Wednesday, November 14, 2012

I can't take my mind off of you

4 სრული წელიწადი.



    მე ჯერ ისევ მგონია რომ სადღაც არსებობ
    მე ჯერ ისევ მესმის ხოლმე შენი ხმა და კარგად რომ ვუსმენ სხვისი აღმოჩნდება.
    ჯერ ისევ ვცდილობ დედასთან ერთად არ დავიძინო, მეშინია როცა ჩავეხუტები შემთხვევით შენ არ ეგონო.
    ჯერ ისევ ერთადერთი ხარ ვისი სუნიც მახსოვს.
    ჯერ ისევ გამსგავსებ სილუეტებით სხვა კაცებს და ჯერ ისევ ისე მწყდება გული, როცა მახსენდება რომ აღარ ხარ.
   ისევ მჯერა ყოველ შემოდგომაზე რომ ყოველი ახალიწლის ღამეს თოვლი მოვა და ისევ მეშინია შენი გადიდებული სურათის შეხედვის.
   ისევ მძულს ნოემბერი და ვერაფრით ვაპატიე შემოდგომას შენი წაყვანა.
რომ იცოდე შენი სიზმარში ნახვა როგორ მამშვიდებს, ყოველღამით დამესიზმრებოდი.
    ჩვენ ისევ ოთხ სანთელს ვანთებთ შობის ღამეს ფანჯარასთან.
    კომპიუტერიდან არ წამიშლია შენი საყვარელი თამაში და ახალ მობილურშიც კი ჩავწერე რომ ხშირად ვითამაშო. ვერაფრით ვახერხებ ბოლომდე მისვლას.
    ჩვენ ვერ გავაჩუქეთ შენი ტანსაცმელი და ის შენი საყვარელი ქურთუკი ისევ კარადაში ჰკიდია და მე არ მიყვარს კარადის კარის გამოღება.
    საღამოობით შენს სვიტერს ვიცვამ ხოლმე და ცხვირით საყელოში ვძვრები.
ვერავისთან ერთად ვეღარ ვიღებ იმ სიამოვნებას, რასაც შენთან ერთად ფილმის ყურება მანიჭებდა.
    ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე, როცა ჩემს მეგობრებს მამები ურეკავენ და ჯერ ისევ მეტირება როცა ესენი პასუხობენ გისმენ მამიო.
    ჯერ ისევ მესმის ხოლმე ჩაძინების წინ, იმ აპარატის გამაყრუეებელი წრიპინი შენს საწოლთან რომ იდგა ბოლო 3 დღეს.
    ხანდახან მე გულში ვიცინი და მეცოდება ადამიანები ვინც თვლიან, რომ წარმოუდგენელია ვინმე ცოცხალის გარეშე სიცოცხლე.
    ისევ ისე მაკანკალებს, როცა რაიმეზე ვნერვიულობ და ისევ ვერ ვისწავლე, რომ ნერვების აყოლა არ შეიძლება. მახსენდება ხოლმე როგორ მეჩხუბებოდი, მაგრამ არ გამომდის.
    ახლა უკვე ყველას ვუზომავ წნევას ვინც მთხოვს და შენს მერე არასოდეს დამზარებია.

     ისევ კომპიუტერს ვარ ხოლმე მიმჯდარი საღამოობით და დედა ისევ ჭამს ხოლმე ტკბილეულს ტელევიზორის ყურების დროს  და მე შენს სიტყვებს ვეუბნები ხოლმე - ხვალ არ გამაგონო შენი წუწუნი გასუქებაზე .
     სასაფლაოზე ხშირად არ დავდივარ. ვერ ვიტან იქაურობას და შენ ეგ არ გეწყინოს. მე მაინც არ მჯერა რომ შენ იქ ხარ.
     შენი ნომერი ვიღაც ირანელ გოგოს აქვს. მართვის მოწმობა რომ ავიღე SMS გავგზავნე " მამა, მე ეს გავაკეთე"-მეთქი და ინგლისურად მომწერა და მთხოვა გადამეთარგმნა, როცა სიტუაცია ავუხსენი ბევრი იტირა.მეც არ მყავს მამაო.
     მეგობრების წრე გაიზარდა და დედა ამბობს ხოლმე რო მშვიდად ვარო მათთან როცა ხარო.
     არავის ვატკენინებ, მაგაზე აღარ ინერვიულო. ზოგი ჭირი მარგებელია და საკითხს ვუდგები ხოლმე რომ შენი დაკარგვა გადავიტანე და აწი რომელი "ზურგი" მატკენს მეთქი გულს.
      ძალიან მინდა დავიძინო და ისევ იქედან დავიწყო ცხოვრება როცა ახალი წლის ღამეს დაახლოებით 50 კმ ფეხით იარე დიდ თოვლში და ჭიშკარი ხმაურით გაიღო და ბებიას სიხარულის შეკივლება მინდა და მე დედას მკლავებში თბილ საბანში გახვეულს თვალები მილულული მქონდეს და ვერ ვხვდებოდე სახლში რა მოხდა.

-მა, ახალ წელს თოვლი მოვა?

Thursday, October 18, 2012

რა მიყვარს და რა არ მიყვარს


  • მიყვარს ლოდინი
  • მიყვარს ჩემი სოფელი
არ მიყვარს უკან დაბრუნება
  • ვერ გიტან, როცა მიყვარხარ
  • მიყვარს წვიმა, თავსხმა
  • ნესტის სუნი,
  • სიმინდის სუნი,აი თავიდან რომ გამოარჩევ ფუჩეჩიდან.მიყვარს მიყვარს მიყვარს
  • მიყვარს როცა ხარ მთვრალი
  • მიყვარს ის მესიჯი მისგან ვისგანაც საერთოდ არ ელი  და მიყვარს ამ მესიჯით მოსული მისი განცდები
  • მიყვარს მასაჟი
  • ჩემი შაბიამნისფერი მეილი
  • თხილიანი ჰალვა და ცხელი მალინის კისელი
  • ფლირტი
  • არ მიყვარს როცა მამაჩემზე კითხვებს მისვამენ.ამ დროს ყურებზე ხელის აფარება მინდა
  • მიყვარს ნაი
  • მიყვარს ალისა, მეფე ლომი და პიტერ პენი
  • მე ყველაზე მეტად მიყვარს შობა, აღდგომა და ნიკოლოზობა განსაკუთრებით
  • მიყვარს როცა სახლში მშვიდად მივდივარ და ვფქირობ: ეს გავაკეთე, ესეც, ესეც, ესეც, ესეც მგონი არაფერი დამრჩა. არაფერი დამრჩა.
  •   არ მიყვარს როცა ამბობენ "წავედი",სულ მინდა დავასწრო და ვუთხრა "წავედი"

  • მიყვარს ჩაი,ნატურალური ჩემებური
  • მიყვარს როცა არ ვიცი რატომ
  • ვერ ვიტან როცა პატიებას მთხოვენ
  • არ მიყვარს როცა ცუდ ხასიათზე ვარ და მელაპარაკებიანკებიანკებიან  :(
  • არ მიყვარს მარშუტკას ჩემი გაჩერებამდე 50 მეტრში რომ აჩერებენ
  • მიყვარს კბილის ბურღი
  • არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები
  • მიყვარს ცივი რძე
  • ვერ ვიტან "უტრაკო გამტრაკებლებს" აი ასე
  • და ვერ ვიტან როცა თვალში მთხრიან თავიანთ "ღირსებებს"
  • მიყვარს ადამიანები, რომლებიც ჯაზს იმიტომ არ უსმენენ რომ "მოდაშია"
  • მიყვარს Tom Waits da Imagine
  • ვერ ვიტან დასვენების დღეს, როცა მეორე დღეს მიწა გეყრება თავზე იმდენი საქმეა.გათენება არ მინდა ხოლმე ამ დროს
  • და არ მიყვარს როცა ჩემ(შ)ი რამე არ მოსწონთ და არ მეუბნებიან
  • არ მიყვარს როცა სიტყვა "დამთავრდა" -ს უაზროდ ამბობენ
  • მიყვარს როცა ჩემი ძმა ბედნიერია, აი სახლში რომ მოდის და ისევ ტელეფონი უჭირავს და ისევ ლაპარაკობს და აღარ ვნერვიულობ სად დადის ასე გვიანობამდე და რატომ დადის და მოკლედ მიყვარს
  • ვერ ვიტან როცა რაღაც მრჩება და სახლში მიბრუნება მიწევს
  • ვერ ვიტან თვალის ჩაკვრას
  • არ მიყვარს მიცვალებულის სახელობის წყაროდან წყლის დალევა და გასვენებებში სიარული
  • არ მიყვარს როცა ჩემზე ამბობენ რომ საყვარელი ვარ
  • გარუჯულზე კანი რომ მძვრება :(
  • არ მიყვარს ფსევდო თავისუფალი ადამიანები
  • ფსევდო მეგობრობა :(
  • მიყვარს საჩუქრის მიღება და უფრო გაჩუქება
  • მიყვარს დედაჩემი
  • კოკა-კოლა, თოვლი
  • სახლში რომ მოვდივარ და ჩემს ფანჯრებში შუქი ანთია
  • მე მიყვარს როცა ვინმეს რამეში ვჭირდები
  • მიყვარს ჩემი გადაღებული ფოტოები რომ უყვართ
  • ჩემი თანამშრომლები მიყვარს
  • მიყვარს ქორწილის სურათების თვალიერება. რა ბედნიერი სახეები აქვთ
  • არ მიყვარს როცა ადამიანები მოულოდნელად ქრებიან.აუქმებენ ყველაფერს და არ პასუხობენ ტელეფონის ზარებს.საშინლად მაბრაზებს ამხელა ეგოიზმი.
  • მიყვარს ღამე როცა მამაჩემი მესიზმრება
  • მიყვარს საღამოს სახლში რომ მოვდივარ და ეზოში პატარა ბავშვები დგანან და მთელი ხმით მესალმებიან ამ დროს სულ ვუბრუნებ სალამს და ვუცინი და მოვიკითხავ.მახსოვს ვიჯექი ხოლმე კიბეზე და მთელი დღე მაიკოს მოსვლას ველოდებოდი და ჩემს ხმამაღალ გამარჯობაზე არათუ პასუხი, ერთხელ უხეშადაც მომმართა.არადა როგორ მომწონდა და როგორ მინდოდა დიდი გოგო რომ გავიზრდებოდი მაიკოსნაირი ვყოფილიყავი.

  • არ მიყვარს როცა ადამიანს რაღაცას უკეთებ და მადლობას ზერელედ გიხდის, იმის გამო რომ არ იფიქრო რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთე.
  • მიყვარს ბავშვობის მეგობრები.საერთოდ სხვა ფენომენია.
  • ვერ ვიტან ძუნწ ხალხს
  • მიყვარს როცა იმდენად კარგად ვარ რომ ვერ ვგრძნობ როგორ ვუმატებ სიჩქარეს
  • მიყვარს ვინც ახერხებს ჩემს ყურებამდე გაღიმებას
  • მიყვარს როცა ვიღაც მაჯერებს რომ კარგი ვარ
  • მიზეზებს რომ ეძებენ ცუდად ყოფნისთვის.მეზიზღება
  • მიყვარს ჩანთის ჩალაგება ლაშქრობის წინ, სიაში თითო-თითო რომ ვშლი პუქნტებს
  • მთაში რომ ავდივარ და მომენტალურად ვითიშები, თვალებს  რომ ვხუჭავ და მთელი სხეულით ვსუნთქავ ჰაერს
  • დილით სარკეში რომ ვიხედები და საკუთარ თავს ენის გამოყოფის მაგივრად გავუღიმებ.
  • ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ზუსტად ის ფილმი გადის რომელიც წინა დღეებში ხშირად გახსენდებოდა და როცა მარტო არ ვუყურებ ფილმს
  • გარეთ რომ გამოვდივარ და ვამოწმებ პირიდან ორთქლი თუ გამოდის.
  • ძილის დროს ჩემს ძმას რომ ვკოცნი და თუ გაეღვიძება და თვითონაც მეხუტება.
  • როცა საინტერესო ამბებს მიყვებიან.
  • როცა ჩემი წინათგრძნობა ცამდე მართალია.
  • მიყვარს ჩემი ჭიქის დასადები ფერადი.
  • გრძელი ფრიალა კაბები.
  • მიყვარს სიგიჟეები რომ უყვართ ისეთი ადამიანები, კრეატივი და შინაარსიანი საჩუქრები
  • მიყვარს ზღაპრები, მულტფილმები
  • მიყვარს, კოღო რომ მკბენს და რომ ვითმენ და ხელს არ ვკიდებ
  • მიყვარს დიალოგები წიგნებში
  • მიყვარს კამათი თუ ცემა–ტყეპამდე არ მიდის.
  • მიყვარს ჩუმად სიყვარული.
  • მიყვარს როცა არ მახსნევინებენ ნათქვამს
  • მიყვარს ჭკვიანი თვალები და ხალისიანი ადამიანები.
  • კარავში ძილი მიყვარს საძილე ტომარაში გახვეულს.მაგ დროს მგონია ისიც კი მესმის ჭიანჭველები როგორ დადიან.
  • ხის გრძელ სკამზე წამოწოლა და ძალიან ბევრი ვარსკვლავების ყურება, მოწყვეტისას სურვილის ჩაფიქრებას რომ ვერ ვასწრებ.
  • სურვილების ჩაფიქრება მიყვარს კიდე და თუ მისრულდება მერე უნდა ნახო სულ ვიძახი თქვეს მაგივრადაც მე ჩავიფიქრებ მეთქი.
  • ნისლი მიყვარს კიდე მაგ დროს მთელი ძალით ჩასუნთქვა, რომ გგონია ფილტვები გაგსიკდება ამდენი სუფთა ჰაერისგან.
  • ზურგზე ცურვა მიყვარს და დილის ზღვა.ძალიან ცივი წყალი. ყინულების ჭამა მიყვარს.
  • ჩემი სურათების თვალიერება მიყვარს და შედარება თვალების სახის და დაკვირვება როგორ გავიზარდე
  • სურათის გადაღება ოღონდ როცა იციან რომ ვუღებ და მეპრანჭებიან ეგრე არა
  • კიდევ მიყვარს ექსტრემალური ატრაქციონები და საშინლად მეშინია სისწრაფის. სიმაღლისაც მეშინია.
  • ციცინათელებიც მიყვარს
  • მანქანის შუშებში საკუთარი ანარეკლი მიყვარს და თმების გასწორება
  • მიყვარს სახელი ელისაბედი
  • მიყვარს კერძების მომზადება, როცა მარტო მე ვარ სამზარეულოში
  • ხისსუნიანისახლები
  • ვერ ვიტან ორშაბათებს








Saturday, October 13, 2012

გიჯერებ


შენ ამბობ, ვიცი. ჩემო პატარა.
დედასავით მიზიხარ წინ და მეუბნები, ვიცი, ჩემო პატარა
შენი თმა სოფლის შარა გზაა,
შენი თმა ატალახებული ჭიშკარია და
სახლის სახურავიცაა. შენი თმა,
რომელსაც  ყნოსავ.
შენ ამბობ, არასოდეს ჩაეხუტო ისე,
რომ გულისცემამ შენს ყურებში დაიძინონ,
მისმა სისხლმა შენს არტერიაში გაიაროს
და თვალები დახუჭო.
ხელები არასდროს შემოაჭდო
არასდროს შეხედო, როგორ უდნება თვალები,
ხელებში მომწყვდეული შოკოლადივით,
როცა პირს აღებს და  გეუბნება, შენ გქვია ეს.
შენ ამბობ, ჩემო პატარა და
შენ დიდი სახლი ხარ.
რკინის კარით, რომელშიც ჰაერი არ ძველდება
რომლის ფანჯრებშიც ქარი ცხოვრობს  და
ხელში, შენც გიჭირავს ორი თვალი,
კარამელის ორი კანფეტივით.
არც ერთს არ შეჭამ. თაროზე დადებ და დაივიწყებ.
არ შეიძლება, შენ ამბობ, ჩემო პატარა
და ვიცი, არ შეიძლება.
ასე ნელა და მოთმინებით ღეჭო, ღეჭო და გადაღლაპო,
ასე ტკბილად და მწარად გეჩვენებოდეს,
ასე დიდხანს დაიგუბო და პირი დაიხში
სხვების სიყვარულით. 
ისინი ხომ  არასოდეს გადაყლაპავენ ასე
ლუკმა-ლუკმად ჩამოთვლილ ამინდებს.
არ შეიძლება, შენ ამბობ,
ჩემო პატარა, იჯექი ჩემ წინ
და მოითმინე.
მე კი, ისევ მეწვის ყელი, როცა ვამბობ რომ ის ქვია,
ისევ მტკივდება თვალები
და შენ იცი,
რამდენი ხანი მოგვიწევს ასე პირისპირ ჯდომა.
მითხარი, ჩემო პატარა, მე ვიცი.
გიჯერებ. 


თამარ ფოლადაშვილი

ეს ლექსი დაწერა ჩვენი ერთ–ერთი საუბრის დროს
და რომ მაჩვენა გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა


Tuesday, May 29, 2012

აღსარება


გამიხარდა, რომ გავიგე ნერვიულობსო. სადღაც შიგნით. ცოტა მაგრამ გამიხარდა და ვთქვი: აი ეგრე!

გავიფიქრე არ უხდება ყვითელი, მე უფრო მომიხდებოდა ეგ მაისური, არაა მაგის სტილი

თავმოყვარე, ამაყი, ჯიუტი

როცა ვბრაზდები კიდევ უფრო მშვიდი ვხდები და ამ კიდევ უფროზე კიდევ უფრო ცინიკური
არ შემიძლია გაპატიო ტყუილი, მერე რა თუ ვნანობ რომ არ შემიძლია, მაინც არ შემიძლია

არ ვიცი რატომ წავედი, ვნერვიულობ. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე ეს სულელური წინასწარმეტყველებები

ხანდახან მეპარება ხოლმე ეჭვი რომ არსებობ. მერე არ ვიცი საიდან და როგორ მოდის ისევ რწმენა რომ ხარ
ერთადერთი ხარ ვისაც ვერ ვხედავ და მისი მჯერა
შენი არ მეშინია
მე მგონი მე უფრო მიყვარხარ, ვიდრე შენ უფრო მიყვარხარ

გავიფიქრე-ნეტავ მოკვდებოდეს

თავს ვაჩვენებ თითქოს ვატყუებ, ანუ მაინც ვიტყუები


ბევრი ფიქრი, ბევრი ილუზია


არ მახსენდება ბევრი თურმე კიდევ უფრო მიყვარს საკუთარი თავი


ვუთხარი_ვერ გიტან

Monday, May 7, 2012

მონოლოგებიდან


„ღმერთო, მომეცი კედლის და ცერცვის სმაილი სალომესთვის!“
ნათია ნაცვლიშვილი

მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
ვაკაკუნებდე და არავინ მიღებდეს,
კაკუნისას ხანში კარის ქერქი მისერავდეს
და სისხლი მდიოდეს,
მწიფეს ვესროდე და მკვახე ცვიოდეს,
გზადაგზა ლპებოდეს და გამუდმებით სახეს ვიწმენდდე _
არავინ დაინახოს ჩემივე ნამოქმედარის შედეგი.
მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
ვიყო კედელი, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს
და ისიც მისთვის, ვისაც ამ კარის იქით შეჭვრეტაც
არასოდეს არ უნატრია _
კედელი ხომ იმისთვისაა, ცერცვი აყარო
და არაფერი გიპასუხოს.
მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
ვიდგე ფანჯარასთან და ვხედავდე მას,
იდგეს ფანჯარასთან და მხედავდეს მე,
არაფერს ვამბობდე და არაფერს ამბობდეს _
შენ ხომ მაინც იცი,
როცა ასე ვიქცევით, ორივე ვიტყუებით.
მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
მინებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
თვალებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
უბრალოდ, არ მინდოდეს არაფრის დანახვა,
ვამბობდე: მთელი ქვეყანა წვიმამ წაიღოს,
ის თუ არ იქნება.
ასე უფრო მარტივია ყველაფერი.
მე ასეთი არაფერი მინატრია, ღმერთო,
როცა მოვედი შენს ჩაბნელებულ სახლში,
რომელიც იდგა ეულად სოფლის შარაზე,
როცა მოვედი და ისე გთხოვე, როგორც არასდროს,
როცა მოვიხედე და პირველად დაგინახე _
შენ იდექი უძველესი ეკლესიის შორეულ კუთხეში
და მამაჩემის თვალებით მიყურებდი.

/სალომე ბენიძე/

Wednesday, March 7, 2012

თუ

რამდენიმე კუნთი ჩემს სხეულში 
ჯერ კიდევ გრძნობს შენს არსებობას. 
და რომ რაღაც დაგრჩა კიდევ სათქმელი. 
და რომ თანდათან შეუძლებელი ხდება. 
და რომ ახლოვდება... 
რამდენიმე კუნთი ჩემს სხეულში 
შემთხვევით ჯერ კიდევ აგრძელებს ფეთქვას. 
და თუ გგონია, რომ ფხიზლად ვარ. 
თუ გგონია, რომ მწვანე მინთია. 
თუ გგონია, რომ ბოდვას გადავეჩვიე, 
ეს მხოლოდ გგონია. 
პირიქით: 
გირთულებ ჩემთვის დასასმელ დიაგნოზს. 
გირთულებ პასუხებს. 
გიგროვებ სიტყვებს. 
გიხსნი სიყვარულს. 
გიშლი ნერვებს. 
ფეხებთან გიყრი ამ დღეების გამარჯვებებს: 
გადააბიჯე და მხოლოდ ამის შემდეგ 
წადი. 


მუმლი

აქ მოდის მზე



მეკითხება როდიდან გიყვარს აქვს ამის კითხვას აზრიო?
ვპასუხობ:
მახსოვს პერიოდი თბილი ჰაერის ნაკადების მოძრაობის მუცელში, ყელში რო გებჯინება ეს სითბო და ზემოთ რომ არ უშვებ და ნარკოტიკზე დამოკიდებულივით რომ ხდები ამ შეგრძნების მიმართ.
მახსოვს პერიოდი როცა ჰაერის ეს ნაკადები გაუსაძლისად გაცხელდნენ და აუტანელი გახდა.
მახსოვს პერიოდი როცა მეწვოდა მუცელი. მეწვოდაააააააააა
იყო პერიოდი როცა ცივი მასა გადაასხეს და იქცა მეტალად.
და ახლა ეს მეტალი ისე მძიმეა, ისე მძიმეა
მიჭირს თრევა და მაინც ჩუმად ვარ.

"სიჩუმის გარდა არის რაღაც რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს"