Wednesday, November 14, 2012

I can't take my mind off of you

4 სრული წელიწადი.



    მე ჯერ ისევ მგონია რომ სადღაც არსებობ
    მე ჯერ ისევ მესმის ხოლმე შენი ხმა და კარგად რომ ვუსმენ სხვისი აღმოჩნდება.
    ჯერ ისევ ვცდილობ დედასთან ერთად არ დავიძინო, მეშინია როცა ჩავეხუტები შემთხვევით შენ არ ეგონო.
    ჯერ ისევ ერთადერთი ხარ ვისი სუნიც მახსოვს.
    ჯერ ისევ გამსგავსებ სილუეტებით სხვა კაცებს და ჯერ ისევ ისე მწყდება გული, როცა მახსენდება რომ აღარ ხარ.
   ისევ მჯერა ყოველ შემოდგომაზე რომ ყოველი ახალიწლის ღამეს თოვლი მოვა და ისევ მეშინია შენი გადიდებული სურათის შეხედვის.
   ისევ მძულს ნოემბერი და ვერაფრით ვაპატიე შემოდგომას შენი წაყვანა.
რომ იცოდე შენი სიზმარში ნახვა როგორ მამშვიდებს, ყოველღამით დამესიზმრებოდი.
    ჩვენ ისევ ოთხ სანთელს ვანთებთ შობის ღამეს ფანჯარასთან.
    კომპიუტერიდან არ წამიშლია შენი საყვარელი თამაში და ახალ მობილურშიც კი ჩავწერე რომ ხშირად ვითამაშო. ვერაფრით ვახერხებ ბოლომდე მისვლას.
    ჩვენ ვერ გავაჩუქეთ შენი ტანსაცმელი და ის შენი საყვარელი ქურთუკი ისევ კარადაში ჰკიდია და მე არ მიყვარს კარადის კარის გამოღება.
    საღამოობით შენს სვიტერს ვიცვამ ხოლმე და ცხვირით საყელოში ვძვრები.
ვერავისთან ერთად ვეღარ ვიღებ იმ სიამოვნებას, რასაც შენთან ერთად ფილმის ყურება მანიჭებდა.
    ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე, როცა ჩემს მეგობრებს მამები ურეკავენ და ჯერ ისევ მეტირება როცა ესენი პასუხობენ გისმენ მამიო.
    ჯერ ისევ მესმის ხოლმე ჩაძინების წინ, იმ აპარატის გამაყრუეებელი წრიპინი შენს საწოლთან რომ იდგა ბოლო 3 დღეს.
    ხანდახან მე გულში ვიცინი და მეცოდება ადამიანები ვინც თვლიან, რომ წარმოუდგენელია ვინმე ცოცხალის გარეშე სიცოცხლე.
    ისევ ისე მაკანკალებს, როცა რაიმეზე ვნერვიულობ და ისევ ვერ ვისწავლე, რომ ნერვების აყოლა არ შეიძლება. მახსენდება ხოლმე როგორ მეჩხუბებოდი, მაგრამ არ გამომდის.
    ახლა უკვე ყველას ვუზომავ წნევას ვინც მთხოვს და შენს მერე არასოდეს დამზარებია.

     ისევ კომპიუტერს ვარ ხოლმე მიმჯდარი საღამოობით და დედა ისევ ჭამს ხოლმე ტკბილეულს ტელევიზორის ყურების დროს  და მე შენს სიტყვებს ვეუბნები ხოლმე - ხვალ არ გამაგონო შენი წუწუნი გასუქებაზე .
     სასაფლაოზე ხშირად არ დავდივარ. ვერ ვიტან იქაურობას და შენ ეგ არ გეწყინოს. მე მაინც არ მჯერა რომ შენ იქ ხარ.
     შენი ნომერი ვიღაც ირანელ გოგოს აქვს. მართვის მოწმობა რომ ავიღე SMS გავგზავნე " მამა, მე ეს გავაკეთე"-მეთქი და ინგლისურად მომწერა და მთხოვა გადამეთარგმნა, როცა სიტუაცია ავუხსენი ბევრი იტირა.მეც არ მყავს მამაო.
     მეგობრების წრე გაიზარდა და დედა ამბობს ხოლმე რო მშვიდად ვარო მათთან როცა ხარო.
     არავის ვატკენინებ, მაგაზე აღარ ინერვიულო. ზოგი ჭირი მარგებელია და საკითხს ვუდგები ხოლმე რომ შენი დაკარგვა გადავიტანე და აწი რომელი "ზურგი" მატკენს მეთქი გულს.
      ძალიან მინდა დავიძინო და ისევ იქედან დავიწყო ცხოვრება როცა ახალი წლის ღამეს დაახლოებით 50 კმ ფეხით იარე დიდ თოვლში და ჭიშკარი ხმაურით გაიღო და ბებიას სიხარულის შეკივლება მინდა და მე დედას მკლავებში თბილ საბანში გახვეულს თვალები მილულული მქონდეს და ვერ ვხვდებოდე სახლში რა მოხდა.

-მა, ახალ წელს თოვლი მოვა?