Thursday, April 9, 2009

გვიან გაზაფხულამდე

 
პოეზია
2009.03.30
------------------------------------------------
  
"ცხოვრების უაზრობამ და საკუთარი თავისადმი გაუცნობიერებლობამ 
უფრო შორს წამიყვანა." 
   
  ფორუღ ფაროხზადი 


სახლი, სადაც ყოველ საღამოს დაღლილობას მიჰყავდი 
შელესილი კედლებით, აივანზე გადმოფენილი 
კამელიების სურნელით და სილამაზით, 
უკვე მერამდენე დღეა დაივიწყე 
და მასთან ერთად: 
ტელეფონის ნომრები 
შესრულებული ტრანზაქციები 
სადღეღამისო მარკეტები 
გამოფენილი ბილბორდები 
ხალხმრავალი ადგილები და 
შენი შეშლილი სახე 
არეულობა დალაგებულ ნივთებსა და დღის განრიგს შორის, 
როცა არავინ იცოდა 
ოთახის ფარდებს მიღმა 
როგორ ფრიალებდნენ კალენდარს მოხეული უქმე დღეები. 
და უკვე მერამდენე დღეა, იქნებ თვეც კი, 
შორიდან ისმის ქალაქის ფორიაქი, 
როცა იხედები შეტრიალებული ბინოკლით 
და ელოდები ბილიკისკენ მომავალს 
და მაინც, როგორი იმედით 
გგონია რომ შეივსებ უჯრედებს 
რადგან აქამდე ყველა მიწისძვრა და ზვავი 
ყველა ავია თუ ავტოკატასტროფა 
სავარაუდო მსხვერპლით 
გვერდს გივლიდა და მხოლოდ 
უეცარი მოვარდნით აფრთხობდა შენს მშვიდ ძილს 
ახლა კი ყველაფერი ისეთი გარდაუვალია 
როგორც ფოთოლცვენა შემოდგომისას 
და მაინც, როგორი სიმშვიდით 
ეგუები გამოხრულ კიდურებს სიმარტოვისგან, 
ითვლი წამებს გვიან გაზაფხულამდე 
და ასე ყოველდღე, გათენებიდან - დაღამებამდე 
დგახარ და უცდი, ვინმე უმისამართოდ მოხეტიალეს. 

ახლა, ისეთი ცარიელი ხარ 
რომ აივანი მშიერმა მტრედებმაც 

უვადოდ მიატოვეს.. 

/დავით ფირცხალავა/


 

No comments: