Wednesday, March 16, 2016

Under the tuscan sun


   ჯადოსნური მოგზაურობა, ალბათ ის არის როცა ოცნებებს იხდენ და იმ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავ, რომელსაც დიდი ხანია ნატრობ.

ტოსკანა.

2015 წლის შემოდგომა.

  ამ შემოდგომამდე თითქმის 1 წლით ადრე მეგობარს მივწერე:
  ასე იქცა რეალობად ძილისწინ მილიონჯერ დატრიალებული კადრები, როგორ ვალაგებდი ჩანთას, ვარჩევდი ჩემს ფერად ტანსაცმელს, მერე როგორ ვჯდებოდი თვითმფრინავში, აფრენისას ღრმად როგორ ვისუნთქავდი, თვალებს ვხუჭავდი და როგორ ვიძირებოდი შეგრძნებებში მთლიანად.

   ილუმინატორთან ჩემი მეგობარი იჯდა, ყურსასმენი გავიკეთე და მხოლოდ ერთ მუსიკას ვუსმენდი მთელი გზა და ამ მოგზაურობის soundtrack-დაც ეს ავირჩიე. . აეროპორტების მეშინია.ამიტომაც მარტო ვერსად ვბედავ წასვლას. აკვიატებული მაქვს რომ რაღაც უნდა შემეშალოს და სულ რაღაც მცირე დეტალიც პრობლემად იქცევა ხოლმე, მაგრამ მიყვარს მომენტი როცა შენობას ვტოვებ და გარეთ გავდივარ. ყველა ზეპირად მახსოვს, ყოველი ქვეყნის პირველად შეგრძნება
    რომში წვიმდა, მეგობრის მეუღლე დაგვხვდა და ტაქსის უგრძელეს რიგში ჩავდექით. ვცდილობდი ყური დამეგდო იტალიურად მოლაპარაკეთათვის. სიმღერასავით ენაა. ხმამაღალი სიმღერასავით, მაგრამ არ გაწუხებს.
    ჩემი დაბადების დღე დგებოდა, გვიან ღამის რომში ბოდიალის შემდგომ, ერთ ვიწრო აღმართ ქუჩას ავუყევით. გზად იტალიური ნაყინის გავსინჯეთ და შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ზღაპრულ ადგილას აღმოვჩნდით. ლიფტთან მუნდირიანი კაცი დაგვხვდა, რესტორანში ცოცხალი მუსიკა ისმოდა და ალბათ უკეთესად შესრულებული ცნობილი ქავერები არასოდეს მომისმენია. მთელ რომს ზევიდან ვუყურებდი, წითელ ღვინოს ვსვამდი და უგემრიელეს ტკბილეულს მივირთმევდი. ეს ჰგავდა უკამკამეს მწვანე ზღვაში ზურგზე წოლას და ლივლივს. ხანდახან გარშემო ყველანი ქრებოდნენ და მარტო გადავყურებდი აივნიდან განათებულ რომს. ქალაქს რომელიც ცოცხალი ისტორიაა.
     მე-2 დღეს ვატიკანის მუზეუმი და მთავარი სანახაობრივი ადგილები მოვინახულეთ საღამოს კი ბორანით გავისეირნეთ. ხიდზე ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ და რაღაცნაირად პრაღა გამახსენდა. სილაღით და თავისუფლების ემოციებით.
    დილით დავტოვეთ დედაქალაქი და ფლორენციისკენ მიმავალ მატარებელში
ჩავჯექით. ვისაც ევროპაში გიმოგზაურიათ და მატარებლით არ წასულხართ რომელიმე დანიშნულების ადგილამდე, ჩათვალეთ ნახევარი ემოცია არ მიგიღიათ. ყურზე ისევ ყურსასმენები, იგივე მუსიკა და ჩემი უაზროდ გაღიმებული სახე.
შეიძლება გარეგნულად არც ვიცინოდი, არვიცი.
   ველოსიპედებით დატვირთული ქუჩები არ გამკვირვებია, მაგრამ ნაწვიმარზე უხმაურო ვიწრო ქუჩას და ლამაზ აივნებიან სახლებს, სიმყუდროვე მოჰქონდა.
   იტალიურ ენას ყური მიეჩვია, ძალიან ბევრი ტურისტი იყო რაც ხანდახან ხელს მიშლიდა ქალაქის აღქმაში. დაუგეგმავად დავდიოდით და გულში მაინც მალე  გათენებას ვნატრობდი, რადგან მომდევნო დღისით სიენაში უნდა გავმგზავრებულიყავი.
    


სიენა, ადგილი სადაც წინა ცხოვრებაში ვცხოვრობდი.
მატარებელმა ჩამოდგომა დააგვიანა.
პლატფორმა N 3 -ზე უნდა გავჩერებულიყავით და თავი ჰარი პოტერში მეგონა იმდენ ხანს ვეძებეთ ეს პლატფორმა. 5 წთ იყო მატარებლის გასვლამდე დარჩენილი, რომ ვიპოვეთ. ავედით დავსხედით და ვაგონში გარულ სადგურების ჩამონათვალს ვაკვირდებოდი და სიენა არ ეწერა. ვერსად ვპოულობდი.  პანიკამ შემიპყრო გოგოებს ვუთხარი მგონი შეგვეშალა-მეთქი. გვერდით 2 მამაკაცი იჯდა, რომელსაც ვკითხე ინგლისურად თუ საუბრობდნენ, მეორეს გადაულაპარაკა რაღაც და იმან ხელი აიქნია. მივხვდი პასუხის გაცემა და ახსნა დაეზარათ და გული დამწყდა.

  
  
  მატარებლის სადგურებს ვაკვირდებოდით და რუკაზე ვამოწმებდი. სიენასკენ მიდიოდა.
  ფანჯარაში ტოსკანური მინდვრები, იტალიური ვილები და ზეთისხილის ბაღები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მინა ჩამოვწიე და ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი. ოდნავ ნესტიანი სუნი იდგა გარეთ.

და როგორც იქნა გამოჩნდა.ლურჯი წარწერა მატარებლის ბაქანზე.


6 სთ ხდებოდა.
siena.
მეგონა სახლში დავბრუნდი.
ხომ დგება ხოლმე მომენტები როცა ნატრობ დრო გაჩერდეს და იდგე და ერთ ხედს უყურებდე. არ მინდოდა ბაქანიდან გასვლა. მინდოდა გამეწელა მოსალოდნელ შეგრძნებებამდე დრო. დაახლოებით იმას ჰგავს შეტყობინება რომ მოგდის შენი საყვარელი ადამიანისგან და რომ არ ხსნი.
    ჩვენი დიდი სახლი 2 საძინებლით, მანსარდით და ვერანდით. ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ნამდვილი ძველი იტალიური ავეჯი, სარკეები და ვერანდიდან წითელი სახურავები.
შენობებს სიძველის სუნი ასდიოდა.
-სიენა უსაფრთხოა, არაფრის შეგეშინდეთ გვითხრა ოლივიამ, ჩვენმა მხიარულმა მასპინძელმა.
დელ კამპოს მოედანზე ტურისტები ისხდნენ პირდაპირ მიწაზე. ჯერ გამიკვირდა და კოშკს ავხედე ნისლში იფარებოდა ჩამოვჯექი და მივხვდი არაფერი მახსოვდა რაც მანამდე იყო.ძალიან მისტიური გარემო იყო ირგვლივ.შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი.



 
სწორედ ამ მოედანზე მე-XIV საუკუნის შემდგემ ტარდება დოღი სახელწოდებით "პალიო" რომელზე დასაწრებადაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. სიენელები პალიოსთვი კი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, იცვამენ შუა საუკუნეების ტანისამოსს და ატარებენ საზეიმო გამოსვლებს.
პალიოში 10 მხედარი(უბანი) მონაწილეობს და ვინც გაიმარჯვებს სიენაში მთელი წლის განმავლობაში იმ უბნის დროშები არის გამოფენილი. ასევე უბნებს აქვთ სიმბოლოები, რომელიც ძირითადად ცხოველების სახით არის გამოსახული და ქუჩებში ხეტიალის დროსაც უხვად შეგხვდებათ სხვადსხვა პლასტმასის ცხოველები ან ჩიტები.



მეორე დრეს მოიღრუბლა.
შუადღემდე ბევრი ბოდიალის შემდგომ გადავწყვიტეთ, მასპინძლის მიერ არჩეული პიცერიისკენ გაგვეწია. ისე გაწვიმდა როგორც ბათუმში წვიმს ხოლმე. არ წყდებოდა. მე ჩავიცვი ჩემი ლურჯი საწვიმარი და მეგობრებს მოვწყდი ცოტახნით წვიმაში საბოდიალოდ.

უკან დაბრუნებისას გზა ამერია და ერთ-ერთ ქუჩაზე მოვხვდი.
და უცებ შევდექი.  გონებაში ამომიტივტივდა ჩემი კომპიუტერის ეკრანი, რომელზეც წლების განმავლობაში მეყენა ერთი პატარა ქუჩის ფოტო,  მაშინაც როცა ფოტო შევარჩიე ვიღაცამ მირჩია " თუ გინდა ოცნება აგიხდეს, ხშირად უნდა უყუროო" მე კი იმ დროს პატარა ქვაფენილიან ქუჩებით სავსე ქალაქში ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ჰოდა ასე მოულოდნელად გადავაწყდი ამ ქუჩას. სირბილით ავიარე და ჩამოვიარე, ვხტუნავდი მერე მეგობრები მოვძებნე და წავიყვანე მეთქი ეს უნდა განახოთ.
   ამასობაში წვიმამ უმატა, სახლში გავიქეცით, ასეთი გალუმპულები არცერთს გვახსოვდა ჩვენი თავი, გიჟებივით ვიცინოდით და გვიხაროდა რომ ერთად ვიყავით და იქ ვიყავით სადაც ყოფნა გვინდოდა.ვინც გადაწყვეტთ სიენაში მოგზაურობას გირჩევთ აუცილებლად ადგეთ ძალიან ადრე, დილით დალიოთ ესპრესო, მერე წახვიდეთ სან დომენიგოს ტაძრის გალავანთან საიდანაც ქალაქის ყველაზე მაგარი ხედები ჩანს და უყუროთ მზის ამოსვლას. 

















შემდგომი დღეები ტოსკანის სხვა ქალაქებს და სოფლებს დავუთმეთ
გზიდან ალპები დავინახე და ჩემს თავს პირობა მივეცი რომ აუცილებლად ვნახავ იტალიის ალპებში პატარა სოფლებს,

ჩინკო ტერე- ასე ეძახიან თითქმის საფრანგეთის საზღვართან მდებარე სანაპიროზე მყოფ 5 სოფელს.რომელთა შორის მატარებლით მგზავრობას დაახლოებით 5 წთ უნდა, ასევე არსებობს საფეხმავლო ბილიკი საიდანაც ულამაზესი ხედები შეგიძლიათ იხილოთ. ჩვენი ტური მკაცრად დაგეგმილი ჰქონდა ჩვენს ექსკურსია მძღოლს და თითოეული სოფლის სანახავად დაახლოებით 1.30 წთ გვქონდა, ამიტომ ფაქტიურად სირბილით შემოვიარეთ.ლანჩი ერთ-ერთ რესტორანში გვქონდამიმტანი გვიღიმოდა და იტალიური აქცენტით მოსმენილი "ტბილისი"-იც კი მშობლიურად მესმოდა.




ღვინის ტური.

აი ამ დღეს ვნახეთ, ნამდვილი ტოსკანა. ნამდვილი იტალია. აი ამ დღეს ვიარეთ იმ ქუჩებში რომელიც მხოლოდ ისტორიული ჟანრის ფილმებში გვეგონა რო არსებობდა.

ამ დღეს ვნახეთ სოფელი მონტერიჯიონი, სადაც როგორც გვითხრეს 15 ოჯახი ცხოვრობს.  სან ჯიმინიანო ვენახებით შემორტყმული ციხე-ქალაქი. წითელი მოკირწყლული ქვებით სავსე ქუჩები.










შემოვიარეთ ჩიანტის ყურძნის რიგები, მწვანე და ოქროსფერი ფერები ისე გადადიოდა ერთმანეთში აღქმას ვერ ვასწრებდი უფრო მწვანე იყო თუ უფრო ოქროსფერი. მიდიოდა ჩვენი ავტობუსი ზეთისხილის ბაღებს შორის გაჭრილ გზებზე, მიდიოდა დიდ ფართობებზე გადაჭიმულ ზვრებს შორის, ალვის ხეებს შორის რომლების დასასრულსაც ვილა იდგა და თავი ფილმში მეგონა "ტოსკანის მზის ქვეშ". 

პრინციპში ვიყავი კიდეც ფილმში.