Monday, April 27, 2009

ჰ ო ლ ო გ რ ა მ ა

პოეზია
2009.04.21
------------------------------------------------

პოეტური მანიფესტი თაობას..





როცა
თქვენი ქალაქის ქუჩებში,
თქვენი სკოლების დერეფნებში,
უნივერსიტეტების აუდიტორიებში,
კორპუსების სადარბაზოებში,
საზოგადოებრივ ტუალეტებში,
დასასვენებელ პარკებში,
გასართობ ღამის კლუბებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში,
მოვლენ
ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,
სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,
ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,
სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,
შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,
პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები
და გეტყვიან
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”
“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”
“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”
“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”
“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”
“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”
თქვენ უპასუხეთ:
ყალბია თქვენი გამოხედვა!
ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!
ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!
ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!
ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!
ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!
ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!
ყალბია უილიამ შექსპირი
და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!
ყალბია დანტე ალიგიერი
და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!
ყალბია ფრიდრიხ შილერი!
ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა
ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!
ყალბია შარლ ბოდლერი
და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!
ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!
ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!
ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!
ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!
ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!
თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ
და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,
რომელიც ასევე ყალბია!
ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!
ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!
ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!
ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!
ყალბია სიმონ ჩიქოვანი!
და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ
ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის
“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!
ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!
ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:
ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!
ყალბია უოლტ უიტმენი
და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!
ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!
ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,
არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!

ყალბია ბრძენი,
ბრმა სიტყვების ოსტატი
მაცუი ბაშო

ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!
და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!
ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,
ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!
ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!
ყალბია ჯეკ კერუაკი!
ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!
ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!
ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი
და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.
ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული
მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე
და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,
ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,
თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.
ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!
ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!
ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც
თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!
და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,
ან გამოვტოვე,
ყალბია!
ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,
და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ
“აი ია”-დან დაწყებული
და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული,
ყალბია!
ყალბია!!
ყალბია!!!

ხვიარა(სანდრო ლორთქიფანიძე)

ფლორენცია. სიზმარი.

პოეზია
2009.04.21
------------------------------------------------
  
მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდან 
ხელახლა, რადგან შენ ვერასოდეს, 
ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგ 
ვერ შემამჩნიე. 
ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს დიდი და ფართო. 
გავყურებ ქალაქს,  
სახურავებს, 
წითელ კრამიტებს, 
როცა ცაზე ამოდის მთვარე, ნათელი, მრგვალი, 
მთვარე, რომელსაც შენს თაფლისფერ, უცნაურ, კეთილ, 
დაღლილ თვალებს უგავს თვალები. 
ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაბადებული, 
იატაკზე ვაგდებ პირსახოცს, 
სველ კვალს ვტოვებ ნიჟარიდან ფანჯრის რაფამდე. 
მიყურებს მთვარე _ 
მე რაფაზე ვზივარ შიშველი 
და ქალაქის ჩახუთულ ჰაერს, 
უძველეს ჰაერს, 
ვსუნთქავ ტანით, მკერდით, ფეხებით. 
მე და შენ, ალბათ, ამ ქალაქში უნდა გვეცხოვრა, 
არნოს ნაპირას, მორყეულ სახლში, 
წყალდიდობის მუდმივ შიშში და თევზის სუნში, 
დაგვიფარავდა წვიმისაგან კრამიტი ძველი 
და ტკივილისგან _ რომელიმე წმინდანი ალბათ, 
ქუჩის კუთხეში ამოტვიფრული, 
მაგრამ რატომღაც ამ მშვიდ მთვარეს, 
დედამიწის გარშემო მავალს, 
ცალცალკე ვხედავთ, სულ სხვადასხვა წერტილებიდან, 
მე _ აბაზანის ფართო ფანჯრიდან, 
შენ _ არ ვიცი, იქნებ ისე გაგიტკბა ძილი, 
რომ სავსე მთვარეს ვერც კი ამჩნევ, 
აღარც ის გახსოვს, რომ ვარსებობ, 
დავდივარ, ვსუნთქავ 
და ყოველღამე ვორსულდები, 
ასე, შიშვლად, რაფაზე მჯდომი, 
რომ ასევე ყოველღამე საკუთარი თავი ვშვა ახლად, 
რომ ოდესმე ამ ქალაქის წითელ კრამიტებს 
ორივემ ერთად გადავხედოთ 
ჩემი თეთრი აბაზანის ფანჯრის რაფიდან. 

აქ მე და შენ ალბათ ერთად უნდა გვეცხოვრა...

/სალომე ბენიძე/

Thursday, April 16, 2009

გაჟონვა

ისეთი მარტო ხარ - გეცინება.
ისეთი დაღლილი - მიეჩვიე.
ძალიან მარტივად - გეძინება.
ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.
თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან... სისულელე!
ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ. ღმერთმაც კი მიგატოვა
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ფანჯრებზე ტოვებენ ჰემატომებს.


/გიო საჯაია/

Monday, April 13, 2009

სიყვარულის ახსნა

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ცივ ბუდეებში 
სამუდამოდ დააბინადრა
თვალები - როგორც ლაყე კვერცხები - 
ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს - 
სიხარულის თბილ - თბილ
წიწილებს.

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე - 
ხან თავსხმა წვიმამ გადარეცხა, 
ხან დაბერა სამხრეთის ქარმა,
ხან ყველა ტყეს მოედო ცეცხლი, 
ბოლოს - დათოვა - 
ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე. 

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ზამთრის ძილისგან დაიხოცნენ 
სუნთქვის დათვები
და თავი ვეღარ დააღწიეს 
ცხვირის მღვიმეებს - 
ბოლო სუნთქვა მკვდარი სუნთქვაა.

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

სული კვამლივით ამოუშვა მდუმარე სახლმა, 
ცეცხლი კი ჩაქრა, 
ცეცხლი ჩაქრა
ჰო, ჩაქრა ცეცხლი.


კაცი მოვიდა ცოტა გვიან
( როგორც ყოველთვის)
ხელი მიითბო ჩამქრალ ცეცხლზე, 
მის საწოლთან სკამი მიიდგა, 
დაიხარა მკვდრისკენ და 
უთხრა.
უთხრა:
- ამხსენი სიყვარული, 
მიდი, ამხსენი სიყვარული, 
მიდი, ამხსენი სიყვარული....
და ამ მხრებზე ზეცას შევიდგამ....


/დიანა ანფიმიადი/

ძებნისთვის

( მეთოდური მითითებანი)



ყველაფერი იწყება მაშინ
როცა კაცი კაცს შეხვდება და
მთა მთასთან მივა.

1) პირველ რიგში
მზერით მოსინჯე
ყველაფერი ოქრო არ არის, 
რაც შეხებისას იქცევა ოქროდ.

მხოლოდ ის არის ოქრო
რაც ბრწყინავს.

2) მეორე რიგში
მჯდარი გოგო თვალს არ აშორებს 
ეკრანს
როდესაც წამოდგება
სკამზე დატოვებს მწვანე ბლოკნოტს
არ ეძებო
არ დაუბრუნო
მან სხვა ლექსი უნდა დაწეროს.

3)
დაიმახსოვრე – 
რაც არ ბრწყინავს, 
იმას კაჭკაჭიც არ მოგპარავს, 
შენც მოოქროვდი
ანუ თავი მოივარაყე.

4)
სიტყვა, რომელსაც მიწაში ფლავ
მეტაფორაა
მისი თვალების ზეთისხილის 
ნაყოფს მოიწევ.

5)
ყოველდღე მცირე რევერანსი – 
ანუ ამინდს თავი დაუკრა, 
ეს იმას ნიშნავს, 
საკუთარი თავი დაუკრა
ფერთა გამაში
- ბგერათა სპექტრში.
საჭიროა, 
ეს წაგადგება.


6)
უნდა ისწავლო თითებზე თვლა,
ანგარიშიც – მხოლოდ თითებით.
და სანამ ათი ოცი არ გახდება, 
მანამ ითვალო.

7)
ნივთმა დაგკარგა – 
აღარა ხარ იმ ნივთის ჩრდილი.
და ამიტომაც ნუ იდარდებ, 
თუ რამეს კარგავ.

8)
სულ სხვა ქვეყნების, 
ქალაქების, 
სოფელ – დაბების
ტელეფონების ცნობარებში 
ყველა ვწერივართ.
დაგირეკავენ.

9)
თავი დაკარგე, 
ეს ნიშნავს რომ უჩემო სხვა ხარ.

10)
ყველას უსმინე – 
საკუთარ თავს არასდროს ენდო.

12)
კითხვა მარტო არ იბადება – 
ტყუპისცალია.

11) ხმა რომ სულივით აღმოგხდება – 
დაიჭირე სუნთქვის კოლიბრი – 
აქ მოფერებაც ზედმეტია.
დაახრჩვე,
ფრთხილად.


13)
ნაპოვნის კარგვა – 
ნიჭთა შორის ყველაზე ნიჭი.


ყველაფერი იწყება მაშინ
როცა კაცი კაცს შეხვდება და
მთა მთასთან მივა.


/დიანა ანფიმიადი/

განიმედი



კარაქის გარდა,

ამ პურზე რომ მურაბაც ესვას  
ტკბილად წვეთავდეს, 
ვუხვედრებდე ენას და თითებს,
და მამაც იჯდეს მაგიდასთან
მკაცრად და მშვიდად
მურაბით დასვრილ სახელოზე
მიმითითებდეს.
ქიშმიშის გარდა
ამ შოკოლადს
თხილიც რომ ჰქონდეს
ციყვების ყველა ბუნაგიდან 
გამოტანილი
ბაბუაჩემი თავის ახალ ღვინოს სინჯავდეს, 
აქებდეს 
– კარგი სურნელი აქვს, გემო, ტანინი, 
ჩაიდნის გარდა, 
შოკოლადიც დუღდეს ქურაზე
მე – მწიკვით ვანილს ვუმატებდე, 
დედა – დარიჩინს, 
შუადღე იყოს, 
ჰაერი კი სუფთა და თბილი, 
ჩემი და – შოპენს, 
ძმა – გარჩეულ კაკალს არჩევდეს.
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი - 
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს.
/დიანა ანფიმიადი/

Sunday, April 12, 2009

***

მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის, –
რკინის მაკრატლით გამოჭრილი 
და გამურული კორპუსების სახურავიდან 
ფრანის მაგივრად გაშვებული მეორე მხარეს,
დიდხანს რომ იფრენს ქარიან დღეს 
პერიფერიულ დასახლების თავზე და ბავშვებს
ანგელოზები მოაგონდებათ საშობაო ბარათებიდან.
სინამდვილეში კი ანგელოზებს 
გაცილებით მკაცრი სახე აქვთ,
ვიდრე მისალოც ბარათებზე ხატავენ ხოლმე,
თუმცა ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ ანგელოზებზე,
რადგან ჩვენ ყველა მფრინავ საგანს გადავავიწყდით დიდი ხნის წინათ, 
როცა დღეები დაემსგავსა მუყაოს სახლებს თოჯინებისთვის.
ჩვენც იქ ვცხოვრობდით.
მაშინ მე და შენ გვერქვა სახელი
და უმარტივეს თამაშს ვსწავლობდით განსხვავებული სახელწოდებით. 
მაშინ სიტყვები იყო ქაღალდის
და გაჭვარტლული სახურავიდან 
მაინც შემეძლო გამეფრინა შენი სახლისკენ,
ახლა კი,
როცა შენ "ერთ-ერთი" ხარ,
მე კი - "არავინ",
ქარს გაუჭირდა სიტყვის ზიდვა 

ჩემი მართკუთხა მაგიდიდან შენს ლოგინამდე…

/ქეთი თუთბერიძე/

მტვრიანი ამინდი

პოეზია

2009.04.10

წუთშესვენებისთვის აიღე სოფლიდან 

ეს წუთი, რომელიც მორჩა ეს წუთია 
და მტვერი აიღე, რომელიც ოფლივით 
შიგნიდან გამოდის, ამბობდი, ცუდია, 

ცხადია, წააგე, 

გათავდი, გათოვდა, გარშემო კი შენი 
ფერია, რომელიც ყველაფერს დაედო, 
მძიმეა, აიღე, სასვენი ნიშანი, 
პაუზა, აკორდი, პაუზა, გარედან 

ცხრიანს რომ წააგავს 

და მტვერი აიღე სხეულზე (ელექსირს 
ტუჩებით იღებენ) სატკენად, სათქმელად 
და კანზე სრიალით გადაღლილ ხელებში 
მათზე გადაღლილი ხელების ჩათვლემა, 

რომ ისევ წააგო... 

რადგან რაც წერია, სულ მტვერზე წერია, 
რაც კი სახელია, სახეა, წიგნია, 
რადგან ზედაპირის იქითაც მტვერია, 

რომელიც ოფლივით გამოდის შიგნიდან.

/რეზო გეთიაშვილი/

Saturday, April 11, 2009

მამას


დაბრუნდი რა
და გპირდები რომ არასოდეს გეტყვი შენი მკლავის სიმძიმის შესახებ ჩემს მხარს რომ დააწვება,
დაბრუნდი რა
და გპირდები არასოდეს აღარ დამეზარება შენთვის წნევის გაზომვა როცა არ უნდა მთხოვო, სადაც არ უნდა მთხოვო და როგორც არ უნდა მთხოვო
დაბრუნდი რა
და გპირდები ყოველდღე გეტყვი რომ შენ ჩემი ყველაზე ნამდვილი ადამიანი ხარ, და არასდროს აღარ ვინერვიულებ იმის გამო რომ ეს არ გითხარი
დაბრუნდი რა
და გპირდები აუცილებლად ავიღებ მართვის მოწმობას და არ შეგარცხვენ გამოცდაზე მეტჯერ,
დაბრუნდი რა
და გპირდები რომ დილით სახლიდან გასვლისას ჩაძინებულს კი არ გაკოცებ თქვენს ოთახში რომ შემოვალ, გაგაღვიძებ და ჩაგეხუტები,
დაბრუნდი რა
და გპირდები აღარასდროს წაგეჩხუბები რომ ქურთუკის ადგილი სავარძელზე კი არა საკიდზეა,
დაბრუნდი რა 
და შენ თავს ვფიცავარ არასდროს ამაკანკალებს როცა რაიმეზე ვინერვიულებ, და საერთოდაც აღარ ვინერვიულებ უაზრობებზე,
დაბრუნდი 
და ჩაგიწერ იმ კომპიუტერულ თამაშებს,სულ შენ იჯექი და ითამაშე თუ გინდა ჩემს საყვარელ კომპიუტერთან,
დაბრუნდი რა
და აღარასდროს დაგაბრალებ რომ სურათების გადაღება არ იცი,
დაბრუნდი
და თუ გინდა დავაბრუნოთ დრო უკან, გპირდები აღარ ვიტირებ ბაღში რომ წამიყვან,
მამი დაბრუნდი რა

Friday, April 10, 2009

რადგან

2007.06.15 
------------------------------------------------ 
ჩვენი ექვსციფრა ნომრები გახდა ცხრაციფრა 
და ჩვენ მათ ახლა უფრო ადვილად ვიმახსოვრებთ 
და სიგარეტის კოლოფზე აღარ ვიწერთ 
და არც ჯინსის ჯიბეში ჩაკუჭულ ხელსახოცზე 
და არც საწერკალამს ვთხოულობთ გამვლელისგან 
და არც მარშუტკას ველოდებით რომელიც აგვიანებს 
და არც თითებზე ვიხაზავთ მოლურჯო ჯვარედინებს 
და არც არაფერია დასავიწყებელი – 

რადგან მახსოვრობა 
ახლა შედგება მეგაბაიტებისგან 
და აღარ ვწვრილმანდებით 

რადგან დამტენი 
თითქმის სულ თან გვაქვს 
და ანგარიშზე იმდენი მაინც 
რომ ასსამოცი ასო-ნიშანი 
ვაფრინოთ სადმე 

რადგან შინ მისულებს 
რამდენიმე ახალი წერილი გვხვდება 
და ძველები ამ დილით 
ჯერ კიდევ ახალი იყო 

რადგან ღამის ოფისში 
ჩვენი დღეების რიტმი 
შუქებჩაწნული ხალიჩასავით აგდია ძირს – 
გახუნებული ფერებით ქვემოთ 
და ჩვენ მასზე 
უერთმანეთო სხეულების მოძრაობით 
ჩვენს ხვალეებს ვხაზავთ 
ხოლო ზემოდან 
გვერეკლება ყველა ფერი 
რაც კი არსებობს ან იარსებებს 

რადგან ეს ქუჩები 
და ეს ხიდები 
და ეს ჩასახვევები 
აღარ არის ბნელი 
და ბანკომატები ყოველ კუთხეშია 
და მოციმციმე რეკლამები 
გვკარნახობენ მომდევნო ნაბიჯს 
და ჩვენ მარტივად 
ვცვლით მიმართულებას 
და ვუმატებთ სიჩქარეს 
და ვეშვებით – 

და თუ მაინც გახსოვარ 
სულაც არ მომწონს ამით თავი – 

არც არაფერია დასავიწყებელი

/ჰექსე/

გადავიხლართეთ



2007.06.23 
------------------------------------------------ 
გადავიხლართეთ – 
სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ 
ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი 
ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ 
ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი 
მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი 
ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ 
ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი – 
სად ვმთავრდები მე და სად იწყება 
შენი მზერა – 

რომელმაც იცის რა ფერი ვარ 
და ღამ-ღამობით 
ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს 
რომელმაც იცის რამდენი ვარ 
და მაინც მყოფნის 
რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები 
რომელმაც იცის რომ გავამხელ 
და მაინც მხედავს 
და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში 

და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე 
და ყოველ ჯერზე 
ხელახლა ვრჩები – 

ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ

/ჰექსე/

თუ სულ ერთია

პოეზია 
2007.07.13 
------------------------------------------------ 
თუ სულ ერთია 
მაშინ მითხარი 
აქ უახლოეს სადგურამდე სად ვნახო ტაქსი 
და სად ვიყიდო სიგარეტი თუნდაც ღერობით 

თუ სულ ერთია 
მომიძებნე იმ ქვეყნის რუკა 
და შემახსენე 
თვითმფრინავის ფრენის განრიგი 

თუ სულ ერთია 
ამარიდე შენი ღიმილი 
და დაიბრუნე უკან ყველა სიტყვა დამარცვლით 

თუ სულ ერთია 
აუწიე ხმას და ოცნებებს 
რომ გადაფარო ნაბიჯების ჩქარი ხმაური 

თუ სულ ერთია 
მოამტვრიე საათს ისრები 
და გამოუშვი ჩემთან ერთად დრო სხვა ქალაქში – 

და რამდენჯერაც 
დახედავ შენს მარცხენა მაჯას 
და რამდენჯერაც 
გონებაში გადათვლი დღეებს 
და რამდენჯერაც 
დაგცინებენ ძილის წინ ცხვრები – 

გამოვიგონებ იმდენ მიზეზს დაბრუნებისთვის

/ჰექსე/

Thursday, April 9, 2009

იყო და არა იყო რა

პოეზია
2009.01.08
------------------------------------------------
  
აჰა, 
ხელები მოგაგებე, 
ამოყევი. 
ჩემამდე ბევრი აღმართია. 
აქოშინებულს, 
ცხრამთაამოვლილს და 
მხართან ამოვაკებულს, 
ჩაგაფიქრებს გზაჯვარედინი: 
- ყველა გზის ბოლოს სიკვდილია ! 
შენ კი... 
ყველაზე მეტად არგადარჩენილს, 
ციცაბო ბილიკი აგეკიდა. 
გგრძნობ, ყელთან 
(რახანია მსხვერპლს ელის ტალღა,) 
ჯერ გამოგრიყავ. 
ჩემს სამეფოში ყველა კომპასი 
აღმოსავლეთისკენ იხრება, 
და ჩემს გადაღმა, 
მიწიდან წამძვრალ კუნძულებზე, 
ალქაჯებსა და დევებს 
აჩრდილოეთებს. 
ამ პირიქითა საზღაპრეთზე 
ჯერ არ გიამბობ, 
მხოლოდ მაშინ, თუ გამცდი. 
ციცაბოა ჩემი ზღაპარი, 
უგზო და უამინდო, 
ეროზიულ ნიადაგით. 
პეშვს ვახვედრებ ჩამოზვავებულს, 
ხელახლა ვძერწავ, 
და მაინც შემრჩი. 
ყოველ დილით, 
ყურთან მიტოვებ სუნთქვას, 
რომელსაც, ყავის მსგავსად, 
ნება-ნება ვსვამ 
და მაშინვე 
არ მავიწყდები. 

ზღვის ასული ვარ, 
კოშკი - ნიჟარა, 
გამოვძვერი, 
მიწაზე დავდნი. 
გატეხილა ჩემი სახლი, 
სახლებს ტოვებენ. 
სამაგიეროდ, 
ალბატროსების ჩამოსვენება 
ჩემი სიზმრის გემზე, 
და მათი გზების ჩაკივლება 
დამაქვს ნიჟარით. 
ზღვას აღარ ვუსმენ 
დიდი ხანია. 
ზღვა ლოკოკინა-კოშკზე მიყვება, 
მტკივა უსახლობა. 
ვერ ვწერ 
ბავშვებზე, 
ვერც ბავშვობაზე. 
ტალღები ცად ვერ იქცევიან. 
მე წყალი ვარ. 
ვერ ჩამისუნთქავ, 
ვერ დამფანტავ, 
ვერ დაგემსხვრევი. 
ვწერ, 
შენი ,,ჰაერის” ყოველ დაბერვაზე: 
ზღვად, 
მდინარედ, 
წყაროდ, 
წვეთად... 
და ყოველ ღამე 
გიკითხავ ჩემს თავს 

სუფთა ფურცლიდან.

/თამთა დოლიძე/

შენ

პოეზია
2009.01.26
------------------------------------------------
  
შენ გავხარ. 

უდანაშაულო მგზავრების სიკვდილში 
პოტენციურ და ერთერთ მთავარ 
ეჭვმიტანილს, რომელსაც ამის გამო არავინ 
გაასამართლებს. 

შენ გავხარ. 

A-დან B-პუნქტამდე მიმავალი ობიექტის 
უინტერესო მანძილს მესამე კლასელ 
ბავშვისათვის, რომელიც ამოგხსნის და 
უმალ დაავიწყდები. 

შენ გავხარ. 

ათასი სტანდარტული ნატერფალით 
გათელილს. და ვარდისფერ შებინდებისას 
მეძავების მუნჯ მესაიდუმლეს, რომლებიც გიყვებიან 
თავიანთ ბავშვობას, 
( თითქოს ბუნებრივი თვალები 
პროექტორს მიუშვირეს ) 
მაგრამ ყოველი მათი გახსენება - 
იაფფასიანი სუნამო ცხვირს გიწვავს. 

შენ გავხარ. 

ქირომანტების ტაბუდადებულ 
სიზმრებს, რომლებიც პირდაპირ სათქმელს 
მისტიურ სიმბოლიზმში ახრჩობენ. 

შენ გავხარ. 

მარტოობების მაკავშირებელს. 
და სისხლძარღვების მაგივრად 
ელექტროგაყვანილობებით: 
სახლიდან გაუსვლელად - სევდის გაზიარებისთვის, 
მლიქვნელობისთვის, სექსუალური 
აქტებისთვის. 


შენ გავხარ. 

წესისამებრ შუქნიშნებითა და 
საგზაო ნიშნებით გაწყობილს, რომელსაც 
არასდროს ვაქცევ ყურადღებას და 
სახლში მისულს აღარც ის მახსოვს: 
რა გერქვა, რა გზით მივედი. 

შენ მგავხარ.

/დავით ფირცხალავა/

დაო

პოეზია
2008.12.31
------------------------------------------------
  
http://bin.ge/file/1399/Massive-Attack---Joy-Luck-Club.mp3.html 


  \"дорожки оседаются на нащиx 
  организмаx, 
  и мы заблуждаемся\" 
  она 
   


დაო: 
ჩვენი გამოძერწილი მოკლე გზები 
თვალის რამდენიმე დახამხამებაში 
რომ შევიპირეთ მიზნამდე მისაღწევად 
ხედავ, როგორ აორთქლდნენ 
და დაგვიტოვეს სინანულის განცდა. 
და სითეთრე, რომელიც ორივეს თვალს გვჭრის. 
დაო: 
მე ვხედავ შენს ამოღამებულ თვალებში, 
თეთრი ძაფები როგორ გიკრავენ ხელფეხს 
და მიგათრევენ თავისი მიქცევით. 
ვგრძნობ როგორ გენატრება 
დაწოლილს გვერდის შეცვლა. 
როგორ გენატრება, 
რომ დღეს მაინც დაღამდეს. 
დაო: 
ის გზები ფეხქვეშ გამოგვეცალა 
და გვიანღა მივხვდით, რომ ყველა მათგანი 
უდაბნომდე მიდის, სადაც 
უცნობები ანაწილებენ კვადრატული სანტიმეტრებით 
მიწებს და 
თუ ვინმე, დაუკითხავად გადმოვა საზღვრებს - 
შემოგვაკვდება. 
ასე ხდება მოქმედება - აგრესიად 
სიგიჟე - ყველაზე ბანალურ პოზად. 
დაო: 
როცა თავის მოსატყუებლად 
გავიყვანთ ახალ, მოკლე ბილიკებს 
და სულს შევუბერავ, ისევ 
ჩვენივე გადარჩენისთვის - 
შემოგაკვდები. და თუ გადავრჩი: 
მე მივუწვები 
შენს ხერხემალგამოცლილ სხეულს 
და დაღამებას დავპირდები. 


/დავით ფირცხალავა/

 

გვიან გაზაფხულამდე

 
პოეზია
2009.03.30
------------------------------------------------
  
"ცხოვრების უაზრობამ და საკუთარი თავისადმი გაუცნობიერებლობამ 
უფრო შორს წამიყვანა." 
   
  ფორუღ ფაროხზადი 


სახლი, სადაც ყოველ საღამოს დაღლილობას მიჰყავდი 
შელესილი კედლებით, აივანზე გადმოფენილი 
კამელიების სურნელით და სილამაზით, 
უკვე მერამდენე დღეა დაივიწყე 
და მასთან ერთად: 
ტელეფონის ნომრები 
შესრულებული ტრანზაქციები 
სადღეღამისო მარკეტები 
გამოფენილი ბილბორდები 
ხალხმრავალი ადგილები და 
შენი შეშლილი სახე 
არეულობა დალაგებულ ნივთებსა და დღის განრიგს შორის, 
როცა არავინ იცოდა 
ოთახის ფარდებს მიღმა 
როგორ ფრიალებდნენ კალენდარს მოხეული უქმე დღეები. 
და უკვე მერამდენე დღეა, იქნებ თვეც კი, 
შორიდან ისმის ქალაქის ფორიაქი, 
როცა იხედები შეტრიალებული ბინოკლით 
და ელოდები ბილიკისკენ მომავალს 
და მაინც, როგორი იმედით 
გგონია რომ შეივსებ უჯრედებს 
რადგან აქამდე ყველა მიწისძვრა და ზვავი 
ყველა ავია თუ ავტოკატასტროფა 
სავარაუდო მსხვერპლით 
გვერდს გივლიდა და მხოლოდ 
უეცარი მოვარდნით აფრთხობდა შენს მშვიდ ძილს 
ახლა კი ყველაფერი ისეთი გარდაუვალია 
როგორც ფოთოლცვენა შემოდგომისას 
და მაინც, როგორი სიმშვიდით 
ეგუები გამოხრულ კიდურებს სიმარტოვისგან, 
ითვლი წამებს გვიან გაზაფხულამდე 
და ასე ყოველდღე, გათენებიდან - დაღამებამდე 
დგახარ და უცდი, ვინმე უმისამართოდ მოხეტიალეს. 

ახლა, ისეთი ცარიელი ხარ 
რომ აივანი მშიერმა მტრედებმაც 

უვადოდ მიატოვეს.. 

/დავით ფირცხალავა/


 

Wednesday, April 1, 2009

ioriki

როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ,
თუ გისოსებს იქით.
არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს,
სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.
ჩემი საათი,
რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს_შენ მე მაკლიხარ.
თვალები_ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ_დახურვამდე თუ შემოასწრებ...
ჩემი სახლი კი_უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით_ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის...
შემოდი რა,
შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია დაძნელია მიხვდე,
რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ
დაჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.

დუმილის პოეზია

გიორგი საჯაია
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე
- როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე
- როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.