Thursday, April 9, 2009

იყო და არა იყო რა

პოეზია
2009.01.08
------------------------------------------------
  
აჰა, 
ხელები მოგაგებე, 
ამოყევი. 
ჩემამდე ბევრი აღმართია. 
აქოშინებულს, 
ცხრამთაამოვლილს და 
მხართან ამოვაკებულს, 
ჩაგაფიქრებს გზაჯვარედინი: 
- ყველა გზის ბოლოს სიკვდილია ! 
შენ კი... 
ყველაზე მეტად არგადარჩენილს, 
ციცაბო ბილიკი აგეკიდა. 
გგრძნობ, ყელთან 
(რახანია მსხვერპლს ელის ტალღა,) 
ჯერ გამოგრიყავ. 
ჩემს სამეფოში ყველა კომპასი 
აღმოსავლეთისკენ იხრება, 
და ჩემს გადაღმა, 
მიწიდან წამძვრალ კუნძულებზე, 
ალქაჯებსა და დევებს 
აჩრდილოეთებს. 
ამ პირიქითა საზღაპრეთზე 
ჯერ არ გიამბობ, 
მხოლოდ მაშინ, თუ გამცდი. 
ციცაბოა ჩემი ზღაპარი, 
უგზო და უამინდო, 
ეროზიულ ნიადაგით. 
პეშვს ვახვედრებ ჩამოზვავებულს, 
ხელახლა ვძერწავ, 
და მაინც შემრჩი. 
ყოველ დილით, 
ყურთან მიტოვებ სუნთქვას, 
რომელსაც, ყავის მსგავსად, 
ნება-ნება ვსვამ 
და მაშინვე 
არ მავიწყდები. 

ზღვის ასული ვარ, 
კოშკი - ნიჟარა, 
გამოვძვერი, 
მიწაზე დავდნი. 
გატეხილა ჩემი სახლი, 
სახლებს ტოვებენ. 
სამაგიეროდ, 
ალბატროსების ჩამოსვენება 
ჩემი სიზმრის გემზე, 
და მათი გზების ჩაკივლება 
დამაქვს ნიჟარით. 
ზღვას აღარ ვუსმენ 
დიდი ხანია. 
ზღვა ლოკოკინა-კოშკზე მიყვება, 
მტკივა უსახლობა. 
ვერ ვწერ 
ბავშვებზე, 
ვერც ბავშვობაზე. 
ტალღები ცად ვერ იქცევიან. 
მე წყალი ვარ. 
ვერ ჩამისუნთქავ, 
ვერ დამფანტავ, 
ვერ დაგემსხვრევი. 
ვწერ, 
შენი ,,ჰაერის” ყოველ დაბერვაზე: 
ზღვად, 
მდინარედ, 
წყაროდ, 
წვეთად... 
და ყოველ ღამე 
გიკითხავ ჩემს თავს 

სუფთა ფურცლიდან.

/თამთა დოლიძე/

No comments: