Tuesday, May 5, 2009

ექვსი

შემომხედე,
მე მარტო ვარ კლავიშებს შორის მანძილს თითებით ვფარავ,
ზღვის წყალი მლაშეა,
ვიშლი თმებს,
ვირწევი ჰამაკში.
ძნელია ავხსნა უჯრები ცაზე
რომლებსაც ყოველ ღამე უბრალოდ ვაფერადებ.
შემომხედე,
მე მარტო ვარ,
გზა ყოველთვის გადის ბნელ კუთხეებს,
ვიდრე მზემდე,
და მზის იქითაც,
ფრთები რომლებიც მეცვა
გაიცრიცა და მკერდი მიჩანს,
ერთი ან ორი
მეგობარიც მეყოფოდა
მთელი ცხოვრება.
შემომხედე,
მე მარტო ვარ დასაბამიდან,
საწყისიდან,
საძირკვლიდან,
ფუძიდან შენამდე,
სამი ან ოთხი ფენა გვაშორებს ერთმანეთს,
კიდევ უფრო მეტი გალაქტიკა - მანძილი,
ხუთი ან ექვსი წუთი - დრო,
ის, რაც მჭირდება ჩასაძინებლად.
შემომხედე,
მე ისევ ვხატავ ოცნებებს ბეტონის კედლებზე
რომელთაც მოხატვისთანავე ვანგრევ,
მე ისევ ვცდილობ გავექცე აწმყოს
ბნელ მომავალში,
მომავალი ალბათ უჯრებია ცაზე,
რომლებსაც ყოველ ღამე
უბრალოდ ვაფერადებ.

1 comment:

პოეზიელები said...

მე მარტო ვარ დასაბამიდან,
საწყისიდან,
საძირკვლიდან,
ფუძიდან შენამდე,
სამი ან ოთხი ფენა გვაშორებს ერთმანეთს,
კიდევ უფრო მეტი გალაქტიკა - მანძილი,
ხუთი ან ექვსი წუთი - დრო,
ის, რაც მჭირდება ჩასაძინებლად...