Tuesday, August 19, 2014

ბებიაჩემი

      გურულია, მაგრამ  ოლღა ბებიას არ ჰგავს. არც წყევლა იცის და არც წელში მოხრილია ჯოხით ხელში. პირიქით.
    "მოი,  ცა, ერიცახას მოგეფერები" - ამბობს ბებიაჩემი და მისვლისას თავზე მატყდება მოფერებითი სიტყვების ისეთი კორიანტელი, არსად რომ არ გამიგონია,ხოლო ზოგიერთი მათგანის გამო  შემრცხვება კიდეც.
      ოდნავ ხორკლიანი ხელები აქვს და საოცარ შეგრძნება იყო,  დილით მათი ზურგზე ფერებით, გაღვიძება. ძალიან უხარია, როცა ავღნიშნავ ხოლმე, რომ ერთმანეთს ვგავართ, როცა საერთოს პოულობს ჩემსა და მას შორის.
    
   ბებიაჩემი ორი ცალია. ცისანა მასწავლებელი და ცისანა ბებია. ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ორივე მკაცრი და დისტანციურია
   მახსოვს ბებიაჩემი ლამფის შუქზე ჩვენთან ერთად კარტის მოთამაშე  და მახსოვს ბებიაჩემიც ეზოში მოფუსფუსე ცელით ან თოხით ხელში.
   არ ვიცი როგორი მასწავლებელი იყო, ის კი ვიცი, რომ ჩემი ბავშვობის  მეგობრებს მისი ძალიან ეშინოდათ და თან ძალიან უყვარდათ. არც ის ვიცი, ამას როგორ ახერხებდა.
   ბევრი რამ ვისწავლე მისგან, მაგრამ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთების დროსაც ყოველთვის მახსენდება, რომ მან მასწავლა. მაგალითად, როგორ დამებანა სწორად თმები, როგორ გამეზომა წნევა, როგორ  გამომეცხო მჭადი : ,,პირველი, ბებია, რაც უნდა ქნა საჭმლის გაკეთების წინ ხელები უნდა იხეხო, იხეხო, იხეხო ისე, აფერი ბაქტერია არ მოხდეს შით, მერე ამეიღე  მუჭებით მჭადის ფქვილი,  დაყარე გობზე და  დაასხი წყალი და ეფერე ახლა მაგას. იცი, ბებია, მოფერება უნდა ყველაფერს გემრიელი რომ გამოვიდეს. რაფერი გულითაც შობი საქმეს, იმფერი გამოდის."
      მოფერებისა და საჩუქრების მიუხედავად, ზუსტად იცოდა, როგორ არ გავთამამებულიყავით. როგორ არ მოგვსვლოდა ზედმეტი. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე, როცა სარეველას მრავალძარღვასგან გარჩევას მასწავლიდასარეველა ბალახები შუადღემდე უნდა მოგვეთხარა უკანა ეზოში.შუადღით სადილის მერე აუცილებლად უნდა დაგვესვენა, დაგვეძინა ან წაგვეკითხასამაგიეროდ, მთელი საღამო შეგვეძლო გვეთამაშა.
        დედამიწის გულში რა ხდება ის იცის და სათქმელს ისე გეტყვის, ვერც გაუბრაზდები, არც გეწყინება. გიჟდება იუმორზე და ყველაზე მეტს საკუთარ თავზე ხუმრობს. უყვარს, როცა ეფერებიან, აქებენ და ზუსტად იცის თავისი შესაძლებლობები.

     
     
      "75/55 " ასე ერქვა მისი სკოლიდან გაცილების საღამოს, რომელსაც მე ვერ დავესწარი, მაგრამ მისგან იმდენ და ისე დაწვრილებით მოვისმინე ამის დანაკლისი არ მაქვს. ვუყურებ, როგორ ეამაყება საკუთარი თავი და როგორ ევსება თვალები ცრემლებით, როგორ ენანება თავისი თავი სიბერისთვის და როგორ სძულს ეს სიტყვა და მეც მეტირება.  
    მიყვარს ჩემი ეზოში შესვლა და ბებიაჩემის დახვედრა ოდაში. მიყვარს მისი სიტყვები, როცა მე მხედავს, მიყვარს მისგან ამის აღნიშვნა- "ყველა ხომ მიყვარს, ცა, ყველა. რაფერ უნდა ვთქვა შვილიშვილებს ვარჩევო, მარა, აი რომაა ცაააა? ნენააა, პირველი, პირველი, პირველი და მთელი სამყარო ჩამოზიდული ჩემს ეზოში" .