Tuesday, September 20, 2011

მე უფრო მიყვარხარ თუ შენ უფრო გიყვარვარ

     შეიძლება სირცხვილიც არის, რომ არ მახსოვს რომელი ავტორის იყო ზღაპარი ასეთი შინაარსით: იყოდაარაიყორა. იყო ერთი ბიჭუნა რომელსაც დედა ძალიან უყვარდა. ისინი სულ ჩხუბობდნენ შვილი ეუბნებოდა დედას,რომ ძალიან უყვარდა, დედა უმტკიცებდა რომ მას უფრო უყვარდა. მიდიოდა დავა ამ საკითხზე. ზღაპარი დაწვრილებით კარგად არ, მაგრამ ბოლოს რომ თეთრწვერა მოხუცთან მივიდა ეს ბიჭუნა და იმან დაადგინა სიმართლე და დაეხმარა მას ამის გარკვევაში ნამდვილად მახსოვს.
  არც ის მახსოვს პირველი თავისუფალი თემა იყო თუ არა, რაც მასწავლებელმა მომცა სათაურით ''ჩემი საუკეთესო მეგობარი" მაგრამ ზუსტად მახსოვს პირველი წინადადება "ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო და ყველაზე საუკეთესო მეგობარი არის დედაჩემი"
  მე უფრო მიყვარხარ მეთქი ვუთხარი დედას და მან ის ზღაპარი მიამბო. მე მახსოვს სიზმარი ხან წითელკაბიან ქალს ვეკითხებოდი დედას უფრო უყვარს შვილები თუ შვილებს დედა მეთქი და ხან შავკაბიან ქალს. სიზმარში თეთრწვერა მოხუცთან შეხვედრა შემეშინდა ალბათ.
  დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და დედამ მითხრა, რომ სულერთია სანამ არ მეყოლება შვილი ვერ გავიგებ რომელი უფრო ძვირფასია.
   შვილი ჯერ არ მყავს და დღემდე უფრო ძვირფასი დედაჩემია.

როგორია?
"როგორ განა არ იცით დედაჩემი ის არის ვინც ყველაზე ლამაზია."
    იტყვიან ხოლმე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკიო, როცა ადამიანი ძალიან კარგია.
   მე ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს დედაჩემზე ლაპარაკი იმდენად მიყვარს.
    ბავშვობაში ისე არასდროს ვიძინებდი თუ ხელზე ხელს არ მოვკიდებდი. ახლა ძალიან იშვიათად ვეუბნები საალერსო სიტყვებს და მითუმეტეს ძალიან იშვიათად ვეფერები. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, ვინც არასდროს არ აპროტესტებს ჩემს ცივ დამოკიდებულებას მის მიმართ. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია ვინც ზუსტად იცის რომ "სიჩუმეა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
    მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი მოვლენაა.
    მე ვიცი, რომ არავის უხარია ის რაც მიხარია– დედაჩემივით.
    მე ვიცი, რომ არავინ განიცდის ისე როგორც ის, ჩემს ცუდად ყოფნას.
    დედაჩემს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.
    დედაჩემს არასდროს ურჩევია ჩემთვის რომელიმე გზით წასვლა. ის ალტერნატივებს მისახელებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით და არჩევანის საშუალებას მიტოვებდა.
   დედაჩემს არასდროს წაუკითხავს  მორალი და არასდროს უთქვამს კონკრეტულზე რომ ცუდი ან კარგია. ამის განსაზღვრის უფლებასაც თავად მაძლევდა.
   მე არასდროს ვყოფილვარ მასზე მიჯაჭვული, მე არასდროს ვყოფილვარ მასზე დამოკიდებული.
   ბრძენია დედაჩემი.
   დღემდე მამშვიდებს, როცა მისი ხელს ვეხები და ვფიქრობ ხოლმე ნეტავ ყველა დედას აქვს ზებუნებრივი ძალა შეგეხოს და ყველაფერი დალაგდეს იმ წამს?
    ტრადიციაა ყოველ დილით გადმომხედავს ფანჯრიდან სამსახურში მიმავალს და ზუსტად ვიცი რას ფიქრობს ხოლმე. როცა არ მიყურებს ის დღე არ არის სრულყოფილი.
   ვამბობ თანდაყოლია მეთქი ეს სიყვარული.
    მე არ ვიცი რა უნდა მეწყინოს დედისგან, რა უნდა მეტკინოს ისე, რომ აღარ მიყვარდეს.
   მე ვერ ვიტან როცა ის ტირის. ამ დროს მინდება დავიმალო სადმე, რომ არასდროს გავიგო. არადა სჭირდება თორემ რა გაუძლებს ამდენ დარდს.
   დედაჩემს უყვარს ტკბილეული და მე არცერთი ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი.
    დედაჩემს უყვარს ჩემთან საუბარი, მე კიდევ სახლში მოსვლისთანავე ჩემს ოთახში ვიკეტები და კომპიუტერს ვუზივარ, ან ვმუშაობ ან ვერთობი.
   დედაჩემმა იცის რომ არ მიყვარს როცა ჩემს სივრცეს არღვევენ და არ მისვამს ზედმეტ კითხვებს. ზის და მელოდება როდის დავამთავრებ გართობას, რომ მომიყვეს დღის ამბები.

დედა არის ჩემი შალის თბილი კაშნე, ჩემი  ჩაის ჭიქა, ჩემი ყურსასმენი, ჩემი დღიური, ჩემი საყვარელი კაბა, ჩემი ლეკვი, ჩემი თმისსამაგრი, ჩემი ძალაა დედაჩემი
დედაჩემი წითელია, მერე რა რომ მე ლურჯი ვარ
წვიმაა.
დედაჩემი ყველაფერია.
როგორ გამიმართლა დე.