Monday, April 13, 2009

ძებნისთვის

( მეთოდური მითითებანი)



ყველაფერი იწყება მაშინ
როცა კაცი კაცს შეხვდება და
მთა მთასთან მივა.

1) პირველ რიგში
მზერით მოსინჯე
ყველაფერი ოქრო არ არის, 
რაც შეხებისას იქცევა ოქროდ.

მხოლოდ ის არის ოქრო
რაც ბრწყინავს.

2) მეორე რიგში
მჯდარი გოგო თვალს არ აშორებს 
ეკრანს
როდესაც წამოდგება
სკამზე დატოვებს მწვანე ბლოკნოტს
არ ეძებო
არ დაუბრუნო
მან სხვა ლექსი უნდა დაწეროს.

3)
დაიმახსოვრე – 
რაც არ ბრწყინავს, 
იმას კაჭკაჭიც არ მოგპარავს, 
შენც მოოქროვდი
ანუ თავი მოივარაყე.

4)
სიტყვა, რომელსაც მიწაში ფლავ
მეტაფორაა
მისი თვალების ზეთისხილის 
ნაყოფს მოიწევ.

5)
ყოველდღე მცირე რევერანსი – 
ანუ ამინდს თავი დაუკრა, 
ეს იმას ნიშნავს, 
საკუთარი თავი დაუკრა
ფერთა გამაში
- ბგერათა სპექტრში.
საჭიროა, 
ეს წაგადგება.


6)
უნდა ისწავლო თითებზე თვლა,
ანგარიშიც – მხოლოდ თითებით.
და სანამ ათი ოცი არ გახდება, 
მანამ ითვალო.

7)
ნივთმა დაგკარგა – 
აღარა ხარ იმ ნივთის ჩრდილი.
და ამიტომაც ნუ იდარდებ, 
თუ რამეს კარგავ.

8)
სულ სხვა ქვეყნების, 
ქალაქების, 
სოფელ – დაბების
ტელეფონების ცნობარებში 
ყველა ვწერივართ.
დაგირეკავენ.

9)
თავი დაკარგე, 
ეს ნიშნავს რომ უჩემო სხვა ხარ.

10)
ყველას უსმინე – 
საკუთარ თავს არასდროს ენდო.

12)
კითხვა მარტო არ იბადება – 
ტყუპისცალია.

11) ხმა რომ სულივით აღმოგხდება – 
დაიჭირე სუნთქვის კოლიბრი – 
აქ მოფერებაც ზედმეტია.
დაახრჩვე,
ფრთხილად.


13)
ნაპოვნის კარგვა – 
ნიჭთა შორის ყველაზე ნიჭი.


ყველაფერი იწყება მაშინ
როცა კაცი კაცს შეხვდება და
მთა მთასთან მივა.


/დიანა ანფიმიადი/

No comments: