყიდველს ფული…

-არა იყოს ლილი ბებო, სხვას აჩუქეთ ჩემი წილი-“(ვერ შევკადრე მიყიდეთ მეთქი)...

ჩვეული მზერა ვესროლე და არცთუ შესამჩნევი ღიმილით გავეთამაშე დაცვის ბიჭის ფიქრებს...…

და საქმიანი გამოხედვით დაველოდე სამრშრუტო ტაქსს...

სამჯერ გადავიწერე პირჯვარი ტაძრამდე მისვლამდე..

.სულ_მშვიდი ვაგრძელებ გზას არ გადაწყვეტილისაკენ...

ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედი... მივაბიჯებდი და მხოლოდ სახეებს ვამჩნევდი…ფერებად...

აგერ ნერვებ-შეშლილისფერი მოდის...ის ტყუილისფერი...ღიმილისფერი...

აი ყვითელიც...იასანისფერი და არა იისფერი...

მოთეთრო...

და გონებაში ფერ_წერას მოვყევი მათი...

მიწისქვეშეთში ჩავედი…

რომელიღაც ქუჩის, რომელიღაც მომღერალი, რომელიღაც ნაცნობ მელოდიას ისროდა…

ვერ გავიხსენე...კიბეებთან კვლავ მოხუცი მათხოვარი:…”-მიწისქვეშ ახალგაზრდებს ეხმარებიან, მიწისზევით ბებრებს არა“

მივბრუნდი ყველა_ფერი ჩავუყარე ქუდში რაც მქონდა...

იმ ქუჩამდე ზუსტად 351 ნაბიჯია...არცმეტი...სკამს მივუახლოვდი...ეს ხის არსება გამუდმებით დუმს და მიღიმის...

ის ქალიც, იმ ფანჯრიდან ყოველთვის ერთნაირი გულმოდგინებით ითვლის სახეზე ჩემი ხალების რაოდენობას...

ჩვეულებრივ ამოვიღებ რვეულს და თითების არარითმული მოძრაობით…დავხატავ არაორდინალურ ფიგურებს,…ხაზები თავისდაუნებურად ასოებს ემსგავსება…და გადმოვა ყველა ის ფორიაქი სხეულები თეთრ სივრცეზე...

ამ დროს ვიღაც სოლიდური გარეგნობის მამაკაცი მომიახლოვდება და ბარათს გადმომცემს…რატომღაც ლათინური ასოებით წერია: “არ შევხვდეთ?” გამოვფხიზლდები…

შეტყობინება მოსულა…და ახლა უკვე თითების რიტმული მოძრაობით გავცემ პასუხს: “როგორც ყოველთვის”…

მოპირდაპირე სკამზე ვიღაც იჯდა…ვერც შევამჩნიე…ვიოლინო ეჭირა ხელში...

ცოტა ხანში გვერდით…გახეული წინდებით,ძალიან წითელი ფერის პომადით, ჩვეულებრივზე ძალიან მოკლე კაბით და ფულის სუნით აყროლებული ქალი მიუჯდა... სდუმდნენ...

თავი უხერხულად ვიგრძენი და წამოვდექი...ორიოდე წუთის მერე მოვიხედე…მევიოლინე სადღაც გამქრალიყო...

ყურში ისევ ის მელოდია ჩამესმოდა მიწისქვეშეთიდან...ვერ გავიხსენე...


არეული ნაბიჯებით მოდიოდა…მკერდი ოდნავ წინწამოხრილი, თითქოს უფრო ეჩქარება ვიდრე ფეხებსო...

მომიახლოვდა...გადამკოცნა...სათვალე ჩამოიხსნა და წმენდას შეუდგა...

მერე სიგარეტის ღერი ამოიღო…მოუკიდა...

-წავედით!-..გამეღიმა... 67 წამი... დროის სრული სიზუსტით გააკეთა ყოველივე...არცერთი წამით მეტი...

ნეტავ წელზე არ მომხვიოს ხელი...ხელი ჩამკიდოს... და გავირინდე...

ისევ წელზე და მერამდენედ დამწყდა გული...

-ახალი რა ხდება თამთ?

-არაფერი ,შენსკენ?

და მომიყვება…როგორ მიიღეს ახალი გამომძიებელი გოგო მის სამსახურში, როგორ უხდება ის კაბა და რომ მე ც აუცილებლად მომიხდებოდა, ნიკას ახალი მანქანა შეუძენია, mercedes eleganc 3.2 ძრავით,…მაგარი ვეშია, ნიორაძეს ბავშვი შესძენია, იქით კვირაში საქეიფოდ მიდიან, ვიღაც ჩემი მოგვარე დაუჭერიათ...არ ვიცნობ...ვიღიმები...

-თამთ!!!ჭკუიდან გადაგყავარ როცა ასეთი ხარ!!!

-ეს კარგია თუ ცუდი?

-ყელში ამოვიდა შენი სიჩუმე!!!

ვიღიმი...
-თამთ!!!

-მე წავედი

შეეშინდა...

-მოიცა კაი დაიკიდე, ხო იცი როგორ მიყვარხარ?

-როგორ?-

-...

-წავედი!!!…არ გიბრაზდები…უბრალოდ დავიღალე დღეს

-კაი სიხარულო, გაგაცილებ მაშინ…

-არ მინდა

-თამთ მიყვარხარ

ვიღიმი...

-მე ც მიყვარხარ...

ისევ ვიღიმი…წამოვედი...
ვერასდროს გავურბივარ ბანალურობას...
love story-ის ყვებოდა ის მუსიკოსი მიწისქვეშეთში... გამახსენდა...


პ.ს დიდი ხნის წინ დაიწერა.

ისტორიაა

Wednesday, July 8, 2009

ფლუნგე. შემოდგომა.

ფლუნგე. შემოდგომა.
სავსე მთვარეა.
თურმე, ჩვენც მთვარის ავსების დროს დავბადებულვართ,
შენ _ ოქტომბერში,
მე _ ნოემბერში,
შენ იმ ღრუბლებს დაემსგავსე,
ზეცის ბოლოს რომ შეყუჟულან,
მე მთვარემ მომცა თაფლისფერი თმა და თვალები.
სავსე მთვარეა.
გამოყევი ტბის ნაპირს,დაო,
გამოიარე მამისეული ქოხის ეზო,
გიშრისფერი თმა ივარცხნე გზადაგზა და
ელაპარაკე თეთრ დუმფარებს _
მათ შენსავით არავინ უყვართ.
სავსე მთვარეა.
ჩვენი შეხვედრის დრო მოსულა სასაფლაოზე,
სადაც ოდესღაც,
წლების წინათ,
თოვლსა და ჭყაპში,
შემცბარ მიწას მივაბარეთ მამის სხეული,
კანი დავფხაჭნეთ უსუსური, თეთრი თითებით
და დედის ძაძებს მოფარებულებს
არ გვიკითხავს აღარასოდეს,
მოვიდოდა თუ არა მამა შებინდებისას,
მოყვებოდა თუ არა ზღაპრებს,
ვუყვარდით თუ არა მამას საერთოდ,
რა იყო ჩვენი ცხოვრების პასუხი _ კი თუ არა.
სავსე მთვარეა.
მიმღერე, დაო,
სანამ გაგვყრიან მოედანზე გაშიშვლებულებს,
სანამ დაგვწვავენ,
სანამ მეთევზე ტბის ტალღებში ნავს დააცურებს
და გვითვალთვალებს,
ხან ერთსა და ხანაც მეორეს,
ან კიდევ, რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ ქვეყნად,
ან კიდევ, ვინ გვყავს, ზურგს უკან რომ ამოგვიფაროს
სავსე მთვარის დროს დაბადებული
და ძაძებში გამოზრდილი
მდუმარე დები.
სავსე მთვარეა.
მითხარი, დაო,
როგორია სიცოცხლის ფერი,
ან სიხარული როგორ ხმაურობს,
ან სიყვარულს აქვს თუ არა სუნი საერთოდ,
და თუ არა აქვს,
მაშინ რაღაა იმ უთეთრესი დუმფარების ნაზი სურნელი,
ტბიდან შენი ამოსვლისას რომ იშლებიან.
სავსე მთვარეა.
ხმები ისმის მოედნიდან,
მოზიდეს ფიჩხი.
ახლა მართლაც სულერთია ყველა ფიქრი,
ყველა ოცნება,
ოღონდ მასწავლე,
როგორ უნდა გავუძლო ტკივილს,
საკუთარი ხორცის სუნს და რა უნდა ვქნა,
როცა ვიგრძნობ,
რომ ფერფლად იქცა ჩემი ნაწნავი.
მითხარი, დაო,
რომ მამა ცხენით მელოდება იქით მიმავალს,
სიარულმა რომ არ დაღალოს
ჩემი დამწვარი ძვლები და ხორცი,
გზადაგზა რომ არ დამეღვაროს
სისხლი,ჩვენი საერთო სისხლი,
ცეცხლის ალზე ადუღებული.
ჩემს მუხლებთან იჯექი, დაო,
ნურაფერს მეტყვი.
სიჩუმეში მოედნიდან უკეთესად ისმის ხმაური _
თითქოს სიკვდილს ვათვინიერებ.სავსე მთვარეა.
7. 07. 2009.

/სალომე ბენიძე/

უსაშველოდ სუბიექტური ვარ ამ ლექსის მიმართ