Saturday, October 13, 2012

გიჯერებ


შენ ამბობ, ვიცი. ჩემო პატარა.
დედასავით მიზიხარ წინ და მეუბნები, ვიცი, ჩემო პატარა
შენი თმა სოფლის შარა გზაა,
შენი თმა ატალახებული ჭიშკარია და
სახლის სახურავიცაა. შენი თმა,
რომელსაც  ყნოსავ.
შენ ამბობ, არასოდეს ჩაეხუტო ისე,
რომ გულისცემამ შენს ყურებში დაიძინონ,
მისმა სისხლმა შენს არტერიაში გაიაროს
და თვალები დახუჭო.
ხელები არასდროს შემოაჭდო
არასდროს შეხედო, როგორ უდნება თვალები,
ხელებში მომწყვდეული შოკოლადივით,
როცა პირს აღებს და  გეუბნება, შენ გქვია ეს.
შენ ამბობ, ჩემო პატარა და
შენ დიდი სახლი ხარ.
რკინის კარით, რომელშიც ჰაერი არ ძველდება
რომლის ფანჯრებშიც ქარი ცხოვრობს  და
ხელში, შენც გიჭირავს ორი თვალი,
კარამელის ორი კანფეტივით.
არც ერთს არ შეჭამ. თაროზე დადებ და დაივიწყებ.
არ შეიძლება, შენ ამბობ, ჩემო პატარა
და ვიცი, არ შეიძლება.
ასე ნელა და მოთმინებით ღეჭო, ღეჭო და გადაღლაპო,
ასე ტკბილად და მწარად გეჩვენებოდეს,
ასე დიდხანს დაიგუბო და პირი დაიხში
სხვების სიყვარულით. 
ისინი ხომ  არასოდეს გადაყლაპავენ ასე
ლუკმა-ლუკმად ჩამოთვლილ ამინდებს.
არ შეიძლება, შენ ამბობ,
ჩემო პატარა, იჯექი ჩემ წინ
და მოითმინე.
მე კი, ისევ მეწვის ყელი, როცა ვამბობ რომ ის ქვია,
ისევ მტკივდება თვალები
და შენ იცი,
რამდენი ხანი მოგვიწევს ასე პირისპირ ჯდომა.
მითხარი, ჩემო პატარა, მე ვიცი.
გიჯერებ. 


თამარ ფოლადაშვილი

ეს ლექსი დაწერა ჩვენი ერთ–ერთი საუბრის დროს
და რომ მაჩვენა გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა


No comments: