Monday, January 7, 2013
Wednesday, November 14, 2012
I can't take my mind off of you

მე ჯერ ისევ მგონია რომ სადღაც არსებობ
მე ჯერ ისევ მესმის ხოლმე შენი ხმა და კარგად რომ ვუსმენ სხვისი აღმოჩნდება.
ჯერ ისევ ვცდილობ დედასთან ერთად არ დავიძინო, მეშინია როცა ჩავეხუტები შემთხვევით შენ არ ეგონო.
ჯერ ისევ ერთადერთი ხარ ვისი სუნიც მახსოვს.
ჯერ ისევ გამსგავსებ სილუეტებით სხვა კაცებს და ჯერ ისევ ისე მწყდება გული, როცა მახსენდება რომ აღარ ხარ.
ისევ მჯერა ყოველ შემოდგომაზე რომ ყოველი ახალიწლის ღამეს თოვლი მოვა და ისევ მეშინია შენი გადიდებული სურათის შეხედვის.
ისევ მძულს ნოემბერი და ვერაფრით ვაპატიე შემოდგომას შენი წაყვანა.
რომ იცოდე შენი სიზმარში ნახვა როგორ მამშვიდებს, ყოველღამით დამესიზმრებოდი.
ჩვენ ისევ ოთხ სანთელს ვანთებთ შობის ღამეს ფანჯარასთან.
კომპიუტერიდან არ წამიშლია შენი საყვარელი თამაში და ახალ მობილურშიც კი ჩავწერე რომ ხშირად ვითამაშო. ვერაფრით ვახერხებ ბოლომდე მისვლას.
ჩვენ ვერ გავაჩუქეთ შენი ტანსაცმელი და ის შენი საყვარელი ქურთუკი ისევ კარადაში ჰკიდია და მე არ მიყვარს კარადის კარის გამოღება.
საღამოობით შენს სვიტერს ვიცვამ ხოლმე და ცხვირით საყელოში ვძვრები.
ვერავისთან ერთად ვეღარ ვიღებ იმ სიამოვნებას, რასაც შენთან ერთად ფილმის ყურება მანიჭებდა.
ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე, როცა ჩემს მეგობრებს მამები ურეკავენ და ჯერ ისევ მეტირება როცა ესენი პასუხობენ გისმენ მამიო.
ჯერ ისევ მესმის ხოლმე ჩაძინების წინ, იმ აპარატის გამაყრუეებელი წრიპინი შენს საწოლთან რომ იდგა ბოლო 3 დღეს.
ხანდახან მე გულში ვიცინი და მეცოდება ადამიანები ვინც თვლიან, რომ წარმოუდგენელია ვინმე ცოცხალის გარეშე სიცოცხლე.
ისევ ისე მაკანკალებს, როცა რაიმეზე ვნერვიულობ და ისევ ვერ ვისწავლე, რომ ნერვების აყოლა არ შეიძლება. მახსენდება ხოლმე როგორ მეჩხუბებოდი, მაგრამ არ გამომდის.
ახლა უკვე ყველას ვუზომავ წნევას ვინც მთხოვს და შენს მერე არასოდეს დამზარებია.
ისევ კომპიუტერს ვარ ხოლმე მიმჯდარი საღამოობით და დედა ისევ ჭამს ხოლმე ტკბილეულს ტელევიზორის ყურების დროს და მე შენს სიტყვებს ვეუბნები ხოლმე - ხვალ არ გამაგონო შენი წუწუნი გასუქებაზე .
სასაფლაოზე ხშირად არ დავდივარ. ვერ ვიტან იქაურობას და შენ ეგ არ გეწყინოს. მე მაინც არ მჯერა რომ შენ იქ ხარ.
შენი ნომერი ვიღაც ირანელ გოგოს აქვს. მართვის მოწმობა რომ ავიღე SMS გავგზავნე " მამა, მე ეს გავაკეთე"-მეთქი და ინგლისურად მომწერა და მთხოვა გადამეთარგმნა, როცა სიტუაცია ავუხსენი ბევრი იტირა.მეც არ მყავს მამაო.
მეგობრების წრე გაიზარდა და დედა ამბობს ხოლმე რო მშვიდად ვარო მათთან როცა ხარო.
არავის ვატკენინებ, მაგაზე აღარ ინერვიულო. ზოგი ჭირი მარგებელია და საკითხს ვუდგები ხოლმე რომ შენი დაკარგვა გადავიტანე და აწი რომელი "ზურგი" მატკენს მეთქი გულს.
ძალიან მინდა დავიძინო და ისევ იქედან დავიწყო ცხოვრება როცა ახალი წლის ღამეს დაახლოებით 50 კმ ფეხით იარე დიდ თოვლში და ჭიშკარი ხმაურით გაიღო და ბებიას სიხარულის შეკივლება მინდა და მე დედას მკლავებში თბილ საბანში გახვეულს თვალები მილულული მქონდეს და ვერ ვხვდებოდე სახლში რა მოხდა.
-მა, ახალ წელს თოვლი მოვა?
Thursday, October 18, 2012
რა მიყვარს და რა არ მიყვარს
- მიყვარს ლოდინი
- მიყვარს ჩემი სოფელი
- ვერ გიტან, როცა მიყვარხარ
- მიყვარს წვიმა, თავსხმა
- ნესტის სუნი,
- სიმინდის სუნი,აი თავიდან რომ გამოარჩევ ფუჩეჩიდან.მიყვარს მიყვარს მიყვარს
- მიყვარს როცა ხარ მთვრალი
- მიყვარს ის მესიჯი მისგან ვისგანაც საერთოდ არ ელი და მიყვარს ამ მესიჯით მოსული მისი განცდები
- მიყვარს მასაჟი
- ჩემი შაბიამნისფერი მეილი
- თხილიანი ჰალვა და ცხელი მალინის კისელი
- ფლირტი
- არ მიყვარს როცა მამაჩემზე კითხვებს მისვამენ.ამ დროს ყურებზე ხელის აფარება მინდა
- მიყვარს ნაი
- მიყვარს ალისა, მეფე ლომი და პიტერ პენი
- მე ყველაზე მეტად მიყვარს შობა, აღდგომა და ნიკოლოზობა განსაკუთრებით
- მიყვარს როცა სახლში მშვიდად მივდივარ და ვფქირობ: ეს გავაკეთე, ესეც, ესეც, ესეც, ესეც მგონი არაფერი დამრჩა. არაფერი დამრჩა.
- არ მიყვარს როცა ამბობენ "წავედი",სულ მინდა დავასწრო და ვუთხრა "წავედი"
- მიყვარს ჩაი,ნატურალური ჩემებური
- მიყვარს როცა არ ვიცი რატომ
- ვერ ვიტან როცა პატიებას მთხოვენ
- არ მიყვარს როცა ცუდ ხასიათზე ვარ და მელაპარაკებიანკებიანკებიან :(
- არ მიყვარს მარშუტკას ჩემი გაჩერებამდე 50 მეტრში რომ აჩერებენ
- მიყვარს კბილის ბურღი
- არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები
- მიყვარს ცივი რძე
- ვერ ვიტან "უტრაკო გამტრაკებლებს" აი ასე
- და ვერ ვიტან როცა თვალში მთხრიან თავიანთ "ღირსებებს"
- მიყვარს ადამიანები, რომლებიც ჯაზს იმიტომ არ უსმენენ რომ "მოდაშია"
- მიყვარს Tom Waits da Imagine
- ვერ ვიტან დასვენების დღეს, როცა მეორე დღეს მიწა გეყრება თავზე იმდენი საქმეა.გათენება არ მინდა ხოლმე ამ დროს
- და არ მიყვარს როცა ჩემ(შ)ი რამე არ მოსწონთ და არ მეუბნებიან
- არ მიყვარს როცა სიტყვა "დამთავრდა" -ს უაზროდ ამბობენ
- მიყვარს როცა ჩემი ძმა ბედნიერია, აი სახლში რომ მოდის და ისევ ტელეფონი უჭირავს და ისევ ლაპარაკობს და აღარ ვნერვიულობ სად დადის ასე გვიანობამდე და რატომ დადის და მოკლედ მიყვარს
- ვერ ვიტან როცა რაღაც მრჩება და სახლში მიბრუნება მიწევს
- ვერ ვიტან თვალის ჩაკვრას
- არ მიყვარს მიცვალებულის სახელობის წყაროდან წყლის დალევა და გასვენებებში სიარული
- არ მიყვარს როცა ჩემზე ამბობენ რომ საყვარელი ვარ
- გარუჯულზე კანი რომ მძვრება :(
- არ მიყვარს ფსევდო თავისუფალი ადამიანები
- ფსევდო მეგობრობა :(
- მიყვარს საჩუქრის მიღება და უფრო გაჩუქება
- მიყვარს დედაჩემი
- კოკა-კოლა, თოვლი
- სახლში რომ მოვდივარ და ჩემს ფანჯრებში შუქი ანთია
- მე მიყვარს როცა ვინმეს რამეში ვჭირდები
- მიყვარს ჩემი გადაღებული ფოტოები რომ უყვართ
- ჩემი თანამშრომლები მიყვარს
- მიყვარს ქორწილის სურათების თვალიერება. რა ბედნიერი სახეები აქვთ
- არ მიყვარს როცა ადამიანები მოულოდნელად ქრებიან.აუქმებენ ყველაფერს და არ პასუხობენ ტელეფონის ზარებს.საშინლად მაბრაზებს ამხელა ეგოიზმი.
- მიყვარს ღამე როცა მამაჩემი მესიზმრება
- მიყვარს საღამოს სახლში რომ მოვდივარ და ეზოში პატარა ბავშვები დგანან და მთელი ხმით მესალმებიან ამ დროს სულ ვუბრუნებ სალამს და ვუცინი და მოვიკითხავ.მახსოვს ვიჯექი ხოლმე კიბეზე და მთელი დღე მაიკოს მოსვლას ველოდებოდი და ჩემს ხმამაღალ გამარჯობაზე არათუ პასუხი, ერთხელ უხეშადაც მომმართა.არადა როგორ მომწონდა და როგორ მინდოდა დიდი გოგო რომ გავიზრდებოდი მაიკოსნაირი ვყოფილიყავი.
- არ მიყვარს როცა ადამიანს რაღაცას უკეთებ და მადლობას ზერელედ გიხდის, იმის გამო რომ არ იფიქრო რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთე.
- მიყვარს ბავშვობის მეგობრები.საერთოდ სხვა ფენომენია.
- ვერ ვიტან ძუნწ ხალხს
- მიყვარს როცა იმდენად კარგად ვარ რომ ვერ ვგრძნობ როგორ ვუმატებ სიჩქარეს
- მიყვარს ვინც ახერხებს ჩემს ყურებამდე გაღიმებას
- მიყვარს როცა ვიღაც მაჯერებს რომ კარგი ვარ
- მიზეზებს რომ ეძებენ ცუდად ყოფნისთვის.მეზიზღება
- მიყვარს ჩანთის ჩალაგება ლაშქრობის წინ, სიაში თითო-თითო რომ ვშლი პუქნტებს
- მთაში რომ ავდივარ და მომენტალურად ვითიშები, თვალებს რომ ვხუჭავ და მთელი სხეულით ვსუნთქავ ჰაერს
- დილით სარკეში რომ ვიხედები და საკუთარ თავს ენის გამოყოფის მაგივრად გავუღიმებ.
- ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ზუსტად ის ფილმი გადის რომელიც წინა დღეებში ხშირად გახსენდებოდა და როცა მარტო არ ვუყურებ ფილმს
- გარეთ რომ გამოვდივარ და ვამოწმებ პირიდან ორთქლი თუ გამოდის.
- ძილის დროს ჩემს ძმას რომ ვკოცნი და თუ გაეღვიძება და თვითონაც მეხუტება.
- როცა საინტერესო ამბებს მიყვებიან.
- როცა ჩემი წინათგრძნობა ცამდე მართალია.
- მიყვარს ჩემი ჭიქის დასადები ფერადი.
- გრძელი ფრიალა კაბები.
- მიყვარს სიგიჟეები რომ უყვართ ისეთი ადამიანები, კრეატივი და შინაარსიანი საჩუქრები
- მიყვარს ზღაპრები, მულტფილმები
- მიყვარს, კოღო რომ მკბენს და რომ ვითმენ და ხელს არ ვკიდებ
- მიყვარს დიალოგები წიგნებში
- მიყვარს კამათი თუ ცემა–ტყეპამდე არ მიდის.
- მიყვარს ჩუმად სიყვარული.
- მიყვარს როცა არ მახსნევინებენ ნათქვამს
- მიყვარს ჭკვიანი თვალები და ხალისიანი ადამიანები.
- კარავში ძილი მიყვარს საძილე ტომარაში გახვეულს.მაგ დროს მგონია ისიც კი მესმის ჭიანჭველები როგორ დადიან.
- ხის გრძელ სკამზე წამოწოლა და ძალიან ბევრი ვარსკვლავების ყურება, მოწყვეტისას სურვილის ჩაფიქრებას რომ ვერ ვასწრებ.
- სურვილების ჩაფიქრება მიყვარს კიდე და თუ მისრულდება მერე უნდა ნახო სულ ვიძახი თქვეს მაგივრადაც მე ჩავიფიქრებ მეთქი.
- ნისლი მიყვარს კიდე მაგ დროს მთელი ძალით ჩასუნთქვა, რომ გგონია ფილტვები გაგსიკდება ამდენი სუფთა ჰაერისგან.
- ზურგზე ცურვა მიყვარს და დილის ზღვა.ძალიან ცივი წყალი. ყინულების ჭამა მიყვარს.
- ჩემი სურათების თვალიერება მიყვარს და შედარება თვალების სახის და დაკვირვება როგორ გავიზარდე
- სურათის გადაღება ოღონდ როცა იციან რომ ვუღებ და მეპრანჭებიან ეგრე არა
- კიდევ მიყვარს ექსტრემალური ატრაქციონები და საშინლად მეშინია სისწრაფის. სიმაღლისაც მეშინია.
- ციცინათელებიც მიყვარს
- მანქანის შუშებში საკუთარი ანარეკლი მიყვარს და თმების გასწორება
- მიყვარს სახელი ელისაბედი
- მიყვარს კერძების მომზადება, როცა მარტო მე ვარ სამზარეულოში
- ხისსუნიანისახლები
- ვერ ვიტან ორშაბათებს
Saturday, October 13, 2012
გიჯერებ
Tuesday, May 29, 2012
აღსარება

გამიხარდა, რომ გავიგე ნერვიულობსო. სადღაც შიგნით. ცოტა მაგრამ გამიხარდა და ვთქვი: აი ეგრე!
გავიფიქრე არ უხდება ყვითელი, მე უფრო მომიხდებოდა ეგ მაისური, არაა მაგის სტილი
თავმოყვარე, ამაყი, ჯიუტი
როცა ვბრაზდები კიდევ უფრო მშვიდი ვხდები და ამ კიდევ უფროზე კიდევ უფრო ცინიკური
არ შემიძლია გაპატიო ტყუილი, მერე რა თუ ვნანობ რომ არ შემიძლია, მაინც არ შემიძლია
არ ვიცი რატომ წავედი, ვნერვიულობ. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე ეს სულელური წინასწარმეტყველებები
ხანდახან მეპარება ხოლმე ეჭვი რომ არსებობ. მერე არ ვიცი საიდან და როგორ მოდის ისევ რწმენა რომ ხარ
ერთადერთი ხარ ვისაც ვერ ვხედავ და მისი მჯერა
შენი არ მეშინია
მე მგონი მე უფრო მიყვარხარ, ვიდრე შენ უფრო მიყვარხარ
გავიფიქრე-ნეტავ მოკვდებოდეს
თავს ვაჩვენებ თითქოს ვატყუებ, ანუ მაინც ვიტყუები
ბევრი ფიქრი, ბევრი ილუზია
არ მახსენდება ბევრი თურმე კიდევ უფრო მიყვარს საკუთარი თავი
ვუთხარი_ვერ გიტან
Monday, May 7, 2012
მონოლოგებიდან
Friday, April 6, 2012
Saturday, March 24, 2012
Tuesday, March 13, 2012
Wednesday, March 7, 2012
თუ
ჯერ კიდევ გრძნობს შენს არსებობას.
და რომ რაღაც დაგრჩა კიდევ სათქმელი.
და რომ თანდათან შეუძლებელი ხდება.
და რომ ახლოვდება...
რამდენიმე კუნთი ჩემს სხეულში
შემთხვევით ჯერ კიდევ აგრძელებს ფეთქვას.
და თუ გგონია, რომ ფხიზლად ვარ.
თუ გგონია, რომ მწვანე მინთია.
თუ გგონია, რომ ბოდვას გადავეჩვიე,
ეს მხოლოდ გგონია.
პირიქით:
გირთულებ ჩემთვის დასასმელ დიაგნოზს.
გირთულებ პასუხებს.
გიგროვებ სიტყვებს.
გიხსნი სიყვარულს.
გიშლი ნერვებს.
ფეხებთან გიყრი ამ დღეების გამარჯვებებს:
გადააბიჯე და მხოლოდ ამის შემდეგ
წადი.
მუმლი
აქ მოდის მზე
მეკითხება როდიდან გიყვარს აქვს ამის კითხვას აზრიო?
ვპასუხობ:
მახსოვს პერიოდი თბილი ჰაერის ნაკადების მოძრაობის მუცელში, ყელში რო გებჯინება ეს სითბო და ზემოთ რომ არ უშვებ და ნარკოტიკზე დამოკიდებულივით რომ ხდები ამ შეგრძნების მიმართ.
მახსოვს პერიოდი როცა ჰაერის ეს ნაკადები გაუსაძლისად გაცხელდნენ და აუტანელი გახდა.
მახსოვს პერიოდი როცა მეწვოდა მუცელი. მეწვოდაააააააააა
იყო პერიოდი როცა ცივი მასა გადაასხეს და იქცა მეტალად.
და ახლა ეს მეტალი ისე მძიმეა, ისე მძიმეა
მიჭირს თრევა და მაინც ჩუმად ვარ.
"სიჩუმის გარდა არის რაღაც რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს"
Monday, December 26, 2011
finished
არამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელიარამზადაადამიანისწელი
Friday, November 4, 2011
Tuesday, September 20, 2011
მე უფრო მიყვარხარ თუ შენ უფრო გიყვარვარ
არც ის მახსოვს პირველი თავისუფალი თემა იყო თუ არა, რაც მასწავლებელმა მომცა სათაურით ''ჩემი საუკეთესო მეგობარი" მაგრამ ზუსტად მახსოვს პირველი წინადადება "ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო და ყველაზე საუკეთესო მეგობარი არის დედაჩემი"
მე უფრო მიყვარხარ მეთქი ვუთხარი დედას და მან ის ზღაპარი მიამბო. მე მახსოვს სიზმარი ხან წითელკაბიან ქალს ვეკითხებოდი დედას უფრო უყვარს შვილები თუ შვილებს დედა მეთქი და ხან შავკაბიან ქალს. სიზმარში თეთრწვერა მოხუცთან შეხვედრა შემეშინდა ალბათ.
დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და დედამ მითხრა, რომ სულერთია სანამ არ მეყოლება შვილი ვერ გავიგებ რომელი უფრო ძვირფასია.
შვილი ჯერ არ მყავს და დღემდე უფრო ძვირფასი დედაჩემია.
როგორია?
"როგორ განა არ იცით დედაჩემი ის არის ვინც ყველაზე ლამაზია."
იტყვიან ხოლმე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკიო, როცა ადამიანი ძალიან კარგია.
მე ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს დედაჩემზე ლაპარაკი იმდენად მიყვარს.
ბავშვობაში ისე არასდროს ვიძინებდი თუ ხელზე ხელს არ მოვკიდებდი. ახლა ძალიან იშვიათად ვეუბნები საალერსო სიტყვებს და მითუმეტეს ძალიან იშვიათად ვეფერები. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, ვინც არასდროს არ აპროტესტებს ჩემს ცივ დამოკიდებულებას მის მიმართ. დედაჩემი ერთადერთი ადამიანია ვინც ზუსტად იცის რომ "სიჩუმეა ჩემი საშინაო დავალება როცა მიყვარს"
მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი მოვლენაა.
მე ვიცი, რომ არავის უხარია ის რაც მიხარია– დედაჩემივით.
მე ვიცი, რომ არავინ განიცდის ისე როგორც ის, ჩემს ცუდად ყოფნას.
დედაჩემს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.დედაჩემს არასდროს ურჩევია ჩემთვის რომელიმე გზით წასვლა. ის ალტერნატივებს მისახელებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით და არჩევანის საშუალებას მიტოვებდა.
დედაჩემს არასდროს წაუკითხავს მორალი და არასდროს უთქვამს კონკრეტულზე რომ ცუდი ან კარგია. ამის განსაზღვრის უფლებასაც თავად მაძლევდა.
მე არასდროს ვყოფილვარ მასზე მიჯაჭვული, მე არასდროს ვყოფილვარ მასზე დამოკიდებული.
ბრძენია დედაჩემი.
დღემდე მამშვიდებს, როცა მისი ხელს ვეხები და ვფიქრობ ხოლმე ნეტავ ყველა დედას აქვს ზებუნებრივი ძალა შეგეხოს და ყველაფერი დალაგდეს იმ წამს?
ტრადიციაა ყოველ დილით გადმომხედავს ფანჯრიდან სამსახურში მიმავალს და ზუსტად ვიცი რას ფიქრობს ხოლმე. როცა არ მიყურებს ის დღე არ არის სრულყოფილი.
ვამბობ თანდაყოლია მეთქი ეს სიყვარული.
მე არ ვიცი რა უნდა მეწყინოს დედისგან, რა უნდა მეტკინოს ისე, რომ აღარ მიყვარდეს.
მე ვერ ვიტან როცა ის ტირის. ამ დროს მინდება დავიმალო სადმე, რომ არასდროს გავიგო. არადა სჭირდება თორემ რა გაუძლებს ამდენ დარდს.
დედაჩემს უყვარს ტკბილეული და მე არცერთი ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი.
დედაჩემს უყვარს ჩემთან საუბარი, მე კიდევ სახლში მოსვლისთანავე ჩემს ოთახში ვიკეტები და კომპიუტერს ვუზივარ, ან ვმუშაობ ან ვერთობი.
დედაჩემმა იცის რომ არ მიყვარს როცა ჩემს სივრცეს არღვევენ და არ მისვამს ზედმეტ კითხვებს. ზის და მელოდება როდის დავამთავრებ გართობას, რომ მომიყვეს დღის ამბები.დედა არის ჩემი შალის თბილი კაშნე, ჩემი ჩაის ჭიქა, ჩემი ყურსასმენი, ჩემი დღიური, ჩემი საყვარელი კაბა, ჩემი ლეკვი, ჩემი თმისსამაგრი, ჩემი ძალაა დედაჩემი
დედაჩემი წითელია, მერე რა რომ მე ლურჯი ვარ
წვიმაა.
დედაჩემი ყველაფერია.
როგორ გამიმართლა დე.
Tuesday, July 5, 2011
ტკბილი სახლი
„ტკბილი სახლი“ – დათა ფირცხალავამ საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. მშობლებგარდაცვლილი ორი ძმის ამბავი, აბაზანაში რომ სხედან და იქვე ცხოვრობენ, ესაა მათი ერთადერთი საარსებო სივრცე. ერთი ძმა მეორეს აიძულებს, თავი მოიკლას და ამ გზით ხელში
ჩაიგდებს მთელ ავლა–დიდებას. ფირცხალავას დრამატურგია სხარტი და შავი იუმორით გაჯერებულია. ავტორი მშვენივრად ახერხებს პათეტიკური სცენების განმუხტვას მოულოდნელი და გაბედული იუმორით. როგორც ჩანს, ოჯახის, როგორც ერთ–ერთი უპირველესი ქართული ტრადიციული ღირებულების ხელმეორედ გააზრება ავტორის მთავარი ამოცანა იყო და მან ეს თითქმის ძალდაუტანებლად მოახერხა. შეიძლება ითქვას, კონკურსში მონაწილე ქართულ პიესებს შორის „ტკბილი სახლი“ უდავო ფავორიტია." ამონარიდია ნეტგაზეთი–დან.
ჰოდა გაიმარჯვა.
ჰოდა, ახლა თუნდაც ჩამითვალოთ გადაჭარბებად მაინც ბევრჯერ ვიტყვი, რომ მყავს გენიალური მეგობარი. ძალიან ნიჭიერი მეგობარი, რომელიც აუცილებლად მიაღწევს იმას რაც უნდა, რაც გვინდა.
კიდევ უფრო მერე
ის მთელს მსოფლიოს ეცოდინება.
პ.ს ეძღნება...ვისაც ეძღვნება

Thursday, June 30, 2011
Love is blue
/ნათია ნაცვლიშვილი/
ისეთი კი არაფერი
ის შემხვდა იმ დღეს, იმასთან მისულა და თუ ძმა ხარ მითხარიო როგორ მივუდგეო, რა გავაკეთოო.
იმან:– მაგასო? ეგ ალქაჯიაო, თავი გაანებეო,იცი რა მიქნაო? ჯერ მიყვარდაო, მერე არ მიყვარდაო, მიყვარდაო, არ მიყვარდაო. თვითონ სულ მშვიდად იყოო, სულ იღიმოდაო. სულ ჩუმად იყოო.
ერთხელ მითხრაო იცოდეო შენ მარტო მე გჭირდებიო. არც ეჭვიანობდაო, არც რამეს მიკრძალავდაო, გოგოებზე რო ვუყვებოდი გამიღიმებდა და თავზე ხელს გადამისვამდაო, თითქოს მისი გაზრდილი ვყოფილიყავიო, მაგიჟებდაო. ერთ დღეს სიგიჟე უელავდა თვალებში,მეც ამაჩემებდაო, მეორე დღეს ისეთი მშვიდი და მომნუსხველი იყო ჭკუიდან გადავყავდიო.ალქაჯია რო გეუბნებიო, სანამ დროა შეეშვიო.
მერეო? იცი რა მიქნაო? ავდექი და წამოვედიო. ვერ გავიგე მიყვარდა თუ არაო, გაქცევა მინდოდაო. არაფერს მიშლიდა,არაფერში მზღუდავდა, არაფერზე მიწესებდა ჩარჩოებს, მაგრამ მაინც გაქცევა მინდოდაო. წამოვედიო და მაშინვე მომენატრაო. მაგან მე ბოლო მომიღო, ეხლაც რომ დამიძახოს,ცოლ–შვილიანი რო ვიყო , ოღონდ დამიძახოსო.
აი ხო მიყვარდაო, თავისი სიჩუმით იმდენ ხანს მეჯიბრა წასვლა მაიძულაო, მერე მე დამბრალდაო. ეს ყველაფერი ხო ვიცი, მარა მაინც მენატრებაო. რა ვქნაო.
რამდენჯერმე ვცადეო მარა, არ მიშვებსო. აღარ ვიციი როგორო.
და სანამ ჭკუიდან არ გადასულხარ თავი გაანებეო. არ მოგატყუებსო, სულ გულახდილიაო, მიზეზს ვერ უპოვნიო რო რაიმე დააბრალოო, ვერ შეეწინააღმდეგებიო, არასწორი წესებით არ გეთამაშება და ამიტომ სულ მოგებულიაო, არასდროს ყალთაბანდობსო.ათიანში არტყამს ზუსტად გამოგიცნობს და მერე შენს სისუსტეებზე გელაპარაკებაო. უნდაო რო გადალახოო, გეხმარებაო, ან გგონია რო გეხმარებაო. მოკლედ ხანდახან ვფიქრობდი ჯადოქარიაო, ხანდახან დაბნეულიაო. რომ მიყურებდა მეგონა შიგნეულობას მითვალიერებდაო, სიღრმეებში მწვდებოდა და გული მისკდებოდაო.ამ დროს მინდებოდა თვალები ამომეჩიჩქნაო, მერე გაიღიმებდაო და თვალს სხვა საგანზე გადაიტანდაო, ისევ ჩუმად იყო ოდნავ გაღიმებულიო, ველოდებოდიო, ბოლოს ავდგებოდი და მივდიოდიო.იჯდაო, ვბრუნდებოდიო და ისევ იქ იჯდაო. ამაყი არ იყოო, არც თავმომწონეო, პირიქითო, წითლდებოდაო, თუ შეაქებდი,არ იცოდა სად დაემალა თვალებიო.
ბევრს ფიქრობსო, ყველაფერს ხარშავსო, ყველაფერი შიგნით ჩააქვსო და მერე სახეშეცვილილი ამოაქვსო. შენთან არასდროს იქნებაო და თუ იქნება სულ გექნება შეგრძნება, რომ სტუმარი გყავს სახლშიო. სულ სხვადასხვანაირიაო, დაჟე ჩაცმულობაცო, დღეს რო სათვალეებიანი მკაცრი ქალბატონი იყო, ხვალ ჭრელი ზღვის ქალაქში მცხოვრები გოგონაო, ზეგ იფიქრებდი ნეტა ასეთი სპორტული როდის იყოო, მაზეგ ისე გამომწვევად ეცვა ჭკუიდან გადაგიყვანდაო. მე ვერაფერი გავუგეო, მგონი თვითონაც არ იცის რა უნდაო.დავიღალე და წამოვედიო. როგორც გინდაო და ეგ იყო ბოლოს რაც თქვაო. მეტს არ გეტყვისო.
მაინც მიყვარსო და თუ გეუბნები რო შეეშვი კარგი მინდა შენთვისო, ძმურად დამიჯერეო.
ისეთი მართლა არაფერი. მალე დიდი დასვენება მოდის.
მალე 14 დღიანი დასვენება მოდის, მალე ნადვილი დასვენება მოდის.
ჯერ ხმელთაშუა ზღვა, მერე მთა–1520 მ ზღვის დონიდან, მერე ჩემი ყველაზე სწრაფები, ჩემი ყველაზე ენამოსწრებულები, ჩემი ყველაზე საკვიმატეთი.
მალემალემალემალე
Saturday, June 25, 2011
ჩამბო
- მარა როგორც კი წამოდგება ისევ გარბის."
- სახლიდან რომ მიდიოდა ზურა, ჩამბოს სახლში კეტავდნენ.თავის ეზო–კარს500 მეტრით რომმიუახლოვდებოდა , ჭიშკართან დახვდებოდა, ოჯახის წევრები კი იგებდნენ, ზურა სახლში ბრუნდებოდა.როცა ქალაქში იყო,ჩამბო მის ოთახში ადიოდა ყოველ დილით,ლოგინს ყნოსავდა.–"მანქანა რო დაეჯახა,მითხრეს სუსტადააო და მალე მომკვდარა.მე სექტემბერში ჩავედი და ეგ გაზაფხულზემოხდა.ამდენი ხანი ვიცოდი რო კარგად იყო. ხოდა ჭიშკართან რო არ დამხვდა,
- მივხვდი.
- მერე ისე ვიკითხე
- სადაა მეთქი.
მახსოვს მამაჩემმა მითხრა. ვერ გეუბნებოდიო.- ჩვენც ძან განვიცადეთო.
- ყანაში ან სადმე თუ მიდიოდა,
- მარტო ეგ დაყვებოდა.
- სიმინდს წამოაქცევდა და ხრავდა.
- ისევ რო გავჩითო,
- ავიყვან
- მარტო ამ მოგონებების გამოც

Sunday, April 17, 2011
უკან მომავალში

სალუტ.
- ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ.
- ცოტა უფრო ნაკლებად ვენდობი.
- ცოტა უფრო ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე.

- ცოტა უფრო გართულდა რიგი საკითხები
- ვარდისფერი ფერი თითქმის აღარ მიყვარს
- მყავს ძალიან ბევრი მეგობარი
- რამოდენიმე საუკეთესო

Wednesday, January 26, 2011
წერილი ბიჭს სენტიმენტალური ამბებიდან

თუ დგახარ და ყველაზე დაბალი დონის , ყველაზე შეუგნებელი კაცივით იქცევი,
იცოდე ეს უკვე არ არის არც ჩემი გამწარება,
არც ჩემი სიყვარული.
ამით კიდევ მილიონჯერ გადამახდევინებ საკუთარი თავისთვის მადლობას.
და ვეტყვი: " რა ჭკვიანი ხარ"
ეს ყველაფერი აღარ მართობს
და აღარც მაღელვებს.
Wednesday, January 5, 2011
მამაო ჩემო

გამარჯობა ღმერთო!
Sunday, December 26, 2010
დღიური

2010 წელი





