Friday, April 10, 2009

რადგან

2007.06.15 
------------------------------------------------ 
ჩვენი ექვსციფრა ნომრები გახდა ცხრაციფრა 
და ჩვენ მათ ახლა უფრო ადვილად ვიმახსოვრებთ 
და სიგარეტის კოლოფზე აღარ ვიწერთ 
და არც ჯინსის ჯიბეში ჩაკუჭულ ხელსახოცზე 
და არც საწერკალამს ვთხოულობთ გამვლელისგან 
და არც მარშუტკას ველოდებით რომელიც აგვიანებს 
და არც თითებზე ვიხაზავთ მოლურჯო ჯვარედინებს 
და არც არაფერია დასავიწყებელი – 

რადგან მახსოვრობა 
ახლა შედგება მეგაბაიტებისგან 
და აღარ ვწვრილმანდებით 

რადგან დამტენი 
თითქმის სულ თან გვაქვს 
და ანგარიშზე იმდენი მაინც 
რომ ასსამოცი ასო-ნიშანი 
ვაფრინოთ სადმე 

რადგან შინ მისულებს 
რამდენიმე ახალი წერილი გვხვდება 
და ძველები ამ დილით 
ჯერ კიდევ ახალი იყო 

რადგან ღამის ოფისში 
ჩვენი დღეების რიტმი 
შუქებჩაწნული ხალიჩასავით აგდია ძირს – 
გახუნებული ფერებით ქვემოთ 
და ჩვენ მასზე 
უერთმანეთო სხეულების მოძრაობით 
ჩვენს ხვალეებს ვხაზავთ 
ხოლო ზემოდან 
გვერეკლება ყველა ფერი 
რაც კი არსებობს ან იარსებებს 

რადგან ეს ქუჩები 
და ეს ხიდები 
და ეს ჩასახვევები 
აღარ არის ბნელი 
და ბანკომატები ყოველ კუთხეშია 
და მოციმციმე რეკლამები 
გვკარნახობენ მომდევნო ნაბიჯს 
და ჩვენ მარტივად 
ვცვლით მიმართულებას 
და ვუმატებთ სიჩქარეს 
და ვეშვებით – 

და თუ მაინც გახსოვარ 
სულაც არ მომწონს ამით თავი – 

არც არაფერია დასავიწყებელი

/ჰექსე/

No comments: