Friday, August 7, 2009

ქალები და კაცები

ჩემი არცერთი არ არის.

###
არიან კაცები - მდინარეები.
მთავარია, მათ აღმა არ აუყვე.
დინებას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება.
არიან კაცები - შვილები.
ისინი გულზე უნდა მიიხუტო,
თვალებში ჩახედო და არასოდეს მიატოვო.
არიან კაცები - მტაცებელი ცხოველები.
ისინი მსხვერპლს დიდხანს აკვირდებიან.
მერე მონადირებულ ხორცს უბრალოდ გასინჯავენ და ფრინველებს მიუგდებენ.
არიან კაცები - ქვევრის ძველი ღვინოები.
თავიდან არომატს აგემოვნებ და რაც უფრო მეტს სვამ,
მით უფრო თვრები.
ზომაზე მეტი თუ მოგივიდა, გონებას დაკარგავ და
შეიძლება საკუთარი შვილებიც კი დახოცო.
არიან კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
გარედან - ბრჭყვიალა, შიგნით კი - ფუტურო.
არიან კაცები - მიტოვებული ქოხები.
თქეშსა და ქარბუქში მათ უნდა შეეფარო, შიგნით შეხვიდე,
მტვერი და აბლაბუდები გადაწმინდო და დაინახავ,
თურმე როგორ პრიალებს ავეჯი.
იქ იგრძნობ, რომ ყველაფერი შენთვისაა, შენს ხელს ელოდა.
ისარგებლე, მოიხმარე, თუ გინდა,
ბამბუკის სავარძელში იქანავე,
გინდა შუასაუკუნეების საწოლზე წამოგორდი
დაპლაზმურეკრანიან ტელევიზორში მოისმინე
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება.
არიან კაცები - ქალები.
ისინი გამუდმებით ელიან ტელეფონის ზარს.
მათ პაემანი უნდა დაუნიშნო და შემდეგ გააუპატიურო.
არიან კაცები - პლასტმასის თოჯინები.
რაც არ უნდა ქნა, ვერ მიაღწევ იმათ გულამდე,
რადგან ისინი პლასტმასის წამწამებს ახამხამებენ
და პლასტმასის მკერდქვეშ პლასტმასის გული უფეთქავთ.
არიან კაცები - ტორნადოები.
ისინი უტყუარი ტრაექტორიით მოძრაობენ, წამით ჩაგიქროლებენ,
დამანგრეველ ძალას გაჩვენებენ, წაგლეკავენ.
არიან კაცები - აყვავებული ხეები,
ნაყოფის გამობმა რომ გადაავიწყდათ.
არიან კაცები...არიან კაცები...
და არიან კაცები - მრავალათასიანი მწვერვალები მარადიული თოვლით, ყინულით,
მზით, კლდით, ბალახით, ნაპრალებითა და ზვავებით.
ამ მწვერვალებზე ასასვლელად მარტო რკინის ქალამნები არ გეყოფა.
შენ ზღვის დონეზე ხარ გაზრდილი, ბალახსა და კენკრის ჭამას ნაჩვევი.
მაგრამ ადიხარ.
ჰაერში ჟანგბადი,
სისხლში კი წითელი ბურთულაკები ნელ-ნელა მცირდება.
სხვები ქვემოთ დარჩნენ - ზღვაში ბანაობენ, მზეზე ირუჯებიან.
შენ კი აღმართს უნდა აუყვე.
ჯერ ბალახს და კლდეს ჩამოიტოვებ,
მერე თოვლსა და საზვავეებს, ბოლოს კი ყინულს მიადგები,
რომელზეც მთელი ცხოვრება უნდა იარო.
გზადაგზა გხვდებიან კაცები - მდინარეები,
კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები,
კაცები - ქოხები...
ისინი შუშის მიღმა არიან.
ისინი ვერ გრძნობენ,
რომ შენს მხარეს ყინვა თანდათან ძლიერდება.
შენ თავს აფარებ რიგრიგობით თითოეულ მათგანს და თავს იტყუებ,
თითქოს ძალა მოგემატა.
გზადაგზა მძიმდები,
გზადაგზა მრავლდები,
გზადაგზა ბერდები...
ხანდახან ბრაზდები - გინდა რომელიმე ქოხის ფანჯრებს შეეფარო,
ან მდინარეს დაუყვე დაღმა.
ვეღარ ჩერდები, მაინც ადიხარ - აიკვიატე,
ზურგზე ლოდად შეიხორცე,
რომ აგაჭრან, სისხლისაგან დაიცლები. ...
და იმასღა ფიქრობ -
რა დიდია ძალა სიმაღლის...
რა დიდია ძალა სიმაღლის...
***
არიან ქალები- უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები- ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები- ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები- ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები- ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები- ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები-ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ მამაკაცების ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები- ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ "სიყვარულზე" ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ.
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები- რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები- დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს ,
არიან ქალები- ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივ ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები...
და არიან კიდევ ქალები-პოეტები,
დაღლილნი და ღამეებს მარტოობას შეფარებულნი,
ქალები- ტკივილები
"თვალების რაფაზე ჩამოწყობილი ცრემლებით",
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები- ავგიას თვალები გააღონ ხანდახან,
გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არვის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს ჩვენი ცოდვები და ტკივილები.
რადგან მათ უთხრეს:
თქვენ უნდა იყოთ უდაბნოები- ქალები და კიდევ ქალები-ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები- ტოლჩები, ქალები-კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები-მყუდრო ოთახები
და ის ქალები, სუყველანი,
რომლებიც "უბრალო " ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ,
რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები
ძალიან დიდხანს ნამალავი
და უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით,
ქალები- პოეტები ლურჯი ზმნებებით და
"ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ზღვაში გახრჩობთ",
ქალები-პოეტები,
რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის